აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი
თავი მეთერთმეტე
ერთხელ, მთვარიან ღამეში, აბდუშაჰილი მხარ-თეძოს წამოწოლილი რომ იყო და ჩვეულებრივად, ტკბილი მოგონებით გატაცებული, გაბრუებული ოცნებობდა, შრიალი მოესმა; მოიხედა, დაიყვირა, ზეზე წამოვარდა, რამდენიმე ბიჯი უკან გადადგა, მოისვა ხანჯალზე ხელი და გაშრა, თითქო ენა ჩაუვარდაო: მის წინ იდგა ის, ვისაც ის იგლოვდა და სტიროდა.
– შორს ჩემგან! შეგაჩვენოს მაჰმადმა, თუ ფარსაგი სული არა ხარ! – მიაყვირა ხელის ქნევით.
– ნუ გეშინია, მე ისა ვარ, ვისაც შენ იგლოვ და სტირი! – მიუგო დამშვიდებით ქალმა.
– სული, ჩემ სანუგეშოდ და დასატკბობად საიქიოდან მობრუნებული?
– სწორედ შენთვის და შენთან მოსული, მაგრამ სული კი არა, ხორცშესხმული, ცოცხალი ადამიანი, შენს სიყვარულზე დარწმუნებული და შენი მოყვარული.
– როგორ! გაცოცხლდი?
– მე მკვდარი არა ვყოფილვარ.
– მაშ ეს? – მიუთითა გაოცებულმა საფლავზე.
– შესცდი: ეგ და იყო, საბრალო პირმთვარისა, ჩემი ტყუპის ცალი და მგვანი; მე კი პირიმზისას მეძახიან.
– დაილოცოს, ღმერთო, შენი განგება! – დაიღრიალა აბდუშაჰილმა, მივიდა და დაუჭირა ხელები. – მითხარი, მითხარი, სიზმარია თუ ცხადი?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამიხსენი, თვარა გონება მეკარგება! – მეტის აღელვებისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა და ჩაჯდა. ქალი მიუჯდა გვერდით ახლო და ალერსიანად უთხრა:
– აი, ხომ ხედავ, რომ არ გერიდები? ამიტომ რომ და ვარ შენი. თუ გაგონდება, სწორედ ამ ადგილას, გულშემოყრილი რომ გამომაბრუნე, ძმობა მითხარი და ვიცი ვაჟკაცის სიტყვა არ გატყდება. იმ დღიდან მეც შენი სიყვარული ჩამივარდა გულში, მაგრამ როგორც უნაყოფო რამ და განუხორციელებელი. რადგანაც რჯულის სხვადასხვაობა ჩვენს ერთობას ხელს უშლიდა, ის გრძნობა გადავიტანე და-ძმურ სიყვარულზე და დავმორჩილდი ბედს.
თათარი გაოცებული უსმენდა და ბოლოს ხმის კანკალით ჰკითხა:
– დაო, მაგრამ დაზე უტკბესო! შემატყობინე, როგორ გადარჩი და ან აქ ვინ მოგიყვანა?
– მონასტერი რომ აიკლეს, ჩვენ რამდენიმე აგვარჩიეს; ტყვედ ვუნდოდით წავეყვანეთ, მაგრამ იმ არეულობის დროს თვალსა და ხელს შუა გავეპარე და იქვე უცბად მივიმალე. მახლობლად ცარიელი ქვევრი მეგულებოდა და შიგ ჩავძვერი. როდესაც მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და წავიდნენ, გამოვედი, აქვე ტყეში დავიმალე, გიყურე, საცოდავ ჩემ დას რომ ჰგლოვდი და ან როცა დამარხე; ვიცოდი, რომ მე გეგონე და სიყვარულზე სიყვარული მემატებოდა. მას აქეთ აქ ვდგევარ ერთ გამოქვაბულში და ხშირად გხედავ ხოლმე ფარულად აქ მჯდომარეს. დღეს გულმა აღარ გამიძლო და გამოგეცხადე. ახლა ამის მეტს ვერაფერს გაიგებ ჩემგან და, თუ კიდევ მეტი გინდა შეიტყო, წამომყევი სადგურზე, მაგრამ იმ პირობით კი, რომ რაც უნდა ნახო, არ გაიკვირვო და არც იარაღი იხმარო. მენდობი?
– გინდ ჯოჯოხეთშიაც წამიყვანო.
– ფიცი?..
– ვფიცავ მაჰმადს!
– რომელსაც ქრისტიანები ვერ ვენდობით!
– მაშ თვით თქვენს ქრისტეს!..
– შენი რა არის?! არა! სხვა თავდები მომეცი. დაიფიცე ვაჟკაცის სიტყვა.
– ვფიცავ და ზედაც დავამატებ იმ ჩემს უცნაურ სიყვარულს, რომლის გამოთქმაც არ შემიძლია!..
– ახლა კი მჯერა! – სთქვა ქალმა, წამოდგა, წამოაყენა კაციც და ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ უდაბურ ტყეში.