აკაკი წერეთელი ნათელა
ნაწილი მეორე
თავი I
იქ, სადაც ხოპის ნაპირზე
დღეს ძველი მონასტერია,
მთავრის სასახლე ყოფილა,
მიდამოც დიდი სჭერია.
იმისი კოშკი მაღალი
უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა;
მახლობლად თავზე ივლებდა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
მისჩერებოდა იალბუზს,
გადაჰყურებდა შავ ზღვასა,
შეფერადებულ ჭალებსა,
სანახავს სხვასა და სხვასა!
არცერთი კუთხით მომსვლელი
მტერი არ გაუცდებოდა:
მისი პატრონის მხარ-მკლავი
შორით შორამდე სწვდებოდა!
ის იყო ცოტნეს სადგური,
იქ მიიყვანა ნათელა!
და მიიწვია ქორწილში
მან ქვეშევრდომი სუყველა.
შემოკრბენ აფხაზ-მეგრელნი,
სვანებთან ერთად ჭანები;
ქართლ-კახეთ-სამესხეთოდან
მეგობარ თვისიანები.
ააგეს ფანჩატურები,
საჯდომი ბევრ ათასისა;
ქვეშ ორხოები დაფინეს,
დაუდებელი ფასისა.
თავში დაბრძანდა მთავარი
და გვერდით დედოფალია;
სხვები ჩამწკრივდენ რიგ-რიგად,
როგორც წესი და ვალია.
გახურდა ლხინი ჩვეულებრ,
შეიქნა ყანწის ტრიალი!..
ხელიდან ხელში გადადის
თას-აზარფეშა-ფიალი!…
და ვინც ბევრს არ ჰსვამს, შიგდაშიგ
არაკრაკებენ “კულითა!”…
გაჩნდა ღიღინი, გალობა,
სიმღერა კრიმანჭულითა.
იქ ისმის “დილა-ოდილა”,
“კაბდური”, “თინა-თინაო!” –
აქ “შადი”, “მრავალჟამიერ”,
“მზემ სხივი მოგვაფინაო!”
გამხიარულდა ერთგვარად
სუყველა, დიდი, პატარა,
მაგრამ დედოფლის სახეს-კი
ღრუბელი გადაეფარა!
შეწუხდა ცოტნე და უთხრა:
“აგრე რათ მოიწყინეო?
მასპინძელი ხარ, ხომ იცი,
რიგია, მოილხინეო!
“თუ საწერეთლოს დათმობამ
შენ მაგრე შეგაწუხაო,
სჩანს, ზეცა გამრისხებია
და რისხვით გადმომქუხაო!”…
მზე რომ ჭიატობს წვიმის დროს,
ამბობენ: “მზე პირს იბანსო,
და ცისარტყელა შვიდფერი
მას მხარს უმშვენებს და განსო”.
იმას მოჰგავდა ნათელას
თვალცრემლიანი ღიმილი
და ანგელოზის გალობას –
მისი პასუხი ხმატკბილი:
“ჩემო ხელმწიფევ! შენთან მყოფს,
მომაგონდება მე ვინა?
მაგრამ სხვა რამემ შორიდან
საგრძნობლად გულზე მიკბინა!
“ვეღარ მოვისმენ გულგრილად
“შადსა” და “მრავალჟამიერს”,
სანამდე საქართველოში
ბატონად ვხედავ ქვეყნის მტერს.
“თვალწინ მეხატვის ერთი რამ,
ისა მკლავს და ის მაღონებს:
ლიხს იქით მოძმე ქართველი
ყმად გაუხდიათ მანგოლებს!
“დღეს აქ ლხინი გვაქვს საერთო
ყანწ-აზარფეშის ტრიალი;
იქ კვნესა ისმის დაჭრილთა
და ქვრივ-ობლების ღრიალი!
“ხომ ხედავ ამდენ ვაჟკაცებს,
გმირთაგმირს, ლომთალომებსა?
ცოდვა არ არის ესენი
ერიდებოდენ ომებსა!?…
“აქ რას უსხედან? წავიდენ!…
შენ უწინამძღვრე, მთავარო!
და მეცა თქვენთან, იცოდეთ,
მამულის მსხვერპლად მზა ვარო!”
სთქვა და გაჩუმდა, მის სახეს
დაადგა თითქოს ნათელი;
თავი მოხარა სიმდაბლით,
გულზე დაიდვა რა ხელი.
