PDFდეტექტივიწიგნები

აკა მორჩილაძე – ამბავი ვეფხვისა და ასისთავისა

მაგრამ მიზეზი, მიზეზი ბითლისის გარეშემო ჯარის შემოწყობისა… აი, რას დაეძებდნენ მრჩევლები, და ამ მიზეზს ქმნიდა ჭაშნაგირი. ქმნიდა და ვერცა ქმნიდა. შემოდგომამდე არაფერი გამოვიდოდა. მთვლემარე ქალაქო! რამდენჯერ გიჩხვლიტე ნემსი. ჭაშნაგირის ყოველი ცდა ამაო იყო, გულუბრყვილობა და უდარდელობა – გასაოცარი. უმოქმედობა – ერთადერთი ფარი ამ ქალაქისა დიდ ჭანდრაკის მღერაში.

ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი ამბობდა ბევრს, მაგრამ ეს ბევრი არაფერი იყო. ტყუილად დაეძებდა თავის ბედს ჭაშნაგირი. საკუთარი ვარსკვლავი არ სცოდნოდა და ბითლისში დაეკარგა თავისი ხვალინდელი დღის შეტყობის უნარი. იცოდა, თავად უნდა აეშვა კვამლი სადღაც აქ, ბაზრის რიგებში. იმგვარი კვამლი, რომ ცრემლი ედინა უდარდელი ქალაქისათვის და მერე მეფე სწორედ მას, მას და სხვას არავის მიუბოძებდა ამ მიწას, განაგეო. საკვირველი იყო, ჭაშნაგირი ისედაც განაგებდა ამ ქალაქს, აქაურობას მისი ზანდუკები დაევსო, მაგრამ ხელი მეფისა არ ედო ამ ამბავს და ეგებ არც ეფიქრა ამდენი, რომ არა ის წვერმოვლილი მრჩევლები, რომლებიც წამდაუწუმ ჰკითხავდნენ მეფეს, რასა იქმს ჭაშნაგირი, ჩვენგან შეგზავნილი ქალაქ ბითლისში კვამლის ასაშვებადო?

მიზეზი მინდა, – ამბობდა მეფე, – რათა ყადი გადმოვაგდო გალავნიდან, ხოლო ამირა ჯაფარი ჯორზე უკუღმა შემჯდარი და ზანზალაკშებმული გავისტუმრო ბაღდადს. თორმეტი ქვეყანა ძევს ჩვენსა და სულტანს შორის. თორმეტივე ქვეყანაში დგას სულტნის ჯარი და არცერთი სარდალი არ წამოვა ჩემზე, თუკი ვიპოვი მიზეზს, ვინაიდან ყველა მათგანი ეძებს მიზეზს, სულტნისთვის ფასის არგაგზავნისას. ბითლისში სიარულმა და აქაურებთან ყოფნამ მარხვას გადააჩვია ჭაშნაგირი.

და ახლა, აქ მობრუნებული ცდილობდა, ქიშპი დაეთესა ყადის, ამირასა და ციხისთავს შორის. ციხისთავს ატკბობდა, წარმოედგინა, როგორ გაახსნევინებდა ალაყაფის კარს, როცა ამირა შეწყვეტდა თვლემას და სულტანთან აფრენდა წერილს, ერთგული ჯარი მომაშველე ორგულ ციხისთავის დასამხობადო. წერილს გზაში დაიჭერდნენ მეფის მსტოვრები და ციხისთავიც აჯანყდებოდა. არეულობა მოიყვანდა მეფის ჯარს ქალაქის კედლებთან… არა, არა, არ ეწერა ასე, არ გამოდიოდა.

რაც კი რამ იყო მათრობელა და გემრიელი ამ ქალაქში, იმათ ტახტზე დაესვა თავის ფიქრში ჭაშნაგირს ფათმა ხანუმი.

და რომ შეიქნებოდა გამგებელი სამეფო ბითლისისა, ზანქან სოვდაგარს, ქმარს ფათმა ხანუმისას, დაკარგავდა უეცარი შხამი და აღარ მოუხდებოდა ღამღამობით სიარული მის სახლში.

მაგრამ როგორ?

როგორ ავყარო ეს ქვაფენილი მხოლოდ მეფის გულისთვის?

– დახარჯე ფული, – უთხრა ერთხელ მეფემ, – კვამლს ფული უნდა.

ჭაშნაგირმა ვერ შებედა, მომიბოძე და დავხარჯავო. ვინაიდან მიხვდა, იცოდნენ მრჩევლებმაც და მეფემაც, თაფლი ამირამ ნაკლები გაისვა ენაზე, ვიდრე ჭაშნაგირმა. არა სურდა მუხლამდე ოქროში ჩამდგარ ჭაშნაგირს ერთი გოჯი მოეკლო ამ თვალისმომჭრელ ტბისთვის. ისიც ეფიქრა, ამიხირდებიან მრჩევლები და გამოვიკეტები ამ ბითლისშიო, თუმცა აღმოეჩინა ერთხელ, გატეხილ ღამით, ეს იქნება უპირველესი მიზეზი ბითლისთან ჯარის შეყრისაო. და მაშინ მის თავს… აგრე ტორტმანებდა და მაინც ცდილობდა, აეშვა კვამლი ოქროს გარეშე.

და ჭაშნაგირი ემზადებოდა მიჯნურთან წასასვლელად.

– ეს ქვეყანა პაპაჩემისა იყო. ემაგ ტილიან ქალაქში იდგა სახლი ჩვენი. მერე მოვიდნენ ისინი და წაართვეს პაპას, ამირა დასვეს მის სახლში. მიზეზი მინდა და ნაცარს დავტოვებ იქ. იმ ნაცრისგან ავაშენებ სახლს, სულტნის კაცებმა რომ დასწვეს ადრე, – ახსოვდა მეფის ბოლო ნათქვამი – იმ ნაცარს დავიყრი თავზე, თუ ასე არ იქნეს მალე.

– ხის ქალაქია, იოლად დაიწვება, – მაშინ ასე უპასუხა და გამოემგზავრა კიდევ ერთხელ. და მაინც, შემოვიდა თუ არა აქა, შემოდგომაზე დაიწყო ფიქრი.

ეგებ, მართლა დავხარჯო?

მაგრამ ვის გაუგონია მეფეთა მადლობა. და თუ სხვას მისცეს ეს ქალაქი განსაგებლად?

თავი მეორე

“დანაყული მუშრუკის მარცვალი, ერთი მთლიანი ფოთოლი ყილიმისა, გამხმარი და მდუღარე წყალში ჩაფხვნილი, ერთიც ნივრის ლებანი და შირაზული ეკალბარდის შუა ტოტი… ზედ საგლესი ღარფის და სააქლემო ბალახის ფესვისა, ცოტა ალამბრის წყალი… ცოტა, რამდენი? ცოტა. თუ ბევრი იქნა, თავის სიმწვავით გადაჰფარავს ამეებს და უბრალო მწველი საცხები იქნება. ცოტა… ერთი მინძალი, თუ ერთი ჯამის ფსკერი?” ეს იყო ბალახბულახსა და უცნაურ მალამოთა კოლოფებს თავსწამომდგარი ალკაზ აქიმის საფიქრალი იმ შეღამებულზე. გაეშალა დიდი ფარატინები და ზედ სწერდა უცხო რამ ნიშნებს, მარტო თვითონ რომ შეეძლო ამოცნობა მთელს ამ ქალაქში.

ადრე აქ მეორე მეწამლეც იყო, სპარსი, საამ აქიმი. საამ აქიმს დღის შუქზე ყოფნა უყვარდა, ამირას ამალას ადევნება, ყადისთან ვახშმად ყოფნა და მეძვირე იყო. აქიმობაში მთავარ საქმედ სასაქმებელს ხედავდა და ამით გვარიანი სახელიც დაიგდო, ისე რომ, სასახლეშიაც დაუძახეს და კვირაში ერთხელ ამირას ეჯდა წინა და ნაირგვარ კუჭის გამხსნელს უთავაზებდა.

ალკაზ აქიმს სძაგდა დღის შუქი: სახლის სარკმლები აეჭედა და ჭერში ჰქონდა ორიოდ ნახვრეტი, საიდანაც მზის შუქი მანათობელ ხაზებად დაეცემოდა ხოლმე გრძელ უცხო რამ ბალახბულახით სავსე მაგიდას. საამ აქიმმა კი იმდენი მოახერხა, რომ ამირას ჯანის სიმრთელე წაართვა, გულ-მუცლიდან მთელი წყალი გამოაცალა და სარეცელს მიჯაჭვულს კვლავაც სასაქმებელს მისთავაზებდა. ეს ამბავი სრულ სამ დღეს გაგრძელდა, შემდეგ კი, უღონოდ შთენილმა ამირა საჰაკმა სცადა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ენის გამოძრავების ღონენი ვერ მოაგროვა. მესაწოლე ვიღაც მიუხვდა, თითებს შუა ყალამი მისცა, საჰაკმა კი დასწერა – “დილეგში”. ამის შემდეგ საამ აქიმი აღარავის უნახავს, ალკაზ აქიმს კი ამირას კაცები მოადგნენ და უთხრეს, მმართველი სამოთხის კართან დგას, უნდა გვიშველო, აქეთ გამოგვაყვანინოო. შუადღე იყო და ალკაზ აქიმს გარეთ გასვლა არ უნდოდა, ამიტომ, ორი რამ კოლოფი გაატანა მოსულებს. საჰაკი რომ მოღონიერდა, ბრძანა, ეგ აქიმი აქ მომგვარეთო, და ოცი ოქროს კირმანეული გაუგზავნა. ალკაზ აქიმმა ერთ შავ დედალს შეუკრა ფეხები და სასახლეში გაატანა ძღვნის მომტანებს. ამით ის უთხრა, საჩუქარი არ მინდა, ისე ჩაითვალოს, რომ შენა, ალაჰის ჩრდილო, ჩემგან შავი დედალი იყიდეო.

ასეთი იყო ყველაზე განთქმული ქცევა ალკაზ აქიმისა, სიბნელის კაცისა. სიბნელე კი მოსწონდა სრულიად საჭირო მიზეზით, სანთლის და ჩირაღდნის შუქი იმგვარი რამ არის, რომ იმ წუთას შენი ფიქრისთვის უსარგებლო საგნებს დაგიმალავს და რომელიც გჭირდება, იმას კი დაგანახებსო. გონების გაფანტულობა უჩანდა თავისი ხელობის მთავარ მტრად. თუმც კი ამბობდნენ, ალკაზ აქიმის მამა ჭოტი იყო, ამიტომაც დღისით ვერ ხედავს და თვალისჩინი ღამითღა უბრუნდებაო. ერთი ჭოტი მართლაც სახლობდა აქიმის სახლში და ამბობდნენ, მისი ძმა გახლავსო. ფაიტაკარანში, ყოველი სახლის კარს გარედან შეაბამდნენ კლიტეს, ალკაზ აქიმს კი შიგნიდან შეება, რათა ყოველ ცნობისმოყვარეს არ შემოეღო და წამალთა მზადების ხერხებს არ ჩაჰკვირვებოდა.

– ჭოტი ჰყავს სახლში, – ეუბნებოდა თავაზა მხედარს. – ბრჭყალს გაუყრის კლიტის ნახვრეტში და გაგიღებს კარს…

– ამ ოთხ ვიწრო ხიდს არ სჯობდა ერთი ფართე ხიდი? – ნურადინ ფრიდონს თავაზას ნათქვამი არაფერი უკვირდა.

– ერთ დიდ ხიდზე ბევრი ჯარი გადმოეტევა. უწინ აქ გალავანი იყო, ქალაქი აქ მთავრდებოდა. ახლა ვირი თუ გაეტევაო და ვირის ხიდი ჰქვია. აი, იმ აღმართზე…

მაგრამ ვეღარ დაასრულა. ნურადინ ფრიდონმა ცხენი შეაყენა, ვერცხლის ფული ჩაუდო მუჭში და უთხრა:

– მომეცი ჩირაღდანი.

– იქ დაბრეცილი გზაა, ეგებ ცხენს წვივიც წატყდეს. თანაც სახლები ერთმანეთზეა მიდგმული. აბა, როგორ მიაგნებ?

– ვიცი, – ჩირაღდანი ასწია მხედარმა და ცხენი დაძრა.

– მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. – დაადევნა თავაზამ და ხიდის კიდეზე ჩამოჯდა. მერე კი თქვა: – რატომ ჩამოხვედი? – ის ერთი ფასი სახელოში გამოინასკვა და კიდევ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ იკითხა: – ღამევ, გაქვს ყური? – და კედელ-კედელ წაჰყვა ქუჩას ალკაზ აქიმის სახლისაკენ…

თავი მეშვიდე

უცხო რამ ბალახბულახის წამოსაღებად არ მიდიოდა ალკაზ აქიმი ურიების უბანში. სიბერისგან მოცახცახე ურიამ, ზაქერიამ, შვილმა დავითისამ, იცოდა ძალიან ბევრი ამბავი ამ ქვეყნისა. ბევრი უცხო დაუდიოდა სახლში და თითოს ამ უცხოთაგან სამი ამბავი მაინც მოჰქონდა. ეგებ აქ გაბლანდულიყო რაიმე გზად შეხვედრილი ვეფხვისა?

“აბულ კასიმს არ დაავიწყდებოდეს, ჭოტს ჩემსას”, – ასეთი იყო ფიქრი ალკაზ აქიმისა, რომლის მიძინებულ ჯაშუშობასაც წინაღამ მრავალი რამ ამოელაგებინა ამ უმადური ხელობის სკივრიდან. შინიდან გასვლისას დაუბარა ჭოტს: როცა დარაბის ჭუჭრუტანიდან გამოსული სხივი მაგიდის ერთი კიდიდან მეორეს უწევს, გაუღე კარი სტუმარს, მიეცი თავისი ცხენი და გაისტუმრე. შენ კი მელოდე სამხრეთით, ზანგის ბოსტნების კიდეზე.

ალკაზ აქიმს არ მოეწონა ნურადინ ფრიდონი. არ უფიქრია ბევრი, ისე მიხვდა, ჯაშუშის საქმისა არაფერი იცისო. აქედან კი დაასკვნა, ძლიერ გასჭირვებია დიდვეზირ ნიზამ ალ მულქს, რახან ასეთ შუბოსნებს ანდობს საიდუმლო საქმესო.

“დიდი ამბით გიჩვენებს ბეჭედს, თითქოს ამირად იყოს დანიშნული. ერთი თითის დადება რჩება და ეს მიწა სულტნისა აღარ იქნება”. და ალკაზ აქიმმა უკვე იცოდა: გუშინ, მწუხრისას, ციხისთავს ამცნეს, რომ ბითლისში მეომარი მოვიდა. ციხისთავმა ყადის მოახსენა, რომ მეომარი ბაღდადიდანაა, სასახლიდან. მეომარი არ მივიდა ყადისთან, რათა ეთქვა, ვის გამოუგზავნია და რისთვის. სისხამზე, ლოცვის შემდეგ არ მივიდა ამირას დივანში, რათა, როგორც სულტნის

კაცს, მოეთხოვა ბინა, მსახური და სამი კერძი დღეში. მოითხოვა არაფერი და თქვა არაფერი. აქვს ბეჭედი სულტნისა და არ მალავს მას. რა ფიქრს დაეძებს ამ ქალაქში ძვირფასად ჩაცმული? სად მივიდოდა? ყადიმ ნაცვალი იხმო და ძნელია წარმოიდგინო უფრო სულელი კაცი. საუცხოოა, როცა წარმოიდგენ, როგორ მსჯელობს ორი სულელი კაცი. ვის დაუდის ბევრი ხალხი? იმ ბებერ ურიას. ზაქერია უკვე დილეგშია. მთელ ამ ამბავში ალკაზ აქიმს სანუგეშოდ დაურჩა ის, რომ მის სახლში ნაცვალი არ მოვიდოდა.

და ალკაზ აქიმი ცარიელი კალათით ხელში გაეშურა თავისი ბინისკენ.

მან გადაიარა ოთხი ხიდიდან ერთ-ერთი და შეჰყვა დაბრეცილ ქუჩას.

მერე დაინახა თავისი სახლის ყოველთვის შიგნიდან დაკეტილი კარი, ოღონდ, ამ ჯერზე შენგრეული და მილეწილი.

ალკაზ აქიმი შედგა შუა ქუჩაზე და მიაჩერდა ამ გამოშავებულ ხახას.

“აბულ კასიმი”, გაიფიქრა ალკაზ აქიმმა. “ნეტავ, თუ გაფრინდა”, და ახედა ცას, ეგებ პირველადაც იმ წელიწადში. ნათელმა დღემ კიდევ უფრო შეაცბუნა.

ჭოტი რომ გაფრენილიყო, ვარაუდით თუ ჩამოჯდებოდა სადმე და დაღამებას დაელოდებოდა იმის მისახვედრად, თუ სად იყო და როგორ მოეძებნა პატრონი.

ეგებ ნაცვალის ხალხი კიდევ იქ იყო და აქიმის გამოჩენას ელოდა?

ალკაზ აქიმმა ერთი ამოიხვნეშა და წავიდა სახლისკენ.

ოთახში არავინ იყო. კოხტად მოქცეულიყვნენ. შუშები, ჯამები და დოქები არ დაელეწნათ. ჭილოფზე კამათლები ეყარა. ძაღლებს მაგიდის ქვეშ ეძინათ.

ჭოტი ბრჭყალით ჩხაპნიდა მაგიდის კიდეს. ალკაზ აქიმს ოფლი შეაშრა შუბლზე და ის კალათიც მოისროლა.

– წაიყვანეს? – და თავადვე მიხვდა, რომ არანაკლებ სულელია, ვიდრე ნაცვალი და ზეითუნ იბნ ზეითუნი, ყადი. ხალიფას ხმლოსანს უსისხლოდ ვინ წაიყვანდა? სისხლის წვეთი კი არსად ჩანდა. ალკაზ აქიმი ფართხაფურთხით ჩაქანდა ხვეულ კიბეზე და თავლას ჩახედა. ცხენი იქ ება, მგონი ფრუტუნებდა კიდეც.

– წავიდა?

ჭოტმა წარბები აზიდა.

– არ უშვებდი და კარი დაამტვრია. აბულ კასიმ, განა გატკინა რამე?

არაო, მიახვედრა ჭოტმა.

– ვინმე ხომ არ მოსულა, აქა?

– სახელით წმინდა კანონთა წიგნისა, აღსასრულებლად აქ ნაწერისა, მე მოვედი აქ, ნაცვალი ამირასი ალი! – ალკაზ აქიმმა მოიხედა. თავისი ფართხუნა კაბის ბოლო გამოსდო რაღაცას და გაიშხლართა. კარში იდგა პირბრტყელი გრძელწვერა კაცი მეტად

სასაცილო იერისა. მან სამჯერ დაჰკრა კვერთხი აგურის იატაკზე და სულელური სიმკაცრით წარმოთქვა:

– ალკაზ აქიმო, სახელით ამირასი გეკითხები. გეკითხები კანონის წიგნის სამკეცი ფიცით და გაფრთხილებ, რომ კაცები მიყენია გარეთ. გეკითხები, რამდენჯერ ილოცე დღეს?

ალკაზ აქიმი სწრაფად წამოდგა, ვითომ მტვერი ჩამოიფერთხა და მიუგო:

– რამდენჯერაც საჭიროა.

მიწას ჩაჩერებოდა.

– გეკითხები შენ, ალკაზ აქიმო, სახელით ამირასი, ვინა სტუმრობდა გუშინ ამ სახლში?

– ჯორების დალალი ჰასანი. გამთენიას გავისტუმრე, – წაიბურტყუნა ალკაზ აქიმმა.

– გეკითხები ამირას სახელით და ესე ყოველი ჩაიწერება დავთარში, რატომ არ შეხედავ კაცს თვალებში?

– შუქი არ მიყვარს.

– გეკითხები ისევ, მაშ ქვესკნელი გიყვარს და ღამე კუნაპეტი, სათავე ავის მქნელობისა?

– არა.

– გეკითხები, ალკაზ აქიმო, მე, ამირასაგან ბოძებული უფლებით, ნაცვალი ალი, რამდენჯერ იცრუე ჩემთან ლაპარაკისას?

– არც ერთჯერ.

– მართალია, რომ ეს ჭოტი ძმა არის შენი და როგორც ჭოტის მოდგმას, გაშინებს მზე, საბრალო ფრინველი კი თავად გადაგიქცევია ჭოტად?

– თუ პირიქით? – აჰ, რა სულელი იყო ნაცვალი ალი.

– გეკითხები, რას ნიშნავს პირიქით?

– თუ ჭოტის მოდგმისა ვარ, როგორ გადავაქცევდი ჩემს ძმას ჭოტად? უფრო ჩემს თავს გადავაქცევდი კაცად.

ნაცვალმა დაჭუტა ცალი თვალი და თითი გაისვ-გამოისვა ქვედა ტუჩზე.

“ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა”, – გაიფიქრა აქიმმა.

– და მაშ, ვისია ის კოხტად და ძვირფასად შეკაზმული ცხენი, ქვემოთ რომ ფრუტუნებს? გეკითხები სახელით…

– აჰ, არც კი ვიცი, რა ვუყო მაგ ცხენს! უცნაური ხალხია ქვეყნის მპყრობელნი, უცნაური ფეშქაში იციან. მოგეხსენება, შარშან ერთი რამ გულის ზიდვის საწინააღმდეგო ნაყენი გავუგზავნე ხლათის პატრონს. ჩანს, მოუხდა და ფეშქეშად ეს ცხენი გამომიგზავნა. რად მინდა ცხენი? წაიყვანე და გყავდეს. სწორედ რომ გუშინ მოიყვანა აქ ერთმა მრბოლმა. იმანაც შენებრ მოხდენილმა ჭაბუკმა…

ნაცვალი ერთხანს დუმდა.

– გეკითხები მე შენ, ალკაზ აქიმო, სახელითა ამირასი, რამდენჯერ იცრუე? ნახეს გუშაგებმა კაცი, რომელიც სწორედ ემაგ ცხენით მოადგა კარიბჭეს. ის არ ჰგავდა მრბოლს.

– მე აღარ ვიცი, ვის ჰგავდა იმ სიბნელეში. შენებრ ახოვანი კი იყო. აქა მაქვს წყალობის სიგელი, თავად ხლათის პატრონის

ბეჭედდასმული, – ამ სიტყვებზე, თავისი მიხვედრილობით გახარებული ალკაზ აქიმი გაქანდა ოთახის ერთი ბნელი კუთხისკენ და იქ დაყრილ გრაგნილებსა და წიგნებში დაიწყო ქექვა. აჰ, რა არის გონება კაცისა, სწორედ ოცდასამი წლის წინათ, ხლათის პატრონს ხალათი ებოძებინა მისთვის და ზედ საბუთიც მოეყოლებინა, – ახლავ მოგართმევ, – და რიგრიგობით იწყო გრაგნილთა გაშლა და თვალიერება. – აი, ეს არის… არა, ეს სხვაა…

ნაცვალი კი იდგა კარში და თითს ისვამდა ქვედა ტუჩზე.

– აი, ესა, აი, – მთლად დაგლეჯილი ძველი გუჯარი ააფრიალა სიბნელეში ალკაზ აქიმმა.

– ეს ცხენი… არა გჭირდება? – ჰკითხა უეცრად ხმადამტკბარმა ნაცვალმა. – მეტად კარგი ცხენია, ომსა და რბოლაში გამოსადეგი.

– გაყიდვა მინდოდა. თუ ამირას საჯინიბო შეიტკბობს…

– უთუოდ. მე გამოვგზავნი კაცს, – და სამჯერ დაჰკრა კვერთხი. – შინაურულად გეკითხები, რად ერიდები შუქს?

– თვალებსა მწვავს, – თქვა მოწყენით ალკაზ აქიმმა და გუჯარი ისევ იმ ბნელი კუთხისკენ მოისროლა. – ჯერ ვერ მიპოვნია წამალი თვალთა შვებისა.

ნაცვალი შეტრიალდა და მედიდურად გააბოტა.

– რით განასხვავებ აქიმსა და შლეგიანს? – მოესმა ალკაზ აქიმს.

– მაშ, რატომ წავიდა? – მიუბრუნდა ჭოტს და გაიფიქრა: “აღარაფერი დარჩება. რაღა უნდა დარჩეს, თუკი ნიზამ ალ მულქს ვერ უპოვნია უჩინარი ასასი საქმის აღსასრულებლად და ხმლოსნებს აგზავნის?”

პროლოგი

უკვე ბნელდებოდა, როდესაც ნურადინ ფრიდონი მიადგა ქალაქის ალაყაფს და გუშაგთა ფეხებთან შეაყენა ცხენი.

– რა ქალაქია? – ჰკითხა ორ მოქანცულ კაცს სპარსულად.

– ამ ქალაქს სამხრეთში ფაიტაკარანს უწოდებდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთში – ბითლისს, სხვანი კი – ყალას და სეიდაბადს.

– თქვენ რაღას უწოდებთ? – ნურადინ ფრიდონმა გახედა გალავანს იქეთ მიმალულ მზეს. ქალაქიდან ზარების რეკვის ხმა მოისმა. რეკავდნენ დინჯად და მოგუდულად. ეს ამბავი ცუდად ენიშნა ნურადინ ფრიდონს. – ვინ განაგებს აქაურობას?

– ამირა, ჯაფარი ბენ საჰაკი, – იყო მოწყენილი პასუხი.

– ყადი ვინ არის?

– ყადი, ზეითუნ იბნ ზეითუნი, მაგრამ ყადი არ არის მთავარი, – მიუგეს გუშაგებმა.

– მაშ, ვინ?

– ჭაშნაგირი, მეფის ღვინოების და შარბათის უხუცესი.

– რა რჯულია?

– აქ ყველა რჯულია.

– ურჯულოთა რჯულიც? – გალავანს გახედა ნურადინ ფრიდონმა, თითქოს ზარის ხმის დანახვა უნდაო.

– ყველა რჯული რჯულია, – ვეღარ მოითმინა ერთ-ერთმა დარაჯმა. – შენ თვითონ ვინა ხარ? ასდინარიანი მოსასხამი კი გიფარავს მაგ მხარ-ბეჭს და კაი სევადიც გიბრწყინავს ხმალზე, მაგრამ ვინ ხარ?

– ჩალმაც დიბისა დაუხვევია, – აღნიშნა მეორე დარაჯმა.

ამ სიტყვაზე ნურადინ ფრიდონმა ცხვირთან მიუტანა შეკრული ცაცია მუშტი და დაანახვა ნეკა თითზე წამოცმული თავბრტყელი უთვლო ბეჭედი.

– სულტნის ძმა? ასე სწერია, – თქვა გუშაგმა.

– ამ ქალაქში არის მოედანი, რომელზეც პატარა მდინარე გამოდის და ზედ ოთხი ვიწრო ხიდია გადებული? – ჰკითხა ნურადინ ფრიდონმა.

– არის. ვირის ხიდი, ჰაჯი სეიდის ხიდი… – მაგრამ მხედარს აღარ დაუცდია, ცხენს დეზი ჰკრა და ქალაქში შევიდა.

ერთ-ერთმა გუშაგმა გალავნის უკან გაიხედა და თქვა:

– მორჩა, დავკეტოთ ალაყაფი. მწუხრის ზარები დაადუმეს.

– რას ნიშნავს სულტნის ძმა? – მხრები აიჩეჩა მეორემ.

– სულტანი ჩუქნის რამეებს მამაც ათასისთავებს. ეტყობა, ძმობაც აჩუქა.

– და ამ კაცს სულტანი უნახავს? იმ სიშორიდან მოდის? ვინ არის ახლა სულტნად?

– ჰარუნ არ რაშიდი? – შეეჭვდა პირველი გუშაგიც, – დიდი მწყალობელი ყოფილა… არა, ჰარუნ არ რაშიდი არა.

– მოსასხამს მტვერი არ ეტყობოდა. ამხელა გზაზე…

– ქირმანის ქსოვილი არ იკრავს მტვერს…

ნურადინ ფრიდონს კი ქუჩაზე მიჰყავდა ცხენი. ქვაფენილი იყო, სახლები კი ხისა, ფაიტაკარანიც ამიტომ დაერქმიათ. ნალები უცნაურ რამ ჰანგებს გამოსცემენ ქვაზე სიარულისას, სახლის კედლები კი თხელია. სარკმელთან მისვლაც არ გჭირდება, რომ შეიტყო – ვიღაც მხედარი მოდის შენს ქუჩაზე მწუხრის საათს. ამას ფიქრობდა ნურადინ ფრიდონი.

ერთ გამოღებულ ჭიშკართან შეაყენა ცხენი და იქ მოტრიალე ბიჭს დაუძახა:

– წყალი დამალევინე…

ბიჭი ეზოში შევარდა და დოქით გამოურბენინა. ნურადინ ფრიდონმა საქამრეში ჩაიყო თითი, ერთი შავი მისრული მეოთხედი გადაუგდო და ჰკითხა:

– ალკაზ აქიმი ცოცხალია?

– ჩვენ ღამის გასათევი ალაგი გვაქვს მოწყობილი, – მოჰყვა ბიჭი. ეტყობა, ეცოტავა შავი ფული, – ვინ აღარ ჩერდება ჩვენთან. ოთხი მარტო აქლემი დავაბინავეთ. მამაჩემს სადიყა ჰქვია, შორეულო ბატონო. ოთახები სუფთადაა მოწყობილი. ყოველ მათგანს სარკმელი აქვს. უბირი ხალხი ამბობს, სარკმელი ქურდისთვის მისწრებააო, მაგრამ ჩვენ ხომ ცხაური გვაქვს სარკმელზე. ცოტაც და ძაღლებს ავუშვებთ. ისეთი ნაგაზი გვყავს, რომ… მალე სავახშმო ფლავი გამზადდება, საკლავიც დღეისაა. დღეს ხომ ოთხშაბათია…

ნურადინ ფრიდონმა კვლავ დაძრა ცხენი და მერეღა შეხედა, რომ ერთ ტანდაბალ კაცს აღვირისთვის უტაცნია ხელი.

კაცს დაძენძილი ქუდი ახურავს, თვალები დაურბის და ამბობს:

– მე გაჩვენებ ალკაზ აქიმის სახლს. ჩირაღდნის ჭერაც შემიძლია, გზასაც გაგინათებ. სანამ მივალთ, დაღამდება. ერთ ფასად მოვახერხებ ამას…

– მე არ მიკითხავს სახლი, მე ვიკითხე ცოცხალი თუა-მეთქი, – აღვირი გამოსტაცა ნურადინ ფრიდონმა.

– ჰო, მაგრამ ღამდება და ვერ მიაგნებ, – კვლავ უტაცა აღვირს ხელი იმ კაცმა.

– ვინ ხარ?– გაეცინა ნურადინ ფრიდონს.

– თავაზა, მოქალაქე, თავაზა…

– ეგ მპარავია, შორეულო ბატონო! – შესძახა ბიჭმა და ეზოში გაუჩინარდა. თავაზამ კი სწრაფად მიაყოლა ქვა.

– ერთ ფასად, მწუხრის ჟამს.

ნურადინ ფრიდონმა მათრახი ასწია და დაანახვა.

– დიდებული წნულია, – ჩაიხითხითა კაცმა. – ასე ჩვენში ვერ სწნავენ.

– ხომ ხედავ? – ჰკითხა ნურადინ ფრიდონმა. – ცხენსა სწვავს ფერდს.

– წავიდეთ. ერთ ფასად…

– გექნება შენი ერთი ფასი…

თავი მეთერთმეტე

აი, რა არის ყველაზე გემრიელი ფაიტაკარანში, თუ ბითლისში, ან იქნებ ყალასა და სეიდაბადში: ზაფხულის ღამით გულაღმა წამოგორება ბანზე, წყლით მონაბერი ნიავის შეგრძნება ფერდებში და მზერა ვარსკვლავიან ცისა. ყოველ ჩვეულებრივ კაცს სასიამოვნოდ უჩანს აგრე გატარება დროისა. შესცქერის იგი ვარსკვლავებს და მშვიდად მოელის სიზმართა ქვეყნისაკენ გამგზავრებას. ბევრი არაფერი გაეგება ცაზე დახატული სურათისა და ვარსკვლავთა ციმციმისა, იცის მხოლოდ, რომ არაფერია იმაზე კოხტად დახატული და განწყობილი ქვეყნად, ვიდრე ბითლისის ზეცა და შეუმჩნევია ისიც, რომ რომელიმე ვარსკვლავს თუ მოსწყინდება ცაზე ყოფნა, მოწყდება იქაურობას ღილივით და ჩაიძირება სადღაც სხვაგან, მაგრამ სად?

სად? – გინდა კი ასეთი ფიქრი, როცა ბანზედ წევხარ და მოელი შუა ზაფხულის ღამის სიზმრებს?

ვარსკვლავთმრიცხველ თალიბ თანს არ უყვარდა ბანზე გულაღმა წოლა და ვარსკვლავების ცქერა. სხვათაგან განსხვავებით, აგრე წამოგორებულს მრავალი ფიქრი აეშლებოდა ზეცის თვალიერებისას და სიზმრებს ვინ სჩივის, გათენებამდე უძილო დარჩებოდა. ამიტომ, თუკი ღამის სიგრილე მოენატრებოდა, ბანზე დაძინებას არ ლამობდა, ჭილოფს გაიშლიდა და შეშილიფებული მოირთხავდა ხოლმე ფეხს. თალიბ თანს თავის ოთახში ტახტზე ეძინა ხოლმე, სარკმელს ფარდას ჩამოაფარებდა და სანათურსაც დაკეტავდა ხოლმე. თორემ ამ ადგილებიდან ვარსკვლავები იჭყიტებოდნენ ოთახში, შემოჭყეტილი ვარსკვლავი კი ბანს ჩამოფარებულ, სულ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მეტიჩარაა და საფეთქელთან შეღიტინებაც სხვაგვარი იცის.

