აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი
თავი მეექვსე
ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ, მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად, ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს! საბუეში ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა უცხო ვერას გახდებაო“, – ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში, ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა. თეირანში იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და მტარვალობის ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა. დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს. შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია, თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და პირველი ხალათი უბოძა.
ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ, ალვანის მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი. ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო ფალავნობის და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული, რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი წვერები ტევრად ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები, საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ გულბოყვი გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა.
– სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა.
– უარზე დგას, ასე ამბობს: „მე ფალავნებს ვეჭიდავები და არა გოლიათებსო“, – მოახსენეს ქართველებმა.
– მაშ კარგი, სირცხვილი თქვენიო! – ღიმილით სთქვა ხანმა და უბრძანა მოჭიდავეს მესამედ კიდევ წრეში შენავარდება და ისე გასვლა წრიდან.
მოჭიდავემ აასრულა ხანის ბრძანება და მედიდურად დააპირა წრიდან გასვლა. თათრებმა კმაყოფილების ნიშნად წვერებზე მოისვეს ხელი და ულვაშებში ჩაიცინეს.
ამ დროს ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: „დაუკარით, დაუკარითო!“ უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა, შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა; უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან.
– არა, არა! ჯერ არ არის! მაგრე არ იქნებაო! – ჰყვიროდნენ თათრის მომხრეები, გაბრუებული აბდუშაჰილი წამოდგა ზეზე და სთქვა: „მე ჯერ სალამი არ გამეთავებინა და ის ღალატით მომვარდაო“.
ძალით გამოათრიეს მეორედ ახალგაზრდა; ის გაჩერდა ერთ ადგილას და აღარ იძროდა.
– თათარო, სალამი რომ გაათავო, დამიძახე და მოვალო! – მიაყვირა ფალავანს. იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში, წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა გულაღმა დედამიწაზე… გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა ფაშვზე, გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა.
– შაიტან, შაიტან! – დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა.
– ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, – უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები.
დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს, მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ აგრილდა, გამართეს ჯირითი.
ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და, თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა მხედართმთავარმა თავისი ყარაბაღული და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები, როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით მანდიკურად გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე. ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო; ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა.
გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ ცხენი, რომ ყაბახი ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს, დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი, ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა.