ლიტერატურაპოეზია

აკაკი წერეთელი ნათელა

თავი V

ოქრო და ვერცხლში ჩამჯდარი,
მარტო შემოდის მთავარი.
არ ახლავს მისი მოყმები
და არც მოჰყვება მტრის ჯარი.
თავი დაუკრა ზრდილობით
და ჰკითხა: “რა გსურს, მიბრძანეთ!”
ნოინმა შეკრა წარბები,
სცდილობს ეჩვენოს მრისხანედ.
– “ვინ ხარ? და სადაური ხარ?
ვერ ვხედავ შენს აქ მომყვანსა!…
თუ საქართველოს შვილი ხარ,
დღემდის ვერ მცემდი თაყვანსა?”
– “მე სათაყვანოდ მოსული
არც დღეს გახლავარ, ნოინო!…
ნუ ჰფიქრობ, ცოტნე დადიანს
ტყუილი შენ ათქმევინო!”
– “ა! შენ ხარ ცოტნე? ის ცოტნე,
რომ არად აგდებს მანგოლსა?!
სცდილობს სამშობლოს გამოხსნას
და სხვებსაც ეძებს ამყოლსა?”
– “დიახ, ისა ვარ, ნოინო!
მართალი გაგიგონია”.
– “მაშ ჩემთან როგორ მობედე?..
მადლობას გეტყვი, გგონია?!”
– “არ მიფიქრია მაგაზე!…
სხვა იყო ჩემი განზრახვა:
აქ მოყვრებს ვეგულებოდი…
მომინდა მათი დანახვა!”
– “ხომ ნახე ისეთ პატივში,
როგორც მათ შეეფერება?!”
– “ვნახე და გავიზიარე
მეც მათი ბედნიერება.
“ჭირში და ლხინში, ყოველგან
ვყოფილვართ გაუყრელადა…
დღესაც მოვსულვარ მათთანვე
სისხლის და ცრემლის მღვრელადა”.
– “შენ მარტო? სხვები სად არის?
რათ გაიფანტენ ბზესავით?”
– “თუ ყოფილყვნენ, ისინიც
აქ მოვიდოდენ ჩემსავით”.
– “აფერუმ თქვენს მეგობრობას!…
აფერუმ ვაჟკაცობასა!
მაგრამ ვერ გიქებთ ბატონის
მოღალატობა-მტრობასა!…
– “როდის გიწამეთ ბატონად,
დაჰკითხებიხართ ჩვენს გულსა?
თუ ტვირთი მძიმე მონების
ძალით დაგვადგით ჩაგრულსა?!
“ძალმომრეობის კანონი
დღეს ერთის არის, ხვალ სხვისა…
ბედია მომნიჭებელი
წყალობის, გინა რისხვისა!
“დღეს მოხარკე ვართ ჩვენ თქვენი
და კიდეც ვიხდით ნებითა…
დროს ვუცდით… ჩვენს ღმერთს შევყურებთ
იობის მოთმინებითა.
“უმიზეზოდა რათ გვდევნით?
რისთვის გვეპყრობით მტრულადა?
რას გარგებსთ რჯულის მოსპობა
და ან ერობის, სრულადა?!…
“სანამდის ხელს არ აიღებთ
ამ უნაყოფო ცდაზედა,
ყოველთვის მტრულად დაგხვდებით
ყოველ სარბიელ გზაზედა!”…
– “დაგვხვდებით?!… და რას გაიტანთ?
ეს დღე მოგელისთ ყველასა!…
თქვენ თავად ძალი აღარ გაქვსთ
და ვისგან ელით შველასა?”
– “ღვთისგან!… რომ ჩვენმა შვილებმაც
ქვეყნისთვის სისხლი ღვაროსა!”…
“ჩვენ წავალთ, ისინი მოვლენ
ტურფასა საბაღნაროსა!”…
– “აფერუმ, ქვეყნის ერთგულო!
კაცი ხარ, კაცურადა სჯი!
მომწონს ეგ სიტყვა-პასუხი:
არ გირისხდები, არა გსჯი!
“გაძლევთ სრულ თავისუფლებას,
როგორც შენ, ისე ტყვეებსა!..
და თქვენ მხარესაც ავაცდენ
სამგლოვიარო დღეებსა.
“იყავით მარტო მოხარკედ…
შევეტკბოთ წლიდან-წლობითა:
თქვენ ჩვენი კარგი სტუმრობით,