იმ ღამით კი კარგა ხანს უჯდა თალიბ თანი თავის დავთრებს. თითები სულ მელნით გაშავებოდა. დასცქეროდა ნაწერებს და ფიქრსა და განსჯაში გართული მაინც გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა კუზი. კუზიანობა ხომ დავთრებს ჩაკირკიტებული ვარსკვლავთმრიცხველთა ავადმყოფობა იყო. იტყოდნენ კიდეც: ეგ რა ვარსკვლავთმრიცხველია, ჯერ კუზი არ ამოსვლიაო. მეუდაბნოვენი კი კუზს ღვთიურ სასჯელად უთვლიდნენ.

მერე თალიბ თანი ბანზე იჯდა და ფიქრობდა. მაინც ცისკენ გაურბოდა თვალი და მეტს და მეტს ფიქრობდა.

მერე ოთახში ჩამობრუნდა, მოხდენილი ხალათი გაიხადა, ძველი ქუდი მოძებნა და ნაკემს ძველმანებს დასწვდა. ეს თალიბ თანის წესი იყო – თუკი ღამით სადმე წასვლას დააპირებდა, უეჭველად ჯვალოს გადაიცვამდა. შიში ჰქონდა ღამის ქუჩებისა და მაწანწალას იერით შეაბიჯებდა სიბნელეში. ერთს რომელსამე პატარა ქალაქში თალიბ თანს სახლიცა ჰქონდა, კარიც, ზეთისხილის ბაღიცა და ოთხი ცოლიც ჰყავდა, მაგრამ იქედან გადმოხვეწილიყო და ბითლისში ნაგროვები ქისებით უვლიდა აქაურობას. იმ რომელსამე ქალაქში თალიბ თანს არ დაედგომებოდა, ვინაიდან რით იყო სახელგავარდნილი იქაურობა და ვარსკვლავთმრიცხველთა სკოლებით. იმ სკოლებში ნასწავლნი კი მოშორებით ეძებდნენ საქმეს. თალიბ თანი კი ფიქრობდა, დავაგროვებ ოქრო-ვერცხლსა და ქონებას და არცთუ დიდი კუზით მივუბრუნდები იქაურობას, ორ კოკორსავით მხევალს ვიყიდი და ასე დავიტკბობ ჭაღაროსნულ წლებსო.

მაგრამ მანამდე თალიბ თანს სტანჯავდა სურვილი ფათმა ხანუმისა. სურვილი და უცნაურად ნაზავი შიში გამოტყდომისა.

არავის, არავის ემსახურებოდა ისე, როგორც ამ ქალს და რარიგ ეშინოდა ღამის ქუჩებში სიარულისა? მაგრამ ამოეკითხა ცათა ზედა სხვათათვის

უხილავი რამ ხიფათნი და ახლა ვეღარ მოისვენებდა.

თალიბ თანმა სამი მოკლე ხანჯალი შემოირტყა; ერთი მარცხენა კოჭზე, ერთი ჭიპზე, ერთიც კუდუსუნთან, აბგაში შავი მოსასხამი ჩატენა, რათა მისულს, მხრებზე შემოესხა და ნაკემსი ძველმანები დაემალა, ჭრაქი სარკმლიდან მაგიდაზე გადმოდგა, ნიავი რომ არ მისწვდენოდა და გამოუყვა ჩაბნელებულ ქუჩას.

და ბევრი იარა, თუ ცოტა იარა თალიბ თანმა, და უსაფრთხოდ კი იარა, მთვარის შუქის დახმარებით, მიადგა ალაყაფს, რომელიც დაკეტილი დაუხვდა. და რადგან ამ სახლში წესად არ ჰქონდათ გუშაგების დაყენება. ბითლისის დიდ ალაყაფებთან ღამით მხოლოდ მაშინ იდგნენ გუშაგნი, როცა პატრონნი ამ ალაყაფებს უკან წამოჭიმული სახლებისა, შინ იყვნენ. უგუშაგო ალაყაფი კი ამბობდა – ბატონი ამ სახლისა მისრს წარმართულა ფარჩეულის სასყიდლად, მის ცოლებს კი არა ჰყავთ ღამეული სტუმრები და ნურც დააკაკუნებ. და თალიბ თანმა იცოდა, რომ ყოველ გალავნიან სახლს აქვს უკანა კარი, მიაკაკუნებ და გაგეღება. და თალიბ თანმა შემოუარა გალავანს და კარგა ხანს იარა, ვინაიდან დიდი იყო ბაღი ამ სახლისა და დააკაკუნა ხის ცალფერდა კარზე სითამამითა და წესიერებით.

მალევე გამოეხმაურნენ. სტუმარმა იცნო საჭურისის ხმა:

– ვინ ხარ?

– ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი… მეტად საჭირო ამბავი მომაქვს ხანუმისათვის, – მიუგო თალიბ თანმა.

– დილით, – უთხრეს იქედან.

– დილამდე გაცივდება.

– დილით…

– მოახსენე, რომ თალიბ თანი მოვიდა ახალი ნიშნებით… გესმის? მთელი ქალაქი გამოვიარე ბნელში… შენ…

– არა, წადი. არ არის ჟამი ხანუმთან ლაპარაკისა. სძინავს.

– გააღვიძე.

– არა… წადი.

– მაშ გადაეცი, რომ… დიდი რკალი იკვრება ხვალ და ეგებ მიწებიც დაიძრას და დაანგრიოს ხის სახლები და დაბზაროს ქვითკირის კედლები.

– წადი… – და თალიბ თანი მიხვდა, რომ საჭურისი კარს მოშორდა.

ნირწამხდარი ჩაცუცქდა გალავნის კედელთან და სთქვა:

– შენ არ გესმის, რა საშიში რამ მოელის მიწას. ცა გვეუბნება… – და ამოიოხრა. – დაგმანულ ალაყაფთა ქალაქო!..

– როცა ალაყაფს არ გიღებენ, გალავანს უნდა გადაევლო, – მოისმა სიბნელიდან.

თალიბ თანი ზეწამოიჭრა და მოკლე ხანჯალი იძრო:

– მანდ… მანდ ვინ არის? – ჩირგვებს უყურებდა.

– შეინახე ეგ ფრჩხილების საქნელი დანა… ჩვენც შენსავით არ შეგვიშვეს კარში, – და სიბნელიდან ორი კაცი გამოვიდა.

– აა… – აღმოხდა თალიბ თანს, – სიბნელის ასისთავნი… შენ ის არა ხარ? რა ჰქვია…

– თავაზა, – იყო პასუხი.

– აღარ მეგონა, თუ დაგმანული ალაყაფი გალავანზე მცოცავ ხალხთან დამამეგობრებდა… მაშ, მე წავალ.

– მოიცა, თალიბ თან, – თქვა უცებ მეორემ და წინ წამოდგა ნაბიჯი – რა ვარსკვლავები გაქვს მაგ აბგაში?

თალიბ თანი ჯიქურ შეაცქერდა ამის მთქმელს და პირი ღიად დაურჩა:

– ალკაზ აქიმო, შენ რაღა გინდა აქ?

– რაც შენ. ერთი ამბის კუდი გვიჭირავს და მოვყვებით, – უთხრა თავაზამ.

– არაფერი ვიცი კუდისა, მე მოვედი, რათა ხანუმს ვუთხრა, შეკრას ბარგი და ცოტა ხნით…

– აი, როგორ ატყვევებს ცათა მცოდნე კაცს აბრეშუმში გამოხვეული ჯიქანი, – სთქვა თავაზამ. – ძოწებიც ხომ გინახავს კოჭზე.

თალიბ თანს ჰაერი აღარ დაეტია გულ-გვამში.

– მოიცა, თალიბ თან, – წაიჩურჩულა ალკაზ აქიმმა, – ეგებ ვერცა ხვდები, სად გაიხლართე… ეჭვი მაქვს, შენი ციური მისნობანი არაფერია იმასთან, რაც აქ უნდა დატრიალდეს ამ წყეულ ღამით. ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა და…

– ჩუ! ვიღაც მოდის, – წაისისინა თავაზამ და სამივენი ჩირგვებში გადაეშვნენ, – ცხენოსანია…

დეზები ბრწყინავდა სიბნელეში, მოსასხამს შიგნიდან ბრწყინავდა ქარქაშის ოქრო. პირშებურვილი მხედარი დაქვეითდა, ბარბაცით მიეყრდნო კარს და დააკაკუნა. ერთხანს ირწეოდა და მიწას ჩასცქეროდა, მერე კი თქვა:

– მე ვარ…

კარი გააღეს და ცხენიც და კაციც გაუჩინარდნენ.

