ფასების ცვლილებები Samsung-ის, Apple-ისა და Google-ის ფლაგმანებზე 2011 წლიდან მოყოლებული
გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა საინტერესო გრაფიკი, სადაც ასახულია თუ როგორ ძვირდებოდა ფასები Apple-ის, Samsung-ისა და Google-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე. Google-ის სმარტფონების ისტორია მხოლოდ 2016 წლიდან იწყება, როდესაც გამოვიდა პირველი თაობის Pixel-ი. სერია Nexus-ის სმარტფონების გათვალისწინება ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ. გრაფიკში ნახსენებია აგრეთვე დასაკეცი სმარტფონი Huawei mate X, თუმცა Huawei-ს სხვა ფლაგმანები წარმოდგენილი არ არის.
მაშ ასე, 2011-2012 წლებში iPhone 4s და Phone 5 Samsung-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე გაცილებით ძვირი იყო. მათი ფასი შეადგენდა 650-დან 850 დოლარს. Galaxy SII-სა დაGalaxy SIII-ის ფასი შეადგენდა დაახლოებით 600 დოლარს, Galaxy Note და Galaxy Note 2 კი 700 დოლარი ღირდა.
მსგავსი სიტუაცია იყო 2013 წელს, თუმცა Samsung Galaxy S4-ის ფასმა შეადგინა 650-დან 750 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. 2014 წელს კი მოდელი Galaxy Note Edge ფასით გაუტოლდა iPhone 6 Plus-ის მაქსიმალურ კონფიგურაციას. ამავე დროს, iPhone 6 კვლავ უფრო ძვირი იყო Galaxy S5-სა და Galaxy Note 4-ზე.
2015 წელს ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი იყო Samsung Galaxy S6 Edge, რომლის ტოპ-მოდიფიკაციის ფასი 1000 დოლარს აღემატებოდა. ამავე დროს, იგი იყო ბაზარზე პირველი მოწყობილობა, რომელმაც გადააბიჯა ფსიქოლოგიურ, ათასდოლარიან ნიშნულს, თუკი არ ჩავთვლით სმარტფონების ოქროსა და ბრილიანტის სპეციალურ გამოშვებებს.
2016 წელს ლიდერობა კვლავ Apple-მა დაიბრუნა. iPhone 7 აღმოჩნდა უფრო ძვირი ვიდრე Galaxy S7, iPhone 7 Plus კი – Galaxy S7 Edge-ზე ძვირადღირებული. Galaxy Note 7-ს პრობლემები შეექმნა და სამხრეთკორეული კომპანია იძულებული შეიქნა იგი ბაზრიდან უკან გაეტანა, რის შედეგადაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2017 წელს დიდწილად არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც გასულ წელს, უბრალოდ, ფლაგმანებზე ფასები იზრდებოდა. კომპანია Apple-ის სმარტფონები კვლავ უფრო ძვირები იყო Samsung-ისა და Google-ის იდენტურ მოდიფიკაციებთან შედარებით.
როგორც ვხედავთ, წამყვანი კომპანიების ფლაგმანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუკი 2015 წელს Samsung-ის ყველაზე ძვირადღირებული ფლაგმანი დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა, ამჟამად ფასი ბევრად დიდია მაღალი წარმადობის მქონე მოდელებზე.
Apple-ის მოწყობილობებთან დაკავშირებით სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. 2011 წელს მისი ყველაზე ძვირი iPhone-ის ფასი 850 დოლარი იყო. 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე iPhone Xs Max-ის ფასი ამჟამად აშშ-ში 1400 დოლარზე მეტია, ევროპის ბაზარზე კი იგი 2000 დოლარს აღემატება.