ფილოსოფია

გიგი თევზაძე – “ნამდვილი კინო”

წიგნიდან “უცნობი წიგნები საქართველოდან”

ბევრი წიგნი არსებობს კინოს სემიოტიკასა და კინოს მიერ წარმოქმნილ სემანტიკურ ველებზე. თავაძის წიგნი არც კინოს სემანტიკაზეა, არც კინოს სემიოტიკაზე, არც კინოს სოციოლოგიაზე და არც კინოს ეკონომიკაზე. ”რეალური კინო” ლიტერატურის ჟანრს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე კვლევას.

მაგრამ სწორედ ამ ლიტერატურად ყოფნის გამო ის ძალიან საინტერესოა და კინოს შესახებ ახალ ცოდნას თუ არა, ახალ ხედვას მაინც გვთავაზობს. თუმცა ეს ხედვა სულაც არ არის სახარბიელო ჩვენთვის – კინოს მაყურებლებისა და მოყვარულებისათვის.

თავაძე არისტოტელეს ”პოეტიკის ” განხილვით იწყებს. მკითხველს გავახსენებ, რომ არისტოტელეს ”ესთეტიკას ” ორი ნაწილი აქვს – ”პოეტიკა” და ”რიტორიკა”. ”პოეტიკის” პირველი ნაწილი დრამის სახეს – ტრაგედიას აღწერს და ამბობს, რომ ტრაგედიის ამოცანაა ადამიანის განწმენდა (ბერძნ.”კათარზის” – განწმენდა) ძლიერი ემოციებისაგან, მაგალითად, ისეთისაგან, როგორც მწუხარება და შიშია. ეს განწმენდა მიიღწევა მსახიობის წარმოდგენილი ძლიერი ემოციების მაყურებლის მიერ გაზიარებით და თანაგანცდით.

”პოეტიკის” მეორე ნაწილი, რომელიც დრამის მეორე სახეს – კომედიას – ეხებოდა, დაკარგულია. საუკუნეების განმავლობაში ის უპოვნელი განძი და მწერლების შთაგონების წყარო იყო (მაგ. უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელის” სიუჟეტი სააბატოს ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარი ხორხეს [რომლის პროტოტიპი ბორხესია] მიერ დამალული ”პოეტიკის” მეორე ნაწილის გარშემო ვითარდება).

თავაძე ამობს, რომ მას შეუძლია არისტოტელეს ”პოეტიკის” მეორე ნაწილის აღდგენა: თუკი ტრაგედია მაყურებლის მხრიდან თანაგანცდაზეა და, შედეგად, ძლიერი ემოციებისაგან განწმენდაზეა ორიენტირებული, კომედია – სცენაზე გაშლილი ემოციებისაგან დისტანცირებისა და ახალი განცდებით ავსებისაკენ, გამდიდრებისაკენ, ”ენესტოტასისკენ ” უნდა იყოს მიმართული (აქ თავაძე ცდილობს კათარზისის შესაბამისი, საპირისპირო კონოტაციის მატარებელი სიტყვა შემოიტანოს: ბერძნული ავსება.

”გრძნობებისაგან” დისტანცირება” იმიტომ, რომ კომედიაში სცენაზე გაშლილი მოქმედება ისეა ნაჩვენები, რომ იწვევს იმ გრძნობებისაგან გაუცხოებას, რომელთა მანიფესტაციასაც პერსონაჟები ახდენენ: პერსონაჟებიც და გრძნობებიც სასაცილოები არიან. ხოლო ახალი გრძნობებით ავსება ხდება იმიტომ, რომ მაყურებელი, სცნობს რა თავის თავს სცენაზე მყოფ პერსონაჟში და, განსაკუთრებით, მის განცდებში, მეტი ყურადღებით აკვირდება საკუთარ თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცდილობს არ იყოს ისეთი, როგორც სცენაზე ნანახი პერსონაჟი. შედეგად, მისი გრძნობა და სამყაროს აღქმა პრიმიტიულისაგან რთული, ხოლო ზედაპირულისაგან და ტრადიციის საშუალებით უკრიტიკოდ მიღებულისაგან, ღრმა და გააზრებული ხდება. მაშასადამე, – ასკვნის თავაძე – არისტოტელეს ”პოეტიკის” მეორე ნაწილში უნდა ეთქვა, რომ კომედია სიუჟეტში გადმოცემული გრძნობებისაგან მაყურებლის გაუცხოებისკენ, ახალი, ღრმა გრძნობებით ავსებისკენ (ენესტოტასისკენ) და, შესაბამისად, მაყურებლის განსწავლისკენ, ემოციური გამდიდრებისა და დაბრძენებისკენაა მიმართული.

