ლევან ზ. ურუშაძე – “როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია”
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის გელა სულაძის 2010 წელს გამოცემული წიგნის „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები (1918-1953 წ.წ.)“ (გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“, 623 გვ.) კრიტიკულ განხილვას. წარმოჩენილია აღნიშნული წიგნის ავტორის, სამეცნიერო რედაქტორისა და კონსულტანტების მეტად ტენდენციური მიდგომა ქართული ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისადმი. ნაჩვენებია, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია. განხილვა ეფუძნება შესაბამისი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებს და მათ საფუძველზე წარმოდგენილ არგუმენტაციას.
ნაშრომი განკუთვნილია ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
სარჩევი
შესავალი ……………………………………………………………………………… 3
1. ორიოდე სიტყვით წიგნის შესავალი ნაწილის შესახებ ………………. 6
2. გ. სულაძის წინათქმის შესახებ ……………………………………………. 16
3. „ქატო იქა, ფქვილი აქა…“, ანუ მეზღაპრეობა და სპეცსამსახურები .. 18
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) და ბოლშევიკური რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობა ……………………………………… 27
5. 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ……. 43
6. საბჭოთა სპეცსამსახურების მოქმედება ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის წინააღმდეგ 1920-იან-1930-იან წლებში …………………… 49
7. ნოე რამიშვილის მკვლელობა. გერმანია და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მეორე მსოფლიო ომის წინ ……………………………………. 83
8. „ქრთული ლეგიონი“, „ქართული კომიტეტი“, „თეთრი გიორგი“ ……. 92
9. ჩეკისტური ცილისწამების „მარგალიტები“ …………………………….. 100
ბოლოთქმა ……………………………………………………………………………. 108
წყაროები და ლიტერატურა ……………………………………………………… 112
Levan Z. Urushadze. How History Should not Be Written. Summary ………… 117
ავტორის შესახებ …………………………………………………………………… 119
შესავალი
2010 წელს გამომცემლობამ „ეროვნული მწერლობა“ გამოსცა უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის გელა სულაძის 623-გვერდიანი წიგნი „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან „მეგრელ ნაციონალისტთა საქმემდე“. 1918-1953 წ.წ.)“. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ავტორს არანაირი შეხება არა აქვს ისტორიასთან (მას დამთავრებული აქვს ყოფილი КГБ-ს მოსკოვის ფ. ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სკოლა…), რაც დამღად არის აღბეჭდილი წიგნის მთელ შინაარსზე. მისთვის აბსოლუტურად უცნობია ისტორიის წყაროებზე მუშაობის მეთოდიკა. ხშირად მისი მტკიცებები ზეპირ, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ გადმოცემებს ეფუძნება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, აშკარად შეიმჩნევა წიგნის სამეცნიერო რედაქტორის, 1990 წლამდე ავადსახსენებელი „სკკპ ისტორიის“ სპეციალისტის, პროფ. ვახტანგ გურულის გავლენა და ისეთი ანტიეროვნული, რუსეთუმე პოლიტიკური ძალის გათეთრების მცდელობა, როგორიც გახლდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ნიშანდობლივია ისიც, რომ წიგნის კონსულტანტები არიან ყოფ. საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანი ოფიცრები, ყოფ. КГБ-ს გენერალ-მაიორის ანზორ მაისურაძის თავკაცობით. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, მეტად უარყოფითად აისახა განსახილველი წიგნის შინაარსზე.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ბ-ნ გ. სულაძის წიგნის კრიტიკული განხილვა და ჩვენება იმისა, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია, მეტადრე, ისეთ ფაქიზ და დელიკატურ თემაზე, როგორიც არის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორია. განსახილველ წიგნში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომებიდან მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ განსაკუთრებით უხეშ შეცდომებს. საკითხებს განვიხილავთ შესასწავლ წიგნში არსებული თანმიმდევრობით. გარდა ამისა, ყურადღებას ვამახვილებთ წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ საკითხზე, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, ავტორის თვალსაწიერს მიღმა დარჩა.
ბ-ნ სულაძეს „ავიწყდება“, რომ ავადსახსენებელი საბჭოთა იდეოლოგია და ბოროტების იმპერიაში მისი ცეცხლით და მახვილით გამტარებელი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) შეუდარებელნი, უბადლონი იყვნენ ისტორიული სიმართლის ყოველმხრივ შერყვნა-დამახინჯებაში… სწორედ ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია ჩეკისტების მიერ შეთითხნილი დოკუმენტების და მათი „მემუარული“ ლიტერატურის უმკაცრესი კრიტიკული ანალიზის გარეშე დამოწმება და მათი მიჩნევა სანდო წყაროებად!.. სამწუხაროდ, ეს „შეცდომა“ წითელ ზოლად გასდევს განსახილველ ნაშრომს. დღეს, როდესაც უდიდესი ყურადღება ექცევა საქართველოს უახლესი ისტორიის ე.წ. „თეთრი ლაქების“ (რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მრავლადაა) აღმოფხვრას, ასეთ ტენდენციურ, ისტორიული სიმართლის შემრყვნელ ნაშრომებს არ უნდა ჰქონდეს „მწვანე შუქი“!..
იმედს გამოვთქვამთ, რომ წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებული „თეთრი ლაქების“ აღმოფხვრას.
როგორც ცნობილია, ისტორიული ფაქტების ობიექტურ, დაუმახინჯებელ წარმოჩენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, დიდად არის ფალსიფიცირებული საქართველოს ისტორიის ბოლო ორსაუკუნოვანი მონაკვვეთი. დღევანდელობა უპირობოდ მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ახალი და უახლესი ისტორიის „თეთრი ლაქების“ მოსპობას. ამასთან დაკავშირებით, მეტად ნიშანდობლივია გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსის და პუბლიცისტის ლეონ ბლუმის (1872-1950) სიტყვები ჟურნალისტიკის ოქროს წესის შესახებ: „აუცილებელია თქვა არა უბრალოდ სიმართლე, რაც პრინციპში არც თუ ისე რთულია, არამედ სრული სიმართლე, რაც გაცილებით უფრო ძნელია“. წინამდებარე ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ეს „ოქროს წესი“ სავალდებულო უნდა იყოს არა მარტო ჟურნალისტებისთვის. იგი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს სიმართლის უკლებლივ ყველა მძებნელისთვის, მეტადრე, – ისტორიკოსისთვის, ისეთი ნაშრომის ავტორისთვის, როგორიც გახლავთ განსახილველი წიგნი…
ვინაიდან, განსახილველი წიგნი ქართულ პოლიტიკურ ანტიბოლშევიკურ ემიგრაციას და მის მიმართ საბჭოთა სპეცსამსახურების დამოკიდებულებას ეძღვნება, ვინაიდან, ნაშრომში ხშირად ვაწყდებით ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის მსახური უშიშროების ორგანოებისადმი ავტორის, რბილად რომ ვთქვათ, დღევანდელი გადასახედიდან მეტად არაადექვატურ მიდგომას, ყურადღებას გავამახვილებთ ერთ, პრინციპული მნიშვნელობის მქონე, მომენტზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სრულყოფილი, სუვერენული სახელმწიფოსთვის, მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უაღრესად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძლიერი სადაზვერვო, საიდუმლო სამსახურის არსებობას და მის გამართულ, სრულფასოვან საქმიანობას. რაც შეეხება ყოფილ „საბჭოთა საქართველოს“, იგი გახლდათ საბჭოთა რუსეთის მიერ ძალმომრეობით დაპყრობილი, ოკუპირებული და, ფაქტობრივად, ანექსირებული ქვეყანა, – კოლონია. КГБ და მისი წინამორბედი ორგანოები („საგანგებო კომისია“, „მთავარი პოლიტიკური სამმართველო“, „შინსახკომი“) კი წარმოადგენდა დამპყრობელი ქვეყნის საოკუპაციო რეჟიმის ძალისმიერ, რეპრესიულ-სადამსჯელო სტრუქტურას, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს შეადგენდა პირსისხლიანი იმპერიის უშიშროების დაცვა დაპყრობილი ხალხების ეროვნული ცნობიერებისა და ინტერესების დათრგუნვის, ამ ხალხთა ყოველდღიური ცხოვრების უმკაცრესი კონტროლის გზით. ეს „კონტროლი“ ხორციელდებოდა ბარბაროსული, დრაკონული, ცივილიზებული სამყაროსთვის კატეგორიულად მიუღებელი მეთოდებით. საბჭოთა სადისტური სპეცსამსახურების და მისი ოდიოზური წარმომადგენლების საქმიანობა, მათი მიზნების შესაბამისად, მნიშვნელოვანწილად, აგებული იყო სიცრუეზე, ბინძურ ცილისწამებაზე, ურცხვ დემაგოგიაზე. ყოველივე ამაში ისინი უმაღლეს დონეზე იყვნენ დაოსტატებულნი. ამიტომ, საბჭოთა უშიშროების ორგანოების და ამ საზარელ სტრუქტურაში მომუშავე ჩეკისტთა ნებისმიერი სახით გათეთრება, ჩეკისტების მიერ შეთხზული დოკუმენტაციის სანდო წყაროდ მიჩნევა და ზედმიწევნითი კრიტიკული ანალიზის გარეშე დამოწმება ვერასგზით ვერ ჩაითვლება ღირსეულ მოქმედებად. ვლაპარაკობ რა ამ საკითხზე, მახსენდება ჩვენი ცნობილი მკვლევარის და მოღვაწის აკაკი ბაქრაძის სიტყვები:
„ყოველ სახელმწიფოს, დიდი იქნება თუ პატარა, აქვს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც დაწვრილებით ამუშავებს… ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეძებს ამ პოლიტიკის განხორციელების გზებს. ყოველი სახელმწიფოს სიძლიერე დამოკიდებულია ამგვარი საიდუმლო ორგანიზაციის აწყობილ საქმიანობაზე… საიდუმლო საქმიანობა რუსეთში დიდად ფასობდა! ყურადღება მას არც კომუნისტური რეჟიმის დროს მოჰკლებია… ახლა, ყველაფერთან ერთად, ГРУ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ბედ-იღბლითაა დაკავებული. გეგმავს და ამუშავებს ნაირ-ნაირ ვარიანტებს – ვის, როდის და სად დაუდოს კვანტი. თუ ჩვენ გვინდა ქართული სახელმწიფო ფეხზე იდგეს, მტერი საქართველოს ტიკინასავით არ ათამაშებდეს, აუცილებელია ქართული სტრატეგიული დაზვერვის შექმნა“ (იხ.: ალმანახი „მსგეფსი“, თბილისი, # 18, 1994). ძალზე სასიამოვნოა, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს სრულფასოვანი და ეფექტური სადაზვერვო სამსახური, რომელმაც ბოლო 4-5 წლის მანძილზე არაერთგზის დაამტკიცა თავისი კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი.
1.ორიოდე სიტყვით წიგნის შესავალი ნაწილის შესახებ
გ. სულაძის ნაშრომს წინ უძღვის წიგნის რედაქტორის (ვაჟა ოთარაშვილი), სამეცნიერო რედაქტორის (პროფ. ვახტანგ გურული) და კონსულტანტების (მათ შორის უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძის) აღფრთოვანებული გამოხმაურებები. ყოველი მათგანი იმდენად ტენდენციურია, რომ წიგნის შინაარსის განხილვამდე, გადავწყვიტეთ მათ შესახებ გვეთქვა ორიოდე სიტყვა.
განსახილველი წიგნის ქება-დიდების ეს „ფოიერვერკი“ იხსნება ბ-ნ ვაჟა ოთარაშვილის ნაკვესით, რომელშიც ვკითხულობთ: „„ბოლოს ყოველივე დაფარული განცხადდების“… ეს ბიბლიური სიტყვები ადამის მოდგმის ყოველივე ფარულსა და საიდუმლოს შეეხება. გელა სულაძის წიგნი „ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ ეპოქაში ადამიანი უფალს უნდა ემსახუროს და არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, ანდა მაღალი თანამდებობის პირს თუ სახელმწიფო სისტემას, უნდა სახარებისეულ მცნებებს ასრულებდეს და არა ამპარტავნული განდიდების მანიით შეპყრობილ ისტორიის „დიდ გვამთა“ ბრძანებებს და სურვილებს“.
ბ-ნ ვაჟას გვსურს ვუთხრათ, რომ მკრეხელობაა, დიდი მკრეხელობაა გ. სულაძის წიგნის ამგვარი შეფასება. როგორც ჩანს, მას ფასეულობათა სერიოზული აღრევა დასჩემდა… ამასთან, არანაირად დასაძრახისი არ არის იმ პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, რომელნიც რწმენით და შეგნებით, სიტყვით და საქმით, უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს, მის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს…
საინტერესოა, რომელი პოლიტიკური ლიდერების და რომელი სახელმწიფო სისტემის სამსახურში იდგა ჩეკისტი გელა სულაძე 1983-1990 და 1992-2003 წლებში?..
ფრიად ნიშანდობლივია წიგნის სამეცნიერო რედაქტორის, პროფესორ ვახტანგ გურულის წერილი „უფრო მეტი, ვიდრე კარგი წიგნი“. გთავაზობთ ამონარიდს მისი ნააზრევიდან:
„ავტორის ცამეტწლიანი თავდადებული შრომის შედეგად შეიქმნა სქელტანიანი კაპიტალური გამოკვლევა, რომელმაც მეცნიერულ ნიადაგზე დაამკვიდრა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა – ქართული ემიგრაციის ისტორია… მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შესახებ ბევრი დაიწერა, აშკარად იგრძნობოდა დოკუმენტური ბაზის სიმწირე და ობიექტური შეფასებების დეფიციტი. ნაშრომების უმეტესობა წინასწარი მიკერძოებითაა დაწერილი, გვერდი აქვს ავლილი საჩოთირო საკითხებს, სჭარბობს ყალბი ჰეროიკა და პათეტიკა. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისადმი მიძღვნილი ნაშრომებიდან გამოსჭვივის არა ჭეშმარიტი ისტორიის შექმნის სურვილი, არამედ მავანის და მავანის ადვოკატობის მისწრაფება, საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის შეფასება ხდება პირადად მისი, ან მისი თანამოაზრის, ხშირად ოჯახის წევრის, მემუარებით. არაფრისმთქმელი ციტატების სიმრავლეში ნებსით თუ უნებლიედ იჩქმალება მწარე სიმართლე… სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის აუცილებელ ჩვევებთან ერთად გელა სულაძემ გამოავლინა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია: ისტორიის გაყალბება, თუნდაც შელამაზება, დიდი უაზრობაა. მან ეს პრინციპი გაატარა მთელს ნაშრომში“.
ბ-ნი გურული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკითხებზე ბოლო 20-25 წლის მანძილზე გამოცემულ-გამოქვეყნებულ ნაშრომებში „დოკუმენტური ბაზის სიმწირეზე“ ლაპარაკობს. რეალურად კი, ფაქტობრივი მასალის (დოკუმენტური წყაროები, სამეცნიერო პუბლიკაციები და ემიგრანტული ლიტერატურა) უკმარისობა და მათი ტენდენციურად შერჩევა აშკარად იჩენს თავს გელა სულაძის წიგნის თუნდაც წყაროების და ლიტერატურის ნუსხის გაცნობისას. გამოყენებული „წიგნებისა და კრებულების“ ნუსხაში პუბლიკაციების ძალზე დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდს განეკუთვნება და მავნე საბჭოთა იდეოლოგიის დამღითაა „დამშვენებული“… დამოწმებული პერიოდიკის მარტოოდენ მიზერული ნაწილი გახლავთ ემიგრანტული. სამაგიეროდ, ეს ნუსხა დახუნძლულია ცრუ საბჭოთა პერიოდიკით… ამასთან, ყოვლად მანკიერია პერიოდიკის დამოწმების წესი: პუბლიკაციის ავტორის და სახელწოდების მითითების გარეშე. საარქივო მასალების უდიდესი ნაწილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფილი „სუკ“-ის (КГБ) ფონდის მასალებითაა წარმოდგენილი. განსახილველი წიგნის ავტორი ჩეკისტების მიერ შეთითხნილ დოკუმენტებს განიხილავს, როგორც სანდო წყაროებს, ყოველგვარი კრიტიკული, წყაროთმცოდნეობითი ანალიზის გარეშე, რაც დაუშვებელია დოკუმენტურ წყაროებზე მუშაობის დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ გ. სულაძის არაერთი მტკიცება ეფუძნება ზეპირ გადმოცემებს, ჩეკისტებს შორის მოარულ ხმებს, მათი ჭეშმარიტების დადგენის გარეშე… წიგნში გამოყენებულ ლიტერატურაში ვერ ვხვდებით ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის შესწავლისათვის აუცილებელ ემიგრანტულ და სამეცნიერო გამოცემებს. მთლიანად არის იგნორირებული უცხოელ (ამერიკელ და ევროპელ) ავტორთა უაღრესად საყურადღებო გამოკვლევები…
ბ-ნი ვ. გურული ძალზე აგდებულად მოიხსენიებს მემუარულ ლიტერატურას, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტიპს წერილობითი ისტორიული წყაროებისა. ეს ნათლად მეტყველებს მის „უზადო პროფესიონალიზმზე“… სხვა საქმეა ის, რომ ამ და ნებისმიერი სხვა ტიპის ისტორიული წყაროს შესწავლისას აუცილებელია მათი კრიტიკული ანალიზი, სანდოობის დადგენა.
