არდაშელ თაქთირიძის ეს მოთხრობა, რომელსაც საინტერესო და გართულებული არქიტექტონიკის გამო შეიძლება მიკრორომანიც ეწოდოს, წარმოადგენს თანამედროვე პროზის უაღრესად საინტერესო ნიმუშს, რომელშიც დაახლოებით ისე, როგორც ეს გვინახავს „ფიქციების“ ავტორის, დიდი ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში, ერთმანეთანაა შერწყმული ტყუილი და მართალი, გამონაგონი და სინამდვილე, მხატვრული პერსონაჟები და რეალური ისტორიული პირები, ისტორია და ფსევდოისტორია, ზედმიწევნით ზუსტი დოკუმენტალისტიკა და უკიდეგანო ფანტაზიისა და მაღალი ოსტატობის ბელეტრისტიკა. ყველაფერი ეს დაწერილია ხაზგასმით სადა, მაგრამ მდიდარი ლექსიკით, ნათელი სტილით, მშვიდი და აუღელვებელი ტონით, მეტაფორებისა და მსგავსი მხატვრული არსენალის ზედმეტი გამოყენების გარეშე, რაც ნაწერს დოკუმენტალურობის ელფერს აძლევს.
მოთხრობა იწყება მეცხრამეტე საუკუნის გაზეთის ქრონიკით უამინდობისა და მტკვრის მიერ დროგის წაღების თაობაზე. საგაზეთო მასალას — ამ პირველ პრელუდიას მოჰყვება მეორე, ეს უკვე წერილია, რომელიც არქეოლოგ კუპრაშვილს მიუწერია „არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოების თავს-მჯდომარისთვის“, ბატონი დიმიტრი ბაქრაძისთვის. წერილიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ იღბლიან არქოლოგს არმაზში სამარხისთვის მიუგნია, რომელშიც ადამიანის ჩონჩხის გარდა თხელი ტყავის გრაგნილი აღმოუჩენია, ეს უკანასკნელი კი უძველეს მანუსკრიტს შეიცავს.
მხატვრული ძეგლისთის უჩვეულო ტექსტების შემდეგ (საგაზეთო ქრონიკა, ოფიციალური წერილი) ჩვენს წინაშეა მესამე უვერტიურა, ამჟამად, ელექტრონული წერილი, მიწერილი არსებული ელექტრონული მისამართიდან ასევე არსებულ ელექტრონულ მისამართზე. ამ წერილიდან ირკვევა ჩვენთვის უკვე ცნობილი ეტრატის შემდგომი ისტორია, საქმეში ჩნდება ვინმე ლოთი, მაგრამ პასუხისმგებლიანი გერმანელი, რომელსაც მევალისთვის კომპენსაციის სახით სწორედ ის ცნობილი მანუსკრიპტი დაუტოვებია. თხრობაში შემოდის რეალური და კარგად ცნობილი ისტორიული პირიც, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ცნობილი ბიბლიოფილი ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც აქ წერილის ავტორის ბიძაშვილადაა მოხსენიებული. ელექტრონული წერილის ადრესატი, არდაშელ თაქთირიძე მანუსკრიპტის მასალების საფუძველზე იწყებს ისტორიული რომანის წერას…
როგორც ვხედავთ, მოთხრობის პირველსავე გვერდებზე სულ ცოტა ოთხი დისკურსი მეზობლობს ერთმანეთთან, რაც თხრობას არნახულ დინამიკურობას ანიჭებს. ავტორი აშკარად საკმარისად არ მიიჩნევს ასეთ პროზაულ მრავალფეროვნებას და ამ სხვადასხვა სტილს ახლა მოწმეთა დაკითხვის ოქმები ემატება. მანუსკრიპტის ისტორია კი მდიდრდება. 2000 წლის ამ ხელნაწერის ხელში ჩასაგდებად ვიღაცას კაცი მოუკლავს. საქმეს იძიებენ…
როგორც ვხედავთ, ერთ მოთხრობაში ჩვენ გვაქვს, დოკუმენტური თხრობა, ეპისტოლარული ჟანრი, საკანცელარიო ენა, დეტექტივი თავისი დაკითხვის ოქმებით, დღევანდელი დღე და ელექტრონული მიმოწერა, ისტორიული რომანი; მკითხველი მოგზაურობს დროში: აქაა მეცხრამეტე საუკუნე, ოცდამეერთე საუკუნე და, რაც მთავარია, ჩვ.წ. მეორე საუკუნე, ფარსმან ქველი და მისი სტუმრობა რომში.
ესაა თავბრუდამხვევი, საოცარი თავგადასავალი მანუსკრიპტისა, რომელიც ინახავს კიდევ უფრო საოცარ ამბებს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. მკითხველი მწერალს მახვირგონივრულ მახეში ჰყავს მომწყვდეული და ისიც მიჰყვება ისტორიას, რომელიც იყო და არ იყო.
არდაშელ თაქთირიძის „მანუსკრიპტი“ ჩვენი ახალი მწერლობის სერიოზული შენაძენია.
ლევან ბერძენიშვილი
მცხეთიდამ შემდეგს ამბავსა გვწერენ: მცხეთა-კასპის ფოსტის გზის მონაკვეთზედ, არმაზისხევთან, მოულოდნელად მოვარდნილ დიდი ოდენობით წყალს გზის ეს მონაკვეთი დაუფარავს და რკინის გზის ლიანდაგებისთვისაც ძირი გამოუთხრია. შედეგად დღე-ნახევარი შეფერხებული იყო ფოთი-ტფილისის ვაგონების მოძრაობა. ფოსტის გზიდამ წყალს გაუტაცნია დროგი. მედროგეს უმარჯვნია და გადმომხტარა, დროგი და ცხენები კი წყალს მტკვარში ჩაუტანია.
აღნიშნული გამოუწვევია რამდენიმედღიან გადაუღებელ წვიმასა, რომელმაც ჩამოშალა არმაზის მთის დასავლეთი კალთა და მიწით ამოავსო არმაზის ხევი, რამაც დააგუბა არმაზისხევის ღელე და გადმოხეთქილმა წყალმა შეაფერხა ვაგონების მიმოსვლა და იმსხვერპლა მედროგის ცხენებიცა.
გაზეთი “დროება“ 1880 წლის 12 ივნისი, ხუთშაბათი. #122
კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოების თავს–მჯდომარეს ბატონ დიმიტრი ბაქრაძეს:
პატივცემულო დრიმიტრი ზახარიჩ, გწერთ ქალაქ ტფილისის მოქალაქე ანტონ სილიბისტროს-ძე კუპრაშვილი.
წლეულს, მაისის თვეში ტფილისის ღუბერნიის დუშეთის მაზრაში, და ზუსტად, არმაზისხევში დავიწყე არხეოლოგიური გათხრების წარმოება საკუთარი ძალებითა იმ მიზნებითა, რომ მივაგნებდი და დავამტკიცებდი ნამარხი ქალაქის არმაზის ადგილის არსებობასა(ადრეც მოგახსენებდით და ვითხოვდი გათხრებისთვის ფულის გამოყოფას).
ამ თვის 5–ს წერაქვი შეეხო უძველესი სამარხის სახურავის ქვასა. სამარხი წარმოადგენს სიგრძით სამ არშინს, სიგანით ერთ არშინს და სიმაღლით ათ ვერშოკს ქვისაგან გამოთლილ კუბოსა. ძალაყინებით გადავწიეთ სახურავის ქვა ისე, რომ სამარხის დათვალიერება შემძლებოდა.
სამარხში ესვენა დაახლოებით ორარშინ-ნახევარი სიგრძის ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც გვერდით ედო დაახლოებით არშინ-ნახევარი სიგრძისა და ნახევარი არშინი სიგანის თხელი ტყავის გრაგნილი აჭრელებული გაურკვეველი ასოებითა. ეს გრაგნილი წამოვიღე სახლში და ჩავკეტე კაბინეტში, ჩემს პირად სეკრეტერში.
ვფიქრობ, რომ გრაგნილში მოთხრობილია იბერიის ისტორია ქრისტიანობამდე და წარმოადგენს ფასდაუდებელ დოკუმენტს.
ამჯერად გთხოვთ, მომცეთ ფული(1000 მანეთი) გათხრების წარმოებისთვისა.
ანტონ სილიბისტროს-ძე კუპრაშვილი 1880 წლის 6 ივნისი
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ სწორედ თქვენთვის უნდა მომემართა. გთხოვთ წაიკითხოთ, თუ დაინტერესდებით, მომწერეთ და თხრობას გავაგრძელებ. თუ არა და, რა გაეწყობა, როგორმე გადავიტან, თქვენ იყავით კარგად!
XIX საუკუნის ბოლოს, ჩემს პაპის პაპას, თუ იმის მამას, თბილისში, ალექსანდერდორფზე, ახლანდელ დიდუბის ტერიტორიაზე, დუქანი ჰქონია გახსნილი. იმხანად მანდ გერმანელების დასახლება ყოფილა და იმ დუქანში საღამოობით ერთმანეთთან სალაზღანდაროდ კაცები იყრიდნენ თავს. ერთი გერმანელი ყოფილა, რომელსაც დუქნის პირდაპირ უცხოვრია ქუჩის მეორე მხარეს. ეს გერმანელი ხშირად შედიოდა დუქანში და არაყს ითხოვდა. ხან ჰქონდა ფული, უფრო ხშირად კი, ნისიაზე სვამდა. ისე, პატიოსანი კაცი ყოფილა, ვალს ყოველთვის აბრუნებდა, მაგრამ მერე ძალიან გაჭირვებია, ვალის დაფარვა ვეღარ შეძლო. ეტყობა, სხვებთანაც იმდენი ვალი დაუგროვდა, რომ უჩივლეს, მთელი ქონება აღუწერეს და “ტორგში” გაუყიდეს. მედუქნეს ვალის
დაბრუნებაზე ხელი ჰქონია ჩაქნეული, რომ ის გერმანელი მისდგომია:
- ჩემი ქონებიდან ეს გადავარჩინე და აჰა, ვალში დაიტოვეო! – დახვეული გრაგნილი დახლზე დაუდია და წასულა.
გრაგნილი წარმოადგენდა ძველისძველ ეტრატს – ერთმანეთზე გადაკერებულ, სპეციალურად დამუშავებულ ხბოს ტყავს, რომელიც ხელით დაწერილი, გაუგებარი ნიშნებით იყო აჭრელებული. იმ ჩემს მედუქნე წინაპარს ამ ეტრატის ვერაფერი გაუგია და ჩუღურეთში, თავისი სახლის სხვენზე შეუგდია.
ახალი სახლის ასაშენებლად მამაპაპურის დანგრევა რომ დავიწყეთ, ეს ეტრატი მაშინ ვიპოვე სხვენში დაგდებული. ჩამოვიღე, მტვერი გადავაცალე და ლევანს ვაჩვენე, ჩემს ბიძაშვილს, წიგნის ჭიაა, იქნებ რამე გაუგოს-მეთქი. - სავარაუდოდ, ეს მანუსკრიპტი, სადღაც, 2000 წლისაა, ძველაღმოსავლურ დამწერლობას ჰგავს. ხედავ, ზედა კუთხეში ჩამავალი მზის ქვეშ ადამიანის გამოსახულებაა. ეს მიცვალებულის აღნიშვნაა, ალბათ, საფლავში იყო ჩაყოლებული. ამან გადაარჩინა განადგურებას, თორემ ქრისტიანობის შემოსვლისას ყველაფერი წარმართული ცეცხლს მისცესო – აზრი გამოთქვა ლევანმა.
მაშინვე წავედით ბუბასთან, ლევანის მეგობართან, ძველაღმოსავლური ენების ახალგაზრდა სპეციალისტთან. დამწერლობა არმაზული აღმოჩნდა, რომელიც არამეულ ენაზე მოგვითხრობს იბერიის სახელმწიფოს ცხოვრებას II საუკუნეში. საკვირველია, როგორ მოხვდა გერმანელი ლოთის ხელში?!
ბატონო არდაშელ, გიგზავნით პირველი ნაწილის თარგმანს. იმედი მაქვს, თქვენებურად ხორცს შეასხამთ და გააცოცხლებთ 2000 წლის წინანდელ ისტორიას.
პასუხის მოლოდინში, თქვენი ერთგული მკითხველი, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
ძალიან დამაინტერესა თქვენმა წერილმა. ის კი არა, უკვე ჩავუჯექი და პირველი თავი დავწერე. კარგი იქნება, ტექსტს ნაწილ-ნაწილ კი არა, მთლიანად თუ გადმომიგზავნით. ფინალი თუ მეცოდინება, უფრო გამიადვილდება წერა. გიგზავნით პირველი თავის ჩემეულ ვერსიას. თუ რამე არ მოგეწონებათ, მომწერეთ.