ჩვენ თქვენი მასპინძლობითა!…
“მხოლოდ მეცა გთხოვ, იცოდე,
სამაგიეროდ ერთს რამეს:
შენს ცოლს აქებენ ყოველგან
და ის მომგვარე ერთ ღამეს!”…
როგორც რომ ვეფხი დაჭრილი,
ისე ათრთოლდა ცოტნეცა,
ააკრაჭუნა კბილები
და, ცოტას გაწყდა, რომ ეცა:
– “ბედს უმადლოდე, ხალვათად
რომ ხარ მასპინძლად მჯდომარე,
და მე კი სტუმრად მოსული,
ხმალ-ხანჯლით შენ წინ მდგომარე!
“ეგ ერთი გითქვამს!… მეორედ
ენას არ წააცდენინო!
გონებამიხდილს სასირცხვოდ
სისხლი არ დამადენინო!”
ნოინმა წარბი გაიხსნა,
ღიმილიც მოერია მას!
და სიტყვით ცივ წყალს ასხამდა
მის აღელვებულ გულისთქმას!
– “ნუ სჯავრობ!… განგებ გითხარი…
მინდოდა შენი გამოცდა…
რაც სთქვი, ტყუილი ყოფილა,
აგერ თვითონვე წამოგცდა!
“სამშობლო”, “მოძმე”, “მოყვარე”
სიტყვა ყოფილა უბრალო!
ნუთუ არა ღირს იმდენად,
რომ შენ ერთ ქალში გასცვალო?!”
არ მოელოდა ამ სიტყვას!
შერცხვა და შეკრთა მთავარი…
ცოტა შეჩერდა და შემდეგ
პასუხი მისცა ამგვარი:
– “მე რა ნება მაქვს მაგისი?
მონა არ არის, – ცოლია!
ჩვენი კანონი სულ სხვაა:
ცოლი ქმრის უღელტოლია!”
– “მაშ, კარგი! რადგანც მე მინდა
დღეიდან შენი მოყვრობა,
ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს,
განზე გადავდვათ აწ მტრობა!..
“ხომ ჰხედავ, აქ რომ ქალი ზის?
ის ჩემი შვილობილია.
ვატყობ, რომ შენი ჭვრეტითა
ისიც-კი კმაყოფილია!
“მაგაზე უფრო მშვენიერს
ქვეყნად ვერ ჰნახავ ვერც ერთსა!..
რომ შენი ცოლი ვერა სჯობს,
თავდებად გაძლევ მეც ღმერთსა.
“სასიძოდ ამირჩევიხარ:
მინდა ის მოგცე ცოლადა;
დაგიახლოვო და მყავდე
ჩემი თავისვე ტოლადა!”…
– “ვინ ღირსა მაგ თქვენ წყალობას
და ამ უდიდეს ოცნებას?!
მაგრამ ორცოლიანობის
რჯული არ გვაძლევს ჩვენ ნებას”.
– “ეგეც არ გინდა? მაშ კარგი!
პირობას გიდებ კიდევ სხვას:
იზამ – არ გავტეხ ჩემ სიტყვას,
არა და – ნახავთ ჩემს რისხვას!…
“მოდი, ახადე პირბადე,
აკოცე, როგორც საყვარელს!
და აგისრულებ მაშინ მეც
მაგ შენი გულის საწადელს!”
ებილწა ცოტნეს პირობა,
მაგრამ არ იცის, რაღა ჰქნას?
სხვა გზა არა აქვს მოყვრების
და მის სამშობლოს გამოხსნას!…
წარმოსთქვა: “გულთამხილავო!
შენ ჰხედავ, მატანს ძალასო…
მივალ და ისე ვაკოცებ,
როგორც ხესა და ჩალასო.
“რა არის კოცნა უნდომი!
უგულოდ… უსიყვარულოდ,
თუ არ სიცოცხლე ბედკრული
უსიტკბოდ… უსიხარულოდ?!”
დასთანხმდა! ქალთან მივიდა,
საკოცნად თავი დახარა!…
ქალმა გადიძრო პირბადე…
ნოინმაც გადიხარხარა!…
როგორც შვიდძალი ფერადი
ამშვენებს ცისარტყელასა,
ისე დაეტყო სახეზე
სიამოვნება ყველასა!…

1897 წ.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button