– ჭაშნაგირია, – თქვა თავაზამ.

– ოღონდ კი ასისთავს ბანგი გამოსვლოდა თავიდან, – დაურთო ალკაზ აქიმმა, თალიბ თანი კი დუმდა, რადგან ვერაფერი გაეგო. მერე ფრთათა იდუმალი ტყლაშუნი შემოესმა და დაინახა, როგორ დაეშვა შორიახლოს ჭოტი. – აბულ კასიმ, აბულ კასიმ, – მიეფერა ალკაზ აქიმი. – იმედი არის?

ჭოტმა თავი დახარა.

– მიდი, მიდი და ნიშანი მოგვეც, – ეს თავაზა იყო. ჭოტი აფრინდა და გალავანს იქეთ დაიკარგა. – თუ სახლები დაინგრევა, რაღას ვწვალობთ?

– იქამდე დროა, არა, თალიბ თან? – ჰკითხა ალკაზ აქიმმა.

თალიბ თანი კი უკვე ნანობდა

– დღეს ყავახანებში ლაპარაკობდნენ… – დაიწყო თავაზამ და აღარ გააგრძელა.

თავი მეექვსე

დილიდანვე ალკაზ აქიმის ოთახში ჭილოფზე ფეხმორთხმულ ნურადინ ფრიდონს ფანჯარაში გახედვა სურდა. მზიანი დღე ჩანდა, მაგრამ დიდ და გამურულ დარაბაში მხოლოდ ერთი ჭუჭრუტანიდან შემოჭრილიყო მზის სხივი და აგურის იატაკს ეცემოდა. ჭერში დატანებული ნახვრეტები ალკაზ აქიმს ადრევე დაეგმანა და სასტიკად აეკრძალა ნურადინ ფრიდონისთვის გარეთ გასვლაც და ფანჯრიდან გადახედვაც.

გათენებამდე ნურადინ ფრიდონს სულ სხვა რამ მოეფიქრებინა – სურდა, ქალაქში გაევლო და ათას რამეს დაჰკვირვებოდა, მაგრამ აქიმმა რამდენიმე საშიშარი სიტყვა წამოისროლა. სთქვა, რომ ბაღდადიდან ხელობის არმცოდნე კაცი გამოუგზავნეს და ამის შედეგად ძელზე გასმა დასახა.

– ეგ დამასკურად მოელვარე ხმალი ჯაშუშობაში არ გამოგადგება. ყადი განაჩენს ბეითივით წაიმღერებს, – უთხრა ალკაზ აქიმმა და ერთი დიდი კალათა აიღო, – მე ბაზარში მივდივარ. ასეთია ხერხი. ამბებით გამოგივსებ უბეს. არ გააღო ფანჯარა. აბულ კასიმი ვერაფერს დაინახავს. აქ მელოდე.

ჭოტი მედიდურად დააბიჯებდა მაგიდაზე. ძაღლებს კი კვლავ ეძინათ.

– მე ცოცხალი ვეფხვი უნდა წავიყვანო. ბნელში ჯდომა დამალავს ვეფხვს?

– არავინ იცის, სად არის ვეფხვი, – და წავიდა.

ამის შემდეგ ნურადინ ფრიდონი და ჭოტი კამათელს თამაშობდნენ.

ალკაზ აქიმი კი ურიათა უბნისკენ მიფართხუნებდა კალათით ხელში. იქ ჰყავდა ერთი ძველი ნაცნობი, რომელიც დიდად აფასებდა აქიმის მუშტრობას. ალკაზ აქიმს კი სჯეროდა, ურიებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ ცოტას თუ ამბობენ. გზად შეხვდა თერთმეტი ურია და თერთმეტივემ უთხრა სალამი. არცერთს შეუთავაზებია რაიმე სასყიდლად, რადგან თერთმეტივემ იცოდა – ალკაზ აქიმი ზემოთ მიდიოდა. ქუჩის კენწეროსკენ, სადაც სახლები მთვრალ კაცებს ჰგვანან, ხოლო ოთახებში სიგრილეა და მკბენარიც ვერ აღწევს წყლისპირიდან. იქა ცხოვრობდა ერთი სიბერისგან მოცახცახე ურია, ზაქერია, შვილი დავითისა. თერთმეტივემ იცოდა, რომ ალკაზ აქიმი მისი მუშტარი იყო.

ყოველ გაზაფხულზე ალკაზ აქიმი ჩამოუწერდა ზაქერია მოხუცს იმ უცხო ბალახბულახის სიას, რაიც ბითლისის მხარეში არ იპოვებოდა. ზაქერია გადმოშლიდა დავთარს ქარავანთა სვლისას და ამ ბალახბულახის სიას შეუხამებდა. შემოდგომით ალკაზ აქიმი კვლავ გადაუშლიდა თავის სიას სიბერისგან მოცახცახე ურიას და იგი ახლა საფასე ქაღალდს შეუხამებდა ამ სიას. ქვეყნიერების ასი კიდიდან მოტანილ ბალახეულს თავისი ფასი ჰქონდა. ალკაზ აქიმი კალათს გაავსებდა, ქისას კი სტოვებდა.

ალკაზ აქიმმა სალამი მიუგო თერთმეტ ურიას და მიადგა ზაქერიას სახლის რატომღაც გამოღებულ ალაყაფს.

ალაყაფთან დაუხვდნენ ამისი ვაჟები, სულ შვიდნი.

– სალამი თქვენა, – ჩვეულებისამებრ მიწას ჩააცქერდა ალკაზ აქიმი, – სამას სამოცდახუთ დღეს არ ვიტყვი ხოლმე იმდენ სალამს, რამდენსაც ერთ დილას, ურიების უბანში. ალაყაფი გაგიღიათ. არ მინახავს აქ ამირა მოდიოდეს ხოლმე იხვის საჭმელად.

ამათ კი არა მიუგეს რა.

– ლოცვა ხომ არ დაგიშალეთ? მიმიყვანე მამაშენთან.

– ეს კალათი აქ ჩამოდეთ, ყველა ანგარიშს მე გავასწორებ, – უთხრა უფროსმა შვილმა.

– სად არის ზაქერია? – და ალკაზ აქიმს გაახსენდა თერთმეტი ურია, სალამი რომ უთხრეს და მეტი არაფერი.

– ნაცვალი იყო აქა, ოთხი კაცით. წაიყვანეს, – ამოიოხრა უფროსმა შვილმა.

– რა უნდა ნაცვალს ურიების უბანში?

– სცემეს, დაბორკეს და ყადისთან წაიყვანეს. მომსვლელს ეძებდნენ. აქ ბევრი მოდის მექარავნის კაცი. ერთ კაცს ეძებდნენ და არ დაგვიჯერეს, რომ არ ყოფილა ჩვენს სახლში და არ უჭამია ჩვენი პური და იხვი.

– ვინ კაცია?

– არ თქვეს. გუშინ მოსულა. მწუხრზე. ვიღაცამ დაგვასმინა, რომ მამაჩემის სახლში მოსულა. ბევრი მომსვლელია აქა, ხარჯის, საპალნის ხალხი. აქ არავის ვუშლით ლოგინს.

ამის გამგონე ალკაზ აქიმმა კალათს წამოავლო ხელი და ფართხაფურთხით გამოვარდა ალაყაფიდან.

– მე გავასწორებ ანგარიშს, – დააწიეს ხმა, – მამაჩემის ფასი ჩემი ფასია. იმის სიტყვა, ჩვენი სიტყვა.

– ხვალ, – წაიბურტყუნა ალკაზ აქიმმა და წამოვიდა თავდაღმართზე.

თავი მეცხრე

– გზა, გზა, მიჰკეტე დარაბა! – ბაზრის რიგებიდან შორიახლოს, ვირის ხიდისკენ გეზდაჭერილ თავაზას მათრახიც კი მოხვდა. ბეჭამწვარმა ახედა მცემელს, ჭაშნაგირის მხლებელი იყო. თორმეტი მხედარი მოუძღოდა წინ მეფის ჭაშნაგირს, და ათიოდეც უკნიდან სდევდა. ქუჩა ბაზრის რიგებში ამ დროს ვიწროვდებოდა. ჭაშნაგირს ხუთი ფრთით შემკული დიდხანს ნაკერი ქუდი ეხურა, მოსასხამი კი – შინდისფერი. თავაზა კედელს აკრული უყურებდა: უდარდელობით მოჰყავდა ცხენი და ნაპერწკლებს ჰყრიდა შავი თვალებიდან. წვერი ახლად შეღებილი უბზინავდა და მპარავიც მიხვდა, საით მიდიოდა.