“მხცე ასფაგურ, მთავარმა ქურუმმა უზენაესის ღვთაების არმაზისა, ჟამთააღმწერელმა იბერიის მეფისა ფარსმან ქველისა, და შემდგომად შვილისა მისისა ადამისა და ცოლისა მისისა ღადანისა, დავჯექ თხრობად ამბისა ყოვლად ღირსშესანიშნავისა.”
თავი I – რომი
ფაზისიდან გამოსულები მეოთხე თვეა ღია ზღვაში მივცურავთ. გავიარეთ პონტოს ზღვა, შემდეგ ძროხის რქის სრუტე, პროპონტიდის ზღვა, გელესპონტის სრუტე, ეგეოსის ზღვა, ახლა კი, ნოსტრუმის ზღვაში რომისკენ გვაქვს გეზი აღებული.
ერთი-ორი, ერთი-ორი, რიტმულად უბაგუნებს ხის უროს, უშველებელ, გამოფუღრულ მორზე გადაკრულ კამეჩის ტყავს წელზევით შიშველი ზედამხედველი და თან ყურადღებით ათვალიერებს გემის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ, მზისგან გარუჯულ, ორმოცდაათიოდე დაკუნთულ ნიჩბოსან მონას. რა ჯიშის და რჯულის ხალხს არ შეხვდები აქ – პართიელებს, ალბანელებს, კაპადოკიელებს, ბერძნებს, სომხებს, ჰურიებს, ალანებს, მიდიელებს… დანარჩენები გემის უკანა ნაწილში არიან ჩაკეტილები და ელოდებიან თავიანთ რიგს, რომ დაღლილი ნიჩბოსნები ჩაანაცვლონ, სანამ ქარი ისევ წამოუქროლებს, იალქნებს დაბერავს და სტიქიის ძალით მიაწვება გემს.
უკვე მესამე დღეა, ნიავი არ იძვრის, იალქნები თაკარა მზის ქვეშ გასაშრობად გაფენილი სარეცხივითაა ჩამოკიდებული. ჰაერი კი ისეა წყლით გაჯერებული, რომ სუნთქვის დროს ფილტვებამდე ვერ აღწევს. ხალხი გემბანზე გამოშლილა, მარჯვნივ ჰორიზონტს გასცქერიან. გემის მარჯვენა ბორტის მოაჯირს იდაყვით დაყრდნობილი მეფე ფარსმანი ფიქრებში ჩაძირული გაჰყურებს სივრცეს. ტანად მაღალს, ოქროს სირმებით გაწყობილი ლურჯი ტოგა კოჭებამდე უფარავს სხეულს. ყელთან ლალისთვლიანი ფიბულათი დამაგრებული ცისფერი ქიტონის ბოლო მარცხენა ხელის მაჯაზე აქვს გადადებული. სქელი წარბების ქვეშ შეფარულ დიდრონ, შავ თვალებს ფარნავაზიანთა დამახასიათებელი, გამოკვეთილი ყვრიმალები შესდგომია ბუდედ. შუბლიდან დაშვებული კეხიანი ცხვირი გოროზი კაცის იერს აძლევს მზისგან გარუჯულ პირისახეს. უხეში წვერი მკერდზე ეფინება. უკან გადაწეული ჭაღარა თმა კეფაზე აქვს შეკრული. გვერდს ცოლი უმშვენებს, ღადანა, პართიელი დიდგვაროვანი, არშაკიდების უმცროსი შტოს – არშაკუნიანების შთამომავალი, სომეხთა მეფის – არტუვაზის ძმისშვილი. მარჯვნიდან მეფისწულები ადამი და ამაზასპი ამოსდგომიან მამას. ცდილობენ მიბაძონ, მისი მოძრაობები გაიმეორონ, მაგრამ ცმუკავენ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ. ჯერ ახალგაზრდები არიან, ამაზასპი 13 წლისაა, ადამი 10- ის, სისხლი უდუღთ. მეფის ოჯახის უკან თავი მოუყრიათ დიდებულებს. აქ შეხვდებით: ქართლის პიტიახშს ბუზმიჰრს თავისი მეუღლით ჰამასასპუხით, რომელიც მეფე მირდატმა თავის მაგივრად გამოგზავნა; ხუნანის პიტიახშს და ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარს აგრიპას შვილით, იოდმანგანით; ზევახ მცირეს, პიტიახშს სამცხისას, მეუღლით კარპაკით და ქალიშვილით, მშვენიერი სერაფიტათი. კიდევ, მსახურები მიდი-მოდიან გემბანზე. თავიანთ ბატონებს უჩრდილავენ მზისგან დასაცავად, ზოგიც წყალს სთავაზობს დიდებულებს.
ჰორიზონტს გასცქერის მეფე. მალე მდინარე ტიბრის შესართავი უნდა გამოჩნდეს. მერე კი, მარადიული ქალაქი. როგორ მიიღებს რომი, რას შესთავაზებს მეგობრობის სანაცვლოდ? თვით რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა მიიწვია რომში ოჯახით, მეგობრულად. არა როგორც ვასალი, არამედ მეგობარი, თანატოლმა თანატოლი. რამდენი რამ გადახდა, აქამდე რომ მოსულიყო.
რომსა და პართიას შორის მშვიდობა რომ დამყარდა და ზავი დაიდო, რომლის თანახმად იბერია, სომხეთი, ეგრისი, კაპადოკია და პონტოს ზღვის სანაპირო ზოლზე მცხოვრები ტომები რომს დაემორჩილნენ, ხოლო ალბანეთი (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) და კასპიის ზღვის მიმდებარე სახელმწიფოები – პართიას, რომსა და პართიას შორის სავაჭრო გზა იბერიაზე გავიდა. იგრძნო 24 წლის ფარსმანმა, რომ დადგა დრო იბერიის დამოუკიდებლობისა და პირველი, რაც გააკეთა, შეკრიბა ჯარი, შევიდა ალბანეთში და დაიმორჩილა. ატეხა ერთი ამბავი პართიის მაშინდელმა მეფემ ვოლოგეზ II-მ, ელჩები აფრინა რომში ფარსმანზე საჩივრებით. მაშინ რომის იმპერატორი ადრიანე იყო. ჰუმანურობითა და სიკეთით ცნობილი ადრიანე ასევე ცნობილი იყო ამპარტავნებით, თავის ბიოგრაფიას თვითონ წერდა და სხვებს აქვეყნებინებდა. “რომის ძლიერებისთვის ალბანეთი დავიპყარი და ტერიტორია დამიმტკიცეო!” – უსტარი გაუგზავნა ადრიანეს ფარსმანმა. “ეგ პართიის ტერიტორიაა, სასწრაფოდ უკან დაუბრუნეო!” – უპასუხა ადრიანემ. ეგრე არ უნდაო, ადგა ფარსმანი და სომხეთში შევიდა. სომხეთის მეფეს, არტუვაზს, ფარსმან მეფის ცოლის ბიძას, მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა რომაელები. ამიტომ, სიძის შესვლას სიხარულით შეხვდა და სომხეთი იბერიის ვასალად გამოაცხადა. გადაირია ადრიანე, სულ ცოფები ყარა. კაპადოკიას ჩამოვიდა და რომის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფოთა მეფეები თავისთან დაიბარა. ფარსმანს შესარიგებლად დიდი ოდენობით ძღვენი, 50 ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გაუგზავნა და თავისთან ხლება მოსთხოვა. ფარსმანმა ელჩები პატივით მიიღო, მოუსმინა, ადრიანესთან ძღვენი გაატანა, მაგრამ მისი თხოვნა უპასუხოდ დატოვა.
კრებას რომს დაქვემდებარებული ყველა სახელმწიფოს მეფე ესწრებოდა, იბერიის, სომხეთის და ალბანეთის მეფეების გარდა. აქვე იყვნენ პართიის ელჩები. გამოვიდა, რომ რომი იბერიას მეგობრობას ეხვეწებოდა, იბერია კი უარზე იყო. ამან გააცოფა ადრიანე. რომში ჩასულმა არენაზე ბრძოლა მოაწყო, ფარსმანის გაგზავნილი ოქრომკედით ნაქარგი მოსასხამები 300 დამნაშავეს ჩააცვა და აომა. ამან ფარსმანი ძალზედ გაანაწყენა.
რომსა და იბერიას შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა, რამაც ფარსმანს დამოუკიდებლობის გზაზე ხელ-ფეხი გაუხსნა. დამოუკიდებლობისთვის იბერიას ზღვაზე გასასვლელი სჭირდებოდა, ამიტომ დაიპყრო პონტოს ზღვის სანაპირო ზოლზე დასახლებული ძირდიტების ტომი, რომელიც მანამდე რომს ემორჩილებოდა და მათ იბერიის უზენაესობა აღიარებინა. ფარსმანი მოელაპარაკა ჩრდილოეთით მცხოვრებ ალანებს, გადმოსასვლელები გაუხსნა მათ და რომის მფლობელობაში მყოფ სახელმწიფოებს შეუსია. ომმა დიდი მასშტაბები მიიღო. ჩაერთო პართია, კაპადოკია, მიდია და სომხეთი. პართიის მეფემ საჩუქრებით მოისყიდა ალანები. კაპადოკიის რომაელმა მმართველმა ფლავიუს არიანემ კი საბრძოლო მზადება გამოაცხადა. ამ დროისთვის დამოუკიდებელი იბერიის სახელმწიფო პონტოს ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული. მის შემადგენლობაში შედიოდა: მთლად იბერია, ალბანეთი, სომხეთი, ტაო-კლარჯეთი და პონტოს ზღვის სანაპირო ზოლი. იბერიის მეფე ფარსმან II-ს, ჭკუისა და მამაცობისთვის, ხალხმა ფარსმან ქველი უწოდა.
890 წელს რომის დაარსებიდან (ჩვ. წ. 138 წელს) იმპერატორი ადრიანე გარდაიცვალა. მის მაგივრად ტახტზე ავიდა ანტონინუს პიუსი, რომელმაც ფარსმანს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა და ოჯახით რომში დაპატიჟა. ფარსმანმა მიიღო მიწვევა.
და აი, მივადექით მდინარე ტიბრის შესართავს. ტიბრს მივუყვებით რომამდე. ანტონინუს პიუსის გამოგზავნილი ორი ტრირემა მიგვაცილებს. მდინარის ორივე მხარეს ხალხი გამოშლილა და გვესალმება. ხიდის თაღის ქვეშ გავიარეთ. ხიდზე შეგროვილი ხალხი ყვავილებს გვაყრის. ზეიმობს რომი იბერიის მეფის სტუმრობას.
გემი ნავსადგურში მივაყენეთ და ნაპირზე გადმოვედით. მსახურებმა ცხენები მოგვგვარეს. შევსხედით ცხენებზე და გამცილებლებს გავყევით იმპერატორის სასახლემდე.
დიდებული ქალაქია რომი, თაღოვანი და გუმბათოვანი ნაგებობები სჭარბობს ტრადიციულს. შენობები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. ქანდაკებებიან სვეტებს მივუყვებით. – “ეს ქალღმერთ ვენერას ტაძარია. მარცხნივ, ზემოთ რომ მოსჩანს, კაპიტოლიუმია, მაგ ბორცვზე დგას რომაელთა უზენაესი ღვთაების – იუპიტერის ტაძარი. მარჯვნივ კოლისეუმია, დიდი არენა. წელიწადში ორჯერ მანდ იმართება სანახაობები. ერთ კვირაში შემოდგომის სანახაობა იწყებაო.” – გვიხსნის გამცილებელი.
იმპერატორის სასახლეს მივადექით, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთვისაა გამოყოფილი. გამცილებლებმა სასტუმრო ოთახებში დაგვაბინავეს და იმპერატორ ანტონინუს პიუსთან შესახვედრად საღამოსთვის სასტუმრო დარბაზში მისვლა შემოგვთავაზეს.
