ნუცა ალექსი-მესხიშვილი – ბაბუტა
ძალიან გამხდარი იყო, ზედმეტად. სულ ეცვა, წინ ღილებზე შეკრული შავი კაბა, წვრილი ქამრით. ასეთი კაბები ეხლაც მოდაშია.
ბეჭდვით არჩენდა ოჯახს.
მოჰქონდათ დასაბეჭდი მასალა. ასობით ხელნაწერი ფურცელი.
ბაბუტას ედგა ძველი საბეჭდი მანქანა, შავი ”კაპიროვკა” და მძიმე რკინის სახაზავივით ნივთი, ფურცელზე დასადებად და ადგილის მოსანიშნად.
იმ წლებში ის ორი ეგზემპლიარი, რომელსაც ბაბუტა ”კაპიროვკით” ბეჭდავდა იყო ყველაზე ჩქარი საშუალება ტექსტის დაბეჭდვის და გამრავლების.
ეწეოდა უფილტრო სიგარეტს, მუნდშტუკით. პატარა საფერფლეც სულ გვერდზე ედგა.
მე ძალიან მიყვარდა ბაბუტა.
ბაბუტას დიდი ხნის წინ მოუკვდა შვილი, მალხაზი. ბაბუტაც ისეთი იყო, როგორებიც არიან საქართველოში დედები, ვისაც უკვდებათ შვილი. ეს ამბავი მათი განუყრელი ნაწილი რომ ხდება. ჩვენ მალხაზი ნანახი არ გვყავდა. ერთი გადიდებული ფოტო იყო ჩემთვის მალხაზი. მაგრამ ბაბუტას რომ ვეურთიერთებოდი, მალხაზი სულ იქვე იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავდი.
სკოლის მერე ხშირად მივდიოდი ბაბუტასთან.
საბა-სულხანზე ცხოვრობდნენ, დედაჩემის მამიდები.
სახლს უკანა ეზო ჰქონდა, ვარდებით სავსე. კიდევ ჰქონდა ვიწრო ბნელი კიბე, ადრე მოსამსახურეებისთვის რომ იყო განსაზღვრული და რომლითაც სამზარეულოდან პირდაპირ ეზოში ხვდებოდი. ჰქონდათ დიდი, ძველებური, მიმტვრეულ-მომტვრეული მარმარილოთი მოპირკეთებული აბაზანა. ძალიან დიდი სამზარეულო და უცნაური ფორმის, დიდი რკინის “ტოსტერი”. შიგნით რამდენიმე რიგად იდებოდა პური გასახუხად.
კიდევ ქონდათ დიდი შავი ტყავის ტახტი. ტყავის მაგარი მუთაქებით და ხის ზურგით. მახსოვს რომ ზაფხულში მუცლით თუ დაწვებოდი, ტყავი ცივი იყო და გაგრილებდა.
ბაბუტას დაბეჭდილ თაბახის ფურცლებს ვიღაც ხალხი აკითხავდა. მიჰქონდათ, მუშაობდნენ, ასწორებდნენ, ზოგ ადგილას ყვითელი თხევადი წებოთი ახალი ქაღალდის ნაკუწებს აწებებდნენ, ისრებით რომელიღაც ხაზებს უთითებდნენ, ახალ ხელნაწერ გვერდებს უმატებდნენ, ზოგს პირიქით შუაზე ჭრიდნენ და ეს ყველაფერი ისევ ბაბუტასთან მოჰქონდათ. ბაბუტა იჯდა წელში მოხრილი თავის საბეჭდ მანქანასთან, რკინის სახაზავივით მძიმე ნივთი ედო ფურცლების სქელ დასტაზე და შიფრავდა ამ რთულ, გადაკეთებულ-გადმოკეთებულ ტექსტს. მერე ორ ფურცელს შორის კაპიროვკას ჩადებდა, საბეჭდ მანქანაში ჩაახვევდა და დაიწყებდა კაკუნს.
დიდი შრომის მერე გამოვიდოდა ორი ეგზემპლიარი, ერთი უფრო მკაფიო და მეორე ფერმკრთალი.
ხშირად საბეჭდი ”ბაბინა” ეჭედებოდა, უნდა ამოეღო, სხვა ფურცელი ჩაედო და იმაზე ეკაკუნებინა რომელიმე ასო, შესამოწმებლად.
სიგარეტს ეწეოდა მუშაობის დროს.
მერე მოჰქონდათ გასამრჯელო. მანეთიანები. რა ღირდა ერთი გვერდის დაბეჭდვა არ ვიცი.
ბაბუტას დიდი ოჯახი ჰყავდა. ყველას ძალიან უყვარდა ბაბუტა.
მერე საბა სულხანის 8 ნომერი დაანგრიეს ცეკას მშენებლობის გამო. იმ სახლის ადგილას ცეკას ვოლგების სადგომი გაკეთდა.
ბაბუტა სემიონოვკაზე კორპუსებში გადავიდა.
მერე გაჩნდა კომპიუტერი, ქსეროქსი, პრინტერი, როგორი მიმდევრობით არ ვიცი.
ბაბუტამ კი თავისი ცხოვრება თბილისის ზღვის მოხუცთა თავშესაფარში დაამთავრა.
მე ამისი ძალიან მრცხვენია.