ბ-ნი „სამეცნიერო რედაქტორი“ ისტორიის გაყალბების დიდ უაზრობაზე და დაუშვებლობაზე ლაპარაკობს. თავისთავად, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა სავსებით სამართლიანია, მაგრამ, არის კი თავად ბ-ნი გურული ის მკვლევარი, რომელიც ერთგულია ამ პრინციპისა და, რომელსაც აქვს ზნეობრივი და მორალური უფლება ისტორიულ სიმართლეზე მსჯელობისა?..
პროფ. ვახტანგ გურული გახლავთ ის „ისტორიკოსი“, რომელიც 1970-იანი წლების შუა ხანებიდან 1990 წლამდე აქტიურად ეწეოდა საქართველოს უახლესი ისტორიის ფალსიფიკაციას, იყო რა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის უერთგულესი მსახური…
1980 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართველების მონაწილეობა პარტიზანულ ბრძოლებში საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის წლებში“. მისი ეს ნაშრომი შევსებული სახით 1985 წელს გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
„საბჭოთა ხალხმა ლენინური კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მსოფლიო იმპერიალიზმის დამკვრელ ძალებზე მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება. დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ დამაჯერებლად ცხადყო სოციალისტური საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების, სოციალისტური ეკონომიკის, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის, საბჭოთა საზოგადოების მორალურ-პოლიტიკური ერთობის სიმტკიცე და ძლევამოსილება“- ვკითხულობთ აღნიშნულ ნაშრომში (იხ.: ვახტანგ გურული. ქართველების მონაწილეობა პარტიზანულ ბრძოლებში…, თბილისი, 1985, გვ. 3). არადა, სწორედ „მსოფლიო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალების“, – აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დახმარებით გახდა შესაძლებელი მესამე რაიხის დამარცხება…
ზემოთ მოხმობილი სიტყვების დაწერიდან ხუთიოდე წლის შემდეგ მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიისა და საბჭოთა საზოგადოების „სიმტკიცე და ძლევამოსილება“ პირქვე დაემხო და ისტორიის აშმორებულ სანაგვეზე აღმოჩნდა.
მარქსიზმ-ლენინიზმის მეხოტბე ისტორიკოსთა შორის ვ. გურული იმდენად „მგზნებარე“ გამოდგა, რომ ვერანაირად ვერ აუღო ალღო იმხანად მიმდინარე და მოსალოდნელ გარდაუვალ მოვლენებს და გაგანია „გარდაქმნის“ ხანაში, 1988 წელს თსუ-ის გამომცემლობამ გამოსცა მისი 140-გვერდიანი ოდიოზური ნაშრომი „საქართველოს კომპარტიის მოღვაწეობა ისტორიულ-პარტიული მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის (1921-1941)“.
„როცა 20-30-იანი წლების ქართული ისტორიულ-პარტიული მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას ვსწავლობდით, ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მეთოდოლოგიურ საფუძველს შეადგენდა ვ.ი. ლენინის ნაშრომებში მოცემული ბრწყინვალე დასკვნები და განზოგადებანი“-ო, აღნიშნავს ავტორი (იხ.: ვახტანგ გურული. საქართველოს კომპარტიის მოღვაწეობა…, გვ. 7). სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი ვ. გურულის ეს თხზულება.
ორიოდე წელიწადში ბ-ნ გურულის სათაყვანებელი საბჭოთა იმპერია დაემხო, რამაც იგი დიდი დილემის წინაშე დააყენა. მთელი მისი „მეცნიერული“ ნააზრევი ერთი დიდი ტყუილი, დიდი უაზრობა აღმოჩნდა… შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი დიდი ხანი არ უძებნია: თუ მანამდე მთელი ძალისხმევა უშავესი ყორნის, – მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის და მანკიერი საბჭოთა სისტემის გათეთრებას მოახმარა, 1990 წლიდან დღემდე იგი დიდი გულმოდგინებით ათეთრებს საქართველოს უახლესი ისტორიის მეორე ყორანს, – სულით მონათესავე, რუსეთუმე სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკურ) პარტიას ნოე ჟორდანიას თამადობით. სწორედ აღნიშნული პარტიის ისტორიას მიუძღვნა ვ. გურულმა თავისი სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი: „ქართული სოციალ-დემოკრატია 1892-1904 წლებში“ (დისერტაცია დაიცვა 1997 წელს).
ვერანაირად ვერ ჩაითვლება ღირსეულ საქმიანობად ნოე ჟორდანიას და მისი რუსეთუმე დასის გათეთრება, დასისა, რომელმაც ამაზრზენი ომი გამოუცხადა ილია ჭავჭავაძეს და იდეოლოგიური საფუძველი მოამზადა უდიდესი მამულიშვილის საზარელი მკვლელობისათვის. სწორედ ამ დასმა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ნიანგის ცრემლები დაღვარა „დედა-რუსეთისგან“ მოწყვეტის გამო. სწორედ ამ დასის ყოვლად უმეცარმა პოლიტიკამ (რომელიც ღალატის ტოლფასი გახლდათ) დიდად შეუწყო ხელი 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული ქართული სახელმწიფოს მოსპობას. ჩვენ მიერ თქმულის ჭეშმარიტებას ზედმიწევნით ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკის პროდასავლური კურსის მთავარი შემოქმედის, გამოჩენილი დიპლომატის და მეცნიერის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწის, პროფესორ ზურაბ ავალიშვილის სიტყვები:
„აგრარულმა რეფორმამ ერთნი გააღატაკა და დაამცრო, ხოლო სხვებს ისე მიაკუთვნა მიწა, რომ მათთვის რაიმე სერიოზული ფინანსური გადასახადი ან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ დაუკისრებია. ამის გამო უაღრესად გაჭირდა პატარა არმიის შექმნაც კი – იმ ქვეყანაში, სადაც მრავლად ჰყავდათ მწყობრის ოფიცრები, და – იმ ხალხში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მხედრული სიქველით მოეხვეჭა სახელი.
როდესაც საქართველო საბჭოთა რუსეთთან შეტაკებამდე მიიყვანეს, რუსეთის არცთუ დიდი ძალებისათვის თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა შეტევაზე წამოსულ წითელ არმიას „შეიარაღებული ხალხი“ კი არ დახვედროდა, არამედ პარტიული ბელადების ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლების ექსპლუატაციის მონაწილე ფართო თანასაზოგადოება და მათთან ერთად ერთგული მიურიდების მცირე რაზმი. მთელი ეს ასაბია სულ იოლად გადაისროლეს შავ ზღვაში.“ (იხ.: ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბილისი, 1990, გვ. 9).
მრავლისმთქმელია ნ. ჟორდანიას და მენშევიკთა მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ზ. ავალიშვილისეული შეფასება:
„1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატია, რომელიც ს.-დ.-ის დიქტატურის, ე.ი. მარჯვენა ფრთის მარქსიზმის, ფორმა იყო, წარმოადგენდა საქართველოში საბჭოთა დიქტატურის გამარჯვების მოსამზადებელ პერიოდს. სოციალური პოლიტიკის მთელი შინაარსითა და თავისი სულისკვეთებით ეს დემოკრატია, თუმც მის წიაღში აშკარად იღვიძებდა ხალხის შეგნება, სინამდვილეში მოსკოვისკენ იყო მიმართული და არა ევროპისკენ. და ამით იქმნებოდა ის ძირეული წინააღმდეგობა მისსავე საგარეო პოლიტიკის იმ ევროპულ ორიენტაციასთან, რომელსაც საქართველო დაბეჯითებით მიჰყვებოდა 1920 წლის გაზაფხულამდე“-ო, მიუთითებდა სახელოვანი მამულიშვილი (იხ.: ზურაბ ავალიშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 11).
ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ნ. ჟორდანიას მიერ ჩადენილ მრავალ უპატიებელ დანაშაულზე მიუთითებს თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნ. რამიშვილის ვაჟი აკაკი რამიშვილი (იხ.: აკაკი რამიშვილი. ჩვენი შეცდომები (1918-1921). ქართულ-ინგლისური ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის „GAIACA“ გამოცემა, თბილისი, 2006). წიგნში აღწერილია, თუ ირ. წერეთლისა და ვ. ჯუღელის მხარდაჭერით ნ. ჟორდანიამ როგორ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება 1918 წლის 23 ივნისს: მან ხელთ იგდო ძალაუფლება და დაითხოვა მთავრობის პირველი შემადგენლობა ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით (იხ.: აკაკი რამიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 16-18). საქმე ის არის, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორი ფრთა: მემარჯვენე (ნ. რამიშვილის მეთაურობით), რომლისთვისაც მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და მემარცხენე (ლიდერი – ნ. ჟორდანია), რომლისთვისაც გადამწყვეტი იყო მარქსისტული, ვიწროპარტიული ინტერესები. მემარცხენეები გამოირჩეოდნენ მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიეროვნული განწყობილებით.
„ნოე ჟორდანიამ, როგორც კი ხელისუფლება ჩაიბარა, მთავრობის სასახლიდან ჩამოახსნევინა ეროვნული დროშა და რევოლუციის წითელი დროშა ააფრიალებინა. ეს ვალიკო ჯუღელის საგანგებო მოთხოვნა იყო… ეს იყო მემარცხენე მენშევიკური ინტერნაციონალიზმის, მარქსიზმის, კლასთა ბრძოლისა და რუსოფილობის გამოვლინება. მათ ჩვენი ქვეყნის დამცველები – ჩვენი თავად-აზნაურობა და მხედრობა რევოლუციის მტრებად და მოღალატეებად მიაჩნდათ, ხოლო რუსი, სომეხი თუ სხვა ეროვნების მუშები კი – სანდო ძმებად. ეს იყო მემარცხენე მენშევიკების შეხედულება, რომლებიც პარტიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ.“- მიუთითებს აკ. რამიშვილი (იხ.: აკაკი რამიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 19).
სწორედ ნ. ჟორდანიას ემისრებმა 1951-1952 წლებში ხელი მოაწერეს ვისბადენსა და მიუნხენში რუსული პოლიტიკური ემიგრაციის ჰეგემონიით ჩატარებული ფორუმების დასკვნით დოკუმენტებს, რამაც დაასამარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. ამის შესახებ ხაზგასმით მიუთითებდა საერთაშორისო სამართლის მსოფლიო სახელის მქონე ავტორიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი (იხ.: ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, # 16, 1954, გვ. 17-18). კერძოდ, 1952 წლის 16 ოქტომბერს, რუსული პოლიტიკური ემიგრაციის ინიციატივით მიუნხენში დაფუძნებული „ანტიბოლშევიკური ცენტრის“ სტატუტზე საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მენშევიკ წარმომადგენელთა ხელმოწერის გამო ქართველი პროფესორი აღნიშნავდა: „ამ სტატუტზე ხელის მოწერა საქართველოს მიერ ნიშნავს, ყოველი ეჭვის გარეშე, მიტოვებას სუვერენულ სახელმწიფოს სტატუსისა, რომელიც საქართველომ მოიპოვა 1918-1921 წ.წ. საერთაშორისო კრებულში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ამიერითგან შეუძლებელია მოვითხოვოთ ეს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა როგორც უფლება, რომელიც ჩვენ უკანონოდ წაგვართვეს. მაშასადამე, ახლა საკითხი ამ უფლების აღდგენას კი არ ეხება, არამედ მის ხელმეორედ მოპოვებას“. იქვე მითითებულია, რომ 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილების აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა მარტოოდენ იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ერს მიეცემოდა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა. სწორედ ამგვარი საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს…
მიუნხენის სტატუტზე ხელმოწერამდე, 1951 წლის 3 ნოემბერს, ქართველმა მენშევიკებმა, ემიგრანტული მთავრობის სახელით, ვისბადენში ხელი მოაწერეს რუსული ემიგრანტული ორგანიზაციებისა და კერძო სპეციალური ამერიკული კომიტეტის ინიციატივით შედგენილ რეზოლუციას. ამგვარი მოქმედება მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის ეროვნული ფრთის მიერ, რაც ზედმიწევნით აისახა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალის „ივერია“ (პარიზი) 1952 წლის მე-4 ნომერში (გვ. 37-42). თავის მემუარებში «О себе и времени» (изд-во «Дика-М», Москва, 2003) ვისბადენის კონფერენციას და მის ორგანიზატორებს ცალკე თავს უთმობს (გვ. 643-684) ჩრდილოკავკასიური პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე, ევროპული მასშტაბის პოლიტოლოგი (სოვეტოლოგი), აწგანსვენებული ჩეჩენი პროფესორი აბდურახმან ავთორხანოვი (1908-1998). რაც შეეხება ზემოხსენებულ ამერიკულ კომიტეტს, ეს ორგანიზაცია გახლდათ რუსული პოლიტიკური ემიგრანტული ორგანიზაციების და ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტის და პოლიტოლოგის ისააკ დონ ლევინის თაოსნობით ნიუ-იორკში დაფუძნებული და 1950-1960-იან წლებში მოქმედი „ბოლშევიზმისგან გათავისუფლების ამერიკული კომიტეტი“. ამერიკელი მოღვაწეებიდან მასში შედიოდნენ: ცნობილი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები ევგენი ლაიონსი (თავმჯდომარე), ისააკ დონ ლევინი, სპენსერ უილიამსი, ჩემბერლენი, რობერტ კელი, ადმირალი კერკი, ადმირალი სტივენსი და სხვანი. აღსანიშნავია, რომ სოვეტოლოგებიდან დონ ლევინი გახლდათ საბჭოთა ტირანის ი. სტალინის პირველი ბიოგრაფი (მისი წიგნი „სტალინი“ პირველად გერმანულ ენაზე გამოიცა ჯერ კიდევ 1931 წელს). რუსული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის მოღვაწეებიდან კომიტეტში შედიოდნენ ა. კერენსკი, გენერალი ლ. ბიჩერახოვი, ე. რომანოვი, ს. მელგუნოვი, ბ. იაკოვლევ-ტროიცკი, ი. კურგანოვი, ი. ბუდანოვი, ბ. ნიკოლაევსკი და სხვანი. მართალია, ისინი ბოლშევიზმის დაუძინებელი მტრები იყვნენ, მაგრამ, ყოველი მათგანი იღვწოდა რუსეთის „ერთიანი და განუყოფელი იმპერიის“ რეანიმაციისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მათ შორის იყო ა. კერენსკი, ცხადი გახდება, რომ, რეალურად, იგივე მიზნები ამოძრავებდა ზემოხსენებულ ამერიკულ კომიტეტსაც… ავთორხანოვი მიუთითებს, რომ საქართველოს ემიგრანტული მთავრობის და „საქართველოს ეროვნული საბჭო“-ს სახელით ვისბადენის კონფერენციას სრულუფლებიანი დელეგატის სტატუსით ესწრებოდნენ ნ. ცინცაძე, ე. გეგეჭკორი და სხირტლაძე. უფრო მეტი, – კონფერენციის თავმჯდომარე იყო საქართველოს ემიგრანტული მთავრობის და „ეროვნული საბჭოს“ წევრი ნოე ცინცაძე.
ამდენად, ზემოთ თქმული სავსებით ადასტურებს ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელთა მიერ ვისბადენის და მიუნხენის კონფერენციების და მათში მონაწილე ქართველი მენშევიკების მოქმედების შეფასების სამართლიანობას.
საგულისხმოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკ ლიდერთა მოღვაწეობის ის შეფასებები, რომლებიც მოცემულია იმდროინდელი მოვლენების თვითმხილველ ევროპელ ავტორთა თხზულებებში. 1927 წელს პარიზში, ფრანგულ ენაზე გამოიცა ცნობილი ფრანგი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის რემონ დიუგეს შესანიშნავი წიგნი „მოსკოვი და წამებული საქართველო“ (იხ.: Raymond Duguet. Moscou et la Georgie martyre, Editions Jules Tallandier, Paris, 1927). 1994 წელს გამომცემლობამ GCI გამოსცა ამ წიგნის მზია და აკაკი ბაქრაძეების მიერ შესრულებული საუცხოო ქართული თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ავტორი უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენისა, რომლებსაც ჰქონდა ადგილი 1918-1924 წლების საქართველოში. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ცნობილ ინგლისელ სამხედრო მოღვაწეს, 1919-1921 წლებში თბილისში ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ჯ. სტოკს (იხ.: რემონ დიუგე. დასახ. ნაშრომი (ქართული გამოცემა), გვ. 5-9). აი, როგორ შეფასებას აძლევს ბრიტანელი პოლკოვნიკი ნ. ჟორდანიას მთავრობას:
„ამ მთავრობის საშინაო პოლიტიკამ არავინ დააკმაყოფილა; მიწებისა და რამდენიმე მომგებიანი ინდუსტრიული საწარმოს ნაციონალიზაციამ მეურნეობა განადგურებამდე მიიყვანა. მენშევიკური ხელისუფლება პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეროვნულს. ამის ტიპიურ მაგალითს მოვიყვან: გენერალი კვინიტაძე რამდენჯერმე მოიშორეს. მაგრამ, როგორც კი ვითარება გამწვავდებოდა, ისევ სათავეში აყენებდნენ. მოსკოვთან ურთიერთობაში ქართული მთავრობა მიამიტი იმედით იკვებებოდა. სჯეროდა, რომ ბოლშევიკებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მენშევიკებთან, თავიანთ სოციალისტ ძმებთან“ (გვ. 7).