ამის შემდეგ თავაძე კინოს, როგორც ხელოვნების ახალი ფენომენის, განხილვას იწყებს: ყველა ხელოვნება თვითპრეზენტაციისას იმავე სივრცეს იყენებს, რომელშიც მაყურებლები არსებობენ. მხატვრობა ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის: ტილოს ან კედლის ერთი განზომილება სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი, რადგან ზედაპირის სამი განზომილების დამუშავებით მიიღება ის სივრცული ეფექტები, რასაც ნახატს ვუწოდებთ. კინო განსხვავებულია: ის ჩვენს განზომილებებს პროექციისათვის იყენებს და, შესაბამისად, მაყურებელსა და ეკრანზე მიმდინარე მოქმედებას შორის გაუცხოებას წარმოშობს. სცენიდან კინოში ვერ შეხვალ. ნახატს შეიძლება ხელი მოჰკიდო, დააზიანო და შეცვალო. კინოეკრანის ჩამოხევის შემთხვევაშიც კი კინო შენს ხელზე გააგრძელებს პროეცირებას.

ამიტომ, – ამბობს თავაძე, – კინო ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც ტექნიკურად შეიცავს გაუცხოების და დისტანცირების სტრუქტურას. შესაბამისად, ის თავისი არსით არის ის, რაც არისტოტელეს (თავაძის აზრით) უნდა ეთქვა კომედიის შესახებ: კინო თავისი სტრუქტურით და პრეზენტაციის წესით არის მზად იმისათვის, რომ მოიქცეს, როგორც (თავაძის არისტოტელესეული) კომედია – გააუცხოოს მაყურებელი საკუთარი გრძნობებისაგან, დააფიქროს მასზე და შედეგად უფრო ბრძენი და ღრმა, არაერთმნიშვნელოვანი და არაზედაპირული გრძნობების მატარებელ მაყურებლად იქცეს.

მაგრამ ყველა კინო და ყველა კინორეჟისორი, რა თქმა უნდა, არ იყენებს კინოს ამ შესაძლებლობასა და ისევ კლასიკურ, არისტოტელესეული აზრით, ტრაგედიას აწარმოებს: თავაძე ამტკიცებს, რომ კინოებისა და რეჟისორების უმეტესობა ორიენტირებულია მაყურებლის თანაგანცდაზე და კათარზისზე. ერთი შეხედვით, გამონაკლისი კინოკომედიებია,მაგრამ ძალიან ცოტა კინოკომედიაა ისეთი (თავაძის აზრით, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამონაკლისი ვუდი ალენის ფილმებია), რომელშიც მაყურებელმა შეიძლება ენესტოტასი განიცადოს: კინოში თავისი თავი და გრძნობები დაინახოს და ამიტომ გაუუცხოვდეს ეკრანზე მიმდინარე მოქმედებებსაც და გრძნობებსაც, რომელსაც ეკრანზე აკვირდება.

თავაძე ამტკიცებს, რომ კინოს წარმოშობამდე ტრაგედია კათარზისის ფუნქციას ატარებდა, ხოლო კომედია – ენესტოტასისას. ძმები ლუმიერების გამოგონების შემდეგ, რაც მაყურებელს ”სცენისაგან” ტექნიკური დისტანცირება გახდა შესაძლებელი – ენესტოტასი კინოს ტექნიკური (და ამიტომ ექსკლუზიური) მახასიათებელი გახდა.

ეს მსჯელობა პირველ 80 გვერდზეა გადმოცემული. ამის შემდეგ იწყება ”რეალური კინოს” თავაძისეული თეორიის მოყოლა: ნამდვილი კინო არის მხოლოდ ის, რომელიც მაყურებელს საკუთარ გრძნობებთან და წარმოდგენებთან დისტანცირებას აიძულებს: ანუ კინო, რომელიც აჩვენებს, თუ რა დგას უმსჯელოებების, ყოველდღიური წარმოდგენებისა და გრძნობების მიღმა. თავაძის აზრით, ასეთი კინო ცოტაა, რადგან კინოების უმეტესობას ტრადიციული, ტრაგიკული, განმწმენდი სიუჟეტები გადააქვს ეკრანზე (ე.წ. –action movie-ებიც ამ კლასიფიკაციაში ხვდება). მაქსიმუმი, რასაც ასეთი კინოწარმოება აღწევს – კათარზისია, ანუ, დაცლა ვნებებისაგან და გრძნობების განცდა/უკან მოტოვება. რასაც კინოების უმრავლესობა ვერ აღწევს, ენესტოტასია – კინოს საშუალებით საკუთარ თავში ნაპოვნი გრძნობებისა და წარმოდგენების გადაფასება და ახალი, უფრო მდიდარი და მრავალგანზომილებიანი წარმოდგენა-განცდებით ავსება.