უშველებელი დარბაზის მთელ სიგრძეზე სუფრაა გაშლილი. დაბალ მაგიდასთან ტახტები მიუდგამთ. უხვად დალაგებულ საჭმლის ლანგრებს შორის განიერი ღვინის თასებია ჩალაგებული. მხედრულ სამოსში გამოწყობილი იმპერატორი დარბაზის შესასვლელთან შეგვეგება და მეფე ფარსმანს ძმურად გადაეხვია. არ ველოდით ასეთ დახვედრას. სუფრას მივუსხედით. იმპერატორი სუფრის ერთ თავში ტახტზეა მიწოლილი. გვერდს მეუღლე ფაუსტინა უმშვენებს. მეორე მხრიდან შვილობილი – მარკუს ავრელიუსი და ნაძმევი (მამამისის, ადრიანეს ნაშვილები) – ლუციუს ავრელიუსი მიწოლილან. ლუციუს ავრელიუსს მხრებზე ვეფხვის ბეწვი აქვს მოსხმული, რომლის ერთმანეთზე გადანასკვული თათები მკერდზე აქვს ჩამოგდებული. სუფრის მეორე თავში ფარსმან ქველი ზის. გვერდით დედოფალი ღადანა უზის. მეორე მხარეს ეზოსმოძღვარი აგრიპა, შემდეგ პიტიახშები ბუზმიხრი და ზევახი მეუღლეებით.
ანტონინუს პიუსი წამოიწია. მაღალს და გამხდარს რაღაც არაბუნებრივად უჭირავს ტანი, თითქოს წინ ვარდება, მაგრამ რაღაც ძალა აკავებსო სხეულს. სასმისი ღვინის თასში ამოავლო და მაღლა ასწია. ყველა დაიძაბა, ამ სუფრაზე წყდება იბერიის ბედი. - ამით რომის ძლიერებას გაუმარჯოსო! – შესვა ღვინო იმპერატორმა. ყველამ გაიმეორა სადღეგრძელო.
- ამით კიდევ, იბერიის ძლიერებას გაუმარჯოსო! – შესვა მეორე სასმისი იმპერატორმა. ეს სადღეგრძელო იბერიის დამოუკიდებლობის აღიარებას მიანიშნებს. ყველა მოეშვა, დაძაბულობა გაქრა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ მხიარულებამ და ხუმრობამ იმატა. ჩემდა გასაოცრად, ფარსმან მეფეს ბრწყინვალედ სცოდნია რომაული, თარჯიმნის გარეშე ესაუბრება ანტონინუს პიუსს. იმპერატორმა ფარსმან მეფე ღვინის სმაში გამოიწვია. ლუციუს ავრელიუსმა აგრიპა, ხოლო ახალგაზრდა მარკუს ავრელიუსთან შეჭიდება, რადგან ფარსმანის შვილები – ადამი და ამაზასპი ჯერ პატარები არიან, იოდმანგანმა ითავა.
უკვე ერთი კვირაა, რაც რომში ვართ. დამღალა ყოველდღე ღრეობამ. მიკვირს, როდის აკეთებენ რომაელები საქმეს?! დღეს კაპიტოლიუმზე მივდივართ. ეს ყველაზე პატარა ბორცვია იმ შვიდ ბორცვს შორის, რომელზეც რომია გაშენებული. ამ ბორცვზე დგას იუპიტერის დიდებული ტაძარი სვეტებიანი კოლონადით. მე, ასფაგურმა, არმაზის ღვთაების მთავარმა ქურუმმა, ამ ტაძარში უნდა ჩავატარო მსხვერპლშეწირვა. პირველი შემთხვევაა, არარომაელი მეფე მსხვერპლს სწირავს იუპიტერის ღვთაებას. ეს ნიშნავს, რომ არმაზი ვიღაც ბარბაროსების კერპი კი არ არის, არამედ იუპიტერთან გათანაბრებული ღვთაებაა.
წინ ყვავილებით და ოქრო-ვერცხლით შემკული თეთრი ხარი მიგვიძღვის. ის უნდა შეეწიროს იუპიტერს არმაზის სახელით. ტაძარში, სამსხვერპლოზე, ხარი წამოვაქციეთ და ყელი გამოვჭერით. სისხლი სადინარში მივუშვი ფარსმან ქველისა და მისი ოჯახის შესავედრებლად. ერთ ლანგარზე დავდე გული შესავედრებლად იბერიის ძლიერებისა და მეორე ლანგარზედ ცოცარ- კოკორი შესავედრებლად ნაყოფიერებისა.
ორ დღეში კოლისეუმში შემოდგომის სანახაობები იწყება. სანახაობები იხსნება სამხედრო აღლუმით, რომელშიც ჩვენი კოჰორტაც იღებს მონაწილეობას. ახლა წვრთნებს გადიან.
აღლუმს ანტონინუს პიუსი და ფარსმან მეფე, ტრიბუნაზე გვერდიგვერდ მსხდომნი, ერთად იბარენენ.
იმპერატორის თხოვნით კიდევ ორი კვირა დავრჩით რომში. წამოსვლისას ანტონინუს პიუსმა თავისი ამალით გამოგვაცილა. გზად მარსის მოედანზე გამოვიარეთ. მოედანზე, ზედ ომის ღმერთის – მარსის ტაძრის წინ, ცხენზე ამხედრებული, ხმალშემართული ფარსმან ქველის ბრინჯაოს ქანდაკება შემოგვეგება.
ახლა სამშობლოში ვბრუნდებით. თან მოგვყვება შთაბეჭდილებები, იმედი და, რაც მთავარია, მოგვაქვს სიგელი, რომლის მიხედვითაც რომმა სცნო იბერიის უფლებები კავკასიაში, დაუმტკიცა ვასალ სახელმწიფოებად სომხეთი და ალბანეთი და დაიდო სამუდამო მეგობრობის პირობა.
…მოხდა ეს 894 წელს რომის დაარსებიდან (ჩვ. წ. 142 წელს).
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
მესმის თქვენი წადილი, რომ უფრო გაგიადვილდებათ წერა თუ მანუსკრიპტის მთლიანი შინაარსი გეცოდინებათ, მაგრამ ტექსტი ძველ არამეულ ენაზეა დაწერილი, რომლის გადათარგმნა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ გადმოგიგზავნით იმას, რასაც ბუბა მომაწვდის.
რაც შეეხება პირველ თავს, პრინციპში კარგია, მაგრამ ისტორია, რა უძღოდა წინ ფარსმანის რომში ჩასვლას, ცოტა დამღლელია. და კიდევ, მითითებულია გაურკვეველი წელთაღრიცხვის თარიღები. მკითხველი ვერ გაერკვევა, რომელ საუკუნეში ხდება მოქმედება.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
რა გაეწყობა, თუ მთარგმნელი ასე ნელა თარგმნის, მაშინ ნაწილ-ნაწილ გადმომიგზავნეთ. მე არ დაველოდები და გავაგრძელებ წერას.
მინდოდა წელთაღრიცხვაზე მეკითხა, თქვენ დამასწარით. წლები მოცემულია რომის დაარსებიდან. იქნებ იმ თქვენს ბიძაშვილს ჰკითხოთ, გაგვარკვიოს ეს რა წელთაღრიცხვაა? და კიდევ, რომ მწერთ, ფარსმანი და ანტონინუს პიუსი რომაულ ენაზე ლაპარაკობდნენო, რომაული ენა არ არსებობს, არსებობს რომანული ენების ჯგუფი, მაგრამ ძველი რომი ლათინურად ლაპარაკობდა.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
დავუკავშირდი ლევანს წლების თაობაზე. მითხრა, რომ რომი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 752 წელს. ამის მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ თარიღი.
ენას რაც შეეხება, ფარსმანი და ანტონინუს პიუსი, სავარაუდოდ, ლათინურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბუბას გადმოგზავნილ თარგმანში რომაული ენა წერია. ლევანის აზრით, ასფაგურმა არ იცოდა ეს ენა და ლათინურს რომაულ ენად მოიხსენიებდა.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
გეთანხმებით, პირველ თავში ვრცლადაა ქართველი მეფის რომში ვიზიტის პრეისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და გვერდს ვერ ავუვლი. თუმცა, გავითვალისწინებ თქვენ შენიშვნას და ტექსტს, რომელშიც ისტორიული ფაქტებია მოყვანილი, მაქსიმალურად შევკვეცავ და განსხვავებული შრიფტით გამოვყოფ, რომ, ვისაც არ დააინტერესებს, გამოტოვება შეძლოს. აქვე მივანიშნებ თარიღებს ჩვენი წელთაღრიცხვით.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
ჩვენ შევიტყეთ, რომ ტფილისის მოქალაქე ანტონ კუპრაშვილს მიწა გაუთხრია მცხეთაში, კერძოდ არმაზისხევის მიდამოს და უპოვნია უძველესი სამარხი – ქვის კუბო, რომელშიც მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად მანუსკრიპტი ყოფილა – ტყავის დახვეული გრაგნილი აჭრელებული ასოებითა. ადრე ასეთ ტყავებს იყენებდენ საწერათ ქაღალდის მაგივრათა. ამ ტყავზედ ყოფილა დაწერილი საქართველოს უძველესი ისტორია, რაც არ ვიცოდით აქამდინ. ანტონ კუპრაშვილს ეს მანუსკრიპტი კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებაში მიუტანია და მოუთხოვნია არხეოლოგიური გათხრების მხარის დაჭერა და სასწრაფოთ არმაზისხევში გათხრების ჩატარება, მაგრამ იქიდამ უარით გამოუშვიათ. საინტერესოა, რას აკეთებს ეგ საზოგადოება, რაზედ ხარჯავს ფულსა, თუ არ აფინანსებს მსგავს მნიშვნელოვან პროექტებსა?
სტატია გადაცემული ჰქონდა ასოთ ამწყობსა, რომ გავიგეთ სამწუხარო ამბავი – ეს ანტონ კუპრაშვილი თავის ბინაში მკვდარი უპოვიათ. თურმე ანტონ კუპრაშვილი ცხოვრობდა მარტო. მეზობლები შეუწუხებია საშინელ სუნსა. შეუტეხნიათ კარები და იქ დახვედრიათ შუა ოთახში სკამზე მიბმული გვამი. პირი ნაჭრით ჰქონია აკრული. გადაქოთებული ყოფილა მთელი ოთახი, შკაფებიცა და სკივრიცა.
მისი შვილი სვიმონ კუპრაშვილი ეჭვობს, რომ ქურდი ბინაში მანუსკრიპტისათვის შეიპარა, მოკლა მამამისი და გაიტაცა მანუსკრიპტი.
გაზეთი “დროება“ 1880 წლის 23 ივნისი. სამშაბათი. #132
მოწმე სვიმონ ანტონის-ძე კუპრაევის დაკითხვის ოქმიდან:
ამა წლის მაისის ბოლოს მე, მამაჩემმა – ანტონ კუპრაშვილმა და ჩემმა ამხანაგმა – ზაქარია თენეიშვილმა არმაზისხევში დავიწყეთ არხეოლოგიური გათხრები. მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ იმ ადგილზე უნდა ყოფილიყო უძველესი ქალაქი არმაზი.
ყოველდღიურათ მივყვებოდით ტფილისი-ფოთის ვაგონს მცხეთის სადგურამდე, იქიდამ ფეხით ავდიოდით არმაზისხევშიდ, ვიმუშავებდით და საღამოს ისევ ვაგონით მოვდიოდით ქალაქშიდ.
იმ დღეს, 5 ივნისს, წვიმიანი ამინდი იყო, ამიტომ მე და მამაჩემმა მოვილაპარაკეთ, რომ არმაზისხევში მეორე დღეს წავსულიყავით. დათქმულ დილას, 6 ივნისს, მამაჩემს რკინიგზის ვაგზალზედ რომ შევხვდი, მითხრა, რომ წინა დღეს მაინც წავიდა გათხრებზედ და იპოვა სამარხი, რომელშიც იდო მანუსკრიპტი – დახვეული გრაგნილი. გრაგნილი სამარხიდან ამოიღო და სახლში წამოიღო. ბინაზე მისვლა და მანუსკრიპტის ჩვენება რომ მოვთხოვე, მიპასუხა, რომ მანუსკრიპტი მიუტანია კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებაშიდ იმავე დღესა და იქ შეუნახამს საცავში.
დღეს, დილით, ჩემთან სახლში მომაკითხა მამაჩემის მეზობლის ბიჭმა, რომელმაც მომიყვა შემზარავი ამბავი. გავიქეცი მამაჩემის სახლშიდ. რომ შევედი, დავინახე გოროდოვოი. მამაჩემის გვამი უსულოდ იატაკზე ესვენა, მთელი სახლეულობა არეული იყო.
ამ ამბის შესახებ მეტი არაფერი მინახამს და არც მსმენია სადმე.
ჩვენება დავწერე თავად, სწორია და ვადასტურებ ხელრთვით.
სვიმონ ანტონის-ძე კუპრაშვილი 1880 წლის 22 ივნისი
მოწმე ზაქარია ელგუჯას-ძე თენეევის დაკითხვის ოქმიდან:
ამა წლის მაისის ბოლოს ანაზღაურების მიღების მიზნით არმაზისხევში მიწის სამუშაოების წარმოებაში ვეხმარებოდი ჩემი ამხანაგის მამას – ანტონ კუპრაშვილს.