თავად წიგნის ავტორი, რემონ დიუგე კი აღნიშნავდა: „საჭიროა აქედანვე მოვფინოთ ნათელი იმ ფაქტს, რომ სოციალისტურმა გამოცდილებამ სასიკეთო არაფერი მოუტანა საქართველოს. ნურავინ შემედავება: სამმილიონიანი საქართველო უძლური იყო გამკლავებოდაო მტერს, არ შეეძლო დაემარცხებინაო დიდი რუსეთიდან მოსული ურდო.
ეს არგუმენტები რომ სწორი იყოს, მაშინ ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგალითად ლიტვა, ვერ ჩამოყალიბდებოდნენ დამოუკიდებელ ქვეყნებად და ვერც თავისუფლებას შეინარჩუნებდნენ. მეტსაც გეტყვით. ამ წიგნის მეოთხე თავში ერთი მაგალითი მომყავს. როცა აზერბაიჯანიდან წითელი არმია მოღალატურად დაესხა თავს საქართველოს, ქართველმა მეომრებმა მარტო მოახერხეს უკუეგდოთ მტერი. წითელი არმია თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. საქართველოს მთავრობის ბრძანება რომ არა – შეეწყვიტათ მტრის დევნა – უდავოა, ბოლშევიკები აზერბაიჯანიდანაც იქნებოდნენ გაძევებულნი და ვერც სომხეთში მოიკალათებდნენ. მოსკოვის თხოვნის გამოა, რომ საქართველოს მთავრობამ გასცა ბრძანება მტრის დევნა შეეჩერებინა და ქართული ბატალიონები თავის ტერიტორიაზე დაბრუნებულიყვნენ. ეს რომ არ გაეკეთებინათ, საქართველოს წითელი საშიშროება მოსცილდებოდა.
…ამ მთავრობას თვალი არ აეხილა არც მეორე მოულოდნელი თავდასხმის, წითელი ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობის, ხოცვა-ჟლეტისა და ამ ქვეყანაში დატრიალებული უბედურების შემდეგაც. როცა 1924 წლის აჯანყების ჩახშობა დაიწყო და ქართველთა სისხლი უხვად დაიღვარა, საქართველოს ეროვნული მთავრობის თავმჯდომარემ 1924 წლის 6 სექტემბერს დეპეშა გაგზავნა მოსკოვში: „მოსკოვი, კრემლი, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს“, რომელსაც შემდეგი სიტყვებით ამთავრებდა: „ქრთველი ხალხის სახელით გთავაზობთ შეაჩეროთ სამხედრო ქმედებანი და რუს-ქართველთა კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყვიტოთ. საფუძვლად გამოვიყენოთ 1920 წლის 7 მაისს ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება. ამასთან ერთად ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ დამატებითი ხელშეკრულებები დავდოთ, რაც გარანტია იქნება თქვენი ეკონომიკური და კომერციული ინტერესებისა საქართველოში“. ვინ იცის, რამდენი იცინეს ბოლშევიკებმა ამ დეპეშის წაკითხვისას!“ (იხ.: რემონ დიუგე. დასახ. ნაშრომი, გვ. 15-17).
1987 წელს გამომცემლობამ „განათლება“ რუსულ ენაზე გამოსცა ავთანდილ მენთეშაშვილის ულტრაოდიოზური, 206-გვერდიანი მონოგრაფია «Октябрьская революция и национально-освободительное движение в Грузии. 1917-1921». წიგნის სათაური ნათელჰყოფს მის რაობას: ბოლშევიკების 1917-1921 წლების ბინძური პროვოკაციები ურცხვადაა სახელდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად“… სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს ე.წ. „საბჭოთა ისტორიოგრაფიის“ ერთ-ერთ ყველაზე მავნებელ ნაშრომს. მისი ოფიციალური რეცენზენტი, რომელმაც „მწვანე სინათლე“ აუნთო ამ საზიზღრობის პუბლიკაციას, გახლავთ ვახტანგ გურული…
ამდენად, ზემოთ თქმული ცხადჰყოფს, თუ რამდენად აქვს „პროფესორ“ ვ. გურულს დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, საქართველოს ისტორიის კვლევის, ისტორიულ სიმართლეზე და მიუკერძოებლობაზე ლაპარაკის მორალური და ზნეობრივი უფლება.
„ჩემთვის, როგორც სპეცსამსახურების სპეციალისტისთვის და ისტორიკოსისთვის ცხადი გახდა, რომ სახეზეა საქართველოს სინამდვილეში პოსტსაბჭოთა პეიოდის ერთ-ეთი (თუ არა ერთადერთი) უნიკალური ნაშრომი, რომელშიც დოკუმენტურ და პუბლიცისტურ მასალებზე დაყრდნობით გაანალიზებულია მე-20 საუკუნის 30-50-იანი წლების ისტორიული (ტრაგიკული) ბატალიები ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაციისა და საბჭოთა თუ უცხოეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით…გელა სულაძემ გააკეთა ის, რასაც ჩემი თაობის, საქართველოზე შეყვარებული სპეცსამსახურების მუშაკები ვერც კი იოცნებებდნენ… ავტორის მხრიდან, ფაქტობრივად, სახეზეა საბჭოთა პერიოდის ლუსტრაციის პროცესი, რომელმაც ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში კი არა, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ჰპოვა, რაც შედარებით უმტკივნეულო პროცესია… წიგნი, თავისი უნიკალურობით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან ყველა ქართველის ოჯახში უნდა დაიდოს ბინა… ბუნებრივია, ავტორს უამრავი მხარდამჭერი და ქომაგი გამოუჩნდება, თუმცა, იქნებიან მოკრიტიკანენიც, რომლებიც ნაშრომის სიდიადეს ვერაფერს დააკლებენ, პირიქით…“- აღნიშნავს თავის წერილში КГБ-ს გადამდგარი გენერალ-მაიორი, წიგნის კონსულტანტი ანზორ მაისურაძე.
ჯერ ერთი, განსახილველი წიგნი არ გახლავთ უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი. სამწუხაროდ, ვერც ბ-ნი გელა სულაძე ჩაითვლება ობიექტურ და მიუკერძოებელ ავტორად, რაც სათანადოდ იქნება წარმოჩენილი წინამდებარე ნაშრომში.
საერთოდ, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენლებს, ჩეკისტებს (მეტადრე, КГБ-ს გენერლებს) არა აქვთ მორალური და ზნეობრივი უფლება ისტორიულ სიმართლეზე, მიუკერძოებლობაზე, ქართულ პოლიტიკურ ანტისაბჭოთა ემიგრაციაზე საუბრისა. თუნდაც, იმიტომ, რომ ისინი ვერასგზით ვერ ჩაითვლებიან მიუკერძოებლებად…
იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით დაარეგულირებს ლუსტრაციის კანონი, რომელსაც „თავისუფლების ქარტიის“ ფარგლებში, ახლო მომავალში მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ლუსტრაცია, სასურველია, შეეხოს იმ „ისტორიკოსებსაც“, რომელნიც წლების მანძილზე, 1990 წლამდე, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის კუთხით, საბჭოთა კონიუნქტურის შესაბამისად, აქტიურად ეწეოდნენ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ფალსიფიკაციას.
2. გ. სულაძის წინათქმის შესახებ
განსახილველი ნაშრომის თუნდაც ავტორისეული წინათქმა ზედმიწევნით ადასტურებს, რომ ბ-ნ გ. სულაძეს ძალზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმ საკითხზე, რომლის შესწავლას არის შეჭიდებული.
ავტორი აღფრთოვანებულია იმ საქმიანობით, რომელიც სპეცსამსახურების, კერძოდ, – ყოფილი КГБ-ს, ისტორიის შესწავლის მიმართულებით წარმოებს რუსეთში. იგი არად დაგიდევთ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ამ მიმართულებით რუსეთში გამოცემული თითქმის ყველა ნაშრომი უაღრესად ტენდენციური ხასიათისაა. ამასთან, ამ ნაშრომების ავტორები, ძირითადად, ჩეკისტები არიან. როგორ შეიძლება ლაპარაკი რაიმე ობიექტურობაზე იმ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დღემდე ამაყად ყელყელაობს მსოფლიო ჯალათების ლენინისა და ძერჟინსკის უშველებელი კერპები, სადაც დღემდე გრძელი რიგებია ილიჩის მავზოლეუმთან, სადაც სახელმწიფო ჰიმნად აღადგინეს ბოროტების საბჭოთა იმპერიის ველიკოდერჟავული სულისკვეთებით გაჟღენთილი ჰიმნი…
„სამწუხაროდ, საქართველოში არათუ დაზვერვის, არამედ, ზოგადად, სპეცსამსახურების საქმიანობის, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის, შესწავლას არ მიეცა ორგანიზაციული ხასიათი და არ მოხდა ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა“-ო, მიუთითებს ბ-ნი გ. სულაძე (გვ. 9). იქვე იგი აღნიშნავს, რომ გამონაკლისს წარმოადგენს მარტოოდენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალი „საარქივო მოამბე“, რომელიც მცირე ტირაჟის გამო, ხელმიუწვდომელი ყოფილა საზოგადოების ფართო ფენებისათვის.
ჯერ ერთი, თუნდაც იგივე ჟურნალი „საარქივო მოამბე“ არ ვრცელდება მხოლოდ ბეჭდური სახით: მისი ყველა ნომერი განთავსებულია ინტერნეტში, საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს საიტზე (იხ.: http://archive.security.gov.ge) და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი დაუბრკოლებლად გაცნობა. გარდა ამისა, განსახილველი წიგნის თემატიკის შესაბამისი სტატიები ხშირად ქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში „საისტორიო ვერტიკალები“ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების შრომათა კრებულში „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“.
მეორე, – აღნიშნული საკითხების კვლევა წარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში, თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რამდენიმე სხვა დაწესებულებაში. გამოქვეყნებულ-გამოცემულია არაერთი საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეძღვნება დაზვერვის და სპეცსამსახურების ისტორიას. დავასახელებთ რამდენიმე მათგანს: 1. ლევან ურუშაძე. ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). პირველი გამოცემა, თბილისი, გამომცემლობა „განათლება“, 1991; მეორე გამოცემა: თბილისი, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, 2005; 2. მისივე. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბილისი, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, 2005; 3. მისივე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში 1900-იან-1910-იან წლებში.- ჟურნ. „ამირანი“, მონრეალი-თბილისი, XX, 2008, გვ. 125-151; 4. ავთანდილ სონღულაშვილი. დაზვერვის ისტორიიდან, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2008; 5. Л. Клдиашвили, Г. Авалишвили. Военные приготовления СССР в Грузии в начальном периоде «холодной войны» (1949-1970 г.г.).- ჟურნ. „საისტორიო ვერტიკალები“, N5, 2003, გვ. 39-54; 6. ალ. ბენდიანიშვილი, ალ. დაუშვილი, მ. სამსონაძე, ხ. ქოქრაშვილი, დ. ჭუმბურიძე, ო. ჯანელიძე. რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2008…
„…ისტორიული სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ აუცილებლად უნდა ითქვას. მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, რომელზეც პირველად ვსაუბრობთ“, – აღნიშნავს განსახილველი წიგნის ავტორი (გვ. 10). „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“-ო, სწორედ ამაზეა ნათქვამი!..
წინათქმის ბოლოში ავტორი ამგვარ ფრაზასაც გვაპარებს: „…აუცილებელია შევიგრძნოთ უახლესი ისტორიული წარსული და არ დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა, ნებსით თუ უნებლიედ, თუნდაც სამშობლოს სიყვარულით დაუშვეს. თუმცა, არც მათი თავდადება და მამულიშვილობა უნდა დაგვავიწყდეს“ (გვ. 10). ქვემოთ, განსახილველი წიგნის კრიტიკული ანალიზი ნათელს გახდის, რომ ბ-ნი სულაძე მეტად ტენდენციურად იყენებს მისეულ ამ ფორმულას ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის არაერთი სასიქადულო მოღვაწის, არაერთი დიდებული მამულიშვილის შესახებ საუბრისას.
3. „ქატო იქა, ფქვილი აქა…“, ანუ მეზღაპრეობა და სპეცსამსახურები
ბ-ნი გ. სულაძე ცდილობს „ვარდისფერი სათვალით“ დაგვიხატოს ის „იდილია“, რომელიც სუფევდა 1980-იანი წლების „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში“, სადაც მოღვაწეობდა იგი 1984 წლიდან…
განსახილველი წიგნის ავტორს 1986 წელს დაუმთავრებია КГБ-ს მოსკოვის ფ. ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სკოლა, რომელიც დღემდე ძერჟინსკის სახელობისაა… იმავე წლიდან მუშაობა დაუწყია საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველ განყოფილებაში. ეს გახლდათ ამ, ისედაც საზარელი და დრაკონული უწყების ყვველაზე საშინელი განყოფილება, რომელიც აკონტროლებდა საბჭოთა საქართველოს უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობას. შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ამ განყოფილებას განაგებდა უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარე, ცივსისხლიანი გენერალი ალექსი ინაური.
ლაპარაკობს რა 1987 წლის მოვლენებზე, ავტორი აღნიშნავს: „ერთ დროს ძლევამოსილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (Комитет государственной безопасности – КГБ) იძულებული იყო ბედს დამორჩილებოდა და შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის ფეხი აეწყო. ამის შედეგი იყო ის, რომ გაჩნდა წლობით დალექილი საარქივო მასალების გაცნობის შესაძლებლობა“ (გვ. 11).
ვეჭვობთ, ბ-ნმა სულაძემ არ უწყოდეს, რომ მისი ეს სიტყვები საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი. ჯერ ერთი, საბჭოთა უშიშროება, რომელიც გახლდათ „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რომელზეც იყო დაფუძნებული დრაკონული საბჭოთა სისტემა, არასდროს „ყოფილა იძულებული“ დამორჩილებოდა ბედს, რამეთუ, სწორედ „სუკ“-ი ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს ბოროტების იმპერიაში და კომუნისტური იდეოლოგიური მანქანის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ორი წლის შემდეგ, 1989 წლის 9 აპრილს, სწორედ ეს მონსტრი, – „სუკ“-ი, იყო თბილისში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის უმთავრესი შემოქმედი!.. მეორე, – „წლობით დალექილი საარქივო მასალების გაცნობის შესაძლებლობა“ საზოგადოებისთვის, მკვლევარებისთვის პირველად გაჩნდა არა 1987 წელს, არამედ 1991 წელს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მითითებით, სუკ-ის ისტორიაში პირველად, კომიტეტის არქივის მასალებზე სამუშაოდ დაუშვეს მკვლევარები, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიც იყო. რაც შეეხება სუკ-ის თანამშრომლებს, მათ 1987 წლამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ცხრაკლიტულს მიღმა გადამალული ამ მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
მოგვითხრობს რა 1937 წელს რეპრესირებული ერთ-ერთი პიროვსნების საქმეზე მუშაობის შესახებ, გ. სულაძე აღნიშნავს: „დამტვერილი სქელტანიანი საქმე იმ დღესვე გადავიკითხე. სამწუხაროდ, ხელმეორედ მისი გაცნობის სურვილი აღარ გამჩენია. ჩემთვის სავსებით ნათლად გამოისახა ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ავბედითი 30-40-იანი წლების საბჭოთა პერიოდის მთელი სისასტიკე და პიროვნების – საბჭოთა ადამიანის – უსუსურობა ტოტალიტარული სისტემის პირობებში“ (გვ. 12). საოცარია, სუკ-ის უმაღლეს სკოლადამთავრებული ოფიცრისთვის, რომელიც უშიშროების კომიტეტის პირველ განყოფილებაში საქმიანობდა, მარტოოდენ 1987 წელს გახდა ცნობილი, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა ტოტალიტარული და რეპრესიული სისტემა?..