ენესტოტასის მიღწევა კი მხოლოდ იმ კინოებს შეუძლიათ, რომლებიც არამარტო ასახავენ ეკრანზე იმ გრძნობებსა და წარმოდგენებს, რომლებშიც მაყურებელი საკუთარ თავს ცნობს, არამედ ამ გრძნობების და წარმოდგენების ”ანატომირებასაც ” ეწევიან. ეს კი, თავაძის თქმით, ირონიით მიიღწევა. ირონია, როგორც კირკეგორი ამბობდა, სინამდვილესთან გაუცხოება და მისი გვერდიდან ჭვრეტა. თავაძის თქმით, საკმაოდ ბევრ რეჟისორს აქვს გადაღებული ენესტოტასის გამომწვევი ერთი ფილმი მაინც. თავაძე ჩამოთვლის ამ რეჟისორებს და მათ ფილმებს არჩევს კათარზის-ენესტოტასის თვალსაზრისით.

ამ რეჟისორების სიაში არიან: ორსონ უელსი (”მოქალაქე კეინი” – თავაძის აზრით, ენესტოტასის ყველაზე აშკარა, შეიძლება უკვე ცოტათი ვულგალური მაგალითი), ალფრედ ჰიჩკოკი (”ფსიქო”,”ფრინველები” – სადაც შიშის გრძნობის ანატომირება ხდება), მაიკლ ლეი (”ვერა დრეიკი” – სიკეთის და კეთილი საქმის განსხვავებული გაგება საზოგადოების სხვადასხვა ფენაში და ამ დაუძლეველობის გადაულახაობის აუცილებელი ტრაგიკული შედეგები [სხვადასხვანაირი, მაგრამ მაინც] ორივე მხარისათვის), მიხაელ ჰაინეკე (”თეთრი ბაფთა” და ”პროტესტანტული” სიმკაცრის და მომთხოვნელობის სასაცილოობა, არაადექვატურობა, რასაც ამ სიმკაცრის მატარებელი საზოგადოების პატივცემული წევრები დანაშაულის ვერდანახვამდე და დაფარვამდე მიჰყავს), კლინტ ისტვუდი (”ჩვენი მამების დროშები”, ”წერილები ივო ჯიმადან” – რა დგას გმირობის ოფიციალური აღიარების უკან და რამდენად შესაძლებელია აღიარებული გმირობა), პედრო ალმოდოვარი (”ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, ”შეწყვეტილი ხვევნა” – სიყვარულის სოციალური პირობითობა და მისი ჩართულობა ყოველდღიური წარმოების მექანიზმში), ფედერიკო ფელინი (”81/2”, ”ორკესტრის რეპეტიცია”, ”კაბირიას ღამეები” – წმინდა, ბავშვური სურვილების, სწრაფვების და ოცნებების განხორციელების სახიფათო შედეგები).

ამ ცნობილი რეისორებისა და მათი ფილმების გარდა, თავაძე კინოსმოყვარე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ რამდენიმე სხვა რეჟისორსაც ასახელებს.

ბოლოსკენ თავაძის წიგნი ცოტათი მოსაწყენი ხდება, იმდენად სკულპუროზულად აანალიზებს სხვადასხვა ფილმს. საბოლოოდ, ის მიდის დასკვნამდე, რომ ძალიან ცოტა კინოზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ყურებით ენესტოტასი მიიღწევა. კინოების უმეტესობა კათარზისსა და ენესტოტასს შორის გაჭიმულ სკალაზეა მოთავსებული.

მკითხველი ფხიზლდება, როცა წიგნის ბოლო თავს მიადგება. ამ თავის სათაურია ”როგორ ირონიზირებენ რეჟისორები მაყურებლებზე და როგორ აჩვენებენ თავს კათარზისის მწარმოებლებად”. ამ თავში თავაძე კიდევ ერთხელ უბრუნდება არისტოტელეს და ამბობს, რომ იმის გამო, რომ ”პოეტიკის” კომედიისადმი მიძღვნილი ნაწილი დაიკარგა, ენესტოტასური ხელოვნება, კათარზისული ხელოვნებისაგან განსხვავებით, ვერანაირად ვერ დამყარდა, ვერც მოიკიდა ფეხი მსოფლიო საზოგადოებაში. შედეგად, ჯერ კიდევ და განსაკუთრებით, კინოს წარმოშობის შემდეგ, ენესტოტასური ხელოვნება ნახევრად ლეგალურია და ჩვენი საზოგადოების ეთოსიდან გამომდინარე, მისი მიმდევრობა იფარება რეჟისორების მიერ: რეჟისორები (ზოგი ცნობიერად, ზოგი გაუცნობიერებლად) ცდილობენ დამალონ საკუთარი ენესტოტასური ხელოვნება. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად თავაძეს იმ რეჟისორებთან ინტერვიუები და საჯარო გამოსვლები მოჰყავს, რომლებიც, მისი აზრით, ენესტოტასურ ხელოვნებას ქმნიან. მე არ მოვყვები ამ ანალიზს სრულად – ის საკმაოდ მახვილგონივრულია და ღირს წასაკითხად, იმ შემთხვევაშიც კი, მთლიანად წიგნს თუ არ წაიკითხავთ. მხოლოდ ორ მაგალითზე მინდა შევჩერდე:

პირველია ფედერიკო ფელინის ინტერვიუ ”ორკესტრის რეპეტიციის” შესახებ. ფელინი ამბობს, რომ დირიჟორის როლზე ყველაზე უფრო არა- და ანტისულიერი გარეგნობის, ქვენა გრძნობების ვიზუალური მანიფესტატორი შეარჩია, რომ ცხადი გამხდარიყო დიქტატორების ადგილი და როლი საზოგადოებაში. სინამდვილეში, წერს თავაძე, ”ორკესტრის რეპეტიცია” უაღრესად ინესტოტასურია – აჩვენებს რა, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი, რუტინული ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივად წარმოშობილი გრძნობების და ვნებების ფონზე ვითარდება, ერთი მხრივ, დამანგრევლად და მეორე მხრივ, ერთი პერსონისადმი სრულ დაქვემდებარეად იქცეს. ისევე, როგორ არ გვიცავს არაფერი, არც სტატუსი, არც განათლება, არც სულიერება, არც ინტელექტუალობა – გაცნობიერებულად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სხვები უნდა დავიქვემდებაროთ და ვმართოთ.

მეორე ამბავი პედრო ალმოდოვარის ”შეწყვეტილ ხვევნას” (2009) ეხება. ეს კინო, ისევე როგორც ალმადოვარის ფილმების უმეტესობა, რადიკალური, ცინიზმამდე ირონიულია: კინო გვიყვება ბრმა რეჟისორზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად (საყვარელი ქალის სიკვდილი, სიბრმავე, გადაღებული მასალის გაქრობა და ა.შ.) ამთავრებს საკუთარი კინოს მონტაჟს და იმარჯვებს საკუთარ ბედზე”. სრულიად კათარზისული ფილმია, ფილმის პროლოგი რომ არა: ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი ამბობს, რომ სიბრმავე მისი როლია და ფილმის პირველ კადრებში იქცევა, როგორც აბსოლუტურად თვალხილული ადამიანი. მისი მხედველობა მომდევნო კადრებშიც აშკარაა, მაგრამ რეჟისორი ადვილად ფუთავს ამ ”ხედვას” ორაზროვნებებში. ”შეწყვეტილი ხვევნის” შესახებ ინტერვიუებში 2009 წლის კანის ფესტივალზე ალმოდოვარი ამბობდა, რომ მან ეს ფილმი საკუთარი შიშების დასაძლევად გადაიღო, რომ მას ეშინია სიბრმავის და ამით ცდილობს საკუთარი თავი გადალახოს. ალმოდოვარმა ენესტოტასური კინო გადაიღო, მაგრამ [ალბათ დღესაც] ამტკიცებს, რომ მისი ფილმი კათარზისულია.

ეს ბოლო თავი ასეთი მახვილგონივრული დასკვნებითაა სავსე. ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. მაგრამ მე მაინც მგონია, რომა მ წიგნში ორი წიგნია გაერთიანებული: პირველი ეხება ”პოეტიკის” კომედიის ნაწილის რეკონსტრუქციას, ხოლო მეორე – კინოს როლს თანამედროვე ადამიანის აღქმისა და ცხოვრების სისტემაში. მერჩივნა ორი წიგნი (მაგ.”არისტოტელეს ”კომედიის” სრული რეკონსტრუქცია” და ”რეჟისორების ირონიის შესახებ”) წამეკითხა. თუმცა, რამდენად წავიკითხავდი პირველს მეორის შემდეგ, ან პირიქით, არ ვარ დარწმუნებული.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button