ვისი გორისა ხარ? ძოძუაშვილთა გვარი
ძოძუაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი ძოძი. ძუძუა მისი კნინობითი ფორმაა.
ძოძუაშვილი ერთძირიანი გვარმოდენილობაა ანუ ყველა ძოძუაშვილი ერთი წინაპრის შთამომავალია.
ერთძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც ერთი აქვს. ძოძუაშვილთა გვარი ქვემო იმერეთიდან იღებს სათავეს. სოციალური მდგომარეობით საბატონო და სახელმწიფო გლეხები იყვნენ. ასევე ნახსენები არიან როგორც სასულიერონი.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ძოძუაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1698 წელს დავით ჭაჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი მიჰყიდა შედან აბულვარდიშვილს: “ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მიზეზ-შემოუღებელი, დრო-მოუდევარი, ყოვლის ჩხუბისა და ხლათისაგან გამოსული წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩვენ, ჭაჭიასშვილმან დავით და ძმამან ჩემმან იესემ, და პაპუნამ, და პეტრემ, და ქიტესამან და გარსევან, შვილთა და მომავალთა სახლისა ჩვენისამან, მოგყიდეთ მიწა ერთის დღისა, გზამდი მიწის თავსა შენ, აბულვარდიშვილს შედანს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა. ავიღეთ ფასი სრული და უკლებელი, რითაც ჩვენი გული შესჯერდებოდა. აღარა დარჩომილა რა შენსა და ჩემში სალაპარაკო. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, როგორათაც თქვენს გულს უნდოდეს. არის ამის მოწამე თავად ღმერთი და კაცთაგან მოწამე აბულვარდიშვილი იონათამ, ანდერმანისშვილი ზაქარია, ლაგრაძე ზაალ, ძუძუასშვილი იესე. აწ ვინცა და რამდენცა ჩვენმან ნათესავმან გუარმან კაცმან შლად და ქცევად ხელ-ყოს, თავადაც რისხავს ღმერთი, მამა, ძე და სული წმინდა, ზეცისანი და ქვეყანისანი, შე-მცა-ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა, მეხთა-ტეხილობა დიოსკურესი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი; ხოლო დამამტკიცებელი ამისი ღმერთმან აკურთხოს. მე გიორგის მღუდელს დამიწერია და მოწამეცა ვარ”.
XIX საუკუნეში სოფელ ოფშკვითში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი ბესარიონ სიმონის ძე ძოძუაშვილი (1812-1845 წ.წ.).
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ძოძუაშვილები იხსენიებიან შემდეგ სოფლებში: ობშკვითში (სასულიერონი და საბატონო გლეხები), პატრიკეთში (საბატონო გლეხები), იმერეთის სოფელ მუხაყრუაში კი იხსენიება ძეძუაშვილი (სახელმწიფო გლეხი). მიგვაჩნია, რომ ძეძუაშვილი იგივე ძოძუაშვილია, რადგან ასეთი გვარი არც იმერეთში და არც საერთოდ საქართველოში არ გვხვდება. ალბათ ჩაწერის დროს დაუშვეს შეცდომა.
1913 წელს ქუთაისში დაარსდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, რომელთანაც დაარსების წლიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ძოძუაშვილი კირილე. ის იხსენიება 1916 წლის შემომწირავთა სიაში.
იმერეთის სამეფო ლაშქარში ძოძუაშვილების ადგილი შუაგულ სადროშოში იყო. ისინი, როგორც გლეხები, კომლზე კაცად გამოდიოდნენ.
იმერეთში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არსებობს სამი ადგილი, რომლებიც ძოძუაშვილების გვარს უკავშირდება: “ძოძუაშვილის ადგილი” – სახნავი სოფელ უკანეთში (წყალტუბოს რაიონი), “ძოძუაშვილის ველი” – ადგილი სოფელ ოფშკვითში და “ძოძუაშვილის უბანი” – უბანი სოფელ ოფშკვითში (წყალტუბოს რაიონი).
ძოძუაშვილთა გვარი კეთილად წარმოაჩინეს: მღვდელმა ბესარიონ ძოძუაშვილმა, საზოგადო მოღვაწემ კირილე ძოძუაშვილმა, კომპოზიტორმა გიორგი ძოძუაშვილმა და სხვებმა.
დღეს ძოძუაშვილები ცხოვრობენ ვაკე იმერეთის სოფლებში, ასევე – ქუთაისსა (70-მდე ოჯახი) და თბილისში (15-მდე ოჯახი). სულ ძოძუაშვილთა გვარი საქართველოში 500 სულს ითვლის.
ღმერთმა დალოცოს გვარი ძოძუაშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