მთელი ბაზრის რიგიც მიხვდა. ჩაიარა და მოისმა უკნიდან:

– ჩამოსულა და პირდაპირ ამირასკენ უჭირავს გეზი.

– შეღამებულზედ კი მივა იქ, სადაც აბრეშუმი შრიალებს…

ამას მოჰყვა სიცილი და ფრთხილი ნათქვამი:

– მსტოვარი იქნება აქა, ნუ მიხვალთ ყადის ხელში…

თავაზამ ქვაფენილზე დააფურთხა და წავიდა. სწორედ ამ საღამოს მოთრეულა, ამ კაცის დანახვა ყოველთვის ნავსს გამოუჩენდა ხოლმე. თანაც…

ალკაზ აქიმი თავის შემჭვარტლულ ოთახში იჯდა და გალეწილ კარსა სჭედდა.

– ქირმანისკენ, ქირმანისკენ, აბულ კასიმ, ქირმანისკენ გავფრინდებით, – ბუტბუტებდა და სწყევლიდა კარს. ამ დროს შემოვიდა თავაზა.

– აქიმო, აი, მოვედი…

– რა ხალხი დამიდის აქა, – ჩაქუჩი მიაგდო ალკაზ აქიმმა. – ვინ ხარ?

– თავაზა.

– ჰო… მინახიხარ… გაჯოხილი ყადის ეზოში.

– ორი კვერცხის მოპარვისათვის, – გაიცინა თავაზამ. – ახლა ორ კვერცხზე მეტი მერგება.

ჭოტმა რაღაც წაიბურტყუნა და ალკაზ აქიმი შლეგიანად დასწვდა ჩაქუჩს.

– შენ წაიყვანე, ჩემი…

– ფეხისგულები სულ გადამეტყავა, იმდენს დავრბივარ დღესა, – ჩამოჯდა თავაზა, – აგე, მესამედ მოვხვდი შენს სახლში. წუხელ კინაღამ შენს ბანზე ჩამომეძინა…

– და რა გინდა? ეხლავე მიგცემ ნაცვალს…

– თუ მე არ მიგეცით ნაცვალს შენცა და ის ვეფხვებზე მონადირეც.

– რა გინდა?

– ქისა, იმ ასისთავმა რომ დატოვა აქა.

– ქისა? ამ სახლში რა უნდა ქისას?

– მაშ, ქისის გარეშე ივლიდა? ერთი ქისა აქვს, კენჭებით სავსე. ამით ივლიდა სულტნის ძმა? სამოსი რომ გავხადო, ოთხას მარჩილს ავიღებ.

ალკაზ აქიმმა ჩაიფრუტუნა.

– ვინ არის სულტნის ძმა?

– ისა, ვინ არის ახლა სულტნად?

– ვინც უნდა იყოს…

– არ ვიცი, სად არის მისი ქისა. მისწერე სულტანს, ორი ათასი მარჩილი გვაახლოს და უკან გავუგზავნით მის ვეფხვთა გამწვრთნელს…

“ერთი თითის დადებაც აღარ დარჩა”, – გაიფიქრა ალკაზ აქიმმა, – “ბითლისელი თავაზა ფულსა სთხოვს სულტანს”.

– თუ იცი, რამდენი ასისთავი ჰყავს სულტანს? – ჰკითხა მპარავს, – მომეხმარე, ეს კარი შევაბა ანჯამებს, – და ერთად წამოაყენეს კარი, – ეგებ მოჰკალი? მაჩვენე და მერე ვითვალოთ მარჩილი. ეგებ ხაროში გადააგდე? ჰო, წამიყვანე და მაჩვენე, საღ-სალამათი. სულტნის კაცის გვამში ვითხოვო ორი ათასი მარჩილი?

თავაზას გაეცინა.

– განა მე ვგავარ კაცის მკვლელს? ღამურა თუ მომიკლავს და კაცი – არა.

– წამიყვანე და მაჩვენე ცოცხალი…

“დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქიც ვეღარას უშველის ამ ქვეყანას, თუკი ამგვარი სულელები უყენია ჯაშუშებად”.

უკვე მწუხრისა დაერეკათ და ისინი ქუჩებზე მიდიოდნენ. შორიდან ასე სჩანდა, რომ ერთს რომელსამე კეთილს კაცს ხელი გაუწვდია უსინათლოსთვის, გაუმრუდებია თავისი გზა, რათა გაესწორებინა მისი და მიჰყავს საჭირო ალაგას. ხელბანდით თვალებახვეული იყო ალკაზ აქიმი, გზამკვლევი კი – თავაზა.

და როდესაც ფეხისმოქცევით აიარეს ქუჩები და თავაზამ გადასწია ფარდა ქიღინას სირაჯხანისა, შეჰყვირა, რადგან იხილა წინკარში პირაღმა გადაქცეული საბრალო ქიღინა, თავპირდალეწილი და სისხლში მცურავი. ათასგვარი თაღლითობის მცოდნე ქიღინა თითქოს აღარც სუნთქავდა. ალკაზ აქიმი ზედ წამოადგა და სახეზე დააცქერდა, მერე ადგილები მოუსინჯა ტანზე და ნაჭრილობევს ვერ მიაგნო. ქიღინამ დაიკვნესა.

– ასისთავები გაფრენილ მტრედებს ჰკლავენ ხმლით, – სთქვა აქიმმა. – ვერ გისწავლია, ვისი ქისა უნდა მოიგდო?

თავაზა შემცბარიყო, შიში ურევდა გულში აფუხფუხებულ ფითს. ალკაზ აქიმმა ოთახი მოათვალიერა და სთქვა:

– ხმალი არ დაუკრავს… აგე, სად უხლევინებია თავი, – და მიათითა კედელზე, სადაც მიმშრალიყო ქიღინას სისხლები.

– გაკოჭილი დავტოვეთ, დაბანგული და მთვრალი, – აღმოხდა თავაზას, – აღარც თოკია… ჯერ გულის ძილით უნდა ყოფილიყო დაბმული.

– ღვინით დაათვრე?

– ჩაიდ შევაძლიე.

– აი, ბაღდადი, – წაიჩიფჩიფა ალკაზ აქიმმა, – მისი ასისთავები დაიჭერენ უცხო ქვეყანას და იქ კი არაფერს გასინჯავენ. ერთი თითის დადება რჩება და დასკდება საზღვრები…

– ვინ არის ახლა სულტნად? – ჰკითხა უცებ თავაზამ.

– ღვინო მოიტა, დავბანოთ სახე, – გაწუწული ხელადა გამოართვა ალკაზ აქიმმა და დაუნანებლად ჩაასხა დაღებულ პირში ქიღინას. ამან იმწამსვე ამოახველა და თითქოს თვალებიც გამოახილა.

– ვინ გახლევინა თავი? – ზემოდან წამოაჯდა თავაზა.

– იქეთ გაიწი, – ხელი ჰკრა აქიმმა. – სასუნთქი უნდა… ვერა ჰხედავ? ეს ძვალი ჩატეხილია და თავში გზებს ჰკეტავს…

– ვინ გიქნა ესა? – ჩაეკითხა ისევ თავაზა.

ქიღინამ ამოიოხრა.

– სული ამოუვიდა, – სთქვა აქიმმა. თავაზა კი მოეშვა დაჭრილს და იქვე ჩაცუცქული ჩააჩერდა მიწას. – ასისთავმა ხელი გაშალა. ვინ გეგონა?

– არ იქნებოდა ასისთავი, – აღმოხდა თავაზას ჯიუტად. – ვინ იყო აქ?

– საჭურისი, – მოესმა ორივეს და საბრალო ქიღინას დააცქერდნენ.

– ვინა? – ალკაზ აქიმი იყო.

– საჭურისი, რომელსაც ჰქვია… – და ენა გადმოაგდო.

– ვინ საჭურისი? – ალკაზ აქიმმა ხელი დააფარა თვალებზე ქიღინას, – ეს ჩატეხილი ძვალი, ჩანს, ფიქრებს დასწოლია.

– არა, – თქვა თავაზამ, რომელსაც ცრმელი სდიოდა თვალებიდან და კიდევ უფრო გაბრაზებით თქვა – არა.

– ახლა რა ვქნათ?

– თითქოს მამა იყო ჩემი, სირაჯი ქიღინა…

– სად ვიპოვო ასისთავი?

– არა, – წამოდგა თავაზა.

– არა?

– არა, ასისთავს არ მოუკლავს. ის ვერ გაიღვიძებდა.

– მაშ ვინ? ვინმე გარიე ამ მოფიქრებულში?

– არა, თვითონ გაერია.

მოესმათ მწუხრის ზარების ხმა.

