პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში

ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები, ყვითელი…
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში – შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს:
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაქრიან უდაბნო ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები…
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები…
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვათა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანება-მტკივანი:
გაზელებს – მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს – სასახლის მდივანი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button