იმის გამო, რომ თვის ბოლოს შეპირებული ჯამაგირი (90 თუმანი) არ ამინაზღაურა, ივნისიდგან სამუშაოდ აღარ გავედი და ვმუშაობდი მცხეთაშიდ, ჩემს ნაკვეთში.
ამა წლის 13 ივნისს ანტონ კუპრაშვილთან მივედი სახლში და მოვთხოვე თანხის ანაზღაურება, რაზეც მითხრა, რომ უკვე მდიდარი იყო და დაპირებულ ჯამაგირსაც გადამიხდიდა, თუ მეორე დღეს გავყვებოდი არმაზისხევშიდ, სადაც მაჩვენებდა უძველეს სამარხს, რომელიც სავსე იყო განძითა.
არმაზისხევში რომ მივედით, ვნახეთ, რომ ხევი ამოვსებული იყო მთიდან მოწყვეტილი მიწითა და ჩვენი გათხრების ადგილი ტალახის სქელ ფენას დაეფარა. “არა უშავს, არხეოლოგთა საზოგადოებაშიდ მივალ და გათხრებს დაგვიფინანსებენო” – მითხრა ანტონ კუპრაშვილმა.
გუშინ მისი შვილისგან – სვიმონ კუპრაშვილისგან გავიგე, რომ მამამისი თავის სახლში მოუკლამთ და რაღაც ტყავის გრაგნილი გაუტაცნიათ.
ეჭვი მაქვს, რომ ანტონ კუპრაშვილმა სამარხში ნაპოვნი განძი მიისაკუთრა. მე იმისათვის ვჭირდებოდი, რომ ცარიელი სამარხი ეჩვენებინა, თითქო განძი სხვამ აიღო, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მთა ჩამონგრეული დაგვხვდა.
ჩვენება დავწერე თავად, სწორია და ვადასტურებ ხელრთვით.
ზაქარია ელგუჯას-ძე თენეიშვილი 1880 წლის 23 ივნისი
მოწმე იოსებ ამირანის-ძე გოცირიძის დაკითხვის ოქმიდან:
მე, იოსებ გოცირიძე ვმუშაობ კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებაშიდ ექსპედიციების დაგეგმვის განყოფილების უფროსად. ამ წლის 16 ივნისს მოქალაქე ანტონ სილიბისტროს-ძე კუპრაშვილმა შემოიტანა განცხადება საზოგადოების თავს-მჯდომარის დიმიტრი ბაქრაძის სახელზედ, რომელშიდაც აღნიშნავდა, რომ დუშეთის მაზრის მცხეთის უბანში, კერძოდ არმაზისხევში, საკუთარი ძალებით აწარმოებდა არხეოლოგიურ გათხრებს, რის შედეგადაც მიაგნო უძველეს სამარხსა, სადაც იპოვა მანუსკრიპტი, რომელიც წაიღო სახლში. მოქალაქე კუპრაშვილი ითხოვდა არხეოლოგიური გათხრებისთვის მის დაფინანსებას. აღნიშნული განცხადება ჩამბარდა მე. შევხვდი ანტონ კუპრაშვილს და მოვთხოვე განცხადებაში თარიღის შეცვლა იმ დროით, როცა განცხადება შემოიტანა, რადგან დამაეჭვა იმ ფაქტმა, რომ განცხადება დათარიღებული იყო ძველი რიცხვითა, კერძოდ 6 ივნისით, რაზეც განმცხადებელმა მტკიცე უარი განაცხადა. მანუსკრიპტის მოტანა რომ მოვთხოვე, გაღიზიანდა, ყვირილი დამიწყო და დამემუქრა, რომ თუ არ დავაფინანსებდით, გაზეთში დაგვწერდა.
მე ანტონ კუპრაშვილის მონაყოლი მის რიგით ავანტიურად ჩავთვალე და განცხადებაზე რეაგირება არ ჩავთვალე საჭიროთ. თუმცა, შემდეგ შევიტყვე, რომ მოუკლამთ და მანუსკრიპტი გაუტაცნიათ.
ვნანობ, რომ არ დავუჯერე და ყურადღებით არ მივუდექი ამ საქმესა.
იოსებ ამირანის-ძე გოცირიძე 1880 წლის 23 ივნისი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
დავწერე მეორე თავი და გიგზავნით განსახილველად. განაჩენივით ველოდები თქვენს შეფასებას.
თავი II – იბერია
“შესაყართან მდინარეთა – მტკვარისა და პელორისა (არაგვი) აღმართულა ციხე-ქალაქი სახელითა მცხეთა – დედაქალაქი ყოველი ქართლისა მტკვრის ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ეგრისამდინ. მის პირდაპირ, მეორე მხარეს მტკვარისა, დედაქალაქი სამხრეთ იბერიისა – ხუნანიდან მტკვრის სათავემდე და კლარჯეთისა – არმაზ”.
ფარსმანის მამა ამაზასპი და მირდატის მამა დეროკი ბიძაშვილები იყვნენ, ერთად მართავდნენ იბერიის სამეფოს. ამაზასპი არმაზციხეში იჯდა. დეროკს მცხეთაში ედგა ტახტი. იბერიელი მეფეები ერთად ღრეობდნენ და მტრის დასახვედრადაც ერთად გადიოდნენ.
მახსოვს, 874 წელს რომის დაარსებიდან
(ჩვ.წ 122 წელს) ხუნანთან, პართიასთან ბრძოლაში ორივე მეფე ბრძოლის ველზე რომ დაეცნენ. ამაზასპი გარდაცვლილი ჩამოასვენეს, დეროკმა ორი დღე კიდევ იცოცხლა. ერთდროულად გამეფებული ფარსმანი და მირდატი მამების გვარად ერთად მართავდნენ იბერიის სამეფოს.
ამ ბოლო დროს, რაც მეფე მირდატმა პართიის ახალგაზრდა მეფის, ვოლოგეზ III-ის და მოიყვანა ცოლად, სულ გამოიცვალა, ბლომად პართიელები იყრიან თავს მის სასახლეში. ისე, არც მანამდე მოსწონდა რომაელები, პართიისკენ მიუწევდა გული. ფარსმანი იმპერატორმა რომში რომ მიიწვია, მირდატი არ გაჰყვა, ავადმყოფობა მოიმიზეზა და ეზოსმოძღვარი ბუზმიჰრი გააყოლა. მეფე ფარსმანი ან ვერ ხვდება ამ ცვლილებას, ან არ უნდა რომ დაიჯეროს, ძმებივით ერთად არიან გაზრდილები.
მაცნემ ამბავი მოიტანა სომხეთიდან, პართია აპირებსო იბერიაზე გამოლაშქრებას, მტრის ჯარი უკვე მოადგაო სომხეთის საზღვარს.
დღეს კაცი აახლა მირდატმა ფარსმანს,
- ვინადიროთ და ვინადიმოთო, – სთავაზობს. დარბაზი მოიწვია ფარსმანმა, რჩევა გვკითხა, ჯარის შეკრების ბრძანება გასცა. გაკვირვებული იყო,
- რა დროს ნადიმია, მტერი კარზეა მომდგარიო, – წუხდა მეფე.
- არ ივარგებს მირდატის წყენინება, ერთად უნდა დავხვდეთ მტერსო! – აზრი გამოთქვა ეზოსმოძღვარმა აგრიპამ. არ მომწონს ეს ამბავი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული ეზოსმოძღვარს, არა მგონია, ვერ ხვდებოდეს საქმის ვითარებას.
- არ წახვიდე მეფეო, პართიელების ხაფანგი არ იყოსო, – მოახსენა ფარსმანს მეგობარმა და მარჯვენა ხელმა ფარნავაზ სპასპეტმა. მეც იგივე ვუთხარი, მაგრამ არ დაგვიჯერა, საღამოს აგრიპა გაიყოლა და ათიოდე მხედარი იახლა.
დიღმის ტყეში დასცეს კარვები მონადირეებმა. იმ ღამით ტყეში გათენებას აპირებდნენ, რომ დილით ადრიანად გასულიყვნენ სანადიროდ. საღამოს მირდატის კარავში დასხდნენ მეფეები, პართიასთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის მიხედვით, ფარსმანი სამშვილდეში უნდა დახვედროდა მტერს, ხოლო მირდატი მცხეთაში დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში, თუ პართიის ჯარი სამშვილდიდან შემოვიდოდა, ფარსმანი ორბის ციხეში უნდა გამაგრებულიყო და მალემსრბოლი გაეგზავნა მირდატთან. მირდატის ჯარი მცხეთიდან გამოვიდოდა და უკნიდან დაარტყამდა მტერს. თუ პართიელები სხვა გზებით მიადგებოდნენ მცხეთას, მირდატი მცხეთაში გამაგრდებოდა და ფარსმანი მოექცეოდა მტრის ზურგში. ფარსმანს ეს გეგმა არ მოსწონდა, დარწმუნებული იყო, რომ მტერი სამშვილდიდან შემოვიდოდა და სჯობდა ერთად დახვედროდნენ, ვიდრე ძალები დაექსაქსათ, მაგრამ მირდატი გაჯიუტდა და ფარსმანმა დაუთმო.
ამასობაში ჩამობნელდა და მოთათბირეებმა თავიანთ კარვებს მიაშურეს. აგრიპა აფორიაქებული იყო, მეფეს სთხოვა მისთვის მოესმინა. - მეფეო, აქამდე ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მირდატი პართიელების მომხრეა, შენი მოშორება აქვს დავალებული. სამშვილდეში დასახმარებლად არ მოვა, ეგ გეგმაც მაგის დასტურიაო! – მოახსენა ეზოსმოძღვარმა. ფარსმანი ჩაფიქრდა, თავი ჩაღუნა, ენიშნა აგრიპას სიტყვა, მაგრამ როგორც ჩანს, არ უნდოდა დაჯერება, ვერ იმეტებდა ამდენი ხნის ძმობას.
- რას მთავაზობო? – თავი ასწია მეფემ.
- მოვლენები დავაჩქაროთ, უარი უთხარ მაგ გეგმაზეო! – უპასუხა ეზოსმოძღვარმა.
წერილი დაწერა მეფემ – “მეფეო მტკვრის მარცხენა იბერიისა, ჩემო ძმაო და მეგობარო მირდატ. ვიფიქრე ჩვენს შემუშავებულ გეგმაზედ, რომელიც შენ ფრიად მოგწონს და გადავწყვიტე, რომ ჩვენი, ისედაც მცირე ძალების დაყოფა წამგებიანი იქნება იბერიისთვის. გთავაზობ, ჩვენი მამა-პაპების გვარად, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავხვდეთ მტერს, გინდ სამშვილდეში და გინდ მცხეთაში. შენი ძმა და მეგობარი, მეფე მტკვრის მარჯვენა იბერიისა, ფარსმან.”
მეფის კარავში დატოვება სახიფათო იყო. ყოველ წუთს შეიძლებოდა თავს დასხმოდნენ და მოეკლათ. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ აგრიპამ თავისი გაიტანა, ფარსმანის კარავში შევიდა, მეფე კი, მხლებლებით არმაზს გამოისტუმრა.
მეორე დილით გულგანგმირული ჩამოასვენეს აგრიპა არმაზში ხის ტოტებისგან შეკრული საკაცით, თან ვიღაც სულელი მცხეთელი გლეხი მოაყოლეს გაკოჭილი. – “პართიელების მოსყიდულია, მაგან მოკლაო ეზოსმოძღვარი აგრიპა”. გლეხი აწამეს, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს, ლაპარაკი არ იცოდა, ყმუოდა რაღაცას.
ჯარი შეკრიბა ფარსმანმა, მცხეთას შემოარტყა ალყა. მცირერიცხოვანი ჯარით მცხეთაში შეიკეტა მირდატი, ქალაქის ჭიშკარი ჩარაზა და პართიელთა ჯარს დაელოდა. დრო აღარ ითმენდა. უსტარები დაუგზავნა პიტიახშებს ფარსმანმა. ხელშეუხებლობას და ტიტულების შენარჩუნებას შეპირდა მათ, ვინც სცნობდა მეფე ფარსმანს და ჯარს გამოიყვანდა პართიასთან საბრძოლველად. მირდატის თორმეტივე პიტიახში გამოცხადდა ფარსმანთან არმაზში, თაყვანი სცეს და არმაზის სალოცავთან ერთგულების ფიცი დადეს.