ზეზე წამოდგა მთავარი,
შემკრთალი გაოცებითა!…
ხალხიც შეჰყურებს დედოფალს
უბიწო აღტაცებითა!…
მოულოდნელმა პასუხმა
გრძნობა-გონება არია!…
თითქო გაქვავდა ეს ხალხი,
უხმოდ, უძრავად მდგარია.
პასუხის ვეღარ მიმღებმა,
ნათელამ გაიმეორა:
“ქალი ვარ ჩემო ხელმწიფევ!…
ნუ მრისხავ, თუ რამ გეჭორა!”…
გამოარკვია ამ სიტყვამ
მთავარი გაბრუებული
და ათქმევინა, რაც ჰქონდა
გულში იდუმალ დებული:
“სწორუპოვარო მშვენებით,
სიბრძნითაც ამაღლებულო!
ოჯახისშვილო, ნაზარდო,
ქართველად აყვავებულო!
“დიდი ხანია, ჩემ გულსაც
ეგევ სურვილი ჰმსჭვალავდა,
მაგრამ სიფრთხილე საჭირო,
ვით საიდუმლოს, ჰმალავდა.
“გონზე მოსულან, შეთქმულან
ამერთა დიდებულები,
მათში ჯაბანსა, საეჭვოს,
არავის არ ვეგულები!
“მოუწერიათ ჩემთვისაც,
ითხოვენ შემწეობასა…
დღეისწორს მივალ ჯავახეთს,
მით დავუმტკიცებ ძმობასა.
“ჭირი და ლხინი საერთო
მოძმეთა შუა ვალია…
ამის თავდები, ვფიცავ ღმერთს,
ბრწყინვალე მომავალია!
“ეს ხალხიც მიტომ შევყარე,
რომ გამემჟღავნა ყველა ეს,
მოსამზადებლად მე სხვა დროს
ხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს!”
ეს რომ სთქვა, მოუბრუნდა სხვებს:
“ხომ გაიგონეთ თქმულიო?
ჩვენ შეთანხმებულ სურვილზე
რას ამბობს თქვენი გულიო?”
ერთხმად დასძახეს: “იცოცხლე,
მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!..
ჭირიც და ლხინიც საერთო –
კავშირი იმერ-ამიერ!”…
ღიმილით ბრძანა მთავარმა:
“მეც მაგას მოველოდიო:
თქვენით და თქვენგან მომეხსნა,
გულზე რომ მაწვა, ლოდიო!
კმარა! მაგაზე საუბარს
ჩვენ ხვალაც მოვესწრებითო,
დღეს სათხოვარი მაქვს ერთი
და იმას გევედრებითო:
“დაჯექით!.. გამხიარულდით,
ნუ მოჰშლით ლხინს და მღერასო!
ვინ გაჰქცევია უდროოდ
ვარსკვლავს და ბედისწერასო?!”
გამხიარულდენ სტუმრები,
გამრავალკეცდა ლხინიცა…
მოლხენით არის მთავარი
და მისი თვალის ჩინიცა!
ღიმილით ამბობს ნათელა:
“ჩანგური მომაწოდეთო!
ვეღარას ფარავს დღეს გული,
რაც ვიცი, თქვენც იცოდეთო!”
სიმებზე ბროლის თითები
დააწყო ნაზად… რბილადა!
ყელმოღერებით დაჰმღერის,
ჩანგურიც მოსთქვამს ტკბილადა:
“ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
“ოდელა-დელა-დელაო!”
“თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
ერთი-მეორის თანხმობით:
“ოდელა-დელა-დელაო!”
“ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
მაშინვე უნდა შველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
“ოდელა-დელა-დელაო!”
“ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
“ოდელა-დელა-დელაო!”
“ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო!…
ბნელში რა სასიმღეროა:
“ოდელა-დელა-დელაო!”
“შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო
და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,
არ მოსწონს “დელა-დელაო!”
“მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,
ფუტკარი… ჭიანჭველაო!…
და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:
“ოდელა-დელა-დელაო”?!
“ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის – სახრჩობელაო!..
მტრებს “ვაი-დედა” ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: “დელა-დელაო!”
“კმარა! ამდენმა ცრემლებმა
სიმები დამისველაო!…
ვერც ვუკრავ, ვეღარცა ვმღერი:
“ოდელა-დელა-დელაო!”
სთქვა და გადასდგა ჩანგური,
შეხედა ღიმით მთავარსა:
ნათელა ნათელს ადიდებს,
ამკობს ჯავარი ჯავარსა!