ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენი კოდორი
ღრუბლები შორი, აფრები შორი,
ახლო ხმაურობს ჩქარი კოდორი,
აგე, კოდორით აფრინდა ქორი –
ააქვს სისწრაფე… მერე როგორი!
და როდესაც ზღვას სწვდება ეს თქორი,
მსწრაფლ დადინჯდება ჩქარი კოდორი.
მირხევა მდორე, ტალღებიც მდორე
და დამშვიდების ზვირთი მეორე.
არა ამაოდ დუღდა კოდორი,
არა ამაოდ გასჭრა მთა-გორი.
იმ დროის არა ერთი და ორი
დარჩეს სიბერეს ხსოვნა-ამბორი.
მოგონებების არის ეს ტბორი:
რა ბედნიერი არის კოდორი!