ვერ გაიმეტა ფარსმანმა მირდატი, ალყა მოხსნა, დერეფანი გაუკეთა და ოჯახთან ერთად, მცირე რაზმის თანხლებით, მცხეთიდან გაუშვა. თვითონ გაერთიანებული ჯარით სამშვილდეს ჩავიდა და იქ დაელოდა მტერს.
მირდატი სომხეთს გადავიდა და პართიელების ჯარს შეუერთდა, მაგრამ რადგან ფარსმანის მოკვლის გეგმა ჩაეშალათ, იბერიაზე გამოლაშქრება ვეღარ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ.
მეფემ თავისი ერთგული ყმა და სიყრმის მეგობარი ფარნავაზი დანიშნა მტკვრის მარცხენა იბერიის გამგებლად და მცხეთის სასახლეში მიუჩინა ადგილი. იოდმანგანმა შთამომავლობით ხუნანის პიტიახშობა და ეზოსმოძღვრობა მიიღო, მოწინავე ლეგიონის მეთაურობაც უბოძა მეფემ, მაგრამ მაინც ცხვირჩამოშვებული დადის, მირდატის ადგილი სდომებია, – “არ დააფასეს მამაჩემის ღვაწლიო”, – უწუწუნია შინაურებში.
დღეს დედოფალმა ღადანამ მიხმო თავისთან. დამწუხრებულია, მისი ბიძა გარდაცვლილა, სომხეთის მეფე არტუვაზი. უმცროსი ბიძა, ტირანი ასულა ტახტზე. – “როგორი იქნება იბერიის და სომხეთის დამოკიდებულებაო”, -წინასწარმეტყველება აინტერესებდა დედოფალს. დიდებული ქალია დედოფალი. წუხილიც კი როგორ შვენის. იშვიათია, უცხო ქვეყნის შვილს ასე უყვარდეს და გული შესტკიოდეს იბერიაზე.
ამაზასპი გაგვიხდა ავად. ყელი დასიებია და გული შეწუხებია საწყალს. ერთი კვირაა, ხურვება აქვს და გონზე არ მოსულა. ყოველდღე ვავედრებ მის სიცოცხლეს უზენაესს. იმედი მაქვს, არმაზი შეიწყალებს მეფისწულს და ჯანმრთელობას უბოძებს მას.
მირდატი მოემართება იბერიის დასაბრუნებლად. 20000-იან ჯარს უდგასო სათავეში. ჯარის შეკრება ბრძანა მეფემ. 4000 კაცი შეგროვდა. ქართლის პიტიახშმა ბუზმიჰრმა ზოგ დიდსა თუ მცირე პიტიახშს უარი ათქმევინა ბრძოლაზე, მირდატის გამარჯვების შემთხვევაში მიწებს შეჰპირებია მათ.
გაჩიანს დაელოდა მტერს იბერიის ჯარი. მეორე დღეს პართიელებიც გამოჩდნენ. ნახევარრკალად მოეწყვნენ. წინა ხაზზე ცხენოსნები განლაგდნენ, მათ უკან ქვეითები და სულ უკანა ხაზზე მოისრეები ჩააყენეს.
მეფე, ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში დასაჩუქრებას შეჰპირდა მებრძოლებს, სიკვდილის შემთხვევაში კი – მათ ოჯახებზე ზრუნვას. მე დავლოცე ჯარი და უზენაესი არმაზის სახელით, სიკვდილის შემდეგ, საუკუნო ნეტარებას დავპირდი.
ეზოსმოძღვარი იოდმანგანი ხელმძღვანელობს იბერიელთა ჯარს. გაშლილ მინდორზე, მრავალრიცხოვან მტერზე მცირე ძალებით თავდასხმა გაუმართლებელია, თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია იოდმანგანმა. რომაული წვრთნები გამოადგა, ორ ლეგიონად მოაწყო ჯარი. თითო ლეგიონში გრძელი შუბებით და მასიური ფარებით შეიარაღებული 1000 ჯარისკაცი, 600 მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცი, 200 მხედარი და 200 სამარქაფო ქვეითი შედის. მეფე და მისი ამალა ბორცვზე ვართ განლაგებული, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს ბრძოლის ველი.
ისრების წვიმა წამოვიდა ციდან. ლეგიონებმა კუს ბაკნის ფორმა მიიღეს, თავზე ფარები გადაიფარეს და ირგვლივაც შემოილაგეს. ისრები ფარებს ერჭობა, მაგრამ სხეულამდე ვერ ატანს. მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი და ცხენი დავკარგეთ. ამას მოჰყვა მტრის ცხენოსანი ჯარის იერიშზე გადმოსვლა, მათ ქვეითი ჯარიც მოჰყვება. მეისრეებმა სროლა შეწყვიტეს, რომ თავიანთი მხედრები არ დააშავონ. ჩვენმა მძიმედ შეიარაღებულმა მებრძოლებმა ფარები ჩამოიღეს, მემარქაფეებმა დაშავებულთა ადგილები შეავსეს და ზევით აწვდილი შუბებით თავდაცვით პოზიციაზე დადგნენ. მტრის მხედრების მიახლოებისას მიწაზე დაბჯენილი შუბები წინ გადაწიეს. პართიელთა ცხენები თვითონ ეგებიან შუბებზე. შუბებდაკარგული წინა რიგის მებრძოლები უკან გადადიან და მეორე რიგს უთმობენ ადგილს. დახოცილი ცხენების გროვა მტრის იერიშის ძალას ამცირებს, ცხენები მხედრებს აღარ ემორჩილებიან, ხოლო ძირს დავარდნილ მხედრებს იბერიელთა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი მახვილით ავლებს მუსრს. მალე მტრის მხედრებმა პირი იბრუნეს და უკნიდან მომდგარი თავისი ქვეითი ჯარის გადაქელვა დაიწყეს. პართიელთა რიგები პანიკამ მოიცვა, გაქცევით მოინდომეს თავის შველა, მაგრამ საქმეში ჩაერთვნენ ჩვენი მოისრეები, მხედრებმა კი მტერს უკანდასახევი გზა მოუჭრეს. მტკვრის გადაცურვა სცადეს, რამდენიმე ცხენოსანმა და მათ შორის მირდატმა დააღწიეს თავი, მაგრამ ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო.
ამ ომის შემდეგ, კიდევ დიდხანს, შეშინებულ და აკანკალებულ პართიელებს მაყვალზე და შინდზე ტყეში წასული ქალები და ბავშვები იჭერდნენ, გაკოჭილები ჩამოჰყავდათ და გაჩიანის მეციხოვნეებს აბარებდნენ.
ზეიმით შემოვიდა გამარჯვებული ჯარი მცხეთას, ხარობს იბერია. მოღალატე პიტიახშები, დაჩოქილები სთხოვენ მეფეს პატიებას, – “ბუზმიჰრმა შეგვაცდინაო”, ჩივიან. კარგ გუნებაზეა მეფე, ყველას აპატია, ბუზმიჰრი იკითხა, – “არ წამოგვყვაო”, მოახსენეს.
არ დაშალა ფარსმანმა ჯარი, ქართლს გაუყენა ბუზმიჰრის დასასჯელად. უარი თქვა იოდმანგანმა ჯარის სარდლობაზე, – “ქორწილს ვაპირებ, განწმენდის კვირა მაქვს, ნუ გამასვრევინებო ძმათა სისხლში ხელს”, – შესთხოვა ფარსმანს. დაუთმო მეფემ, მისი ერთგული ყმის, სამცხის პიტიახშის, ზევახის ულამაზეს ასულ, სერაფიტაზე სურს იოდმანგანს დაქორწინება, მოსწონს ეს კავშირი მეფეს. მცხეთის გამგებელი ფარნავაზი ჩაუყენა ჯარს.
მტკვრის მარჯვენა ნაპირს გაუყვა ჯარი. მძიმე აღჭურვილობა არ აქვთ, მაგრამ ქვის სატყორცნებს და ციხის სანგრევებს მიაგორებენ ცხენები. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, დაბა რეჰაში უდგას სასახლე ქართლის პიტიახშ ბუზმიჰრს. თავდასაცავად მომზადებულა ვაჟბატონი, მტკვარზე გადებული ხიდი დაუწვავს, ქონგურებთან მოისრეები განულაგებია, თვითონ კი, ციხეშია გამაგრებული.
ამაზასპის სიკვდილის ამბავი მოიტანა არმაზიდან მაცნემ. მეფე დაღონებულია ფრიად, დროზე უნდა მოამთავროს ეს ამბავი, რომ დედოფალთან ერთად გაიზიაროს თავს დამტყდარი ჭირი.
ფონის მოსაძებნად წავიდა ფარნავაზი, მალე იპოვა, მობრუნდა და ჯარი გადაიყვანა. გაჭირდა ქვის სატყორცნების გადატანა, წყალმა წამოაქცია, მაგრამ სანამ მდინარე წაიღებდა, წამოაყენეს და ნაპირზე გადაიტანეს. ციხის შორიახლოს განალაგეს ქვის სატყორცნები, მდინარის ნაპირიდან ლოდები მოიტანეს და დაიწყეს ციხის გალავანს იქით გადატყორცნა. ცას სწვდება ხალხის წივილ-კივილი. კედლის სანგრევები მიაგორეს ციხის გალავანთან. ჯარასავით დატრიალდნენ ლითონის ბურთები, ჭახა- ჭუხი გაუდის გალავნის კედლებს, საცაა ჩამოინგრევა.
გალავნის ჭიშკარი გაიღო, ბუზმიჰრი გამოვიდა. დაჩოქილი მოდის მეფესთან, მძიმე ლოდი ჰკიდია გულზე სიცოცხლის შესავედრებლად. არ შეიძლება ბუზმიჰრის პატიება, ყველამ უნდა დაინახოს, რა ბედი ელის მოღალატეს.
ფარნავაზს უბოძა ქართლის პიტიახშობა მეფემ, ბუზმიხრის ცოლ-შვილი ხარჭად დაუტოვა, თვითონ ბუზმიხრი გააკოჭვინა და არმაზს დაბრუნება ბრძანა.
ორი კვირა გლოვობდა იბერია მეფისწულს. ორი კვირა არ წყდებოდა მოსამძიმრეთა რიგი. ამაზასპის სამეფო აკლდამაში ჩასვენების შემდეგ, მეფემ სატახტო ქალაქად მცხეთა გამოაცხადა და ტახტის მცხეთაში გადატანის ბრძანება გასცა. ამას კიდევ ერთი თვე დასჭირდა. მთელი თვე-ნახევარი გაჩერებული იყო სახელმწიფო საქმეები, იმატა ქურდობამ, გზებზე გახშირდა ყაჩაღობა, მუშაობა შეწყვიტა საშიკრიკო სისტემამ. ამით ისარგებლა პართიამ და 60000-იანი ჯარი, მირდატის მეთაურობით, ისე მიადგა მცხეთას, რომ მეფემ ჯარის შეკრება ვერ მოასწრო. ეზოსმოძღვარი იოდმანგანიც თავის საპიტიახშოში, ხუნანში ატარებდა თაფლობის თვეს.
ხუთასიოდე მეციხოვნით მცხეთაში შეიკეტა ფარნავაზი. ალყა შემოარტყა მტერმა მცხეთას, ყველა გზა გადაკეტა, მდინარე არაგვის გასწვრივ მინდორზე დასცეს კარვები. ცეცხლი დავანთეთ ქალაქის კოშკზე. მცხეთის ირგვლივ ყოველ მხარეს მთებზე დადგმულ საგუშაგო კოშკებზეც აინთო ცეცხლი. ერთ საათში მთელ იბერიაში გავრცელდება ცნობა მტრის შემოსევის შესახებ. პიტიახშები თავიანთ მოსახლეობაში მებრძოლ მამაკაცებს შეაგროვებენ და მეფის ბრძანებას დაელოდებიან.
