ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ქუშაშვილთა გვარი

ქუშაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ქუშა – კაცის საკუთარი სახელია. ქუშაშვილთა გვარის ფუძეში დევს წინაპრის სახელი, ისევე როგორც ქართული გვარების უმრავლესობაში. ქუშაშვილი ერთძირიანი გვარია ანუ ყველა ქუშაშვილი ერთი წინაპრის შთამომავალი და ერთმანეთის ნათესავია. ერთძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც ერთი უნდა ჰქონდეს. ქუშაშვილთა გვარის დაბადების ადგილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, თერგის ხეობა, ხევი.

სოციალური მდგომარეობით მოხევე ქუშაშვილები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ქუშაშვილები ადრე ზედგინიძეები ყოფილან: “ჩუენი გორი ჯავახეთის ახალქალაქჩიგით არიან გადმოსულები. ძირით ჩუენ ზედგინიძეები ვართ… მამრე ჩუენი გორი გაწყდა, ეხლა ჩუენ ქუშაშვილებზე მოვდივართ”. ამ გადმოცემის მიხედვით, ქუშაშვილთა წინაპარი ზედგინიძე ჯავახეთიდან გადასულა ხევში, მაგრამ მოხევეებმა იციან მეორე გადმოცემაც, რომლის მიხედვითაც სამი ძმა ზეგინიძე დასავლეთ საქართველოდან ყოფილა და არა ჯავახეთიდან. ამ სამი ძმიდან ორი ხევის სოფელ ყანობში დასახლებულა, მესამე კი სათარგმნოში გადასულა. ორი ძმისგან ყანობში ვარდიშვილების და კურკუმულების გვარები წარმოშობილა, მესამე ძმისგან კი ქუშაშვილები მოდიან. შემდგომში ვარდიშვილების გვარს გამოეყო ჭიალაშვილების გვარი, ხოლო კურკუმულების გვარიდან ზილინაშვილების გვარი განშტოვდა. არის ვარაუდი, რომ ვარდიშვილთა გვარიც კურკუმულის გვარის გვიანდელი განაყარია. ყველა შემთხვევაში მოხევე ქუშაშვილებს ენათესავებიან მოხევე კურკუმულების, ვარდიშვილების, ჭიალაშვილების და ზილინაშვილების გვარები და ყველანი ისინი ძირად ზედგინიძეები არიან.

ზედგინიძე ერთ-ერთი უძველესი აზნაურული გვარია საქართველოში. ცნობილია, რომ ზედგინიძეთა გვარიდან მომდინარეობს თავად ამილახვართა და თავად ხიდირბეგიშვილთა გვარები ქართლის სამეფოში და თავად გურამიშვილთა და თავად ტუსიშვილთა გვარები კახეთის სამეფოში.

ისევ ზეპირი გადმოცემით, ხევში დამკვიდრებულ ზედგინიძეთა ერთ შტოს მეზობელი გადამტერებული გვარი დასცემია და სრულად ამოუწყვეტია. გადარჩენილა ზედგინიძეთა ერთი ორსული რძალი, რომელიც თავდასხმის დროს მამის სახლში ყოფილა ქისტეთში, ჯაირახის ხეობაში. ქალს ბიჭი გაუჩენია. ის ბიჭი ქისტეთში გაზრდილა, დედულეთში. უკვე დავაჟკაცებული ხევში მობრუნებულა და თავისი მამა-ბიძების სისხლიც აუღია. მოხევე ქუშაშვილები იმ ბიჭზე მოდიანო.

ქუშაშვილთა წინაპრები ქუშაიშვილის გვარით იხსენიებიან 1774 წლის არაგვის ხეობის აღწერის დავთარში. იმხანად ამ გვარის ერთადერთი კომლი ცხოვრობდა ხევის სოფელ სტეფანწმინდაში: “აქავ ქუშაისშვილი ვარძუკა, ხაბაჭა, შოან და მამაი. კომლი ა, თავი დ”. ქუშაშვილთა ამ ერთი ოჯახიდან მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში 4 მეომარი გამოდიოდა.

როგორც ჩანს, ქუშაშვილთა გვარის საწყისი დროში XVIII საუკუნეზე შორს არ მიდის. ამითაც აიხსნება ამ გვარის სიმცირე ჩვენს დროში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ქუშაშვილთა გვარის მეორმები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში, არაგველთა შორის.

ამჟამად ქუშაშვილები ცხოვრობენ ისევ სტეფანწმინდაში დაახლოებით 60 კომლი და თბილისში დაახლოებით 30 კომლი. არიან მცირე რაოდენობით ჩრდილო კავკასიაშიც.

საქართველოში ქუშაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 360 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქუშაშვილთა!

მოამზადეს ალექსანდრე და ნიკოლოზ ნაზღაიძეებმა

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button