PDFდეტექტივიწიგნები

აკა მორჩილაძე – ამბავი ვეფხვისა და ასისთავისა

თალიბ თანი გასული არ იყო, რომ ღიად დარჩენილ კარში გამოჩნდა შემცბარი საჭურისი სახელად…

– რაო? – ჰკითხა ქალმა.

– ხანუმ, აქ შემოსვლას ლამობს ერთი ჩამოძენძილი კაცი.

– ვინ არის?

საჭურისმა ჩაიცინა.

– თავაზა, ქალაქელი მპარავი.

– ვინაო?

– თავაზა. კლიტე არ არსებობს მისთვის.

– მაშ, რა არსებობს?

– ბნელი ღამე.

– დილეგი?

– თავაზა. დილეგის გასაღებსაც მოიპარავს, ძელს გახერხავს და ვერ გასვამ ძელზე.

– ვინ არის? იშკილბაზთა მეთაურია? რა უნდა ჩემგან?

– ამბავი იცის.

– რა ამბავი?

– ღამის ამბავი ვიციო.

ფათმა ხანუმი ჩაფიქრდა:

– უთხარი, მოვიდეს აქა, ოღონდ, მანდ გაჩერდეს კართან. არ მიყვარს ქალაქის ხალხის სუნი.

ფათმა ხანუმი იქ მიფენილ ერთ ქალაღაიას გადასწვდა. და თავზე წამოიფარა.

– ასე სჯობს, არა? არ ეგების ყოველმა მპარავმა იცოდეს ჩემი სახე, – და ფეხებიც შეიკეცა, დამალა ის ძოწიანი კოჭები.

თავაზა მოეჩვენა დაბალი, უზრდელი და ჭუჭყიანი, ჩამოფარებული პირბადის ლიბრიც არ მალავდა მის მიუდგომელ თვალებს.

– აბა, რა გინდა?

– ფათმა ხანუმი მინდა.

– აქა ვარ, – ქალმა დაინახა, როგორ  დაიჯღანა თავაზა.

– მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ…

– ერთს დავიძახებ და ფერდები რომ აგტკივდება, მიხვდები, ვინც ვყოფილვარ.

– მე ვიცნობ ფათმა ხანუმს, ბევრჯერ მინახავს, – თქვა თავაზამ.

– სად გინახავს?

– ამ სახლში. მე ბანზე გდება და სარკმლების თვალიერება მიყვარს. ღამეები თბილი იცის.

ფათმა ხანუმმა ქალაღაია გადაიძრო და პირბადე გაისწორა:

– აბა, ვინა ვარ? აქეთ  ნუ მოიწევ, მატყლში ნაგდები მაწანწალას სუნი აგდის.

თავაზას არ სწყენია, მხოლოდ ღიმილით უთხრა:

– ორი ათასი მარჩილი მინდა.

– რა უცნაურია.

– ღირს.

– ორი ათასი მარჩილი თორმეტი საპალნე დარიჩინი ღირს.

– ათას ცხრაასი იყოს.

– მგონია, ჯერ ამბავი უნდა გავიგო.

– ეგეც შეიძლება. იმიტომ, რომ შენ თუ არ მომცემ ცხრამეტ ქისას, სხვა მომცემს.

– ვინ სხვა?

– სულტანი.

ფათმა ხანუმს გაუკვირდა და ჰკითხა:

– ვინ არის ახლა სულტნად?

– ვინც არ უნდა იყოს, ბაღდადის კარზე მიალურსმავს ვიღაცის თავს.

– თქვი.

თავაზამ ამოისუნთქა და თქვა:

– შენი ბაღის ბოლოს ფარდული ცარიელია.

ფათმა ხანუმმა კვლავ ჰკითხა:

– და?

– ადრე არ იყო ცარიელი. იქ ვეფხვი იყო.