ქალაქიდან მტკვრის ნაპირამდე გამავალი მიწისქვეშა გვირაბით გაგზავნა ფარსმანმა შიკრიკი ქართლის საპიტიახშოში, უსტარი გაატანა ფარნავაზთან, – “პართიის ჯარს მცხეთა ალყაში ჰყავს მოქცეული, ჯარი შეკრიბე, მცხეთას კარსანის მხრიდან მოადექი და ღამით მთაზე ცეცხლი დაანთეო!” – უბრძანა. მეორე უსტარი დაწერა მეფემ, – “ჯარი შეკრიბე და მცხეთასთან მტკვრის ჭალაში განლაგდიო!” – სწერდა იოდმანგანს. შიკრიკს გალავანზე გადაძრომა და უსტარის წაღება დაავალა მეფემ. სწორად გათვალა ფარსმანმა, არაგვის მხარეს, გაშლილ ველზე მრავალრიცხოვან ჯართან გამკლავება შეუძლებელი იყო, ვიწროებში უნდა შეეტყუებინა. გვირაბით წასული შიკრიკი უსტარს მიიტანდა ფარნავაზთან. ფარნავაზი დაახლოებით ერთ კვირაში მოადგებოდა კარსანს და მცხეთას ზევიდან მოექცეოდა. მეორე უსტარს პართიელები ჩაიგდებდნენ ხელში, წაიკითხავდნენ, შიკრიკს უვნებელს გაუშვებდნენ ხუნანს, თვითონ კი, მტკვრის ვიწრო ჭალაში განლაგდებოდნენ და იქ დაელოდებოდნენ იბერიელებს. უსაფრთხოების მიზნით, მტერი სამეთაურო პუნქტს არაგვის მხარეს დატოვებდა, შესაბამისად ჯარსა და სარდლობას შორის კავშირი გაუძნელდებოდათ. თუ შემთხვევით შიკრიკი ალყიდან გააღწევდა, ამითაც არაფერი დაშავდებოდა, ფარნავაზისა და იოდმანგანის ძალები გაერთიანდებოდა და ერთად დაარტყამდნენ მტერს.
დღეს პართიის ჯარმა, მტკვრის მხარეს, პომპეუსის ხიდით, ჭალაში დაიწყო გადასვლა. ჩანს, უსტარი წაიკითხეს და შიკრიკი გაუშვეს. გადაიჭედა მთელი ჭალა, ტევა აღარ არის. შეთხელდა ალყა არაგვის მხრიდან, მთელი ძალები ჭალაში გადაისროლეს. ღამით კარსანის მთაზე ცეცხლი აინთო, ეს ნიშანია, ფარნავაზია ჯარით მომდგარი. ჩვენი მეციხოვნეები გავიდნენ გალავნის ჭიშკრიდან, ცხენზე ამხედრებული, ხმალშემართული ფარსმანი წინ მიუძღვით, სწორედ ისეთი, რომში, მარსის მოედანზე რომ დგას ქანდაკება. დაერივნენ მტერს, ლომივით იბრძვის მეფე, ალყა გაარღვიეს, მტრის სამეთაურო კარვებთან მიაღწიეს. შეშინებული მეთაურები მოულოდნელობისგან აქეთ-იქით დარბიან. მეთაურები ამოჟლიტეს ჩვენებმა, კარვებში მირდატს ეძებენ, მაგრამ ვერ მიაგნეს, ალბათ გაიპარა.
ჭკვიანი მხედართმთავარია ფარნავაზი, უსიტყვოდ ესმის ფარსმანის, დრო უქმად არ დაუკარგავს, ქვები მოუმარაგებია.
…და წამოვიდა მთიდან ქვები, ლოდები, ისრები. აირია პართიელთა ჯარი, ადგილი არ ჰყოფნით სამოძრაოდ, ჭყლეტა დაიწყო. ვისაც ქვები და ისრები ვერ სწვდება, მტკვარში ცვივიან. ასმეთაურები გადაადგილების ნებართვას არ აძლევენ ჯარისკაცებს, ბრძანებაც არ მისდით სამეთაურო პუნქტიდან. ამასობაში იოდმანგანის ჯარი მოადგა მცხეთას დიღმის მხრიდან, ხოცვა დაუწყეს გაქცეულებს. ფარნავაზის ჯარი გადმოვიდა კარსანიდან, არმაზის მხრიდან შეავიწროვა მტერი. დახოცილი პართიელებით მოიფინა მტკვრის ნაპირები, ამბის მიმტანი არ დაუტოვეს პართიის მეფეს.
8000 ფარნავაზის მეომარს 4000 იოდმანგანის მეომარი დაემატა და გაერთიანებული ჯარი, ფარნავაზის სარდლობით, პართიისკენ დაიძრა. გადავლახეთ საზღვარი და სომხეთის დედაქალაქ ვაღარშაპატში შევედით, სადაც სომხეთის მეფემ ტირანმა დიდი ზარ-ზეიმით მიგვიღო, საგზალი შეგვივსო და 3000 სომეხი მებრძოლი გამოგვაყოლა დასახმარებლად. ჯარმა დაუბრკოლებლად გაიარა სომხეთი და პართიის დედაქალაქისკენ ავიღეთ გეზი. თავრიზთან იოლად დავამარცხეთ პართიელთა ჯარი. 10000 კაცზე მეტის გამოყვანა ვერ შესძლეს, იოლი არაა წაგებული ომის შემდეგ ჯარის შეკრება.
მდინარე ტიგროსის ორივე მხარესაა გაშენებული პართიის დედაქალაქი ქტესიფონი. მშვენიერი აღმოსავლური ქალაქი, ხმაურიანი, ჭრელი, მრავალეროვანი.
მეფე ვოლოგეზი შემოგვეგება, თაყვანი სცა მეფე ფარსმანს, სასახლეში შეგვიძღვა დაუძინებელი მტერი, დიდი პატივით მიგვიღო. გამოსასყიდი გაიღო პართიის მეფემ და კიდევ, იბერიის სახელმწიფოზე სამუდამო თავდაუსხმელობის პირობა დადო. მირდატის თავი მოსთხოვა ფარსმანმა. შეპირდა პართიის მეფე, რომ მირდატს შეიპყრობდა და მის მოჭრილ თავს ფარსმანს გამოუგზავნიდა.
სამშობლოში ვბრუნდებით. თან მოგვაქვს ალაფი – ურიცხვი ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით დატვირთული აქლემების ქარავანი.
წუხელ მეფეს მუცლის გვრემა დაეწყო. აქიმმა ვერაფერი გაუგო. მე მიმიწვიეს. გადაფითრებული ავადმყოფი ტკივილისგან კვნესის და კანკალებს. პირში ჩავსუნე, მძაფრი, მომჟავო სუნი მეცა, ჩანს, მეფე ვიღაცამ მოწამლა. ლოცვა წავუკითხე, რაღაცას ჩურჩულებს, დიდი დღე აღარ უწერია მეფეს. მზარეული აწამეს, – “პართიელებმა მომისყიდესო”, – აღიარა დანაშაული.
განთიადისას განესვენა მეფე ფარსმან ქველი 899 წელს რომის დაარსებიდან (ჩვ.წ. 147 წელს).
“მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან, ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თუისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქველესა, და სიშვენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქუელისასა”.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
წავიკითხე მეორე თავი, მომეწონა, მაგრამ ძალიან ბევრი ომის სტრატეგია და ტაქტიკაა განხილული და ცოტა დამღლელია.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
გეთანხმებით, ბრძოლები ჭარბადაა, მაგრამ ასფაგური მოგვითხრობს 2000 წლის წინანდელ ამბავს, თავისი თვალით დანახულს და თავისი ყურით გაგონილს, ამიტომ მივიჩნიე, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა გადმომეცა.
იქნებ, ლევანს სთხოვოთ გაგვარკვიოს, ეზოსმოძღვარი რა თანამდებობა იყო?
და კიდევ, დედოფალ ღადანას წარმომავლობა ვერ გავიგე. ამბობს, პართიელი დიდგვაროვანიო, თან სომეხთა მეფის ძმისშვილიო.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
ველაპარაკე ლევანს ეზოსმოძღვრის თაობაზე. მითხრა, რომ ეზოსმოძღვარი იგივე პირველი ვეზირი ყოფილა. ომის დროს ის სარდლობდა ჯარს. მშვიდობიანობის დროს კი განაგებდა სახელმწიფო ქონებას. იყო უმაღლესი სასულიერო პირი, მას ემორჩილებოდა ყველა ქურუმი. მეფის სიკვდილის შემთხვევაში, ახალი მეფის ტახტზე ასვლამდე ეზოსმოძღვარი იკავებდა მეფის ტახტს.
იმ პერიოდში სომხეთის მეფეს ნიშნავდა პართია თავიანთი სამეფო გვარის, არშაკიდების უმცროსი შტოდან, არშაკუნიანებიდან, ხოლო მეფედ ამტკიცებდა რომი. უკანასკნელი ასეთი მეფე იყო არტუვაზი, ფარსმან ქველის მეუღლის, ღადანას ბიძა. მაგ პერიოდში არშაკიდებსა არშაკუნიანებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და პართიის მეფემ არტუვაზი გაიწვია სომხეთიდან, თუმცა სომხეთის იბერიის ვასალად აღიარების შემდეგ, ფარსმანმა არტუვაზი მეფედ დატოვა და სომხეთის მეფობა შთამომავლობით გადავიდა. არტუვაზის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა, დედოფალ ღადანას უმცროსი ბიძა ტირანი (ალბათ ტიგრანი).
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
თუ შეიძლება, ლევანს ჰკითხეთ, სომხეთის სახელმწიფო იბერიის ვასალი თუ იყო და მეფეებს პართია და რომი თუ უნიშნავდა, მაშინ დიდი სომხეთი (ველიკაია არმენია) სად იყო, I-III საუკუნეებში მთელი მცირე აზია ეკავა და კავკასიონზე გადიოდა ჩრდილიეთი საზღვარიო, ჩვენი მეზობლები რომ ამტკიცებენ?
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
ვკითხე ლევანს, I საუკუნეში იბერია ნიშნავდა მეფეებს სომხეთის ტახტზე (მითრიდატე, რადამისტი), II საუკუნეში რაც ხდებოდა, მაგ მანუსკრიპტში წერია, კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ ჩვენს მეზობლებსო.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
ნემეცი არხეოლოგი, ტროას აღმომჩენი, ჰენრიხ შლიმანი ძალზედ დაინტერესებულა გასულს წელს, ზაფხულში, “დროების” 132-ე ნომერში ვინმე ანტონ კუპრაშვილზე დაბეჭდილი წერილითა. ეს კუპრაშვილი გატაცებული იყო არხეოლოგიითა და თავის შვილთან ერთად თხრიდა მიწას დუშეთის მაზრის ქალაქ მცხეთას არმაზისხევის ადგილას, სადაც მიაგნო სამარხს და იქ დაფლულ ძველის ძველ მანუსკრიპტსა (მანუსკრიპტი ხბოს ან ცხვრის ტყავია, საგანგებოდ დამუშავებული და საწერათ იყენებდნენ ძველს დროში). კუპრაშვილს მანუსკრიპტი მიუტანია კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებაშიდ, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია (საზოგადოების თავს–მჯდომარე პატივცემული დიმიტრი ბაქრაძე ამ დროს პეტერბურგს ყოფილა). მანუსკრიპტის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიცა, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ანტონ კუპრაშვილს სახლში შეუვარდნენ, მოკლეს და მანუსკრიპტი გაიტაცეს.
შლიმანს გამოუთხოვნია მასალები და მეფისნაცვლისთვის უთხოვნია არმაზისხევის არხეოლოგიური გათხრების ჩატარებაზედ ნებართვა.
მოწვეულ იქნა არხეოლოგთა ყრილობა. ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტმა ტფილისის არხეოლოგთა კონფერენციის ჩატარება გადაწყვიტა და მასზედ მოიწვია ორმოცამდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი. მათ შორის – ოს.მონტელიუსი სტოკჰოლმიდგან, რ.ვირხოვი ბერლინიდგან, ჰ.შლიმანი ათენიდგან, ა.რამბო, გ.მორტილიე პარიზიდგან, ე.შანტრი ლიონიდგან, ე.როსი რომიდგან და სხვ.
ტფილისის არხეოლოგთა კონფერენციამ, რომელიც 8 სეკტემბერს დღის 12 საათზე დაიწყო და გუშინ, 21 სეკტემბერს დამთავრდა, დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციას ესწრებოდა 850-მდე დელეგატი სპეციალური პროპუსკებითა და სამკერდე ნიშნებითა.
გადაწყდა, არმაზისხევის არხეოლოგიური გათხრების წარმოება მოხდება ადგილობრივი ძალებით. ორგანიზების სურვილი გამოთქვეს: დიმიტრი ბაქრაძემ, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით ქუთათელაძემ. დ. ბაქრაძის ხანდაზმული ასაკის გამო საველე სამუშაოების გაძღოლა ახალგაზრდა ექ. თაყაიშვილს დაევალა. არმაზისხევის არხეოლოგიური გათხრებისთვის ხარჯების გაღება ცნობილმა ქველმოქმედმა პატივცემულმა გვამმა ილია ოქრომჭედლიშვილმა ითავა.
