კატერინა, შენები ვიპოვე გერმანიაში, წერილი გამომატანეს შენთან! – ბინაში შემოსვლისთანავე მიახარა მივლინებიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა და თავსზემოთ აწეული ფურცელი შორიდან დაანახა. ფრაუ კატერინა გაშრა. ერთხანს ასე იდგა თვალებგადმოყვლეპილი. მერე გონს მოეგო, ცოცხი და აქანდაზი კუთხეში მიყარა და მამაჩემისკენ სირბილით გაქანდა. ასეთი ფრაუ კატერინა მე არ მახსოვს, მუდამ ნელა დადიოდა, ფრთხილად. ნაბიჯს გადადგამდა და ტანს მიაყოლებდა. თითქოს თეძო ჩაიშალაო, ტანი მეტრონომივით გადაიხრებოდა ერთ მხარეს, მერე მეორე ნაბიჯს გადადგამდა და ტანიც იმ მხარეს იხრებოდა. ახლა კი, ფრაუ კატერინა გარბოდა. წინ გაშვერილი ხელებით წერილისკენ მიისწრაფვოდა. ფეხები ცალკე მირბოდნენ, ტანი ცალკე. *** ჩვენს ოჯახში ფრაუ კატერინას მოსვლა არ მახსოვს. ანდა, რანაირად უნდა მახსოვდეს, როცა მაშინ მამაჩემი ორი წლის ყოფილა. პაპაჩემს მოუყვანია უპატრონოდ დარჩენილი, მეზობლის ორივე თეძოამოვარდნილი, 7 წლის გოგონა და მამაჩემი ჩაუბარებიათ ყურადღების მისაქცევად. მერე ბიძაჩემი ნუგზარი, მერე მამიდაჩემი ტასო, მერე მე, ჩემი და-ძმა და ასე გრძელდება ტრადიცია. დაჩლახუნებს ფრაუ კატერინა მთელი დღე სახლში. ტანი მეტრონომივით იხრება ერთი მკვდარი წერტილიდან მეორე მკვდარ წერტილამდე და უკან. მზარეულიც ის არის, ძიძაც, მრეცხავიც და დამლაგებელიც. იმიტომ, რომ დედა და მამა მუშაობენ, აბა, ვიღაცამ ოჯახი ხომ უნდა არჩინოს?! ოღონდ, ფრაუ კატერინას სკოლაში არ დავყავართ, ჩვენით დავდივართ, რადგან, რაც ჩვენთან ცხოვრობს, არასდროს გასულა სახლიდან. ხშირად იმეორებს:
მეშინია, სახლში რომ არ დამხვდეთო?! – სისულელეა, მაგრამ მაგისას რას გაიგებ?!
დედაჩემი, მარია, იმ დიდი ვიურტემბერგელი კულცების შთამომავალია, შვაბიიდან წამოსულები რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ რომ დაასახლა კუკიის ტერიტორიაზეო – გვიყვება ძილის წინ ფრაუ კატერინა. – ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, პურზე რომ წავედი, – ჩაურთავს და მერე აგრძელებს – მამაჩემის, პიტერის მამა, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნია საბჭოთა ჯარს. თბილისში გაუმწესებიათ სანაპიროს მშენებლობაზე. ომის დამთავრების შემდეგ დაოჯახებულა და აქ დარჩენილა საცხოვრებლად. 46-ში გაუსამართლებიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ. იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნებულა. ცოლი და ერთი წლის მამაჩემი დარჩენია თბილისში.
მამაჩემმა, მამის პატივსაცემად გერმანელი ქალი – დედაჩემი შეირთო ცოლად და ვერაზე, ამ სახლის პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში დასახლდნენ.