როგორც ცნობილია, 1990 წლის შემოდგომაზე, როდესაც აშკარა გახდა, რომ საბჭოთა იმპერიულ ხუხულას სერიოზული ბზარები გაუჩნდა და ჩამოსაშლელად იყო განწირული, საქართველოს სუკ-ის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი ქ. სმოლენსკში იქნა გადატანილი. „1990 წლის ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მოზრდილ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მეც გახლდით ქ. სმოლენსკში და მონაწილეობას ვღებულობდი საქართველოდან გატანილი საიდუმლო საქმეების გადარჩევასა და განადგურებაში“-ო, მოგვითხრობს ავტორი (გვ. 12). მეტად თამამი და წინდაუხედავი განცხადებაა. სავსებით ნათელია, რომ განადგურებული მასალები შეიცავდა მნიშვნელოვან, მკვლევართათვის ფასეულ მონაცემებს…
„მოგვიანებით, საქართველო ძმათამკვლელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და სამოქალაქო ომის სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად განადგურდა სახელმწიფო უშიშროების არქივის ნაწილი“-ო, განაგრძობს გ. სულაძე (გვ. 13). ჯერ ერთი, ავტორი „ძმათამკვლელ ომს“ და „სამოქალაქო ომს“ უწოდებს იმ საშინელებას, რაც თბილისში დატრიალდა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში და, რასაც საერთაშორისო სამართლისა და პოლიტოლოგიის ენაზე „სამხედრო გადატიალება“ ეწოდება. ეს გახლდათ კრემლის და სწორედ სუკ-ის მიერ ორგანიზებული და მართული სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და ჩვენ ქვეყანაზე კვლავ რუსეთის გაბატონება იყო! ბარიკადების ერთ მხარეს იდგა მოსკოვის და შევარდნაძის-„თეთრი მელა“-ს მიერ მართული და რუსული ჯარის მიერ შეიარაღებული, რატომღაც „ოპოზიციად“ მონათლული მეხუთე კოლონა, მეორე მხარეს კი საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეული კანონიერი ეროვნული ხელისუფლება მის მხარდამჭერ მოსახლეობასთან ერთად… საბედნიეროდ, საქართველოს სათავეში 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ სამართლიანად, ადექვატურად შეაფასა იმდროინდელი მოვლენები და ღირსეულ მამულიშვილს, გადატრიალების გზით სამშობლოდან დევნილ პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას (1939-1993) სამუდამო განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონის წმინდა მიწა მიუჩინა…
ლაპარაკობს რა ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდგომ სამშობლოდან ლტოლვილი პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციისა და საბჭოთა საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის ურთიერთობაზე, ავტორი მიუთითებს: „მათ შორის გაჩაღებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არ იყო თითოეული მათგანის ისტორიული და ზნეობრივი არჩევანი. ორივე „ბედკრული საქართველოს“ ნაწილი იყო და კომუნისტურ იდეოლოგიასა და პარტიული ელიტის გაუთავებელ ინტრიგებს ემსხვერპლა“ (გვ. 13). ეს მსჯელობაც აშკარად ტენდენციურია და ცინიზმის ელემენტების შემცვველი.
არა, გელა ბატონო! ორივე არ გახლდათ „ბედკრული საქართველოს“ ნაწილი: ისევე, როგორც 70 წლის შემდეგ, – 19991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში, მაშინაც, – 1921 წლის თებერვალ-მარტში (და შემდეგი 70 წლის მანძილზე!), ერთ მხარეს იყვნენ კრემლის მიერ 30 ვერცხლად ნაყიდი ნაძირლები, მეორე მხარეს კი, – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და მისი დამცველები!…
ამის შემდეგ ავტორი სპეცსამსახურების ისტორიას და მის „პირველწყაროებს“ მიმოიხილავს, გვთავაზობს რა არაერთ კურიოზულ დასკვნას და მოსაზრებას.
სპეცსამსახურების და დაზვერვის ისტორიის ერთ-ერთ პირველწყაროდ ბ-ნი გ. სულაძე განიხილავს, არც მეტი, არც ნაკლები, – ძველ და ახალ აღთქმას, ანუ „ბიბლიას“. ლაპარაკობს რა ქანაანის ქვეყნის დასაუფლებლად მოსეს სამზადისზე, ავტორი აღნიშნავს: „მოსეს დარიგება აშკარად შეიცავს სადაზვერვო დავალებას, რომელიც მისმა მზვერავებმა წარმატებით შეასრულეს“ (გვ. 14). „ბიბლია“ ის ძეგლია, სულიერების და ადამიანური სიბრძნის ის უშრეტი წყაროა, ის ხელთუქმნელი სიწმინდეა, რომლის ასეთი მიზნით გამოყენება, მით უფრო, ასეთ დილეტანტურ დონეზე, არ გვეგების! ის, რაც მოიმოქმედა მოსემ, ადამიანის ინსტიქტით და საკუთარი მოდგმის გადარჩენის წყურვილით გახლდათ ნაკარნახევი და არა სადაზვერვო საქმიანობის მეთოდიკის შემუშავების სურვილით…
პირველწყაროებს შორის ასახელებს ავტორი თქმულებას „ოქროს საწმისზე“ (გვ. 15). ბ-ნი სულაძე არად დაგიდევთ იმ ფაქტს, რომ, როგორც „ბიბლია“, ისე ზემოხსენებული თქმულება, ვერ გამოდგება მყარ პირველწყაროებად, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს, მნიშვნელოვანწილად, ლეგენდებთან. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ რა „ბიბლიაზე“, ვგულისხმობთ „ძველ აღთქმას“, რომელსაც პირველწყაროდ მოიხსენიებს განსახილველი წიგნის ავტორი.
ზეპირ, ყოველგვარ არგუმენტებს მოკლებულ გადმოცემებზე დაყრდნობით, ბ-ნი სულაძე არც ცილისმწამებლურ დასკვნებს ერიდება.
„თავიანთი ქვეყნების დაზვერვებთან წლების მანძილზე იყვნენ დაკავშირებულები ცნობილი პიროვნებები: მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები და თვით ქვეყნის პირველი პირები… დაზვერვის ძველი თანამშრომლებისგან მსმენია, რომ რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურის (შსს პოლიციის დეპარტამენტის – ჟანდარმერიის) თანამშრომლები იყვნენ ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ნიკო მარი (1864-1934) და ფილლოლოგი და ისტორიკოსი ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929), ორივე გენერალ-მაიორი“ – ვკითხულობთ განსახილველ წიგნში (გვ. 15-16).
როგორც ჩანს, ისტორიკოსობის პრეტენზიის მქონე ავტორს ძალზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს (ან, საერთოდ არა აქვს წარმოდგენა) ბევრ იმ საკითხზე, რომლებზე მსჯელობის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.
ჯერ ერთი, ყოვლად სუმბურული და ალოგიკურია მისი მსჯელობა ამა თუ იმ ქვეყნის დაზვერვასთან ქვეყნის პირველი პირის თანამშრომლობის შესახებ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უპირველესი გარანტია მისი პრეზიდენტი, რომელიც წარმართავს ამა თუ იმ სტრუქტურის, მათ შორის დაზვერვის, საქმიანობას. წარმოიდგინეთ FBI-ს აგენტი რეიგანი, ან დაზვერვის აგენტი დე გოლი…
მეორე, – უაღრესად ცინიკური და შეურაცხმყოფელია ბ-ნ სულაძის მსჯელობა ნიკო მარზე და ალექსანდრე ცაგარელზე. პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი უდიდესი მეცნიერი იმავდროულად იყო რუსეთის მიერ დაპყრობილ-დაბეჩავებული საქართველოს დიდი პატრიოტი და ეროვნული მოძრაობის აქტიური თანამდგომი. ეს კი, აბსოლუტურად გამორიცხავს მათ რაიმე საქმიან კავშირს ცარისტული რუსეთის სპეცსამსახურებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტერბურგის ქართველოლოგიური სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოსების – ექვთიმე თაყაიშვილის, ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის მასწავლებლის, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელის მოღვაწეობა, რომელსაც წითელ ზოლად გასდევდა სამშობლოსადმი უანგარო და თავდადებული სამსახური. იგი გახლდათ საქართველოს 1900-1917 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და გულმხურვალე მხარდამჭერი. მის სულისკვეთებაზე თვალნათლივ მეტყველებს 1919 წელს თბილისში, რუსულ ენაზე გამოცემული მისი შესანიშნავი წიგნი: «Непререкаемые права Грузии на признание ее независимости и восстановление ее Государственных границ». ეს ყოველმხრივ დასაბუთებული ნაშრომი არის საქართველოს თავისუფლების ერთგვარი ტრაქტატი, გაჟღენთილი სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით და რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისადმი შეურიგებლობით. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ მოძრაობას აქტიურად უჭერდა მხარს ალ. ცაგარელის უმცროსი ძმა, – გამოჩენილი დრამატურგი ავქსენტი ცაგარელი.
„დაზვერვის ძველი თანამშრომლებისგან მსმენია…“- აი, ბ-ნ სულაძის ერთადერთი „არგუმენტი“… სირცხვილია!.. მას არ გააჩნია სხვა არანაირი არგუმენტი, ვინაიდან, ბუნებაში არ არსებობს მისი ცილისმწამებლური ნააზრევის დამადასტურებელი საბუთი…
„არსებობს ბევრი სხვა მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმატებულად თანამშრომლობდნენ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ცნობილი პიროვნებები თავიანთი ქვეყნების დაზვერვებთან“,- იხტიბარს არ იტეხს ავტორი (გვ. 16). გვსურს, შევახსენოთ მას, რომ „თავის სამშობლოდ“, „თავის ქვეყნად“ რუსეთს არასდროს მიიჩნევდნენ არც ნიკო მარი და, მით უმეტეს, არც ალექსანდრე ცაგარელი (მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი ორივემ პეტერბურგში გაატარა).
ამის შემდეგ ავტორი განაგრძობს დაზვერვის ისტორიის წყაროებზე საუბარს.
„დავითისდროინდელი ეპოქის დაზვერვისა და ძებნის სამსახურების როლი და გავლენა მაშინდელ საზოგადოებაზე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათმა ფორმებმა და მეთოდებმა თავისებური ასახვა ჰპოვეს გენიალურ ქმნილებაში – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშიც“ კი“, – აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 18).
„ნესტან-დარეჯანის მოსაძებნად ავთანდილმა ოსტატურად გამოიყენა ვაჭრები, მათი მდგომარეობა და თვით ვაჭრის სამოსი… ამ გზით ავთანდილმა მოახერხა ფატმანის ნდობის მოპოვება და მისგან სასურველი ინფორმაციის მიღება.“- აი, ასე „ადასტურებს“ ავტორი თავისი მოსაზრების ჭეშმარიტებას (გვ. 18). მსჯელობა იმდენად პრიმიტიულია, რომ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
„სტრუქტურული თვალსაზრისით, აღმაშენებლის დროინდელი ერთიანი და მონოლითური საიდუმლო სამსახურის არსებობის სხვა მაგალითები საქართველოს ისტორიაში, ჯერჯერობით, არ არის მოძიებული. სადაზვერვო ინსტიტუტი საკუთარ ფუნქციას ვეღარ ასრულებდა და ქრებოდა, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას კარგავდა და ამა თუ იმ ფორმით იმპერიათა შემადგენლობაში განაგრძობდა არსებობას.“ – ვკითხულობთ განსახილველ წიგნში (გვ. 19).
ეს ამონარიდიც იმის დასტურია, რომ ავტორის ცოდნის მარაგი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მწირი და ზედაპირულია. რაც შეეხება დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ მსტოვართა ინსტიტუტს, მან მწყობრი, მონოლითური ხასიათი შეინარჩუნა ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი მესამის (ზეობის წლები: 1156-1184) მეფობის დასასრულამდე, – 1170-იანი წლების დამლევამდე, როდესაც მას მოუხდა გარკვეულ კომპრომისზე წასვლა (იხ.: ბესიკ ალადაშვილი. მსტოვრობის ისტორია საქართველოში, ჟურნ. „არსენალი“ („კვირის პალიტრის“ სამხედრო-ანალიტიკური დამატება), 2007, N 4(33), გვ. 16-17). თუმცა, ეს ინსტიტუტი მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებდა ერთიანი ქართული სამეფოს არსებობის ბოლომდე, – 1460-იანი წლების შუა ხანებამდე (იხ.: ბესიკ ალადაშვილი. მსტოვრობის ისტორია საქართველოში, ჟურნ. „არსენალი“, 2007, NN 6(35) – 7(36)). მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი გავლენითა და სიძლიერით ვერ შეედრებოდა დავითის დროინდელ მსტოვართა ინსტიტუტს.
რაც შეეხება ბ-ნ სულაძის მტკიცებას, რომ ეს ინსტიტუტი ქრებოდა, როდესაც „საქართველო დამოუკიდებლობას კარგავდა და ამა თუ იმ ფორმით იმპერიათა შემადგენლობაში განაგრძობდა არსებობას“, ვიტყვით შემდეგს: სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში – სამეფოს) სუვერენიტეტის დაკარგვა და მისი რომელიმე იმპერიის ან სხვა ძლიერი სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა საერთაშორისო სამართლის ენაზე გახლავთ „ანექსია“, ან „ინკორპორაცია“. ერთიანი ქართული სამეფოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (1466 წ.) შემდეგაც კი, არც ერთი ქართული სამეფო ან სამთავრო არ ყოფილა ანექსირებული 1801 წლამდე, როდესაც ცარისტულმა რუსეთმა, უხეშად დაარღვია რა გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატის პირობები, მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ურცხვი, ძალმომრეობითი ოკუპაცია-ანექსია და ხელი მიჰყო სხვა ქართული სამეფო-სამთავროების მიზანმიმართულ დაპყრობას. საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის პროცესი რეალურად დასრულდა 1857 წელს, როდესაც რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა სვანეთის სამთავრო და სიკვდილით დასაჯა მისი უკანასკნელი მთავარი კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი. სხვა საქმეა ის, რომ ესა თუ ის ქართული სამეფო ან სამთავრო ხშირად იყო რომელიმე დიდი სახელმწიფოს (მონღოლთა, სპარსეთის ან ოსმალეთის) მოხარკე, რაც არასგზით არ ნიშნავს ანექსიას.
როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოში დაზვერვის ისტორიაზე, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ დავით აღმაშენებელს და მის მიერ შექმნილ მსტოვართა ინსტიტუტს. სავსებით სამართლიანია პროფ. ავთანდილ სონღულაშვილის შენიშვნა: „შემთხვევითი როდია, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც დაწვრილებით ჩამოთვლის მეფის მიერ დაარსებულ ყველა დაწესებულებას, მსტოვართა ინსტიტუტის შესახებ ერთ სიტყვასაც არ ამბობს. რით უნდა აიხსნას ეს ფაქტი? ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ დავითის ისტორიკოსს თითქოს ეუხერხულება იმის აღნიშვნა, რომ მეფეს მეთვალყურენი ჰყავდა ყველგან მიჩენილი. ასეთი ახსნა დამაჯერებელი არ ჩანს“ (იხ.: ავთანდილ სონღულაშვილი. დაზვერვის ისტორიიდან, გამ-ბა „უნივერსალი“, თბილისი, 2008, გვ. 21). რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე ზედაპირული და მარტივი ახსნა. თუ გულდასმით გავეცნობით დავითის ისტორიკოსის თხზულებას, ვნახავთ, რომ მასში ლაპარაკია ზემოხსენებული ინსტიტუტის საქმიანობის არაერთ მხარეზე. ავტორს მართლაც რომ „ეუხერხულებოდეს“ მსტოვართა ინსტიტუტზე საუბარი, ამ დეტალებზე არავითარ შემთხვევაში არ გაამახვილებდა ყურადღებას. დამაჯერებელია ამ სიტყვაძუნწობის ასეთი ახსნა: „არღვევდნენ ამ წესს (იგულისხმება აღსარების საიდუმლოს არგამჟღავნება – ლ.უ.) ის სასულიერო მოღვაწენი, რომლებიც თავისი მორწმუნე მრევლისგან აღსარების დროს მიღებულ ცნობებს დავით აღმაშენებელს აწვდიდნენ; მართალია, ამ შემთხვევაში ისინი უმაღლესი სახელმწიფო ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, აღსარების საიდუმლოს გამჟღავნების ფაქტის აღიარება უთუოდ უხერხული იქნებოდა. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონვეა სასულიერო პირი, იძულებულია არ დაგვანახოს ის გზა, რომლითაც დავით მეფე ინფორმაციას იღებდა“ (იხ.: ავთანდილ სონღულაშვილი. დასახ. ენაშრომი, გვ. 22). მსტოვართა ინსტიტუტთან დაკავშირებით დავითის სიტყვაძუნწობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცილობლად იქნებოდა ისიც, რომ ამ საიდუმლო სამსახურის სპეციფიკიდან და სამეფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დავითიც და მისი ისტორიკოსიც, თავს არიდებდნენ ამ ორგანიზაციაზე ზედმეტ საუბარს. მიუხედავად ამისა, თუ გულმოდგინედ გავეცნობით დავითის ისტორიკოსის თხზულებას, მივაგნებთ მითითებას ზემოხსენებულ მიზეზებზე: „და (ვითარ) რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღვდელობისა და მხედრისა, არცა ერისა და მღვდელთ-მთავრისა, არცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: „მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თუისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისა, იგუემოს ფრიად“. ამათ უკუე ესევითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი; სამეფოსა თუისისა კათალიკოზნი, მღდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი – შემოკრიბნა ყოველნი წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს, ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს; უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყუნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრა საყდრები, და მათ წილ ჭეშმარიტნი და სათნონი ღმრთისანი მწყემსნი დაადგინნეს, და ძეგლი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა წარგზავნნეს თუითოეული სახედ თუისად. და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კონსტანტინესა აღასრულა მეფემან დავით, რომლისა სანაცულოდ იხილეთ თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, მცველმან ისრაელისამან“ (იხ.: ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლისეული ნუსხა, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბილისი, 1942, გვ. 207).
ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ მსტოვართა ინსტიტუტის უმთავრეს რგოლს შეადგენდა სამღვდელოება. სავსებით ნათელია ისიც, რომ ის სასულიერო მოღვაწენი, რომელნიც ჩართულნი იყვნენ ამ სამსახურის საქმიანობაში, მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ერთგვარ ერთგულების ფიცსაც დებდნენ მეფისა და ქვეყნის წინაშე.
ვერ გავიზიარებთ ბ-ნ ავთანდილ სონღულაშვილის სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, რომ დავითმა ეკლესია, გარკვეულწილად, დაუქვემდებარა მწიგნობართუხუცესის სახელოს, რომლის კონტროლსაც ექვემდებარებოდა მსტოვართა ინსტიტუტი (იხ.: ავთანდილ სონღულაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 27-28). რეალურად, სწორედ ამ მიზნით უნდა მომხდარიყო ჭყონდიდელის და მწიგნობართუხუცესის სასულიერო და საერო სახელოების ერთ ხელში მოქცევა.
გარდა შიდა დაზვერვისა, ზემოხსენებულ ინსტიტუტში მსტოვრებისა, მნიშვნელოვანი იყო საგარეო დაზვერვა. ამაზე მინიშნებას შეიცავს დავითის ისტორიკოსის თხზულება: „და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამანცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმისცა ფილასოფოსმან ვინმე რქუა მას: „არიან მრავალნი და ურიცხუნი სამეფონი, რომელნი არცა თუ სახელი ასმიეს შენი“. და მან (დავითმა – ლ.უ.) სულთ-ითქუნა და თქუა: „უკეთუ დამიშთეს ესენი, არა იყოს მპყრობელობა ჩემი“. ამისთუისცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხუაებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავთა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასაჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თუისისა“ (იხ.: ქართლის ცხოვრება, დასახ. გამოცემა, გვ. 213).
დავითის ისტორიკოსის ქვემოთ მოხმობილი სიტყვები ჩვენ მიერ ზემოთქმულის დასტურია: „ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესეცა, რომელთა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკუირველი. არა-რა შორიელი, არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე კეთილი, გინა სიტყუა ბოროტი, სიტყუა თქმული, არა-რა დაეფარვოდა ყოველადვე, არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის, ანუ თუ ეთქუის, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა, მოგონებანი ვიეთნიმე მოუთხრნის მათ, რომლითა ზარგანხდილ ყუნის, და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნულნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზემოთ იცოდის, და მოთმინებისათუის აქებდის და ნატრიდის“ (იხ.: ქართლის ცხოვრება, დასახ. გამოცემა, გვ. 228). ვფიქრობთ, მოხმობილი ამონარიდი ზედმიწევნით ხსნის მსტოვართა ინსტიტუტის არსს და ეკლესიის როლს მის წარმატებულ საქმიანობაში. ამასთან, დავით აღმაშენებლის მიერ დაფუძნებული ამ საიდუმლო სამსახურის ზემოთ წარმოდგენილი მცირე განხილვა ნათელჰყოფს, რომ ამ ინსტიტუტის სახით საქმე გვაქვს იმ დროისათვის უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ, ძლიერ, ქმედით, შიდა და საგარეო დაზვვევის მოქნილი სეგმენტებით აღჭურვილ სამსახურთან, რომელიც მეფეს მუდმივად უზრუნველყოფდა სრული ინფორმაციით სამეფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე უკლებლივ ყველა სფეროში.
მრავლისმთქმელია დავითის ისტორიკოსის შემდეგი სიტყვები: „ნუ ამას ეძიებ მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას სცნობდა, თუ რა სარგებელი პოვოს ამით, რამეთუ არა თუ ცუდად რადმე და გასაკითხავად საგინებელთა საქმეთად, ანუ საკიცხელთად ვიეთ-თუისმე იქმოდის, ნუ იყოფინ ესე, წარვედ“ (იხ.: ქართლის ცხოვრება, დასახ. გამოცემა, გვ. 228).
როგორც ვხედავთ, თუ გულისყურით წავიკითხავთ დავითის ისტირიკოსის თხზულებას, მასში ამოვიცნობთ მსტოვართა ინსტიტუტთან დაკავშირებულ არაერთ საგულისხმო დეტალს.
სწორედ ამ საიდუმლო სამსახურის შექმნამ და მისმა წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის, – მართლმორწმუნე და ღვთისმოშიში ქრისტიანის, მიერ ძველი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის დიდებული ნიმუშის, – „გალობანი სინანულისანი“-ს შექმნა.
ამდენად, ვერ ჩავთვლით მართებულად განსახილველი წიგნის ავტორის მტკიცებას, თითქოს მსტოვართა ინსტიტუტის მოქმედების მექანიზმი და სტრუქტურა საიდუმლოებითაა მოცული. ცხადია ისიც, რომ ამ საკითხების მეცნიეული განსჯა არხელეწიფების არაისტორიკოსს და დილეტანტს…
თავისი ნააზრევის გადმოცემისას, ბ-ნი გ. სულაძე ძალზე ხშირად საერთოდ არ იმოწმებს შესაბამის წყაროს, რაც მისი ნაშრომის სერიოზულ ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს. ნებისმიერი მტკიცება, რომელიც არ არის გამყარებული წყაროს ან გამოკვლევის მონაცემებით, შეიძლება გადაიქცეს დემაგოგიად ან სიცრუედ. მეტადრე, თუ საქმე გვაქვს ისტორიასთან. ერთ-ერთი ადგილი გ. სულაძის წიგნისა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციას, შეეხება ამ სტრიქონების ავტორის ახლო ნათესავს, საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის (1918-1921) სახალხო გვარდიის შტაბის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, 1921-1926 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრობის თვალსაჩინო მოღვაწეს აკაკი პავლეს ძე ურუშაძეს (1890-1927). კერძოდ, ავტორი მიუთითებს, რომ აკაკი ურუშაძე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა (გვ. 32). იგი არ გადაუსახლებიათ: მას მიუსაჯეს დახვრეტა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1927 წელს. მისი საქმე დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში. აკაკი ურუშაძე გახლდათ გამოჩენილი სტომატოლოგის და მოღვაწის, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის პირადი ექიმი-სტომატოლოგის (1913-1917), მემარჯვენე ესერის, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში ემიგრანტული „ეროვნული საბჭო“-ს და მოძრაობა „პრომეთე“-ს კონსპირირებული წარმომადგენლის, პროფესორ აპოლონ ურუშაძის (1886-1961) უმცროსი ძმა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) და ბოლშევიკური რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობა
განსახილველი წიგნის ავტორი ნაშრომის ერთ-ერთ თავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წინააღმდეგ ბოლშევიკური რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას უძღვნის.
მიუთითებს რა იმაზე, რომ „საქართველოს, დამოუკიდებლობის დაკარგვის ბოლო წუთამდე, მტრობდა ოსმალეთი“ (გვ. 37), ავტორი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ თურქეთის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ მუდამ გახლდათ წაქეზებული და ინსპირირებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ: ასე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთელი ხანმოკლე არსებობის მანძილზე… ამას ზედმიწვნით ადასტურებს არაერთი წყარო (იხ.: А.Р. Юсупов. Стамбул, Москва, 1970, стр. 113, 119-120; Документы внешней политики СССР, т. 3, Москва, 1959, стр. 675). ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 1921 წლის თებერვალში, მოსკოვმა თურქეთს დაუთმო სომხეთთან ამ უკანასკნელის სადავო ტერიტორიები (იხ.: თურქული გაზეთის „ვათან“ 1954 წლის 20 აპრილის ნომერი). მადლიერმა თურქეთმა საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის დღეებში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოუტია საქართველოს, დაიკავა რა ბათუმი და აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი. რომ არა 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და მისი შენაერთის გმირული ბრძოლა თურქ ოკუპანტთა წინააღმდეგ, საქართველო დაკარგავდა აჭარას. აშკარაა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის არსებობდა ფარული შეთანხმება: თუ თურქეთი შეძლებდა ბათუმის დაკავებას და შენარჩუნებას, ბოლშევიკური რუსეთი მის წინააღმდეგ არ მიიღებდა არანაირ ზომებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გენერალ მაზნიაშვილის შენაერთსა და თურქ ასკერებს შორის ბრძოლისას ბოლშევიკებს ამ ბრძოლებში არ მიუღიათ არანაირი მონაწილეობა…
თურქების ამგვარი მოქმედება იყო ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის პოლიტიკური სიბეცის შედეგიც: მათ 1919 წელს საქართველოს ტერიტორია დაატოვებინეს გერმანელებს, რომელნიც წარმოადგენდნენ მყარ გარანტს იმისა, რომ თურქეთი ვერ იმოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ… სამაგიეროდ, დაფა-ზურნით მიიღეს ინგლისელები, რომლებსაც არად უღირდათ საქართველოს ბედ-იღბალი. მენშევიკების ეს სიბეცე სავალალო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის…
ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა რუსეთ-თურქეთის მოსკოვის შეთანხმებას, თურქეთს გადაეცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კუთვნილი 12 ათას კვ. კმ.-ზე მეტი ქართული ტერიტორია…
„პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაში სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. საბჭოთა რუსეთი ახალ-ახალ წარმატებებს აღწევდა. 1920 წლის აპრილში წითელი არმიის მეშვეობით საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა აზერბაიჯანში. შეიქმნა საფრთხე იმისა, რომ იგივე მოხდებოდა საქართველოშიც. ამდენად, ნოე ჟორდანიას მთავრობამ გადაწყვიტა პოლიტიკური მანევრირებისთვის დროის მოგების მიზნით, საბჭოთა რუსეთთან „სამეგობრო“ ხელშეკრულების დადება. ამიერკავკასიის შემდგომი ოკუპაციის საქმეში გარკვეული შესვენება სჭირდებოდათ ბოლშევიკებსაც, ვინაიდან დასავლეთიდან, კერძოდ პოლონეთიდან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა. სწორედ ამიტომ, 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ლენინმა უწოდა „დოგოვორ ო დრუჟბე“, – ვკითხულობთ განსახილველ წიგნში (გვ. 47). ბ-ნ სულაძის ამ „ნააზრევში“ ყველაფერი, მთელი იმჟამინდელი ისტორიული რეალობა, თავდაყირაა დაყენებული…
რეალური ვითარება სრულიად სხვაგვარი გახლდათ.
1990 წლს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“-ს ისტორიის სერიის დამატების სახით გამომცემლობამ „მეცნიერება“ გამოსცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის მრავალმხრივ საყურადღებო ნაშრომი „ჩემი პასუხი“ (პირველად გამოიცა პარიზში, 1954 წელს). მასში ზედმიწევნით არის აღწერილი იმჟამინდელი მოვლენები. გენერალი ზედმიწევნით წარმოაჩენს როგორც ბოლშევიკური რუსეთის უდიდეს ვერაგობას, ისე ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის პოლიტიკურ სიბეცეს.
1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკური რუსეთის ემისრები თავს დაესხნენ თბილისის სამხედრო (იუნკერთა) სკოლას. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა „თეთრი გიორგი“-ს ჯვრის კავალერი, 20 წლის იუნკერი მიხეილ მაყაშვილი (პოეტ კოტე მაყაშვილის ძმის შვილი, გენერალ სოლომონ მაყაშვილის ვაჟი) და დაიჭრა იუნკერი გრიგოლ კიკიანი (1921 წლის მარტიდან პოლიტემიგრანტი, შემდგომში პოლონეთის ეროვნული არმიის მაიორი). ამის შემდეგ, 1920 წლის აპრილის დამლევს, ე.წ. „წითელი ხიდის“ მხრიდან, იმხანად უკვე ოკუპირბული აზერბაიჯანიდან, საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა ბოლშევიკების 2 დივიზია. მათ 40 ათასი მებრძოლით დაუპირისპირდა გენერალი გიორგი კვინიტაძე. ბოლშევიკები დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ. მტრის ერთი დივიზია ქართულმა არმიამ რამდენიმე დღეში დაამარცხა და უკუაგდო.
„1920 წლის 7 მაისს გრ. ურატაძემ (მენშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი – ლ.უ.) მოაწერა ხელი ხელშეკრულებას მოსკოვთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ქართული სისხლი იღვრებოდა ჩვენს საზღვარზე რუსებთან ბრძოლაში“ – აღნიშნავს სახელოვანი გენერალი (იხ.: გიორგი კვინიტაძე. ჩემი პასუხი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1990, გვ. 11). იქვე, ავტორი მიუთითებს ფაქტზე, რომელიც ზედმიწევნით ადასტურებს „სახალხო გვარდიის“ დესტრუქციულ მოქმედებას: „წითელ ხიდთან პირველ შეტაკებაზევე გვარდიის ნაწილებმა დასტოვეს ბრძოლის ველი და აქ, პარიზში, ახლაც ცოცხალი არიან ის პირნი, რომლებიც მათრახებით აბრუნებდნენ მათ ბრძოლაში.“
აშკარაა, რომ ბოლშევიკური რუსეთი იძულებული იყო წასულიყო საზავო მოლაპარაკებაზე. ნოე ჟორდანიამ მოსალაპარაკებლად მოსკოვში წარგზავნა ყოვლად უნიათო და უნიჭო პოლიტიკოსი, თავისი თანაპარტიელი გრიგოლ (გრიშა) ურატაძე. ნაცვლად იმისა, რომ, პარალელურად, ქართულ არმიას მისცემოდა ბოლშევიკური შენაერთების საბოლოოდ დამარცხების საშუალება, „დიდმა ნოემ“ გასცა ყოვლად სნეული განკარგულება საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.
ისარგებლეს რა გრ. ურატაძის პოლიტიკური დალტონიზმით, ბოლშევიკური რუსეთის საგარეო ურთიერთობათა უწყების ხელმძღვანელმა გ. ჩიჩერინმა და მისმა მოადგილემ ლ. კარახანმა მას ხელი მოაწერინეს ხელშეკრულების საიდუმლო დამატებაზე, რომლის ძალით საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური სტატუსი მიეკუთვნა რუსეთის კომუნისტურ (ბოლშევიკურ) პარტიას. ხელშეკრულების ხელმოწერა შედგა 1920 წლის 7 მაისს. საკუთრივ ხელშეკრულებაში კი დაფიქსირებულია, რომ რუსეთი დე-იურე ცნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უარს ამბობდა მის მიმართ ყველანაირ პრეტენზიაზე.
იმავე წლის 19 მაისს უნდა განახლებულიყო საბრძოლო მოქმედებები. პარალელურად, საქართველოს ეროვნული არმიის სარდლობას შეთანხმება ჰქონდა დადებული აზერბაიჯანის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებთან, რომ ისინი ორგანიზებას გაუწევდნენ ანტიბოლშევიკურ აჯანყებას მტრის ზურგში. ასეც მოხდა, – 1920 წლის 25 მაისს აჯანყდა განჯა. ამჯერადაც იჩინა თავი ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის სიბეცემ: მაშინ, როდესაც გენერალ კვინიტაძეს უკვე ჰქონდა გაცემული ბრძანება გენერალური შეტევის დაწყების შესახებ, 19 მაისს, დღის ბოლოს, ჟორდანიასგან სადახლოში მიიღეს ბრძანება შეტევის შეჩერების თაობაზე… ვითარება ფრონტზე კი ასეთი გახლდათ: „ჩვენს მხარეს ბოლშევიკების ერთი დივიზია იყო ისე დამარცხებული, რომ ფრონტიდან მოხსნეს; მეორე დივიზია დავამარცხეთ და ვდევნიდით. ჩვენი ცნობით, ბოლშევიკებს ჰყავდათ კიდევ მხოლოდ ერთი დივიზია ბაქოსთან. შეიძლება, მეტიც, ჩრდილო-კავკასიიდან წამოსული. ამ დროს მე მყავდა 40 ათასზე მეტი ხიშტი. 25 მაისს ადერბეიჯანში მოხდა აჯანყება: ვფიქრობ, რომ ჩვენს გამარჯვებას შეიძლება მოჰყოლოდა ჩრდილო-კავკასიელების აჯანყება ბოლშევიკების წინააღმდეგ, როგორც ადერბაიჯანში“ (იხ.: გიორგი კვინიტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 12). აფასებდა რა ნ. ჟორდანიას ბრძანებას, გ. კვინიტაძე აღნიშნავდა: „აი, როდის დავკარგეთ ჩვენი სამშობლო და არა 1921 წელს“ (იქვე).
გ. სულაძე მიუთითებს, რომ ბოლშევიკური რუსეთი „პოლონეთიდან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა“. რეალურად კი, რუსეთმა გააჩაღა დამპყრობლური ომი პოლონეთის წინააღმდეგ, ამ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის კვლავ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების მიზნით.
„ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი გათავებული არ იყო, რომ ლენინმა გადასწყვიტა პოლონეთის დაპყრობა. 1920 წელს მისმა ჯარებმა გაილაშქრეს ლვოვსა და ვარშავაზე… მარშალ პილსუდსკის მეთაურობით პოლონეთის არმიამ ბოლშევიკები სასტიკად დაამარცხა. 1920 წლის 20 აგვისტოს ვარშავის ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მსოფლიო ისტორიისა“, – აღნიშნავდა ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე, ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრე მანველიშვილი (იხ.: ალექსანდრე მანველიშვილი. პოლონეთის მწარე ბედი.- ჟურნ. „კავკასიონი“, XXI, პარიზი, 1986, გვ. 76).
მეტად ორიგინალურია განსახილველი წიგნის ავტორის მსჯელობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის საკითხზე. სამწუხაროდ, ბ-ნ გ. სულაძის ეს ნააზრევიც ძალზე შორსაა ისტორიული რეალობისაგან…
„საბჭოთა რუსეთის თავხედურ ნაბიჯებზე იმოქმედა იმ პერიოდში შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ, კერძოდ 1921 წლის 19 იანვარს პარიზში ანტანტის უმაღლესი საბჭოს სპეციალური სხდომის გადაწყვეტილებებმა, რომელზედაც დაფიქსირდა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის, პოზიცია საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის მიმართ, რომლებიც საქართველოს საკითხს თვლიდნენ რუსეთის შიდა საქმედ,“- აღნიშნავს ავტორი (გვ. 51). ამის დასტურად მას მოაქვს სხდომის დადგენილების ქართული თარგმანი, რომელიც გაზეთ „თბილისი“-ს 1989 წლის 12 ივლისის ნომერშია გამოქვეყნებული. ოთხი პუნქტიდან არც ერთში არ არის მითითებული, რომ ანტანტის წევრი სახელმწიფოები საქართველოს საკითხს მიიჩნევდნენ რუსეთის საშინაო საქმედ. პირველ პუნქტში კი აშკარა შეცდომაა (რაც უნდა მივიჩნიოთ გაზ. „თბილისი“-ს პუბლიკაციის ავტორის შეცდომად): მითითებულია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დიდი სახელმწიფოების მიერ უნდა იყოს ცნობილი დე ფაქტო“. მეორე შეცდომა ის გახლავთ, რომ მითითებულია არა საქართველოს რსპუბლიკა, არამედ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. საერთაშორისო ცნობის დროს, სახელმწიფოს ცნობის დამადატურებელ სამართლებრივ დოკუმენტში ფიქსირდება არა მთავრობა, არამედ სახელმწიფო. გარდა ამისა, ამგვარ დოკუმენტში ფიქსირდება სახელმწიფოს ზუსტი, კანონმდებლობით დადასტურებული სახელწოდება. გაზ. „თბილისი“-ს პუბლიკაციაში მითითებულია „საქართველოს რესპუბლიკა“, ნაცვლად „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა“. ვფიქრობთ, საქმე გვაქვს დოკუმენტის არასწორ ქართულ თარგმანთან.
შემდეგ გ. სულაძე აკეთებს ამგვარ დასკვნას: „სწორედ წამყვანი ქვეყნების ასეთი დამოკიდებულების გამო საქართველო არ იქნა მიღებული ერთა ლიგაში“ (გვ. 51). ნიშანდობლივია ავტორის შემდეგი მითითებაც: „დემოკრატიული საქართველოს მთავრობა მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1921 წლის 6 თებერვლის მოწინავე სტატია სათაურით „დიდი დღესასწაული“ იტყობინებოდა: „ამა წლის იანვრის 27-ს დაგვირგვინდა საქართველოს რესპუბლიკა. ამ დღიდან ითვლება ის ნამდვილ სახელმწიფოდ, გაიმარჯვა ჩვენი მთავრობის სწორმა, ბრძნულმა პოლიტიკამ“. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ საბჭოთა რუსეთი და მისი სპეციალური სამსახურები“ (გვ. 51).
ახლა კი, ვნახოთ, როგორია ისტორიული რეალობა. 1954 წლის 31 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 83-ე კონგრესმა თავის მეორე სხდომაზე, კომუნისტური აგრესიის შემსწავლელი საგანგებო კომიტეტის N 6 სპეციალური ანგარიშის საფუძველზე, მიიღო HH.Res. 346, H.Res. 438 რეზოლუცია „კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“. ეს 60-გვედიანი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის შექმნის და კონგრესის ზემოხსენებულ კომიტეტზე გატანის ინიციატორი გახლდათ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე, იმხანად აშშ-ის ქართული ასოციაციის (სათვისტომოს) თავმჯდომარე ლეო დუმბაძე, 1955 წელს ვაშინგტონში გამოსცა აშშ-ის მთავრობის საგამომცემლო სახლმა. დოკუმენტის ქართული თარგმანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ეგიდით თბილისში გამოიცა 2008 წელს. მასში განხილულია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია 1921 წელს და 1921-1953 წლებში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული სისხლიანი რეპრესიები. მისი ერთ-ერთი ქვეთავი გახლავთ „საქართველოს აღიარება უცხოური სახელმწიფოების მიერ“ (გვ. 14). აღნიშნულ ქვეთავში ვკითხულობთ: „საქართველო ვერსალის კონფერენციაზე წარდგა დელეგაციით, რომელმაც მიაღწია საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტოდ ცნობას მოკავშირეების (ანტანტის წევრი სახელმწიფოების – ლ.უ.) უზენაესი საბჭოს მიერ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და იაპონია) 1920 წლის 11 იანვარს“.
ამდენად, ანტანტის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე ფაქტო ცნობილ იქნა 1920 წლის 11 იანვარს, ვერსალის კონფერენციაზე.
აშშ-ის კონგრესის ზემოხსენებულ დოკუმენტში აღნიშნულია: „მოკავშირეების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და იაპონია) უზენაესმა საბჭომ საქართველო დე იურე ცნო 1921 წლის 27 იანვარს, რასაც სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს“. იქვე მითითებულია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე ცნეს: თურქეთმა (1918 წლის 3 ივნისს), არგენტინამ (1919 წლის 13 სექტემბერს), ბოლშევიკურმა რუსეთმა (1920 წლის 7 მაისს), გერმანიამ (1920 წლის 24 სექტემბერს). ანტანტის უზენაესი საბჭოს მიერ დე იურე ცნობის შემდეგ: პოლონეთმა (1921 წლის 28 იანვარს), რუმინეთმა (1921 წლის 18 თებერვალს), ავსტრიამ (1921 წლის 17 თებერვალს), ლუქსემბურგმა (1921 წლის 23 თებერვალს), ჰაიტიმ (1921 წლის 9 მარტს), ლიბერიამ (1921 წლის 28 მარტს), მექსიკამ (1921 წლის 14 აპრილს), პანამამ (1921 წლის 26 აგვისტოს), სიამმა (1921 წლის 20 ნოემბერს), ჩეხეთ-სლოვაკეთმა (1922 წლის 8 აპრილს).
2005 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ისტორიკოსი დ. კუხალაშვილი აკეთებს ასეთ, მცდარ დასკვნას: „მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში მსოფლიო წესრიგის მოკარნახე სახელმწიფოებმა (გერმანია, ინგლისი, ოსმალეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და სხვა) გააჭიანურეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე და დე ფაქტო აღიარების პროცესი, რამაც გარკვეულწილად განაპირობა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ქვეყნების ძირგამომთხრელი აქციების სისტემურობა, რაც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიით დაგვირგვინდა“ (იხ.: დავით კუხალაშვილი. უცხო ქვეყნების მტრული საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1918-1921 წლებში.- ჟურნ. „საისტორიო ვერტიკალები“, N 7, თბილისი, 2005, გვ. 40-41). ამ მტკიცების აშკარად მცდარ ხასიათს სავსებით ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის სტატისტიკა და დინამიკა. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობას წინ უძღოდა მათ მიერ ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო ცნობა. უფრო მეტი, საერთაშორისო ცნობის პროცესი ერთხანს გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.
აბსოლუტურად არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას დ. კუხალაშვილის მტკიცება, თითქოს გერმანიის დიპლომატიური მისია გეგმავდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მენშევიკური მთავრობის დამხობას. ვურჩევთ მას გულისყურით გაეცნოს თუნდაც ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწის, „წმინდა თამარ მეფის ორდენის“ კავალერის, პოლკოვნიკ დავით (დათა) ვაჩნაძის მოგონებას საქართველოში გერმანელების მოღვაწეობის შესახებ (იხ.: დავით ვაჩნაძე. სამშობლოს სამსახურში, ნაწ. I.- ჟურნ. „ივერია“, N 35, პარიზი, 1990). ნოე ჟორდანიას და მისი გუნდის ერთ-ეთი ყველაზე უხეში და საბედისწერო პოლიტიკური შეცდომა იყო სწორედ მათ მიერ საქართველოდან გერმანელების გაძევება.
1926 წლის 1-2 აპრილს აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში შედგა საგანგებო მოსმენა თემაზე: „საქართველოს ეროვნული რესპუბლიკა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო იმხანად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენელი აშშ-ში და აშშ-ის ქართული ასოციაციის თავმჯდომარე, ღირსეული მამულიშვილი და მოღვაწე ვასილ (ვასო) დუმბაძე. იმავე წელს აშშ-ის მთავრობის საგამომცემლო სახლმა ვაშინგტონში გამოსცა აღნიშნული მოსმენის მასალების სრული, 360-გვერდიანი კრებული (იხ.: National Republic of Georgia. Hearings before the Committee on Foreign Affairs. House of Representatives, sixty-ninth Congress, 1st Session on H.J.Res. 195 providing for the appointment of a Diplomatic Representative to the National Republic of Georgia. April 1 and 2, 1926. Statements of Mr. John A. Stewart (New York City), Mr. Vasili D. Dumbadze (New York City), Maj. Henry G. Opdycke (New York City). Washington, Government Printing Office, 1926).
კრებულში შესულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობათა ამსახველი ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მათგან ერთ-ერთი გახლავთ ანტანტის ბლოკის უზენაესი საბჭოს სახელით საბჭოს პრეზიდენტის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ბრიანის 1921 წლის 27 იანვრის ოფიციალური წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის სახელზე. წერილი წარმოადგენს შეტყობინებას უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე ცნობის შესახებ. მითითებულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. საბჭოს პრეზიდენტი გულითადად ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წერილის ადრესატს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას (გვ. 208).
ვლაპარაკობთ რა საქართველოს პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობაზე და ქართულ პოლიტიკურ ანტიბოლშევიკურ ემიგრაციასთან აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, არ შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე. 1960 წლის 8 იანვარს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 86-ე კონგრესის გაერო-აშშ-ის თანამშრომლობის კომიტეტში შედგა მე-7 სპეციალური მოსმენა თემაზე: „ხრუშჩოვის კრიმინალური მოღვაწეობა“. 4 მთავარ მომხსენებელს შორის იყვნენ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: დოქტორი გივი ზალდასტანი (ზალდასტანიშვილი) და პროფესორი გიორგი ნაკაშიძე. მოსმენის მასალები 49-გვერდიანი ბროშურის სახით, იმავე წელს ვაშინგტონში გამოსცა აშშ-ის მთავრობის საგამომცემლო ოფისმა (იხ.: The Crimes of Khrushchev, Part 7. Consultations with Mr. Guivy Zaldastani, Mr. George Nakashidze, Mr. Dimitar K. Petkoff, Mrs. Catherine Boyan Choukanoff. Committee on UN-American Activities, House of Representatives, Eighty-sixth Congress, 2nd Session, January 8, 1960. Washington, Government Printing Office, 1960). ჩვენი თანამემამულეების მოხსენებებში ყურადღება გამახვილებულია როგორც ნ. ხრუშჩოვის კრიმინალურ საქმიანობაზე და სისხლიან წარსულზე, ისე ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიაზე, ოკუპაციის შემდგომ საქართველოში წარმოებულ რეპრესიებზე და ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის მოღვაწეობაზე.
ამდენად, როგორც ვნახეთ, ბ-ნ გ. სულაძეს თარიღები და მოვლენები ერთმანეთში აქვს აღრეული და მცდარად მიაჩნია, რომ: 1. ანტანტის ბლოკის უზენაესი საბჭო საქართველოს საკითხს მიიჩნევდა ბოლშევიკური რუსეთის საშინაო საქმედ; 2. ანტანტის უზენაესმა საბჭომ და ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა მარტოოდენ დე ფაქტო ცნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილმა მასალებმა ნათლად ცხადჰყო, რომ ორივე ეს მტკიცება მცდარია.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გ. სულაძეს გაერო-ს წინამორბედ ორგანიზაციაში, – ერთა ლიგაში საქართველოს არმიღების მიზეზად ანტანტის საქართველოსადმი დამოკიდებულება მიაჩნია, რაც, როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები, არასგზით არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.
ვნახოთ, რას წერდა ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის გამოჩენილი ფრანგი სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ლუი ლე ფური: „ნაციათა ლიგის კრების პირველ სესიაზე 1920 წ. განხილულ იქნა საკითხი საქართველოს მიღების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წ. 26 მაისს, წარმოადგინა საქართველოს მთავრობის სახელით მოთხოვნა, რათა დაშვებული ყოფილიყო წევრად, თანახმად ნაციათა ლიგის პაქტის პირობებისა. ამ საგნის განხილვის დროს, როგორც მეხუთე კომისიაში, ისე ლიგის საერთო კრებაზე არც ერთ წევრს არ გამოუცხადებია პრინციპული წინააღმდეგობა საქართველოს დაშვებისა. კრებამ, თანახმად კომისიის წინადადებისა, გადაწყვიტა საქმის გადადება (ეს მოხდა 1920 წლის 16 დეკემბერს. მანამდე მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და მოსმენა ერთა ლიგის მე-5 კომისიაში – ლ.უ.). გადადების მოსაზრება ის იყო, რომ საქართველო, როგორც მეზობელი საბჭოთა რუსეთისა, რომელიც ნაციათა ლიგის გავლენის გარეშე იმყოფებოდა (1917 წლის სისხლიანი ბოლშევიკური გადატრიალების გამო – ლ.უ.), საფრთხეში იყო ჩავარდნილი რუსეთის აგრესივობით. პაქტის მეათე მუხლის ძალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა წევრის ტერიტორიის მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ნაციათა ლიგა ვალდებული იქნებოდა დახმარება აღმოეჩინა საქართველოსთვის განსაცდელის დროს. ხოლო ლიგას არ მოეპოვებოდა საშუალება ნამდვილი დახმარების გასაწევად და ეს შეუძლებლობა ზიანს მიაყენებდა მის (ლიგის) ავტორიტეტს (იხ.: Louis Le Fur. საქართველო და საერთაშორისო უფლება (თარგმანი ფრანგულიდან), „დამოუკიდებელი საქართველო“-ს გამოცემა N 3, პარიზი, 1933, გვ. 19-20; იგივე ნაშრომი კრებულში: „აწმყო, შობილი წარსულისაგან…“. ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. I. ტომი შეადგინა და დამატება დაურთო ლევან ურუშაძემ, თბილისი, 1991, გვ. 146-147). იქვე მოცემულია 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგაში საქართველოს წევრობის საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები: ლიგაში საქართველოს მიღებას ხმა მისცა 10-მა წევრმა სახელმწიფომ, თავი შეიკავა – 19-მა, წინააღმდეგი იყო – 13 (იხ.: Louis Le Fur, დასახ. ნაშრომი: პარიზი, 1933, გვ. 20; კრებული „აწმყო, შობილი წარსულისაგან…“, თბილისი, 1991, გვ. 147). ლიგაში საქართველოს მიღების საკითხის განმეორებით განხილვა დაინიშნა 1921 წლისთვის. მიუხედავად ამისა, 1921 წლის ასამბლეამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაშვებულ იქნა ერთა ლიგის ტექნიკური კომიტეტის წევრად და მას მიეცა უფლება ლიგაში თავისი ოფიციალური წარმომადგენლის ყოლისა (იხ.: Louis Le Fur, დასახ. ნაშრომი, გვ. 20-21; National Republic of Georgia, გვ. 184-185).
ამდენად, 1920 წელს ერთა ლიგაში საქართველოს არმიღება და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა 1921 წელს განაპირობა არა ანტანტის უზენაესი საბჭოს პოზიციამ, რაც სრული აბსურდია, არამედ სწორედ ბოლშევიკური რუსეთის მეზობლობამ და ამ უკანასკნელის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, ერთა ლიგის უუნარობამ ქმედითი დახმარება გაეწია საქართველოსთვის.
აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 1920 წლის 12-16 ოქტომბერს იტალიაში, ქ. მილანში ჩატარდა ერთა ლიგის ეროვნული ასოციაციების მე-4 საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღო ერთა ლიგის ქართულმა ასოციაციამ. კერძოდ, კონგრესში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ნ. ჯაყელმა. მისმა გამოსვლამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონგრესის ორგანიზატორებზე და დელეგატებზე, რომ კონგრესის თავმჯდომარის რუფინის წინადადებით, ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია მიღებულ იქნა ერთა ლიგის ასოციაციების კავშირის სრულუფლებიან წევრად (იხ.: გაზ. „სახალხო განათლება“, თბილისი, 1990 წლის 14 იანვრის ნომერი).
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კენჭისყრაზე ქართული ასოციაციის წევრად მიღების წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ერთმა დელეგატმა, – ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენელმა…
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობაზე საუბარს დავასრულებთ ერთი საყურადღებო ამონარიდით პროფესორ ლუი ლე ფურის ნაშრომიდან. ფრანგი ავტორი შეეხება საქართველოს პირველი ოკუპაცია-ანექსიის (1801 წ.) შემდეგ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ მდგომარეობას 1801-1917 წლებში და აღნიშნავს: „ფრიად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მიუხედავად ფაქტიური მდგომარეობისა, მან შეინახა თავისი იურიდიული სახე დამოუკიდებლობისა: სახელმწიფო შეიძლება აღარ არსებობდეს როგორც ასეთი, მაგრამ მას შეუძლია აღსდგეს და მაშინ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ, საშუალება აქვს დაამტკიცოს თავისი უფლების გაგრძელება. მაშინ დაისმება საკითხი არა ახალი სახელმწიფოს შექმნისა, არამედ წინად არსებული სახელმწიფოს აღდგენისა, რასაც იელინეკი (საერთაშორისო სამართლის ცნობილი ავტორიტეტი – ლ.უ.) სრული სისწორით უწოდებს „საერთაშორისო იურიდიული პიროვნების აღდგენას“… სწორედ ეს მოხდა საქართველოსთვის“ (იხ.: Louis Le Fur, დასახ. ნაშრომი, გვ. 16-17). ჩვენ სავსებით გამიზნულად მოვიხმეთ ეს ამონარიდი, ვინაიდან სამართლებრივი თვალსაზრისით სწორედ ანალოგიური ვითარება შეიქმნა საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ…
ლუი ლე ფური ხაზგასმით მიუთითებს (შესაბამისი დოკუმენტური მასალის დამოწმებით), რომ საქართველოს ძალადობრივი ოკუპაციისა და ანექსიის გამო, ბოლშევიკურ რუსეთს აეკრძალა საქართველოს სახელით გამოსვლა გენუის (1922 წ.) და ლოზანის (1922-1923 წ.წ.) საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციებზე. 1921-1924 წლებში, საგანგებო რეზოლუციებით, კატეგორიულად დაგმო საქართველოში შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა ერთა ლიგამ (იხ.: Louis Le Fur, დასახ. ნაშრომი, გვ. 25-27).
სამწუხაროდ, გ. სულაძე განსახილველ წიგნში არაფერს ამბობს იმ დრაკონული ქმედებების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა, – ბოლშევიკური რუსეთის ტერიტორიაზე, არადა „ჩეკა“-ს ეს ქმედებები ძალზე მნიშვნელოვანია იმის საილუსტაციოდ, თუ რაოდენი მასშტაბები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების ანტიქართულ საქმიანობას საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის არსებობის წლებში.
მოვიხმობთ ბოლშევიკების ამგვარი საქმიანობის ამსახველ რამდენიმე მასალას. საგულისხმოა ერთი ადგილი პროფ. ავთანდილ სონღულაშვილის მონოგრაფიიდან:
„სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიამ (ВЧК – ლ.უ.) ჯერ კიდევ 1919 წელს გარკვეული მუშაობა ჩაატარა რუსეთში საქართველოს საკონსულოს მიმართ და, სავარაუდოდ, გადაბირებებიც განახორციელა. „ვეჩეკას“ არ შეიძლებოდა უყურადღებოდ დაეტოვებინა რუსეთში მრავლად არსებული ქართული კოლონიები და მათი „ეროვნული კომიტეტები“, სადაც ქართველები ხშირად იკრიბებოდნენ ჭიქა ჩაიზე, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საერთო კრებებსაც მართავდნენ. კომიტეტები რომ მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, იქიდანაც ჩანს, რომ რუსეთში საბჭოთა ტერორის ერთ-ერთი მსხვერპლი ისინი იყვნენ.
„ვეჩეკა“ იყენებდა საქართველოში მობრუნებულ, რუსეთის ფრონტზე სამსახურიდან გათავისუფლებულ ქართველ და სომეხ მეომრებს. მათ ჩეკისტები გზადაგზა აკავებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, ჩხრეკდნენ, ზოგჯერ ხვრეტდნენ კიდეც კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობის ან მოხალისეთა არმიაში (ე.წ. „დობროარმია“ – ლ.უ.) მონაწილეობის მოტივით. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 1918 წლის აპრილის დასაწყისში, ქალაქ არმავირში, როცა „ივერიელთა პოლკის“ 39 ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის 13 ქართველი, ხალხის თვალწინ დახვრიტეს“ (იხ.: ავთანდილ სონღულაშვილი. დაზვერვის ისტორიიდან, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2008, გვ. 108).
„ბოლოს გამოიძახეს ქრთველი (გვარი აღარ მახსოვს), რომელსაც ბრალად ედებოდა მოსკოვის კომენდანტზე შეიარაღებული თავდასხმა.
– რისთვის უნდათ ჩემი დახვრეტა… მე არ წავალ… არ წავალ, – სამი ზედამხედველი ცდილობდა მის ძალით წაყვანას, მაგრამ ამაოდ.
მაშინ გამოიძახეს ჟუკოვი, რომელიც სარდაფში ელოდა თავის ბოლო მსხვეპლს. ის მოვიდა და ფერდში ორჯერ ჩაარტყა კოლტი ქართველს, შემდეგ უძლიერესი დარტყმით გაუტეხა თავი. დასისხლიანებული ქართველი უგრძნობლად დაეცა. მაშინ ორმა ზედამხედველმა ჩაათრია იგი სარდაფში. იქ ჟუკოვმა რევოლვერის ერთი გასროლით მოუღო მას ბოლო…“ (იხ.: А. Чумаков. «Корабль смерти».- Сб. «ЧЕКА. Материалы по деятельности чрезвычайных комиссий», Берлин, 1922, стр. 29).
„ყირიმიდან, როდესაც ის ვრანგელის ხელში იყო, კომერციული გემი მიემგზავრებოდა ბათუმში, რომელიც საქართვლოს ეკუთვნოდა. მეზღვაურების ოინბაზობის შედეგი იყო, თუ გემს მართლა ნახშირი გამოელია, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ გემი გაჩერდა სოჭის მახლობლად. სამხედრო ნავის საშუალებით იგი დააკავა საბჭოთა ხელისუფლებამ. უკლებლივ ყველა მგზავრი დააპატიმრეს, გაჩხრიკეს და ჩამოართვეს ბარგიც და ფულიც.“ (იხ.: Г. Люсмарин. Кубанская чрезвычайка.- Сб. «ЧЕКА. Материалы по деятельности чрезвычайных комиссий», Берлин, 1922, стр. 151).
1920 წელს, აზერბაიჯანის ოკუპაციისთანავე, ჩეკისტებმა კასპიის ზღვაში ჩაახრჩეს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილი…
2010 წელს გამომცემლობამ „უნივერსალი“ გამოსცა ისტორიის დოქტორის, ბ-ნ გიორგი ანთელავას მეტად საყურადღებო მონოგრაფიული გამოკვლევა „კონფლიქტი აფხაზეთში და ევრაზიის ენერგო-უსაფრთხოება: ისტორიული ალტერნატივები“. გულდასმით გავეცანით რა ნაშრომს, მასში აღმოვაჩინეთ საკითხი, რომელზეც, რაღა თქმა უნდა, არ მიუქცევია ყურადღება განსახილველი წიგნის ავტორს. საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასზე საგანგებოდ შევაჩერებთ ყურადღებას. მასზე საუბარი მოგვცემს საშუალებას, პასუხი გავცეთ ერთ უაღრესად ყურადსაღებ კითხვას: მაინც, რამ განაპირობა ის, რომ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროს, 1921 წელს, ბოლშევიკურ რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ შექმნია არანაირი ბარიერი?
წარმოაჩენს რა საქართველოს და კავკასიის ოკუპაციის საკითხში აფხაზეთის როლს და ამ მიმართულებით გვთავაზობს რა პრობლემის უაღრესად საინტერესო და ორიგინალურ ანალიტიკურ განხილვას, ბ-ნი გ. ანთელავა ზემოხსენებულ გამოკვლევაში წარმოჩენილი ზოგადი კვლევით საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ საყურადღებო დასკვნები.
„„კონფლიქტი აფხაზეთში“ დღევანდელობისათვის აქტუალურ კონფიგურაციაში ჩამოყალიბებას იწყებს 1864 წლიდან, ანუ, „კავკასიური ომების“ დასრულების შემდეგ, რომელთაც რუსეთის იმპერია აწარმოებდა XIX საუკუნის დამდეგიდან. გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ეს იყო კავკასიის უსაფრთხოების პარადიგმის კარდინალური ცვლილება, ხოლო რუსეთის სამხედრო შეჭრა აფხაზეთში (რომელიც იმ დროს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უკანასკნელ სამთავროს, რომელსაც გააჩნდა სუვერენიტეტი – ლ.უ.) იყო აღნიშნული ცვლილების დამამთავრებელი მომენტი. საქმე ისაა, რომ მანამდე „კავკასიური ომების“ სამხედრო თეატრს წარმოადგენდა ჩრდილოეთ კავკასია, ხოლო აფხაზეთი კი კავკასიონის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსასვლელს მოზღუდავს. ამდენად, აფხაზეთის დამორჩილებით, რუსეთის იმპერია ესწრაფვოდა სრულად გაეკონტროლებინა „კავკასიის თავდაცვის სისტემა“. ეს სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ადრეულ ანტიკურ ეპოქაში, დაეფუძნა საერთო-ქართულ ეთნო-პოლიტიკურ ერთობას. ამგვარი ერთობა სახელმწიფოებრივად გამოიხატა ერთიან ქართულ მონარქიაში, ხოლო სამხედრო-პოლიტიკურად კავკასიონის, როგორც ბუნებრივი გეოსტრატეგიული ზღუდის მთელი პერიმეტრის, ორივე – ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეთა სტრატეგიული დერეფნების (ხეობა-გასასვლელების) კონტროლის სისტემაში. ამგვარი თავდაცვითი სისტემის ორგანიზება კავკასიონის მთელს პერიმეტრზე ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულების მქონე დასახლებების საშუალებით, ადრეული ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფოს უნიკალურ ფუნქციას წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან ეს იყო საქართველოს „საერთაშორისო როლი“ ევრაზიული გეოსტრატეგიული ბალანსის უზრუნველყოფის საქმეში. ამდენად, საქართველო, როგორც ამ თავდაცვითი სისტემის ლიდერი, ყოველთვის იყო დარტყმის ქვეშ იმ სამხედრო-პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც ესწრაფვოდნენ ევრაზიაში ჰეგემონობას“-ო, აღნიშნავს ბ-ნი გ. ანთელავა (იხ.: გიორგი ანთელავა. დასახ. ნაშრომი, გვ. 10-11). საკითხის განხილვიდან გამომდინარე, ავტორი სავსებით სამართლიანად დასძენს, რომ „კავკასიური ომები“ სხვა არაფერი იყო, თუ არა ცარისტული რუსეთის გეოსტრატეგიული მიზნის ხორცშესხმა (იქვე, გვ. 12). ეს მიზანი კი ითვალისწინებდა სრულიად კავკასიაში რუსეთის იმპერიის უცილობელ ბატონობას, მის მიერ კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეების გასასვლელების სრულ კონტროლს.
ასევე სამართლიანია ავტორის დასკვნა, რომ რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ე.წ. „გეორგიევსკის ტრაქტატი“ არ გულისხმობდა „კავკასიის თავდაცვის სისტემის“ ფუნქციონირების გაკონტროლებაზე ქართლ-კახეთის სამეფოს მიერ უარის თქმას, არამედ ითვალისწინებდა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას რუსეთთან ერთად (იხ.: გიორგი ანთელავა. დასახ. ნაშრომი, გვ. 12). უფრო მეტი, – საერთაშორისო სამართლის გამოჩენილი ფრანგი სპეციალისტი, სორბონის პროფესორი ლუი ლე ფური ხაზგასმით მიუთითებდა, რომ 1783 წლის ხელშეკრულება არ აუქმებდა ქართლ-კახეთის სამეფოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობას, ვინაიდან, რუსეთთან შეთანხმებით მას შენარჩუნებული ჰქონდა საგარეო საქმეების წარმოების უფლება. ამის დასტურად ფრანგი მეცნიერი მიიჩნევდა იმას, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლით ქართლ-კახეთის სამეფოს შენარჩუნებული აქვს „ლეგაციის აქტიური და პასიური უფლება“ (იხ.: Louis Le Fur. საქართველო და საერთაშორისო უფლება (თარგმანი ფრანგულიდან), „დამოუკიდებელი საქართველო“-ს გამოცემა N 3, პარიზი, 1933, გვ. 6). როგორც ცნობილია, ტრაქტატის მე-6 მუხლის ძალით, საშინაო საქმეებში ქართლ-კახეთის სამეფო სარგებლობდა აბსოლუტური დამოუკიდებლობით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფრანგი პროფესორი ასკვნის: „… 1783 წ. ხელშეკრულება მეტია, ვიდრე პროტექტორატის ხელშეკრულება. ის ამავე დროს კავშირის და მეგობრობის ხელშეკრულებაა, რომელიც აწესებს არბიტრაჟს იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეთა შორის რამ უთანხმოება ჩამოვარდა. ასეთი დებულებანი საზოგადოდ შესაძლებელია მარტო იმ სახელმწიფოთა შორის, რომელნიც დამოუკიდებელნი არიან და სარგებლობენ თავის სუვერენობით“ (იქვე, გვ. 9). რუსეთის სამეფო კარმა ზემიწვნით უწყოდა ყოველივე. სწორედ ამიტომ, რუსული საექსპედიციო კორპუსი საქართველოში შემოვიდა ტრაქტატის ხელმოწერიდან მცირე ხნის შემდეგ, ხოლო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, 1801 წელს, ძალმომრეობის გზით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაცია რუსეთის იმპერიის საზღვრებში.
ახლა დავუბრუნდეთ პროფ. გ. ანთელავას ნაშრომს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „გეორგიევსკის ტრაქტატი“ არ შეხებია დასავლეთ საქართველოს. ამდენად, არც იმერეთის სამეფოს და არც სამთავროებს არ დაუთმიათ გარეშე ძალის სასარგებლოდ „კავკასიის თავდაცვის სისტემის“ ფუნქციონირებაზე კონტროლის მათი წილი უფლება (იხ.: გიორგი ანთელავა. დასახ. ნაშრომი, გვ. 15). ამდენად, ქართლ-კახეთის „მონელებისთანავე“, რუსეთის იმპერია სხვა ქართული სამეფო-სამთავროების „შთანთქმას“ შეუდგა. ეს პროცესი დასრულდა 1864 წელს, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებით და მისი რუსეთის შემადგენლობაში ინკორპორაციით.
პირველი მსოფლიო ომის დამლევს, 1917-1918 წ.წ., რუსეთმა დაკარგა ოდინდელი გავლენა კავკასიაზე: 1918 წელს საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რაც ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი (აწ უკვე ბოლშევიკური) მთლიანად კარგავდა კონტოლს ამიერკავკასიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილზე. ბ-ნ გ. ანთელავას არ გამორჩენია ის საგულისხმო ფაქტი, რომ 1918-1920 წლებში, როდესაც ბოლშევიკები და „თეთრი გვარდია“ უმოწყალოდ ძიძგნიდნენ ერთმანეთს, საქართველოსთან მიმართებაში ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ (იხ.: გიორგი ანთელავა. დასახ. ნაშრომი, გვ. 15-16).
გარდა „კავკასიის თავდაცვის სისტემის“ კონტროლისა, იყო კიდევ ერთი, სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რამ, რაც კავკასიას და განსაკუთრბით, – საქართველოს, უგემრიელეს ლუკმად აქცევდა როგორც ცარისტული, ისე ბოლშევიკური რუსეთის გაუმაძღარი სტომაქისთვის. ეს გახლდათ კასპიის ნავთობი და საქართველოს საშუალებით მისი ტრანზიტი. ჯერ კიდევ 1890 წელს ბაქოს ნავთობის წარმოება მსოფლიო ნავთობის წარმოების 20%-ს შეადგენდა, ხოლო 1892-1905 წლებში გაყვანილ იქნა ნავთობსადენი ბაქოდან ბათუმამდე (იხ.: გიორგი ანთელავა. დასახ. ნაშრომი, გვ. 16-17).