გაზეთი “დროება” 1881 წლის 22 სეკტემბერი, სამშაბათი, #197
მის აღმატებულებას, ტფილისის პოლიცმეისტერს გამომძიებელ ნოე ბეჟანის-ძე ქავთარაძის
რაპორტი:
მოგახსენებთ, რომ გასული წლის 22 ივნისს ტფილისის პოლიციის მერვე ნაწილში შემოვიდა მოქ. სვიმონ ანტონის-ძე კუპრაშვილის განცხადება უცნობი პირის, ან პირების მიერ, მისი მამის, ანტონ სილიბისტროს-ძე კუპრაშვილის მოკვლის და ბინის გაქურდვის თაობაზედ.
პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი, ჩემი მეთაურობით, ოპერატიულად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ჩატარდა მკვლელობის ადგილის შესწავლა, ექიმ- ექსპერტმა გასინჯა გვამი და დაადგინა გარდაცვალების სავარაუდო დრო – 20 ივნისი, დილის 2 საათი. დაიკითხა ოცამდე მოწმე, რის შედეგადაც დადგინდა დანაშაულის მოტივი და გამოიკვეთა სავარაუდო დამნაშავეთა წრეცა.
საქმე იმაშია, რომ ანტონ კუპრაშვილს არმაზისხევში უპოვნია უძველესი სამარხი, რომელშიც მიცვალებულის ძვლებთან ერთათ იდო დახვეული ტყავის გრაგნილი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, მანუსკრიპტი. მანუსკრიპტი ანტონ კუპრაშვილმა მიიტანა თავისთან, ჩერქეზოვის შეს. 3 სახლში და ჩაკეტა სეკრეტერში. თვითონ მივიდა კავკაზიის არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებაში და ამ საზოგადოების გამგეობის წევრს – იოსებ გოცირიძეს გაესაუბრა.
19 ივნისს, ღამით, მასთან სახლში შევიდა დამნაშავე, მსხვერპლი სკამზე მიაბა, პირი ნაჭრით აუკრა და აწამა. სავარაუდოთ, წამების დროს შემოაკვდა. გადააქოთა ბინა, იპოვა მანუსკრიპტი და გაიტაცა.
მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ანტონ კუპრაშვილი მეზობლებთან არ ურთიერთობდა, გარდა კარენ პოღოსიანისა, რომელსაც ყოველ საღამოს ეთამაშებოდა ნარდსა. მაგრამ, რადგან იმ დღეებში კარენ პოღოსიანი ნათესავის გასვენებაში სომხეთში, ქალაქ ერევანში იყო წასული, მისი მკვლელობაში მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს.
საყურადღებოა ის ფაქტიცა, რომ მეზობლებს კარის ბრახუნის, ჩხუბისა ან ყვირილის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მკვლელს მსხვერპლი იცნობდა. შვილის განცხადებით ბინიდან არაფერი იყო წაღებული, გარდა მანუსკრიპტისა.
ამ მანუსკრიპტის შესახებ იცოდა ოთხმა პირმა: თვით ანტონ კუპრაშვილმა, მისმა შვილმა – სვიმონ კუპრაშვილმა, შვილის ამხანაგმა – ზაქარია თენეიშვილმა და არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოების გამგეობის წევრმა – იოსებ გოცირიძემ.
ანტონ კუპრაშვილის ქმედებაში სჩანს ერთი შეუსაბამობა, რომელიც თვალში საცემია. არხეოლოგთა საზოგადოებაში 6 ივნისით დათარიღებული განცხადება შესულია 16 ივნისსა. რომ მოსთხოვეს თარიღის შეცვლა, უარზედ დამდგარა და გაღიზიანებულა კიდეცა, თუმცა ამ შეუსაბამობას შეიძლება, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, რადგან მსგავსი ახირებები მეცნიერებსა ხშირადა სჭირთ.
მოკლულის შვილი – სვიმონ კუპრაშვილი ცხოვრობდა ცალკე, ცოლ-შვილთან ერთად (ამჟამად სცხოვრობს ევროპაშიდ). მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონია. მეზობლების თქმით, მათ შორის უკმაყოფილება და ჩხუბი არ შეუნიშნავთ, მითუმეტეს მოკვლის და მანუსკრიპტის გატაცების საჭიროება არ ჰქონდა, ამიტომ მასზე ეჭვის საფუძველი არ გვაქვს.
არხეოლოგთა ასოციაციის თანამშრომელს – იოსებ გოცირიძეს თანამშრომლები კარგათ ახასიათებენ. თითონაც ამტკიცებს და გამოძიებითაც დადგინდა, რომ იმ დღეებში, 19 და 20 ივნისს, იმყოფებოდა წაღვერში, ცოლ-შვილთან აგარაკზედ.
ჩემი ევროპელი კოლეგისა და მასწავლებლის მიერ შემუშავებული დედუქციური მეთოდის მიხედვით დგინდება, რომ დამნაშავე შვილის ამხანაგი ზაქარია თენეიშვილია, რომლის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ მას პირადი მტრობა ჰქონდა ანტონ კუპრაშვილთან, რადგან ამ უკანასკნელმა არ გადაუხადა ჯამაგირი. ამას ემატება ისიც, რომ თენეიშვილი დარწმუნებული იყო, სამარხში ნაპოვნი ძვირფასი ნივთები ანტონ კუპრაშვილმა მიითვისა და სახლში წაიღო. ზაქარია თენეიშვილი გამოირჩევა ფიცხი ხასიათითაც, შარშან სუდში ჰქონია საქმე მეზობლის ცემისთვინა.
ზაქარია თენეიშვილმა კარგად დაგეგმა დანაშაული: – ჯიბეში ჩაიდო პრეჟი, ახალუხის ქვეშ დამალა მატერიაშემოხვეული ხის ნაჭერი და 19 ივნისს გვიან ღამით მიადგა ანტონ კუპრაშვილსა. მსხვერპლმა შვილის ამხანაგს კარი დანდობილათ გაუღო, მკვლელი ბინაში შევიდა, სალაპარაკოთ სკამებზე ჩამოსხდნენ. ამ დროს მკვლელმა ახალუხიდან ამოაძვრინა ხის ნაჭერი და გამეტებით ჩაარტყა თავში მსხვერპლსა. ანტონ კუპრაშვილმა გონება დაკარგა. მკვლელმა მსხვერპლი სკამზე მიაბა და მატერიით პირი აუკრა, რომ არ დაეყვირა. გადააქოთა ოთახი, გატეხა სეკრეტერის უჯრა და იქიდამ მანუსკრიპტი ამოიღო, მაგრამ განძს ვერ მიაგნო. ამიტომ დაელოდა, სანამ მსხვერპლი გამოფხიზლდებოდა და დაუწყო წამება – ცხვირ-პირზე ხელის აფარებით სუნთქვის შეკავება. მსხვერპლს, რაც არ ჰქონდა, რას მისცემდა განძსა. ბოლოს გავეშებულმა მკვლელმა მსხვერპლი დაახრჩო, ეს მანუსკრიპტი გაიტაცა და მიიმალა.
დამნაშავე დავაპატიმრეთ მცხეთაში, თავის ნაკვეთში. დანაშაულს არ აღიარებს. მანუსკრიპტი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ სახლში ვუპოვეთ ფული – მანუსკრიპტის გაყიდვიდან აღებული 30 თუმანი.
მასალები სუდშია გადაგზავნილი.
ნოე ბეჟანის-ძე ქავთარაძე
1881 წლის 2 ოკტომბერი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
გიგზავნით მესამე თავს და გთხოვთ ამასწინანდელივით პასუხს ნუ დამიგვიანებთ!
თავი III – ქსეფარნუგი
“დაჰბერე, დაჰბერე, ძალო სახმილისა, შეადუღაბე სამსალა ესე, ოდენ ერთი მწიკჳ საკმაო იყოს შესამუსრავად კაცთა მოდგმისა!” – ბუტბუტებს ქსეფარნუგი და ღველფზე დადებულ არჯასპმოდებულ რვალზე მოყრილ დარიშხანის ფხვნილს ნელა-ნელა აწვეთებს ზაჰრუმალას – გესლს გველისას.
წამლების დამზადების საიდუმლო ასპარუკ აქიმ- ქურუმს უსწავლებია მისთვის. ესეც დაუფლებია ზედმიწევნით. თავად მაღალს და გამხდარს, ყორანივით შავი თმა და მეჩხერი წვერი მკერდსა და მხრებზე ეფინება. მოშავო-მოლურჯო კანის ფერი ავადმყოფურ იერს აძლევს მის ბებერივით დანაოჭებულ პირისახეს. თუ ამას დავუმატებთ გრძელ, მოკაუჭებულ ცხვირს მუდმივად ჩამოკიდებული ცინგლით, გაფანჩული წარბების ქვეშიდან მომზირალ ღრმად ჩამჯდარ ახლო-ახლო თვალებს, ზიზღით შეკეცილ თხელ ტუჩებს და ჩავაცვამთ შავ სუდარას, მივიღებთ ქსეფარნუგს – ფარსმან ქველის ნახევარძმას, უკანონო შვილს მეფე ამაზასპისა, სასახლის მსახურ გოგოსთან სიბერეში მოხლაფორთებულს და მისი სიკვდილის შემდეგ ფარსმანის კარზე გაზრდილს.
ჭერთან ახლოს ამოჭრილი სარკმლიდან შემოსული შუქი საპყრობილეს იერს აძლევს ბნელ და ნესტიან დარბაზს. სარკმლის მოპირდაპირე კედელზე გამოსახულ ნიშნებს სარიტუალო დანიშნულება აქვს. კედლებზე გაწყობილ თაროებზე ჩამწკრივებულ უამრავ ქოთანში საიდუმლო წამლები ინახება. შუაცეცხლთან საბერველი, ცეცხლის საშუალებით შხამების შესაზავებლადაა მოწყობილი. აქ, ამ ბნელ სარდაფში მზადდება შხამები და მომაკვდინებელი წამლები ბუგრთა, მღილთა და, არცთუ იშვიათად, სასახლის ბინადართა მოსაკვდინებლად და ერთადერთი, ვინც ყველაფერი იცის ამის შესახებ და საიქიოში წაიღებს საიდუმლოს, არის ქსეფარნუგი.
ქვეშქვეშა კაცია ქსეფარნუგი, სასახლეში ფეხაკრეფით დაიარება. რომ არ ელოდები, მაშინ წამოგადგება თავს. ცდილობს თვალში არ გაგეჩხიროს. სასახლის ბინადარნი რომ ჩამოთვალო, აუცილებლად გამოგრჩება სათვალავში. თუ შხამი არ გჭირდება, ვერ გაიხსენებ მის არსებობას. იმ არეულობაში, მეფე ფარსმან ქველი მზარეულმა რომ მოწამლა, ქსეფარნუგი არავის გახსენებია, ამიტომ გადარჩა და არ მიგვიტანია მასზე ეჭვი.
იბერიაში უმეფობაა, ტახტის მემკვიდრე ადამი ჯერ პატარაა, 15 წლის, ახლა წამოჰყო თავი ქსეფარნუგმა, მე მეკუთვნისო იბერიის მეფობა. არმაზციხეში შევიდა, ტახტზე ავიდა და მტკვრის მარჯვენა იბერია თავის სამეფოდ გამოაცხადა. მირდატთან გაუბამს კავშირი. ეზოსმოძღვარი იოდმანგანიც მგონი მაგას უჭერს მხარს, ძალიან დამეგობრდნენ ამ ბოლო დროს.
დედოფალმა ღადანამ სცადა ძალაუფლების ხელში აღება, დიდებულები მოიწვია სასახლეში დარბაზის ჩასატარებლად, მაგრამ ქსეფარნუგი თავისი დამქაშებით შეუვარდა და დარბაზი ჩაუშალა.
ფარნავაზი ჩამოვიდა ქართლიდან, დედოფალი მოინახულა. ოთხ საპიტიახშოში შეუგროვებია ჯარი, დანარჩენები, ზოგი ქსეფარნუგს უჭერს მხარს, ზოგიც დაბნეულია, მდგომარეობის გარკვევას ცდილობს. ფარსმან ქველის მეგობარს, სამეგრელოს ერისთავს – რევის შეუთავაზებია დახმარება. სომხეთის მეფე ტირანიც მზადაა დასახმარებლად, მაგრამ დედოფალმა სისხლისღვრისგან თავი შეიკავა.
მირდატი მოადგა დიდი ჯარით იბერიის საზღვარს. ალბანეთიდან მოუვლია, მორიდებია სომხეთზე გამოვლას. არეულობას ელოდება რომ შემოვიდეს. პართიას თავდაუსხმელობის პირობა აქვს დადებული, მაგრამ თუ არეულობა მოხდა და ერთ-ერთმა მხარემ დახმარება ითხოვა, აუცილებლად შემოვა.