მალე მე გავჩნდი, – მე რა გასაჩენი ვიყავი?! პურზე რომ წავედი, იმისი ბრალია ყველაფერი! – მერე ერნა დაიბადა, ბოლოს კარლი. დედა გერმანულად გვზრდიდა. ბევრს გვიყვებოდა ისტორიულ სამშობლოზე, გერმანიის ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე – ვიურტემბერგზე და მის დედაქალაქ შტუტგარტზე. ოცნებობდა ოჯახით იქ დაბრუნებაზე. მეც ვოცნებობდი, ძილში მესიზმრებოდა მე და დედა როგორ დავსეირნობდით შტუტგარტის ქუჩებში. მე აღარ ვკოჭლობდი, რადგან გერმანიაში ამოვარდნილ მენჯებს, თურმე, სულ ადვილად სვამენ, ერთი ოპერაციით. ჩემი ბრალია ყველაფერი! – გვიყვება ძილის წინ ფრაუ კატერინა და თვალებიდან ცრემლებს იწმენდს. ადრე, რომ გვიყვებოდა ცრემლები არ მოსდიოდა, ახლა ხშირად ტირის. სულ უბრალო რამეზე სლუკუნს იწყებს. – ალბათ როგორ განიცდიან ჩემი მშობლებიო! – გაიხსენებს და ტირილს იწყებს. – დაგვიბერდა კატერინაო, – იცინის მამაჩემი.
მერე “პერესტროიკა” დაიწყო და საზღვრები გაიხსნა. მშობლებმა მთელი ოჯახის ვიზა აიღეს, ბინა გავყიდეთ, იმ ფულით თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდეთ და წასასვლელად მოვემზადეთ, საღამოს რეისით უნდა გავფრენილიყავით თბილისიდან მოსკოვში იქიდან კი, ბონში. გამგზავრების წინ პურის საყიდლად გამგზავნეს, კარლი პატრა იყო, შეიძლება გზაში მოშიებოდა. პურის მოსატანად მუდამ მე დავდიოდი. სანამ ჩლახაჩლუხით პურის მაღაზიაში მივედი, რიგში ჩავდექი, პური ვიყიდე და უკან დავბრუნდი, ჩემები წასულები დამხვდნენ. ჩემი ბრალია, ძალიან დავიგვიანე. სირბილით უნდა მევლო და მოვუსწრებდი. რა ექნათ, მელოდნენ და წავიდნენ, აბა ვიზებს ხომ არ გააფუჭებდნენ?! თურმე ბევრი უნერვიულიათ, დედა არ მიდიოდა, – ჩემი კატერინას გარეშე არ წავალო! მაგრამ მამაჩემს უთქვამს – მალე დავბრუნდებით და წავიყვანთო! – ჩამოვლენ და წამიყვანენ, აი, ნახავთ, თუ არ წამიყვანენ. ეტყობა აქ ჩამოსასვლელი ფული არ აქვთ. იშოვნიან და ჩამოვლენ, აი, ნახავთ! – გვიყვება ფრაუ კატერინა და ტირის, მოთქმით ტირის, ეტყობა, მართლა დაგვიბერდა ფრაუ კატერინა.
***
კატერინამ წერილი აკანკალებული ხელით გამოართვა. იცნო დედის ხელწერა, გერმანულად სწერდა: “Liebe Katerina, Ich schreibe dir aus Deutschland, Stuttgart. Dein Familienhaupt hat mir über dich alles erzählt. Ich und dein Vater wohnen getrennt. Erna wohnt in Dresden und hat zwei Kinder. Karl hat geheiratet und ist nach Hamburg umgezogen. Es tut mir leid, dass ich dich dort gelassen habe. Du warst zum grossen Last für die Familie. Es freut mich, dass es dir gut geht. Maria Kulz.”
(კატერინა, გწერ გერმანიიდან, შტუტგარტიდან. შენ შესახებ შენი ოჯახის უფროსმა ყველაფერი მიამბო. მე და მამაშენი ცალკე ვცხოვრობთ. ერნა დრეზდენშია, ორი შვილი ჰყავს. კარლმა ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ჰამბურგში გადავიდა.
მაპატიე, რომ დაგტოვე. გერმანიაში შენ დიდი ტვირთი იქნებოდი ოჯახისთვის. მიხარია, რომ კარგად ხარ. მარია კულცი.)
***
საღამოს სასწაული მოხდა – ფრაუ კატერინამ ჩანთა აიღო და პურის საყიდლად წავიდა.
არდაშელ თაქთირიძე