მეცნიერებაუცნაურიფაქტებიფლორა & ფაუნა

ზოგჯერ ცხოველები არც ისე საყვარლები არიან

კაცობრიობა მიდრეკილია მის გარშემო მდებარე ბუნებრივი სამყაროს რომანტიზირებისკენ. ადამიანები არც ისე კარგები ვართ – ვანადგურებთ ბუნებრივ რესურსებს, ზიანს ვაყენებთ გარემოს და ხშირად ეგოისტურად ვიქცევით. მაგრამ სხვა ცხოველები? ისინი მშვიდობისმოყვარე და კეთილები არიან. მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ხომ ასეა?

არა. ზოგჯერ ცხოველებიც არ გვიდებენ ტოლს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც ტრადიციულად ძალიან საყვარელ და უწყინარ არსებებად ითვლებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს.


წავები

ზღვის წავები საზარელი არსებები არიან. ფეისბუქზე ალბათ გინახავთ ზღვის წავების წყვილი, რომლებსაც ძილის დროს თათები აქვთ ჩაკიდებული, რათა ერთმანეთს არ დაშორდნენ. ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, თუმცა ზღვის წავები ასევე აუპატიურებენ პატარა სელაპებს. როგორც ჩანს, ისინი ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი არსებები არიან ცხოველთა სამყაროში.

წავის გამოკვებას დიდი რესურსები ჭირდება – მათ ყოველდღიურად თავიანთი წონის მეოთხედი საკვები უნდა მიიღონ. ამიტომ როცა საჭმელი შეზღუდული რაოდენობითაა, სიტუაცია არც ისე სახარბიელოა ხოლმე. ზოგიერთი მამრი წავი ტყვედ იყვანს პატარა წავებს, სანამ მათი დედა გამოსასყიდის სახით საკვებს არ გადაიხდის.

მაგრამ წავები უბრალოდ არ იტაცებენ პატარებს. ისინი ასევე აუპატიურებენ პატარა სელაპებს, რასაც მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვება ხოლმე. მამრი წავები პოულობენ ყმაწვილ ლარგებს და ისე აჯდებიან ზემოდან, თითქოს მდედრ წავებს ანაყოფიერებდნენ. სამწუხაროდ, განაყოფიერების პროცესი მოიცავს გარკვეული პერიოდით მდედრის წყალქვეშ თავით ჩაყურყუმალავებას, რაც ლარგების დაუყოვნებლივ სიკვდილს იწვევს (იგივე შედეგია მდედრი წავების 10%-შიც). მინიმუმ საათ-ნახევრის განმავლობაში მამრ წავს პატარა სელაპი ამ პოზიციაში ჰყავს და სიკვდილამდე აუპატიურებს. ამის შემდეგ ზოგი წავი თავს ანებებს მსხვერპლს და თავის მოვლას იწყებს, ზოგი კი მკვდარი სელაპის ხრწნადი გვამის გაუპატიურებას აგრძელებს ერთი კვირის განმავლობაში.

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ზღვის წავები ყველაზე საშიში წავებიც კი არ არიან. სამხრეთ ამერიკაში დღემდე ბინადრობს გიგანტური მდინარის წავი, რომელიც 1.8 მეტრამდე იზრდება. და ისინი ჯგუფებად ნადირობენ.


ბოთლცხვირა დელფინები

ოღონდ დელფინები არა, ისინი ხომ საოცარი არსებები არიან – ზღვის ცხოველებს შორის ყველაზე მეგობრულები! თუმცა სიტუაცია ასეთი მარტივი არაა. ცხადია, დელფინები წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, თითქოს ყოველთვის იღიმიან და საფრთხეში აღმოჩენილ მოცურავეებს დახრჩობისგან იხსნიან ხოლმე, მაგრამ ეს არ აბათილებს იმ ფაქტს, რომ ისინი გასართობად ხოცავენ და წავების მსგავსად, დროდადრო გაუპატიურებითაც იღებენ სიამოვნებას.

რამდენიმე წლის წინ კალიფორნიის სანაპიროზე გამოირიყა ზღვის ღორი (დელფინებისა და ვეშაპების მონათესავე სახეობა), რომელიც სერიოზულად იყო ნაცემი და დალილავებული, ასევე რამდენიმე ძვალი მოტეხილი ჰქონდა. შემდეგი ორი წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა და აღმოჩნდა, რომ ზღვის ღორებისადმი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლები ბოთლცხვირა დელფინები იყვნენ. დამკვირვებლებმა შენიშნეს ორი დელფინი, რომლებიც ერთდროულად უტევდნენ ზღვის ღორს. მსხვერპლი სენდვიჩივით იყო მათ შორის მოქცეული და გაქცევას ვერ ახერხებდა, რადგან თავდამსხმელები მას სისტემატურად აგდებდნენ ჰაერში და ცემდნენ. ამ ქმედების მოტივაცია გაურკვეველია. დელფინები და ზღვის ღორები არ წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტებს საკვების ან ტერიტორიის საკითხში და ზღვის ღორები თითქოს საფრთხედ არ აღიქმებიან. როგორც ჩანს, დელფინები ამას უბრალოდ გასართობად აკეთებენ.