– ჰმ…

– გუშინ, მწუხრისას კაცი ჩამოვიდა. იმ ვეფხვს დაეძებს.

– რა იცი, რომ იმ ვეფხვს დაეძებს?

– ვეფხვს შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა. კაცს კი თითზე ბეჭედი უკეთია, ზედ აწერია: “სულტნის ძმა”.

– თორმეტ ეგეთ ბეჭედს მოგართმევ.

– ის კაცი ბაღდადიდან მოდის. სულტანს ხვადი ვეფხვი გამოექცა და დაეძებს. დიდი იქნება რისხვა…

– დაეძებს და ეძებოს, ვეფხვს ვერ ნახავს…

– ჰო, მაგრამ ნახავს კაცს, ვისაც უნახავს ვეფხვი შენს ბაღში.

– არა,  ვერ ნახავს.

– ათას ცხრაასი მარჩილი და მთელი ინდოეთის დარიჩინი, – გამოუცხადა თავაზამ.

– ხვალ… ხვალ მოდი და მიიღებ ქისებს, – იყო პასუხი.

– დიდი იქნება სულტნის რისხვა.

– წადი, მიიღებ შენს ქისებს.

და თავაზა გაქრა.

ფათმა ხანუმმა კი კვლავ იმ საჭურისს  უხმო, რომელსაც ერქვა…

– გაეცი მოწყალება. მე ვერ გამოვალ დღეს ბაღში. ელაპარაკე მთავარ მებაჟეს და იმ შეშლილ მექაღალდესაც და… დაანგრევინე ფარდული ბაღის ბოლოში, ჩრდილო კედელთან. არ უხდება ამ ბაღს…

თავი მეოთხე

ეს იყო ერთი ძალიან დიდი, ჭვარტლიანი ჭრაქებით განათებული ოთახი, რომლის შუაგულშიც იდგა გრძელი, მაღალფეხებიანი მაგიდა. ნურადინ ფრიდონს არასოდეს ენახა ასეთი მაგიდა. “ეტყობა, ეს ძაღლების სახლია და უქონელი აქიმი მაგიდად იხმარს”, – მაგიდის ქვეშ ხომ ორ ძაღლს ეძინა. ზედ ჭოტი დააბიჯებდა, მეტად ამაყი, ჰალების ციხისთავს ჰგავდა.

– აქ დაჯექი, – უთხრა ჩურჩულით ალკაზ აქიმმა. რა უცნაური დასაჯდომი იყო, სიპ ქვასავით ცივი და მაგარი. ნურადინ ფრიდონი პირველად იჯდა სკამზე.

თავად ალკაზ აქიმი გახლდათ ერთი გალეული, დაკრუნჩხული და წვერგაწეწილი კაცი, რომელიც აგურის იატაკს დასცქეროდა, თავზე სასაცილო ქუდი ეხურა, ტანთ კი რაღაც საშინელი ჯვალო ემოსა, იმსიგრძე და იმსიფართო, რომ კი არ დადიოდა, დაფართხუნობდა. განჯინიდან ალაგებდა რაღაც ჯამებს და წინ უწყობდა ნურადინ ფრიდონს. მერე წყალიც შემოდგა.

– აბა, ღირსეულო მებრძოლო, რა ხდება ბაღდადში? ჯერ არ დაბზარულა სასახლეთა კედლები? – საერთოდ, ჩურჩულით ლაპარაკობდა, – თავლის კარია ჩასაკეტი, აქ ცხენს ისე წაგილალავენ, თითქოს ცხვარი იყოს. მიდი, ჩაკეტე თავლის კარი, – უთხრა ჭოტს, – მე ბაღდადელი ვარ. ბაღდადში დავიბადე. ახლა რომელი ვარსკვლავი დგას ბაღდადის თავზე?

– მშვიდობის, – აჰ, როგორ სტანჯავდა ეს სკამი ნურადინ ფრიდონს.