– არა, – თქვა ისევ თავაზამ, – წადი და დაჯექი შენს ბნელ სახლში. მე წავალ ჩემსას…

– არა, – მკვდარს დახედა ალკაზ აქიმმა, – ერთი თითის დადება… – და ხელი ჩაიქნია, – მითხარი, რატომ გეგონა, რომ ბაზრის რიგიდან სასახლეში მოხვდებოდი? რა მოიფიქრე და როგორ დაგიდეს კვანტი?

– გეტყვი, – აღმოხდა თავაზას, – ხანჯალი მეც მაქვს. გეტყვი.

– არა, ხანჯალი მერე.

და ჩამოსხდნენ მოკლულის ფერხთით.

თავი მეხუთე

რა აოცებდა ვარსკვლავთმრიცხველ თალიბ თანს და ამ ქალის სამოსის სითხელე. რა აოცებდა და აბრეშუმის  ლივლივა ნაჭრის საიდუმლო. რა აკვირვებდა და ქალის სხეული ამ აბრეშუმში, მოძრაობანი აბრეშუმის სამოსისა, ის ნაზი და მსუბუქი რხევანი. რა აკვირვებდა თალიბ თანს და აბრეშუმისავ პირბადის იქედან მომზირალი თვალები. ბევრს ფიქრობდა ამ თვალების ფერის გამო ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი, რას აღარ ფიქრობდა. ტრფობა სწვავდა, ვითარც თქმულია, და ვის აღარ სწვავდა ტრფობა ამ ქალისა? ვინ აღარ იტყოდა თავის ფიქრში, შემავლებინა თვალი კოჭისთვის ფათმა ხანუმისა, ვინაც არს ცოლი სოვდაგარ ზანქან ზორაბაბელისა? ნათქვამი იყო, ძოწის მძივი უმშვენებს კოჭსო, ვიღაცას დაუნახავსო.

ვარსკვლავთმრიცხველი თალიბ თანი ყოველ ორშაბათს ხედავდა კოჭებს ფათმა ხანუმისას და ლანდს მისი სხეულისას, ჩამალულს ჰაეროვან აბრეშუმში. რა საკვირველიც

უნდა იყოს, ცეცხლი მისი ტრფობისა ასგზის გიზგიზა იყო, ვიდრე რომ ალში გახვეულიყო მთელი ორმუზი თავის გემებიანად.

ცისა ბევრი რამ იცოდა თალიბ თანმა, ციდან მოჰქონდა ცხოვრების ამბები, გამონასკვავდა მოხდენილ სიტყვათა ქისებში და ჰყიდდა. სახელიც გვარიანი დაეგდო. ყოველ სამშაბათს, დილაზე, თალიბ თანი ფათმა ხანუმთან მიდიოდა. სოვდაგარი ზანქან ზორაბაბელი მარადი მოგზაური გახლდათ, ფათმა ხანუმი კი, ვითარცა პირველი და მოსიყვარულე ცოლი მისი, ვარსკვლავთაგან ცდილობდა ქმრის ამბების, ბედისა და სიმშვიდის შეტყობას. თალიბ თანი ცასა ჭვრეტდა ღამღამობით და გათენებულზე მოახსენებდა ფათმა ხანუმს, რისთვისაც კაი ფასსაც მიიღებდა ხოლმე. კარგად შეეთვისებინა თალიბ თანს, რომ სოვდაგრის ცოლს მხოლოდ ქმრის თავზე მავალ ვარსკვლავთა ამბავი კი არ ამშვიდებდა, არამედ უფრო თავის ბედის ვარსკვლავს დასტრიალებდა. ამ ტრიალში თალიბ თანი ჰხედავდა ერთ დიდ შამიფარვანიანს, თუმც კი, იმგვარად ამოსწვავდა ხოლმე გულ-მუცელს ხილვა ამ ქალისა, რომ საკუთარ თავის ფარვანობას და შამს გარშემო ტრიალს უფრო წარმოიდგენდა ხოლმე, ვიდრე, ფათმა ხანუმის ვარსკვლავთა ზრახვებს. ამიტომაც, სიტყვას ძნელად აბამდა სიტყვას, რაიც დიდად ახალისებდა ფათმა ხანუმს, რომელიც დიახ, რომ მიხვედრილი გახლდათ ვარსკვლავთმრიცხველის ენის დაბმის მიზეზს. ამიტომ კიდევ უფრო გაეთამაშებოდა, კვნესით ამოთქვამდა შეკითხვებს.

განა არ იცოდა ვარსკვლავთმრიცხველმა თალიბ თანმა, რომ ფათმა ხანუმის კოჭების მეტს ვერაფერს დაინახავდა? განა არ იცოდა, ყოველ დარბაზსა და ქარვასლაში თქმული, ოდეს ჩამოდის მეფის ჭიშნაგირი ქალაქ ბითლისს, შეღამებულზე გადაიცვამს მენახშირედ, გაიმურება შუაცეცხლიდან აღებული მურით და მიადგება ზანქან ზორაბაბელის საქალებოს უკანა კარსო. დიახ, იცოდა, დაქრთამული ჰყავს ბებერი საჭურისი, სახელად… და მერე, ფათმა ხანუმი განბანს მეფის ჭაშნაგირსა, აპკურებს ათასს რამ მძაფრსა და მიეცემიან ტრფობას, რაიც დაუნახავს ვიღაცას. მერე კი დასხდებიან ვახშმად და სწყვეტენ ათასავ ამბავს. მთელი ქალაქის ამბები ხომ ფათმა ხანუმის ბალიშებს ქვეშაა შენახული, ჭაშნაგირი ხომ ისე ტრიალებს ბითლისში, თითქოს მისი მამული იყოს, ამირა ხომ ბებერი და უქნარაა, სოვდაგარი ზანქან ზორაბაბელი შარაგზებს კეცავს. განა არ იცოდა ვარსკვლავთმრიცხველმა?

სულაც რომ არაფერი ეთქვათ და ეჩურჩულათ ქარვასლებსა და დარბაზებში, თალიბ თანის ჭოგრიტი მაინც ბევრს საეჭვო რამეს მოწყვეტდა ციდან.

სამშაბათი კი გახსნილ ქისათა დღე იყო სოვდაგრის სახლში. უბრალო მომსვლელს აქ შემოუშვებდნენ მხოლოდ სამშაბათს, მესამე ლოცვამდე. ეს დღე დაეწესებინა ზანქან ზორაბაბელს ქვრივ-ობოლთა და გლახაკთა სამოწყალოდ, ასევე, იმათთვისაც, ვისაც რაიმე საქმე ამოეჭრა გულს და დახმარება სჭირდებოდა და აგრეთვე იმათთვისაც, ვინც თავად სჭირდებოდა დიდვაჭრის სახლს.

თალიბ თანს რომ გაისტუმრებდა ფათმა ხანუმი, მერე მიიღებდა საბაჟოს მეფასეთა უფროსს, რომელიც ფულთა მიმოქცევის ამბავს შეატყობინებდა. მერე მოუსმენდა ერთ კაცს, ვინაც ჩინმაჩინური ქაღალდის დაზგის აწყობას ლამობდა და ამისთვის ფული სჭიროდა. მერე კი გამოვიდოდა ბაღში და იქ მომლოდინე ხალხს ჩამოურიგებდა ხუთ-ხუთ კირმანეულს.

თალიბ თანი მეტად პატიოსანი ვარსკვლავთმრიცხველი იყო. ის ლაპარაკობდა, რომ სჩანს რაღაც მოულოდნელი, თუმცაღა არცთუ საშიში, მეტიც კიდევ, მიმზიდველი. ეს არის ვიღაც, ვისაც არ მოელიან. მოულოდნელია და არ მოელიან. თუმცა, რას უნდა მოელოდე მოულოდნელობისგან, თალიბ თანს ვერ დაენახა იმ თავის ჭოგრიტით.

გამხდარი ვინმე იყო თალიბ თანი, წელში მოხრილი უკანსვლით და წვერის ქიცინით გადიოდა ხოლმე ფათმა ხანუმის ოთახიდან. ცალ ხელში ქისას უჭერდა თითებს, მეორეში თავისი ციური ხაზებით აჭრელებულ გრაგნილს. ფათმა ხანუმის პირბადეს შესცქეროდა და ფიქრობდა მომავალი სამშაბათისას. ამ დროს ფათმა ხანუმი თითქოს წამოდგომას დააპირებდა და ისე შეარხევდა ტანს, რომ ოთახს გარეთ გასულ ვარსკვლავთმრიცხველს იქედან გამოსვლის ჟამი არ ახსოვდა ხოლმე.

წინა გვერდი 1 2 3 4შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button