
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შავი ყორანი
გზა გავიარე… მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
‘ნუ იხედები… ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ… მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
‘შორს ნუ გასცქერი… შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა…
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი – ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე – ყველაფრის მიმტევებელი.