– მშვიდობის ვარსკვლავი დაკარგულია. საზღვრები დასკდება, მოედანზე თავებს დაალაგებენ. განა ბაღდადში არ გაუტეხავთ ხორბლის საწყობები?

– არა, – შეიშმუშნა ნურადინ ფრიდონი, – “ვინც აქიმი შემხვედრია ცხოვრებაში, ყველა მმართველის და ვეზირის გამო მსჯელობს”.

– ნიზამ ალ-მულქი დაბერდა? იშვიათია, რომ მისებრ ვეზირს დიდხანს შერჩეს თეთრი წვერი. ბაღდადში არ გაუტეხავთ  ბეღელი? მე ასე ვიცოდი…

– ბაღდადში მზეა და ოქრო გაიაფდა, – იყო პასუხი.

– თვით ერთი პატარა ქალაქი გახლავთ სურათი სამყაროსი, – განაგრძობდა ალკაზ აქიმი ლამის მოუხელთებელი სიჩქარით ჩურჩულს, – რაც ხდება აქა, ის ხდება ბაღდადშიც. სულ სამი თითის დადება გზა დარჩა და აქაურობა სულტნისა აღარ იქნება. საზღვრები დასკდება, როგორც ჰაიჰარად ნაკერი ხალათი მოსუქებულ კაცის ტანზე.

ნურადინ ფრიდონმა შეიხსნა შემსუბუქებული ქისა, იქედან კენჭი ამოიღო და ბუხრისკენ გაისროლა. ღამე იყო.

– არა ღალატობს ჩვევას დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი, – თქვა აქიმმა. – რაც მე კენჭები მითრევია სიყმაწვილეში. ჩემი ასაკის ჯაშუში ვინღა ეყოლება?

– ჭაშნაგირი ვინ არის? – ამის გაგონებაზე ჭოტი აიფოფრა და ბრჭყალით დაიწყო მაგიდის ფხაჭნა.

– აჰა, აბულ კასიმ, გეცნო ეგ სახელი? – ტაში შემოჰკრა ალკაზ აქიმმა. – მის მოსაკლავად ხარ მოვლენილი?

– არა, ალაყაფის კართან მიხსენეს.

– აჯობებდა, მის მოსაკლავად გამოეგზავნე.

– ვინ არის?

– მეფის მარნების გამგებელი, ღვინის გამსინჯავი.

– რომელი მეფის?

– არის ერთი მეფე. ყრმა და ჭკვიანი, ფართო ხელისგულებით. ოდესღაც ბითლისი მისი წინაპრებისა იყო. სამი თითის დადება დარჩა და მისი იქნება. ამირა მოხუცია და შტერი.

– და რა უნდა ამ ჭაშნაგირს ამ ქალაქში?

– ამირას ათრობს. ტკბილია ღვინო, ყოველ ბანგსა სჯობს. აქ ბაღდადი როდია. აქ მორწმუნეც დალევს ურწმუნოსავით. ლოთი ამაყია და არა დასჯილი. ამირამ ნახევარი ქალაქი აჩუქა ჭაშნაგირს, ქარვასლები, სასახლეები. ჭაშნაგირი აქ რომ ჩამოვა, ჭრის და კერავს, ვითომ სულტანი არც გაეგონოს. ვინ არის ახლა სულტნად?

ნურადინ ფრიდონმა იგრძნო, რომ ძაღლები ულოკავენ ფეხებს.

