მოთხრობა

აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი

თავი მეხუთე

მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და შებღალა. ვინც კი მთაში ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა. სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა… მძვინვარე შაჰმა, რაც გასწყვიტა, გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში გადაასახლა! ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს, მაგრამ თვითონ ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც უარესია, – ამბობდა გუნებაში. – აი სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი მთავარი ძალ-ღონე შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?.. მაშ მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ სპარსეთსაც უნდა გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს ხმელთაშუა კარები, ეს პატარა ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე უგალავნოდ, ადრე თუ გვიან ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის ნატვრისთვალია, რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ აქ იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა ფეხი. ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს, სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო, სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი გმირული, პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა მისგან აოხრებულ ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას აკარგვინებენ… ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება, რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა, დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ… სამრთალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად – მოლა-ყადები. ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს, ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა დაუძლურებულ ქვეყანას.

საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ უბედურებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა ხმა. – „სულ არაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო“, – სთქვა თავის სანუგეშებლად და წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც ადრე ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას არად აგდებდა, დღეს იმათ ჩაფრობაც კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით გამწარებული თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე… ერთმანეთშიაც ისე აირ-დაირიენ, რომ სისხლ-ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე! თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ, „ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და სამშობლოს მოჭირისუფლე, თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ მუშა ხალხს, რომელიც ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე მსხვერპლად დათხეულს, პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი გაწყვეტილი… მზად იყო, რომ კვარივით ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს, საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო, სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს თათრებმა, ვერც რისხვითა და ვერც წყალობით. კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ…

„გაგონილაო, – ამბობდნენ თავადები, – ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი ჭირვეულობს… შინ არ უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა… მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა თავს.

ერთ დღეს ბიძამისი ჯანდიერი ესტუმრა. ეს ჯანდიერი ისეთ კაცთაგანი იყო, რომელიც აქეთაც არის და იქითაც: დროს შეჰყურებს!.. ხან წაღმა ჰხნავს და ხან უკუღმა ჰფარცხავს!.. თათრების წყალობით გადიდკაცებულს, დიდი გავლენა ჰქონდა კახეთზე. თითქმის პირველი ვეზირი იყო მთავარმართებლის!.. მის უკითხავად ფეიქარ-ხანი წყალსაც არ დააქცევდა და ახლაც თურმე იმას გამოეგზავნა მოციქულად ჩოლოყაშვილთან. სადილზე ნელ-ნელა სიტყვა შეაპარა მასპინძელს და გამოიწვია სალაპარაკოდ: „ჩემო დისწულო, – უთხრა სხვათა შორის, – მე მხოლოდ შენი ახირებულობა მაკვირვებს!.. ღვთის მოცემული ყოველიფერი ბევრი გაქვს… ჭკუა არ გაკლია და გონება! ბედიც გწყალობს, მაგრამ შენ კი შენი თავის მტერი ხარ!.. მითქვამს და კიდევ გეტყვი, რომ იქ, სასახლის კარზე, ბედნიერება მოგელის და შენ კი აქ მოგიკეცია ნაცარქექიასავით!.. რას ჩააკვდი ამ ახმეტას? სად გაგექცევა, შენი არ არის? კაცობა ის არის, რომ შორიდან მოიხვეჭო“.

– კაცია და გუნება, ბიძაჩემო!.. მე აქაც კმაყოფილი ვარ!.. ცოტა წმინდა მირჩევნია ბევრ უწმინდურს!..

– უწმინდურს?! როგორ თუ უწმინდურს?!. მაშ ჩვენ სულ გასვრილები ვყოფილვართ, სასახლის კარზე ვინცა ვართ?

– მე მხოლოდ ჩემ თავზე მოგახსენებ.

– შემცდარი ხარ!.. შეხედე სხვებს, როგორ ხმარობენ დროს და რარიგადა ცხოვრობენ!.. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ყეენის თავის მზე!.. დღეს, მისი წყალობით, ავად თუ კარგად, ქვეყანა პურსა სჭამს.

– ჰმ!.. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით.

– რომ ეგეც აღარ გვექნეს, ხომ შიმშილით ამოვწყდებით?!.

– უწმინდურ სიცოცხლეს მე წმინდა სიკვდილი მირჩევნია და, სანამ მოვკვდებოდე, მანამდე მაინც კიდევ ვეცდები, რომ ჩემი ლუკმა როგორმე დავიბრუნო.

– გვიანღა არის, ჩემო დისწულო!.. ძალა აღმართს ხნავსო, არ გაგიგონია? ეგრე აღარ ჰფიქრობს ქვეყანა და შენ ერთი, მარტო, რას გააწყობ? ნათქვამია: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“.

– გაზაფხულს ვერც ერთი მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს და ათასიც. ეგებ ჩვენი გაზაფხულიც მოდიოდეს!.. დღეს მე ვარ ერთი, ხვალ ათი იქნება და ზეგ ათასი!..

– კეთილი, მაგრამ ხშირად ადრე მოფრენილ მერცხალს სუსხი სცემს და სიცივე ჰკლავს.

– მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის დროს სიკვდილი მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!.. ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა-გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი, ყველა ერთად ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცობას მათთან! ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს უცხოეთი?!. რად მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი შარბათები, მაგრამ ვერ გავცვლი იმ ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი ძველების ნაწილები ურევია… დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით არიან დაპოხიერებული!! მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს პირჯვარს იწერს და, პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა ჩვენთვის… და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო, არა!.. ისინი ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს არ შეუხორცებია, მისი შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!..

ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით სიარული… ჯანდიერმა გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ – სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას.

დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის დროს, ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა არემარეს… თვალი სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა… ალაზნის შხუილი, ნიავისაგან მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!.. მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა… მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა, რომ შორს აღარც ის იყო… აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი მოჰყვა. „მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ. – დიდი ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!.. ტკბილი ჩანგური და სალამური ზურნა-ჭიანურმა ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა, „ოროველა“ და „მუმლი მუხასა“, კიდევ შერჩენია მუშა ხალხს… და, მადლობა ღმერთს, სანამ ესენიც არ მივიწყებულან, ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო გადაღმიდან მთვარემ… ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა სხივებიცა და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა, აბიბინდა მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს ბულბულებმაც!.. ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ ბიძინასაც გული დაუტკბა. – გზაზე გამოჩნდა ურემი… ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო… ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. – ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და ზეცას დაუწყო ყურება… დიდხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს – თითქო გამოერკვაო- წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ ჩამომბერა ეს საგულისხმო სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ ერთია… უგანგებოდ ცაცა და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ ორმა სიტყვამ უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!! მაგრამ ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი განზრახვის და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე მორჩილებით მივმართავ ალი-ყული-ხანს.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button