ამ პერიოდში (1918-1921) მოხდა მთელი რიგი ძვრებისა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ ასპარეზზე. ჯერ კიდევ 1914-1917 წლებში, ემიგრაციაში მოქმედი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს და მისი ლიდერების, – პეტე სურგულაძის, გიორგი მაჩაბლის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის მეტად ნაყოფიერი მოღვაწეობა გახლდათ ერთ-ერთი მთავარი განმპირობებელი ფაქტორი იმ დიდი ინტერესისა, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენდა კაიზერული გერმანია. 1917 წელს არჩეული „საქართველოს ეროვნული საბჭო“-ს მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1918 წლის 26 მაისი), საქართველოში შემოვიდა გერმანელების საექსპედიციო კორპუსი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული საჯარისო ფორმირებების შექმნასა და გაწვრთნაში. მანვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნ. ჟორდანიას გუნდზე ზეწოლაში, რათა მათ უზრუნველეყოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. მანვე აიძულა პირველ მსოფლიო ომში თავისი მოკავშირე, – იმხანად ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიად წოდებული თურქეთი, რომ მას უარი ეთქვა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკების შედეგად ხელთგდებულ ქართულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, კაიზერულ გერმანიას საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, მაგრამ, პარალელურად განუხრელად იღვწოდა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების და, შეძლებისდაგვარად, – ახლადშექმნილი ქართული ეროვნული არმიის, განმტკიცებისათვის: კავკასიის რეგიონში თავისი ინტერესების წარმატებით გასატარებლად, საქართველოს სახით მას სურდა მოკავშირედ ჰყოლოდა სრულფასოვანი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფო, რომელიც რეგიონში იქნებოდა გერმანიის ინტერესების გამტარებელი. სამწუხაროდ, ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის სრულმა პოლიტიკურმა სიბეცემ იძულებული გახადა გერმანული საექსპედიციო კორპუსი და დიპლომატიური მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ იმავე 1918 წლის დამლევს დაეტოვებინათ საქართველო.
ამით მოხერხებულად ისარგებლა დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, 1919 წელს საქართველოში გამოგზავნა დიპლომატიური მისია ქართველი ერის დიდი მეგობრის ოლივერ უორდროპის ხელმძღვანელობით და 20,000-იანი საექსპედიციო კორპუსი. დიდ ბრიტანეთს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დამდეგიდან ბრიტანული კაპიტალის აქტიური მონაწილეობით ხდებოდა ბაქოს ნავთობის საქართველოს გავლით გატანა მსოფლიო ბაზარზე (იხ.: გიორგი ანთელავა. კონფლიქტი აფხაზეთში და ევრაზიის ენერგო-უსაფრთხოება: ისტორიული ალტერნატივები, გვ. 17-18). სამწუხაროდ, საქართველოში ბრიტანეთის შემოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ ნათელი გახდა, რომ, გერმანიისგან განსხვავებით, ბრიტანეთისთვის უმთავრესი იყო საკუთარი ინტერესების ხორცშესხმა. რაც შეეხება ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერას, ამ მიმართულებით ინგლისელები იჩენდნენ სრულ გულგრილობას.
რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპულ ორიენტაციას, იგი 1920 წლის მაისში დაასამარა ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის სიბეცემ. ამის შესახებ საგანგებოდ მიუთითებდა გამოჩენილი ქართველი დიპლომატი და იურისტი, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი (იხ.: ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბილისი, 1990, გვ. 11). ამ საკითხს დეტალურად ქვემოთ შევეხებით.
ასეთ ვითარებაში დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლო წინ აღსდგომოდა ბოლშევიკური რუსეთის ექსპანსიურ პოლიტიკას კავკასიაში, 180 გრადუსით შემოაბრუნა თავისი საგარეო პოლიტიკის ვექტორი: საქართველოს ხელისუფლების გვედის ავლით ფარულად შეუთანხმდა რუსეთს. შედეგი ის იყო, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტში, მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის პროცესში, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ბრიტანელებს არც თურქული არმიის მოქმედებაზე ჰქონდათ რეაქცია…
ამდენად, 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეეწირა ერთი მხრივ რუსეთ-ოსმალეთ-ბრიტანეთის ერთგვარ შეთქმულებას და, მეორე მხრივ, – საქართველოს მენშევიკ ხელისუფალთა პოლიტიკურ სიბეცეს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მხრიდან ამგვარი მოქმედების „პრელუდია“ გახლდათ 1920 წლის შემოდგომაზე, ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განაცხადის განხილვის დროს დიდი ბრიტანეთის დელეგაციის, რბილად რომ ვთქვათ, „უცნაური“ მოქმედება…
ზემოთ განხილულ საკითხებს სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩენს ჩრდილო-კავკასიური (ჩეჩნური) პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე, ევროპული მასშტაბის პოლიტოლოგი (სოვეტოლოგი), მრავალი წლის მანძილზე მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, სოვეტოლოგიის დარგში ფუძემდებლური შრომების ავტორი აბდურახმან ავთორხანოვი (1908-1998). ამჯერად მხედველობაში გვაქვს 2003 წელს მოსკოვის გამომცემლობა «Дика-М»-ის მიერ გამოცემული მისი 734-გვერდიანი მემუარები «О себе и времени». ბევრ სხვა საკითხთან ერთად, მოგონებების ფონზე, ავტორი განიხილავს საერთოკავკასიურ გეოპოლიტიკურ სივრცეს და კავკასიას, როგორც ევრაზიული სივრცის გეოპოლიტიკურ კარიბჭეს, რომლის დაუფლებას აქტიურად ცდილობდა რუსეთის იმპერია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან, როდესაც ივანე მრისხანემ მოახერხა ყაზანის და ასტრახანის სახანოების საკუთარი გავლენისთვის დამორჩილება. ამავე მიზანს ემსახურბოდა მისი დაქორწინება ჩერქეზთა მთავრის ასულზე (1561 წ.). ჩეჩენი მეცნიერი სავსებით სამართლიანად მიუთითებს, რომ სწორედ ამ დროიდან მიიღო რუსეთის კავკასიურმა პოლიტიკამ აშკარად გამოხატული ექსპანსიური და მიზანმიმართული ხასიათი. ამ პოლიტიკამ სისტემური ხასიათი შეიძინა პეტრე პირველის ზეობის დროს. „კავკასიური ომების“ (1816-1864) საწყის თარიღად ავთორხანოვი განიხილავს კავკასიური კორპუსის სარდლად და კავკასიის მთავარმართებლად ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი და სასტიკი რუსი მოხელის, გენერალ ა. ერმოლოვის დანიშვნას (1816 წ.).
განიხილავს რა 1918-1921 წლების მოვლენებს, ა. ავთორხანოვიც საუბრობს ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებულ მოქმედებაზე. მეტად სამწუხაროა ფაქტი, რომელზეც მიუთითებს ჩეჩენი მეცნიერი. იმისათვის, რომ მოეხდინათ ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნული მოძრაობის პარალიზება, ბოლშევიკები (კერძოდ ს. ორჯონიკიძე, რომელიც იმხანად იყო ბოლშევიკური რუსეთის საგანგებო კომისარი კავკასიაში) დაპირდნენ ჩეჩნეთის მოძრაობის ლიდერს ალი მიტაევს შარიათის და მის საფუძველზე ჩეჩნეთის პოლიტიკური ავტონომიის აღიარებას რუსეთის მიერ. ეს უკანასკნელი წამოეგო ამ ანკესზე: 1919 წელს იგი შეეკრა ბოლშევიკებს და დაუპირისპირდა დენიკინს. 1920 წელს ბოლშევიკებმა მართლაც „აღიარეს“ შარიათი, რომელიც რამდენიმე თვეში, – 1921 წელს გააუქმეს… (იხ.: А.Г. Авторханов. დასახ. ნაშრომი, გვ. 96-98).
5. 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
ლაპარაკობს რა 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, კერძოდ – „დამოუკიდებლობის კომიტეტზე“, გ. სულაძე აღნიშნავს:
„1922 წლის აპრილში შესაძლებელი გახდა საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება. ამ გაერთიანებულ ორგანიზაციას ეწოდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. ის მოიხსენიებოდა ასევე, როგორც „პარიტეტული კომიტეტი“ და „ინტერპარტიული კომიტეტი“. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ტექსტი დამკომის თავმჯდომარემ გოგიტა ფაღავამ პარიზში ნ. ჟორდანიას გადაუგზავნა 1922 წლის 5 მაისს. სახელდება დამკომის შექმნის სხვა თარიღებიც: 1924 წლის აგვისტო და 1922 წლის სექტემბერი… 1922 წლის აგვისტოში „დამკომთან“ შეიქმნა გაერთიანებული სამხედრო ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სამხედრო ოპერაციებს. ის პასუხისმგებელი იყო სამხედრო რესურსებზე და საომარი მოქმედებების დაგეგმვაზე. მისი ხელმძღვანელები იყვნენ ჯერ ნარიკელაძე, შემდეგ კი დათა ვაჩნაძე. აღნიშნული ორგანიზაციის სტრუქტურაში ფუნქციონირებდა კონტრდაზვერვის სამსახური. ის სამხედრო-სტრატეგიული ინფორმაციის მიღებას ცდილობდა ამიერკავკასიაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილებიდან, დაზვერვის სამმართველოდან, საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატიდან და სხვა სამოქალაქო თუ გასამხედროებული უწყებებიდან. სამხედრო კომისიამ ფუნქციონირება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ნაპოლეონ კახიანი.
სხვადასხვა ტაქტიკურ, თუ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ და საქართველოს იატაკქვეშეთში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ხელმძღვანელობით (ქ. ჩოლოყაშვილი, კ. აფხაზი), 1922 წლის აგვისტოში კახეთსა და ხევსურეთში აჯანყება მაინც მოხდა. მართალია, ის სტიქიურ ხასიათს ატარებდა, საქართველოს პატრიოტებმა გმირულად იბრძოლეს და რამდენიმეათასიან რუსულ სამხედრო შენაერთს ტოლი არ დაუდეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ“ (გვ. 66-67).
მოხმობილ ამონარიდში დაშვებულია მთელი რიგი შეცდომებისა.
ჯერ ერთი, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ („დამკომს“) გარდა ამ სახელწოდებისა კიდევ ჰქონდა მხოლოდ ერთი სახელწოდება: „საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი“.
მეორე, – ბ-ნი სულაძე აღნიშნავს, რომ მოხდა საქართველოში მოქმედი ანტისაბჭოთა პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანება, რომ შეიქმნა გაერთიანებული ორგანიზაცია… არ მომხდარა არანაირი სტრუქტურული გაერთიანება, არ შექმნილა არავითარი ერთიანი, გაეთიანებული ორგანიზაცია. ერთ-ერთი სახელწოდება თვალნათლივ მიუთითებს, რომ „დამკომი“ იყო ანტისაბჭოთა პარტიების გაერთიანება პარიტეტულ საწყისებზე.
მესამე, – „დამკომი“ დაფუძნდა 1922 წლის აგვისტოში. მანამდე, აპრილში, შედგა პირველი, წინასწარი, მოსამზადებელი მოლაპარაკება. დაფუძნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხსენებული წლის აგვისტოში. ყოველივე ამის შესახებ ზუსტ ცნობებს შეიცავს 1925 და 1994 წლებში გამოცემული „საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ. 1994 წელს იგი გამოიცა სახელწოდებით „აჯანყება, 1924“.
ვფიქრობთ, „დამკომზე“ საუბრისას აუცილებელია მითითება იმისა, თუ როგორი პროგრამის საფუძველზე მოქმედებდა ეს სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება. სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერს ამბობს განსახილველი წიგნის ავტორი. ეს პროგრამა კი წარმოდგენილია „დამკომის“ წევრის და მდივნის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებლის და გამოჩენილი მოღვაწის, ჩეკისტების მიერ 1937 წელს დახვრეტილი მამულიშვილის იასონ ჯავახიშვილის ჩვენებაში. აი, ეს საპროგრამო დებულებები:
„1) პარტიები ერთიანდებიან იმ მიზნით, რომ საერთო ძალებით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
2) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილი იქნება, უნდა მოწვეულ იქნეს დამფუძნებელი კრება, რომელსაც წარუდგენენ თავისი მოქმედების ანგარიშს როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც გარდამავალ დროს იქნება შექმნილი.
3) დამფუძნებელი კრების სხდომაზე შედგენილი იქნება ახალი მთავრობა კოალიციურ პრინციპზე იმ პირობით, რომ არც ერთ პარტიას არ ექნება უფლება ამ მთავრობაში ადგილების ერთ მესამედზე მეტის დაჭერისა.
4) უნდა არჩეულ იქნეს პარიტეტული კომისია წინანდელი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად, რომელმაც რესპუბლიკა დაღუპვამდე მიიყვანა.
5) ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან უნდა არჩეულ იქნეს პარიტეტულ საფუძველზე კომიტეტი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სახელწოდებით (იგივე პარიტეტული ანუ ინტერპარტილი კომიტეტი)“ (იხ.: „აჯანყება, 1924“, თბილისი, 1994, გვ. 5).
იქვე მითითებულია, რომ 1922 წლის აგვისტოს ამ ისტორიულ სხდომაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს:
გოგიტა ფაღავამ (მენშევიკი), იასონ ჯავახიშვილმა (ეროვნულ-დემოკრატი), გრიგოლ რცხილაძემ (ფედერალისტი), მუხრან ხოჭოლავამ („სხიველი“) და იოსებ გობეჩიამ (მემარჯვენე ესერი).
ზემოხსენებული დებულებები ნათელს ხდის მიზეზს იმისა, თუ რამ განაპირობა უთანხმოება „დამკომსა“ და ნ.. ჟორდანიას ემიგრანტულ მთავრობას შორის. ჟორდანიას და მისი გუნდისადმი უნდობლობა კი სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი იყო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღსასრულის მიზეზები გახლდათ როგორც ბოლშევიკური რუსეთის და რუსეთუმე, კოლაბორაციონისტი ქართველების ვერაგობა, ისე პირველი რესპუბლიკის სათავეში მოქცეული მენშევიკური მთავრობის სრული პოლიტიკური სიბეცე და მარადიული პრორუსული ორიენტაცია.
ზემოთ მოხმობილი 5-პუნქტიანი შეთანხმება ხელმოწერისთანავე თანმხლებ წერილთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს დევნილ მთავრობას და ე.წ. „კონსტანტინეპოლის ბიურო“-ს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტემიგრანტი იასე კეჭაყმაძე. აღნიშნულ ბიუროს ევალებოდა ემიგრნტულ მთავრობასა და „დამკომს“ შორის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფა. საგულისხმოა ისიც, რომ ეს ბიურო 1922-1923 წლებში აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს თურქეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან „დამკომისთვის“ დახმარების აღმოჩენის საკითხზე. სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებს არ მოჰყოლია ქმედითი შედეგები.
ამდენად, „დამკომზე“ საუბრისას მისი საპროგრამო დებულებების არგათვალისწინება ისეთი ხასიათის ნაშრომში, როგორიც არის გ. სულაძის წიგნი, დიდი შეცდომაა.
რაც შეეხება „სამხედრო ცენტრს“, ის შეიქმნა „დამკომის“ დაფუძნებისთანავე, – 1922 წლის აგვისტოში (იხ.: „აჯანყება, 1924“, გვ. 15-16).
გ. სულაძე მიუთითებს, რომ სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელები იყვნენ „ჯერ ნარიკელაძე (ივანე ნარიკელაძე, 1918-1921 წლებში ეროვნული არმიის ოფიცერი, რომელიც დახვრიტეს 1924 წელს – ლ.უ.), შემდეგ კი დათა ვაჩნაძე (გამოჩენილი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, 1924 წლიდან პოლიტემიგრანტი)“ (გვ. 66). არც ერთი და არც მეორე არ იყო „სამხედრო ცენტრის“ ხელმძღვანელი. ავტორს ეთმანეთში ერევა „სამხედრო ცენტრი“ და სამხედრო კომისია, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს „დამკომსა“ და „სამხედრო ცენტრს“ შორის. ეს კომისია დაიშალა მას შემდეგ, რაც 1923 წლის აპრილში, გამცემლობის გზით, ჩეკა-მ მოახერხა „სამხედრო ცენტრის“ სრული შემადგენლობით დაპატიმრება.
„სამხედრო ცენტრს“ ხელმძღვანელობდნენ სახელოვანი მამულიშვილები, გენერლები: კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დის შვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე (იხ.: 1923 წლის მაისის სისხლიანი დღეები საქართველოში.- ჟურნ. „სამშობლო“, N 21-22, პარიზი, 1937; „აჯანყება, 1924“, გვ. 18).
რაც შეეხება ივანე ნარიკელაძეს, იგი უძღვებოდა „დამკომის“ დაზვერვით საქმიანობას (იხ.: „აჯანყება, 1924“, გვ. 18). პოლკოვნიკი დავით (დათა) ვაჩნაძე კი იყო „დამკომის“ სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი.
1923 წლის 19 მაისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“-მ) „გაასამართლა“ „სამხედრო ცენტრის“ 15 წარმომადგენელი (მათ შორის გენერლები აფხაზი, ანდრონიკაშვილი და წულუკიძე). მათ დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი მეორე დღესვე, – 1923 წლის 20 მაისს. ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე.