წერილები

ქართველი რომელიც ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს – მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

ქართველი, რომელიც ყოვლის მხრით შებოჭვილია, რომელიც ეროვნული სიცოცხლით არა სცოცხლობს, რასაკვირველია სხვაგან ეძებს თავის რწმენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებელ საშუალებასა. მისი აღზრდა რუსულია, ე.ი. უცხოა, რომელიც არა თუ აკავშირებს მას ეროვნულ წარსულთან და კულტურასთან, არამედ სრულიად უწყვეტს მასთან შემაერთებელ ძაფებსა და აზიარებს სხვა, უცხო, რუსლ ან ევროპიულ სფეროსთან, – მაგრამ მხოლოდ მახინჯად. მისი ზიარება მხოლოდ ცალ-მხრივი და უსრულია. ასეთი ზიარება კი ქართველს ვერც ევროპიელად ხდის და ვერც რუსად, თანაც ქართველობას აცლის. და ამგვარად იგი რაღაც უცნაურ ტიპად ხდება, სულიერ არარაობად, რომელიც არც ერთს სოციალურ წრეს აღარ ეკუთვნის და ორგანიულად არ იღებს მონაწილეობას მის ცხოვრებაში. აიღეთ მაგალითად ერთი მხარე ადამიანთა სოციალური ცხოვრებისა, – ენა. ქართველი ინტელიგენტი ქართულ წრეში, სადაც მარტო ქართულად ლაპარაკობენ, საცოდავია, რადგანაც ქართული ნაკლებად იცის, არ იცის რიგიანად აგრეთვე თავისი ლიტერატურა, ქართული ხალხური შემოქმედება და სხვა, – მაგრამ იგი აგრეთვე უცხოა ამავე მიზეზით რუსთა და ევროპიელთა შორისაც. იგი მართლაც ორთა შუა რამ გამომწყვდეულია. მთელის საუკუნის განმავლობაში სცდილობდნენ შეეწყვიტათ ძაფი მეხსიერებისა ჩვენს აწმყოსა და წარსულს შორის, ამით სულიერი ცხოვრება ჩვენი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ შეგნება ჩვენი ეროვნული ორგანიული ცხოვრებისა, მისი ზრდისა, მისი აწმყო მდგომარეობისა და მომავლის სასურველი მსიწრაფებისა – შეუძლებელ ჰყვეს, – და მრავალ ქართველსაც მარტო გავრიღა შერჩა ქართული, ხშირად ისიც ბოლოში შეკვეცილი და “ოვად” გარდაქმნილი; – იგი ცუდ ქართულად მოლაპარაკე და რუსულის არ მცოდნე რაღაც უცნაური, ”არც რუსი და არც ქართველი” შიქმნა და ასე დამახინჯდა სულიერად, რომ ასეთი თავისი მდგომარეობა ნორმალურად ჩასთვალა; – მან ყველა თავის მსგავსად წარმოიდგინა, და ბევრი ვერც კი იგებდა, თუ რა განსხვავება იყო მასა და მაგალითად ფრანგს ან რუსს შორის, რომელთაც ეროვნულ-სოციალურ სფეროში მიუღიათ აღზრდა და ამით არიან მთლიანნი ბუნებანი; მათ იდეალსა და მოქმედებას ღრმადა აქვს ძირი გადგმული საკუთარ ეროვნულ სოციალურ ნიადაგზედ და ამიტომაც მათი სულისკვეთება ნაყოფიერი და გულწრფელია.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი
1910 წელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button