ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ამირიძეთა გვარი

ამირა – არაბთა ენაზე უფროსად ითარგმნება. ვითარცა მოხელენი იწოდებოდნენ: ამირ ეჯიბი და ამირ ახორი და ამირ ბარი და ამირ სპასალარი.

ამირა – სახელიც იყო კაცისა, ვითარცა გვარნი გამოაჩენენ: ამირხანაშვილი და ამირჯანაშვილი და ამირზალაშვილი და ამირბეგაშვილი და ამირგულაშვილი და ამირბოქაშვილი და ამირაზაშვილი და ამირაღაშვილი და ამირბაბაშვილი და ამირაშვილი და ამირიძე.

გვარი ამირიძეთა პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა ქვემო ქართლს, ბარათიანთა მამულში, სოფელ იფნობში. ამირიძე იხსენიება ქვემო ქართლს, თუმანიშვილთა მამულიდან გამოყვანილ მეომართა სიაშიც.

შემდგომში ამირიძენი შიდა ქართლშიც გამოჩნდნენ, საამილახვროში.

XVII საუკუნის II ნახევარში მეფე ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებში იხსენიება კარის მდივან-მწიგნობარი დავით ამირიძე.

ამავ საუკუნეში ამირიძეთა ერთი შტო გორიდან მთიულეთს, ცხავატის თემში გადასახლდა. იქ ამირიძეთა დასახლებას ამირთკარი ეწოდა. ამირთკარს ამირიძეთ ციხე ედგათ – ერთი რგოლი საქართველოს ჯაჭვის პერანგისა. ცხავატის თემის ნაცვლობა ამირიძეთ მოუდიოდათ. ხმალზე ნაფიცობა აქვნდათ მთიულეთში: ამირთკარელ ამირიძეთ, შონჩოელ ნარიმანიძეთ და მლეთელ ნაზღაიძეთ. ესენი ბიძაშვილობენ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ მოაქჟამამდე.

1732 წლის არაგვის საერისთავოს მთის თავკაცთა პირობის წიგნი იხსენიება ქურციკ ამირიძე.

1795 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას, ამირიძენიც არაგველთა შორის იდგნენ კრწანისის ველზე.

ცხავატის ნაცვალმა სამუკა ამირიძემ ხადას ციხისთავ ლევან ნაზღაიძესთან ერთად წამოიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება – პირველი და ყველაზე მრისხანე აჯანყება საქართველოში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ.

1820 წლის საბუთში იხსენიება პროტოიერეი გიორგი ამირიძე – ღუდას და თრუსოს ხეობების საბლაღოჩინოს წინამძღვარი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ამირიძენი გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.

ამჟამად ამირიძენი ცხოვრობენ: შიდა ქართლში, მთიულეთსა და შირაქში. ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, კასპში, გორსა და ბათუმში.

საქართველოში ამირიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 650-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ამირიძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button