– აჰ, გაიღვიძეს. აბა, გამოდი აქა, – ოთხზე დადგა და ფორთხვას მოჰყვა ალკაზ აქიმი. – აბა, გამოდი აქა! – ქეჩოში წაავლო ერთ-ერთ ძაღლს ხელი და გამოათრია. მერე ჭრაქს მისწვდა და დრუნჩთან მიუტანა ძაღლს. – აჰა, – თქვა კმაყოფილმა. – აჰა, – მერე კი ნურადინ ფრიდონს ამოხედა. ასისთავმა პირველად დაინახა მისი ფიქრიან შუქით სავსე თვალები, – ამათ ერთი ახალი რამ ოყნა შევასხურე. ვნახოთ, გამოჩნდება. ჯერჯერობით ასეა. არ მოგწონს ბითლისური საკვები? არაფერს სჭამ… ჰო, – ჩამოიფერთხა იატაკიდან აყოლილი მტვერი. – აბა, რა მიზეზია, რომ ამდენი გივლია?

ნურადინ ფრიდონმა ცხვირთან მიუტანა შეკრული მუშტი და დაანახა ნეკზე წამოცმული ვერცხლის ბეჭედი.

– ჰმ, – ჩაიჩიფჩიფა ალკაზ აქიმმა. – მისმინე, ასისთავო. სამი თითის დადება… თუმცა, ეს უკვე ვთქვი. ჯერ არ ვიცი, რატომ მოსულხარ, მაგრამ უნდა იცოდე, მაგ ბეჭდის დაკარგვა არ იქნება. უკანა გზაზე, ეგებ, ეგრე თამამად ვეღარც შეკრა მუშტი. ხალათის დამსკდარ ნაკერავებზე თუ მოგიწევს სიარული, ჯობს, გადაყლაპო ეგ ბეჭედი. ისეთ ფხვნილს მოგცემ, რომ კუჭიდან პირველივე სურვილზე გამობრძანდება. თუმცა, არ ვიცი, უნდა დაბრუნდე?.. აჰ, ქისა გაქვს და უნდა დაბრუნდე, მაშ, არა?

– სულტნის ბაღებიდან ხვადი ვეფხვი გაიქცა. შუბლზე თეთრი ნიშანი აქვს. – ნურადინ ფრიდონი დაიქანცა განსჯათა სმენით.

ისედაც დაქანცული იყო, სიპ ქვასავით მაგარ და ცივ სკამზე იჯდა და ასე ჯდომით შვება ვერ ეპოვნა. მუხლები სტკიოდა და კოჭი ვერ მოესვენებინა.

– აბულ კასიიმ! აბულ კასიმ, სად დაიკარგე? – წაფართხუნდა ალკაზ აქიმი ბნელი კუთხისკენ, რაღაც ფარატინებს მოავლო ხელი, საჩქაროდ დაგრაგნა და თახჩაში შეყარა. – გესმის? – ჭოტი ისე გამოიჯგიმა, თითქოს ძველ დროში მოკკას ნავსადგური სჭეროდეს. – გესმის? აქედან სჩანს ბაღდადი, გარს რომ უტრიალებს ჭირის ნიავი. ბაღდადიდან კი არ სჩანს ბაღდადი. ვეფხვი რა არის, როცა ადამიანებს ცეცხლისა და სიკვდილის ნიშანი ასვიათ აი, აქ? – შუბლზე მიიკაკუნა თითი აქიმმა.

– ალაჰი გფარავდეს, – წამოდგა ნურადინ ფრიდონი. – მე ამ ვეფხვის ამბავი მაინტერესებს, – მან რუკა დააგდო მაგიდაზე. – ეს ხომ ბითლისია? გალავანს იქეთ უნახავთ ვეფხვი.

– არაფერი მსმენია, – უპასუხა ალკაზ აქიმმა.

– ყველას რაღაც სმენია ამ ვეფხვზე თერთმეტ დიდ ქალაქში, ფუნდუკებში. ქისა განახევრებულია. უნდა შეიტყო რაიმე ამ ვეფხვის შესახებ.

ალკაზ აქიმმა ქუდი წაიძრო თავიდან და კეფა მოიქექა.

