ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

NASA აფინანსებს 18 ფანტასტიკურ ტექნოლოგიას კოსმოსის ათვისებისთვის

XX საუკუნის დასაწყისში ადამიანის კოსმოსში ფრენა წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ამჟამად კი ასტრონავტების კოსმოსურ სივრცეში ვიზიტი უკვე განსაკუთრებულ მოვლენას აღარ წარმოადგენს. იმისათვის, რომ ერთ ადგილას არ გაჩერდეს, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია არასტანდარტული აზროვნება, რისთვისაც არის განკუთვნილი NASA-ს პროექტი სახელად „Innovative Advanced Concepts“ (NIAC). მის ფარგლებში კოსმოსური სააგენტო აფინანსებს 18 ტექნოლოგიის შემუშავებას, რომლებიც ამ მომენტისათვის შესაძლოა ფანტასტიკურად გვეჩვენებოდეს.

ფინანსირების პირველ ფაზაში შედის 12 კონცეფცია და თითოეული მათგანის რეალიზებისთვის გამოყოფილია 125 ათასი აშშ დოლარი. თუკი იდეები აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი და ექნებათ დიდი პოტენციალი, მკვლევარებს შეეძლებათ განაცხადი კვლავ შეიტანონ მეორედაც და მესამედაც და მიიღონ 500 ათასი და მეტი დოლარი წარმოებისთვის. შესაძლოა კვლევებს ათეულობით წელიწადი დასჭირდეს, თუმცა პროექტის ავტორების აზრით, ეს ნამდვილად ღირს.

 „ჩვენი პროგრამა NIAC ახდენს შორსმიმავალი იდეების განვითარებას, რომლებიც განაპირობებენ სამომავლო მისიების ტრანსფორმირებას“ – აცხადებს ჯიმ როიტერი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების დირექციის ადმინისტრატორი.

პირველ ფაზაში მკვლევარები დაკავდებიან სმარტ-სკაფანდრის შექმნით, რომელსაც ექნება რობოტიზებული ელემენტები და თვითაღდგენის უნარის მქონე გარსი. გეგმებში აგრეთვე შედის პლანეტების ატმოსფეროს შემსწავლელი მიკროზონდების აწყობა, ასევე მთვარის ფორპოსტი ყინულის მოპოვებისთვის. ვენერას ატმოსფეროს შესწავლისთვის იგეგმება გასაბერი საფრენი აპარატის გამოყენება, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მოგზაურობისთვის კი – ელექტრო-ბირთვული ძრავები.

image.jpeg

ყინულის მოსაპოვებელი ფორპოსტი მთვარეზე 

მეორე ფაზაში შემავალი პროექტები პირველზე უფრო მეტად რეალიზებადი ჩანს. მაგალითად, NASA-ს სურს ახალი ტელესკოპი, რომლის კოსმოსში გასვლის შემდეგ მობრუნებაა შესაძლებელი და და იგი მიმაგრებული იქნება 3D ბეჭდვის პლატფორმაზე. გეგმებში შედის აგრეთვე სპეციალური დამცავი ფარის შექმნა, რომელიც მკვლევარებს მისცემს საშუალებას – მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე მიუახლოვდნენ და შეისწავლონ მზე. 

მესამე ფაზის პროექტები ჯერჯერობით არ არის შერჩეული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აქ მოხვდება განსაკუთრებულად რთული, შესამუშავებლად გრძელვადიანი და ძვირადღირებული ტექნოლოგიები. კოსმოსური სააგენტო აპირებს ამ ფაზისთვის 2 მლნ დოლარი გამოყოს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button