არსებობს არც ისე გავრცელებული მოსაზრება, რომ დელფინები ზღვის ღორებს ხოცავენ იმისთვის, რომ პატარა დელფინების დახოცვა ისწავლონ. დიახ. დელფინებში ასევე გავრცელებულია ინფანტიციდი, რათა მდედრები ესტრალურ ციკლში (სექსუალური აქტიურობის პერიოდი) დააბრუნონ. სხვათა შორის, ეს საკმაოდ გავრცელებულია ცხოველთა სამყაროში – მსგავსი რამ შეუნიშნავთ ლომებში, სურიკატებში, ლანგურებსა და მრავალ სხვა სახეობაში.

რაც შეეხება გაუპატიურებას, სექსუალური ძალადობა არც ისე უჩვეულოა ცხოველთა სამყაროში, მაგრამ დელფინები ამ საკითხში ექსტრემალურები არიან. მამრი დელფინები ქმნიან ბანდებს, იტაცებენ მდედრს და რიგრიგობით აუპატიურებენ მას. რა ხდება მაშინ, როცა გარშემო მდედრს ვერ იპოვიან? ამ შემთხვევაში ისინი წავებივით სელაპებს არ უწყებენ დევნას… უბრალოდ მამრს აუპატიურებენ.


ადელის პინგვინები

„არააა”, იტყვით თქვენ. ოღონდ პინგვინები არა! ისინი თითქოს პიჯაკში გამოწყობილი პატარა ადამიანები არიან, ბაჯბაჯით დადიან და რამდენიმე საბავშვო ფილმში ჩანს, როგორი საყვარლები არიან.

სამწუხაროდ, ზოგჯერ პინგვინებიც არამზადები არიან.

ბუნების მკვლევარმა ჯორჯ ლევიკმა 1910-1913 წლებში სამხრეთ პოლუსზე წასვლა გარისკა სკოტის ანტარქტიდის ექსპედიციასთან ერთად. მისი ჩანაწერები ამ პინგვინების სექსუალურ ქცევებზე საზოგადოებისთვის მძიმედ ჩათვალეს და მთელი ასი წლის განმავლობაში ფართო მასებში არ გასულა. დუგლას რასელი, რომელმაც ლევიკის ნაშრომი შეისწავლა 2012 წელს, ამბობს: „ბროშურა, რომელიც ფართო საზოგადოებაში არ გამოსცეს, აღწერს სექსუალური აქტიურობის სიხშირეს, ავტოერიტიკულ (საკუთარი თავისაკენ მიმართული სექსუალური ლტოლვა) ქცევებს და მარტოხელა ახალგაზრდა მამრებისა და მდედრების გაუკუღმართებულ ქმედებებს, როგორიცაა ნეკროფილია, სექსუალური ძალადობა, პატარების სექსუალური და ფიზიკური შეურაცხყოფა და ჰომოსექსუალური ქცევები.”


მარგები

მარგები, გარეული ლაქებიანი კატები, ასევე ცნობილი არიან, როგორც ხის ოცელოტები. ისინი ღამის მტაცებლები არიან და მათი საბინადრო ვრცელდება ორივე ამერიკის კონტინენტებზე, სამხრეთ მექსიკიდან არგენტინის ჩათვლით.

მათი მეთოდი გამორჩეულია იქიდან გამომდინარე, როგორ იყენებენ მსხვერპლის დადებით მხარეს. ბოლო წლებში აღმოაჩინეს, რომ მარგები ნადირობისას ხმით ბაძავენ საფრთხეში მყოფ პატარა მაიმუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა დასკვნით, ეს მიბაძვა არც ისეთი სრულყოფილია, ნამდვილად ეფექტურია და მონადირისთვის შედეგი მოაქვს.

მარგი იმალება და გამყივანად ყვირის ისე, როგორც დაშავებული პატარა ტამარინი. ზრდასრული ტამარინი, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს პატარას, რათა გადაარჩინოს, საბოლოოდ მარგის კლანჭებში აღმოჩნდება ხოლმე. სამწუხაროდ, გმირობის მცდელობას ყოველთვის ახლავს თან საფრთხე, განსაკუთრებით ველურ ბუნებაში.


შიმპანზეები

ცხოველთა სამყაროში შიმპანზეები ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან, ამიტომ ალბათ გასაკვირი არ იქნება მათი ამ სიაში აღმოჩენა. მიუხედავად ამისა, შიმპანზეები რეგულარულად ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, როგორსაც ადამიანურ საზოგადოებებში ვერ შეხვდებით. ინფანტიციდი ნამდვილად არაა იშვიათობა და ამის შესახებ ზემოთაც იყო ნახსენები. მამრი შიმპანზეები, რომლებსაც სურთ, მდედრი ესტრალურ ციკლში დააბრუნონ, არამარტო ხოცავენ მათ შვილებს, არამედ მათ თვალწინ ანაწევრებენ და ჭამენ. უფრო ცუდი კი ისაა, რომ მდედრებიც შეუნშნავთ მსგავს ქმედებებში, როცა სხვა მდედრებს პატარებს უხოცავენ, თუმცა ამის მოტივი ჯერჯერობით გაუგებარი რჩება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button