– მე ქუჩები არ მიყვარს… არ მიყვარს, მზე რომ ანათებს ქვაფენილს. ათი წელიწადია ვფიქრობ, რომ დიდვეზირი ფიქრობს, ალკაზ აქიმი მკვდარიაო. ეს რომელი მთვრალი კატა ფხაკუნობს ბანზე? – და მიაყურადა. – ვიღაც დაფორთხავს, თუ… აბულ კასიმ, ახედე ერთი… მე… ხვალ მთქმელ ხალხს ვნახავ. სიფრთხილე გვმართებს. არის მანდ ვინმე ბანზე? ვინმე მპარავი, ან… აჰ არავინ? რაღაც კი დაფხაკუნობდა… ადრიდანვე

– რაღაცას… ჰმ, ვეფხვიო.

თავი მეთორმეტე

ეს სად გამოეღვიძა ასისთავ ნურადინ ფრიდონს? ჭერი უცხო ყვავილთა ხლართებით მოეხატათ, ათი-თორმეტი სანთელი ანათებდა იქაურობას და ბალიშები მეტად რბილი იყო. ნურადინ ფრიდონს მაჯები სტკიოდა და პირი თითქოს უდაბნოს ქვიშით ჰქონდა სავსე. ეს რა ჩაი მიირთო უცნაური? რა ჩაია? უთუოდ რაღაც მათრობელა თუ ეყარა შიგა – ჩაეფხვნათ იმ პირშავ ყავაბაშსა და მეორეს… ნურადინ ფრიდონმა წელზე მოივლო ხელი. – შერჩენოდა კი ხანჯალი-ჯამბია და ასისთავის დამასკური ხმალი? კენჭებით სავსე ქისაც იქა ჰქონდა. ფიჰ, მძარცველები არა ყოფილან, მაგრამ სადა ვარ?

წამოიწია და გამშრალი ენა მოისვა კიდე უფრო გამშრალ ტუჩებზე. ხის ქერქივითა ჰქონდა პირი.

შორიახლო მშვიდის იერით იჯდა საჭურისი, რომელსაც ერქვა… რაც ერქვა, იყოს იმის ზანდუკში. შავი აბრეშუმის ხალათში გამოხვეულიყო და სთვლიდა თავის გიშრის კენჭებს.

– აგრეა, როცა მუსლიმი გაილეშება ურჯულოთა სასმელით, – თქვა საჭურისმა. – მიირთვი ემანდ დადგმული მჟავე რძე, გიჯობს…

– თითქოს ჩაისა ჰგავდა, – ნურადინ ფრიდონი ერთგვარი შიშით დასწვდა ფიალას. – მგონი, რაიმე ჩამიფხვნეს და ასე წამომაქციეს… მაგრამ, განა აქ იყო ეს ამბავი, – კარგად გაწყობილი ოთახი მოათვალიერა და ბალიშიც მოსინჯა იდაყვით.

– აქ არა ყოფილა, ერთ სირაჯხანაში იყო, სადაც მპარავმა თავაზამ მიგიყვანა…

– ჰო, – მეტი აღარაფერი თქვა ნურადინ ფრიდონმა. – თავაზა სად არის?

– არ ვიცი, – საჭურისმა მარაო აიღო და ცხვირთან ააფარფატა. – ეგ არაფერშია საჭირო, ეგ მალე შეხვდება ჯალათს, იგემე რძე…

– აქ როგორ მოვხვდი?

– დაბანგულს არ გივლია ქუჩებში, მე მოგიყვანე, – უთხრა საჭურისმა. – აღარაფერი მკითხო. მევე გიამბობ. ესე არს სახლი ზანქან ზორაბაბელი სოვდაგრისა. სოვდაგარი ორმუზშია და შენა ხარ საქალებო მხარეს. პირველ ცოლს, ფათმა ხანუმს სურს ლაპარაკი შენთან. მეორე დღეა თანა ვდევთ თავაზა მპარავს და როგორც  იყო მოგიხელთეთ.  საიდან არის, რომ ამ უკეთურ კაცს აეკიდე შენ, სულტნის ასისთავი, ვეფხვის საძებრად მოსული ამ ქალაქში? განა არ იცი, რომ ასეთი ხალხი ყველა ქისას აგაჭრის ქამრიდან?

– ჰო, ვეფხვი, – წაიბურტყუნა ნურადინ ფრიდონმა. – თავად გადამეკიდა, განა მე?

– ტყუილად აჭერ კბილს კბილსა, – გაეცინა საჭურისს. – თუკი ვისმეს ტბაში გროვდება ამბის მდინარეები, ჩემი ქალბატონისა. ჩვენ ვიცით ამბავი ვეფხვისა და ჩვენ ვიცით სულტნის კაცის დახმარება. და გიპოვნია სხვა გზა? ჩემი ხანუმი მოუთმენლად მოგელოდება იქ, სადაც ჯერ უცხო კაცს არ დაუდგამს ფეხი…

რასა ფიქრობდა ნურადინ ფრიდონი?

შრიალა ფარდებს იქეთ ღამე ჩანდა. ასისთავს თავი სტკიოდა, დაბლანდულო ხის ქალაქო! ნიზამ ალ-მულქ, დიდვეზირო, გამახვიე ბაღდადურ ხელბანდში და მისროლე აქა…

– ლამაზი ბეჭედია, – ხელზე დახედა საჭურისმა. – იაფი ვერცხლისა, მაგრამ იშვიათია ამგვარი წარწერა ამსიშორეზე რომ უნახო კაცს. “სულტნის ძმა”, ვინ არის ახლა სულტნად?

ნურადინ ფრიდონი სხვას ფიქრობდა.

– სულტანთა დავალებანი უცნაურობათა რკალია, – განაგრძო საჭურისმა. – ვეფხვის ძებნა დედამიწაზე? განა ბევრს შეუძლია? არ გიფიქრია, რომ დასახლდე სადმე, სადაც წყალი ასველებს მიწის კიდეს და უცქირო, როგორ ამოდის და ჩადის მზე?

– სად არის შენი ხანუმი? – მართლაც სხვას ფიქრობდა ასისთავი და საჭურისმა უთხრა:

– მოგახსენებთ. აგე მაგ ტაშტში დაიბანე პირი…

თავი მესამე

როდესაც სინდბად ზღვათმოარული მეხუთე მოგზაურობიდან დაბრუნდა, ბაღდადში ოთხი ქარვასლა იქირავა, გარს იფნის მესერი შემოარტყა და მეჯლისი გამართა. მთელი ბაღდადი დაჰპატიჟაო, ასე გვამცნობს მისრით მისრიანელი, ანუ დაპატიჟა ყველა, ვისაც კი ორი ვერცხლის ბეჭედი ჰქონდაო. ასეთები კი ათასობით მოგროვდებოდნენ. მოელოდა სინდბად ზღვათმოარული, რომ ეწვეოდა დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი, დამწერი “სიასეთ ნამისა”, ქვეყნის მართვის ხელობათა წიგნისა.

დიდვეზირს თავის ხელით შეედგინა ეს ბრძნული წიგნი, საერთოდ კარნახი არ ჰყვარებოდა და ყოველ საჭირო სახელმწიფო საბუთს თავად დასწერდა ხოლმე, რათა მერე თავადვე დაეწვა. ის ჟამი იყო, როცა სულტანს მუნჯად წარმოედგინა თავი, რადგან როგორც კი რაიმეს თქმას დააპირებდა, წინ დაესახებოდა დიდვეზირი ნიზამ ალ მულქი და გაიფიქრებდა, ნეტავ, ეს ბრძენთაბრძენი რას იტყოდა, ამ რთულ საქმეზეო. სავარაუდო პასუხს ძნელად წარმოიდგენდა ხოლმე და ამიტომაც დადუმდებოდა.

წინა გვერდი 1 2 3 4შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button