დღეს არმაზციხეში ქსეფარნუგის მომხრე და მარჯვენა ხელი, კლარჯეთის პიტიახში, ბერსუმა მოუწამლავთ. – “ამაში დედოფლის ხელი ურევია, მაგან მომიკლაო ბერსუმა!” – გაჰყვირის თურმე ქსეფარნუგი. ეჭვი არ არის, თვითონ მოწამლა ბერსუმა პიტიახში, რომ არეულობა გამოიწვიოს. შიკრიკი გაუგზავნია პართიაში, გვხოცავენო, შველას ითხოვს. თვითონ ჯარს აგროვებსო მცხეთის ალყაში მოსაქცევად.
დილით მოვიდა მცხეთას ფარნავაზი, დედოფალი გააღვიძა, – “დიდი ძალებით მოდიანო მცხეთაზე”, – გააფრთხილა. დროული გადაწყვეტილება მიიღო ფარნავაზმა, წამოიყვანა დედოფალი, ტახტის მემკვიდრე ადამი და რამდენიმე მხედრის თანხლებით სომხეთში, დედოფლის ბიძასთან, ტირანთან ჩაიყვანა.
მცხეთას შემოვიდა მირდატი, ტახტზე ავიდა. იბერიელებს აღარ ენდობა, სპარსელები ჩააყენა მეციხოვნეებად. ბუზმიჰრი გამოაშვებინა საპყრობილედან, ქართლის პიტიახშობა და ეზოსმოძღვრობა დაუბრუნა.
მთელი ცხოვრება უუფლებო და მეორეხარისხოვანმა ქსეფარნუგმა ტახტზე ასვლის შემდეგ ფრთები გაშალა. ღვინის სმას მიეძალა. მთვრალს სასახლის ქალები ემალებიან. ამბობენ, ჩინის სახელმწიფოდან შემოტანილ ძილისმომგვრელ ყაყაჩოსაც ეწევაო საღამოობით. ამასწინათ დათვრა და სასახლის ეზოში შიშველი დასდევდა მსახურ ქალებს. სტუმრად ჩამოსული ალანების დედოფალისთვის, მთვრალს, გავაზე მოუსვამს ხელი. გადარეულა ალანების მეფე ჯუმბერი, – “ამას არ გაპატიებო!” – შეპირებია, მოუკიდია ხელი ცოლისთვის და ალანიისკენ წასულა. გამოფხიზლებულა ქსეფარნუგი უკან დადევნებია, გუდამაყართან დაწევია, დიდი ხვეწნით და საჩუქრების შეპირებით დაუბრუნებია უკან.
პიტიახშებს, რომლებიც მას არ მიემხრნენ, ქონება და წოდებები ჩამოართვა ქსეფარნუგმა და თავის ერთგულ ხალხს დაურიგა. თვითონ პიტიახშები კი დილეგში ჩაყარა. იოდმანგანი ეზოსმოძღვრად დატოვა და ეტყობა ბოლომდე ენდობა, რადგან სინამდვილეში იოდმანგანი მართავს სამეფოს, ქსეფარნუგი მხოლოდ გართობითაა დაკავებული.
მე დილეგს გადავურჩი, მაგრამ მთავარი ქურუმობა ჩამომართვა და სალოცავში გამამწესა. სულ ჩამოვცილდი საერო ცხოვრებას, დღედაღამ მუხლისჩოქა ვავედრებ იბერიას უზენაესს, ამიტომ მოვლენები ჩემ გარეშე ვითარდება. მთავარ ქურუმად ბაკური დაიყენა, თავისი მარჯვენა ხელი, მისი შავბნელი ზრახვების აღმსრულებელი.
ამასობაში გავიდა წელი ორი, არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი, თუ არ ჩავთვლით ქსეფარნუგის ახირებებს.
ამბობენ, თავისი ეზოსმოძღვრის, იოდმანგანის ცოლს, სერაფიტას დაადგაო თვალი ქსეფარნუგმა. ჩუმ- ჩუმად უჭვრეტს თურმე. ამ ბოლო დროს, ძის – პატარა აგრიპას გაჩენის შემდეგ უფრო დაქალდა და დამშვენდაო ზევახის ასული, მზეს ედარებაო სილამაზით. ამასწინათ აბანოში შევარდნია მთვრალი ქსეფარნუგი სერაფიტას, ძუძუზე დაუდგია კბილი, სილა უჭმევია მეფისთვის ეზოსმოძღვრის ცოლს. – “იცოდე, განანებო!” – დაჰპირებია ქსეფარნუგი. სერაფიტას მეფის ქცევა სიმთვრალისთვის დაუბრალებია და ქმრისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ძუძუსთავი დასიებია და აქიმის ჩარევა გამხდარა საჭირო.
17 წელი შეუსრულდა ადამს, ტახტის დასაბრუნებლად გამოემართაო იბერიას. სომეხთა მეფემ გამოაყოლაო 5000 მებრძოლი, რომაელებიც შეწევიან 6000 ბერძენი მეომრით. ეგრისის მხრიდან შემოდისო ადამის ჯარი. 3000 მებრძოლი მიუშველებია სამეგრელოს ერისთავს – რევის. ლიხი გადმოულახავს ადამის ჯარს.
ლოცვად დადგომა ბრძანა მთავარმა ქურუმმა ბაკურმა, იბერიის გამარჯვებისთვის მსხვერპლს ითხოვსო არმაზი. ვინმე დიდებულის ძე უნდა შეეწიროსო ღვთაებას! შეჰყარეს დიდებულის ცოლები, ჩვილი ბავშვები უჭირავთ ხელში. ლოცვების ბუტბუტით ჩამოუარა ქალებს ქურუმმა. ვის გაუღიმებს ბედი, ვის ჩვილს აირჩევს არმაზი? პატარა აგრიპა აირჩია ქურუმმა, დედას ჩამოართვა, მაღლა ასწია. გაღიმებულ ქსეფარმუგს შეასწრო თვალი სერაფიტამ, ენიშნა დაპირება, ჩახვდა მის მზაკვრობას.
“…და უძღვნა ძლევამოსილ არმაზს ქურუმთა მთავარმან ბაკურ შესავედრებლად იბერიის ძლიერებისა, ერთ ლანგარზედ გული ჩვილისა აგრიპასი – ძისა ეზოსმოძღვრისა იოდმანგანისა და მშვენიერის სერაფიტისა – ასულისა პიტიახშისა ზევახ მცირისა და მეორე ლანგარზედ ცოცარ-კოკორი, შესავედრებლად ნაყოფიერებისა”…
ტუჩებზე მჟავე სუნი ასდიოდაო ტახტზე უსულოდ მიწოლილ სერაფიტას.
„სერაფიტი, ასული პიტიახშ ზევახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.“ – აწერია საფლავის ქვაზე.
იოდმანგანმაც შეკრიბა იბერიელნი, მირდატი ჩაუდგა პართიელთა ჯარს, დაიძრნენ შიდა ქართლისაკენ.
„მაშინ მირდატ და ქსეფარნუგ მოირთეს ძალი სპარსთაგან, ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრელნი შთავიდეს შიდა ქართლს, და მუნ მიეგებნეს ქართველნი და სპარსნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვიან ლიახვი. და მუნ იქმნა ბრძოლაჲ მათ შორის ადგილსა, რომელსა ეწოდების რეჴაჲ. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, მოკლეს მირდატ და ქსეფარნუგ, და მოსრნეს სპანი მათნი, და დასვეს მეფედ ძე ფარსმან ქველისაჲ, სახელითა ადამ“.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
წავიკითხე მესამე თავი. ჯერ ერთი, მკითხველი შეიძლება დააბნიოს ასე უცბად ქსეფარნუგის დახასიათებაზე გადასვლამ. მეორეც, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს თავი ამოვარდნილია საერთო სტილიდან, რადგან ჩასმული ციტატები ძველქართულ ენაზეა დაწერილი.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
გმადლობთ დროული პასუხისთვის. მოკლედ, ვერაფერი დავწერე თქვენი მოსაწონი.
თქვენ გავიწყდებათ, რომ მე შეზღუდული ვარ მანუსკრიპტის იმ შინაარსით და თანმიმდევრობით, რასაც მიგზავნით. მეორე და მესამე თავებს შორის თუ არის რაიმე ტექსტი, გთხოვთ გადმომიგზავნოთ!
დიახ, ჩანართები ძველქართულად ვარჩიე, რომ იგრძნობოდეს ძველი დრო.
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით, ძალიან მომწონს. მე უკლებლივ ყველაფერს გიგზავნით, რასაც ბუბა თარგმნის. ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი უგუნური შენიშვნით გული გატკინეთ.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
ამონარიდი ქართველი ემიგრანტის, კარლო ინასარიძის ინტერვიუდან:
1945 წელს ზალცბურგიდან მიუნხენში გადავედი საცხოვრებლად. მაშინ მიუნხენის უნივერსიტეტში მოსახვედრად ვემზადებოდი, თან ვმუშაობდი, თავისუფალი დრო ცოტა მრჩებოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი ქართულ სათვისტომოსთან ურთიერთობას.
ერთი ასეთი შეხვედრის დროს გავიცანი ქართველი ემიგრანტი სვიმონ კუპრაშვილი. მაღალი, გამხდარი, კოპწია მოხუცი სკამიდან წამოიწია და თავის დაკვრით მომესალმა. მაშინ ძალიან მოხუცად მომეჩვენა, მაგრამ ახლა კი ვარ უკვე მისი ხნისა.
იმ დღის შემდეგ მუდამ ესწრებოდა შეხვედრებს, სხვებს უსმენდა, თვითონ ჩუმად იჯდა, არაფერს ყვებოდა. მხოლოდ მაშინ, ამბავი რომ მოვიდა, ექვთიმე თაყაიშვილმა განძი საქართველოს დაუბრუნაო, მოგვიყვა თავისი ისტორია.
მამამისი, ანტონ კუპრაშვილი, მოყვარული არქეოლოგი ყოფილა. პირველად მას გამოუთქვამს აზრი უძველესი ქალაქის – არმაზის არსებობის შესახებ და კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებაში რამდენჯერმე შეუტანია განცხადება არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრების დაფინანსების შესახებ, მაგრამ გიჟად ჩათვალეს და ყურადღება არ მიაქციეს.
ანტონ კუპრაშვილს შვილი – სვიმონი აუყოლიებია და თავისი ძალებით დაუწყია გათხრების წარმოება, მაგრამ ვერაფრისთვის მიუგნიათ. 1880 წლის ზაფხულის დასაწყისში მცხეთაში გადაუღებელი წვიმები მოსულა, არმაზისხევში მთა ჩამონგრეულა და ხევი მიწით ამოუვსია. ამით ისარგებლა ანტონ კუპრაშვილმა, ძველი რიცხვით დაწერა განცხადება, არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებაში შეიტანა და გაზეთშიც დააბეჭდინა, რომ ვითომ მიაგნო სამარხს, რომელშიც იდო მანუსკრიპტი და, შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადა, რომ მანუსკრიპტი სახლში ჰქონდა შენახული. ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია, უცხოელი არქეოლოგებიც კი დაინტერესებულან. გერმანელ არქეოლოგს, შლიმანს მეფისნაცვლისთვის უთხოვია არქეოლოგიური გათხრების ნებართვა.
ანტონ კუპრაშვილი დაიბარეს და მანუსკრიპტის მიტანა მოსთხოვეს, მაგრამ რას მიიტანდა, რაც არ ჰქონდა?! ამიტომ, მამა-შვილს გადაუწყვეტია თავდასხმის და მანუსკრიპტის გატაცების სცენა გაეთამაშებინა.
საღამოს მამის ბინა აურ-დაურიეს, უჯრები გადმოყარეს, ვითომ თავდამსხმელი რაღაცას ეძებდა, შვილმა მამა სკამზე მიაბა, პირი ნაჭრით აუკრა და წყნარად გამოვიდა მამის ბინიდან, ისე, რომ არავის შეუნიშნავს. საშიში თითქოს არაფერი იყო, რადგან, როგორც წესი, ერთ საათში მეზობლის კაცი უნდა შესულიყო ნარდის სათამაშოდ, მაგრამ ის კაცი რამდენიმე დღით სომხეთში წასულა ნათესავის გასვენებაში. საწყალი ანტონ კუპრაშვილი გაგუდულა და ზაფხულის სიცხისგან აყროლებული მესამე დღეს უნახავთ მეზობლებს. შვილმა ვეღარ შესძლო თბილისში ცხოვრება, ყველაფერი გაუყიდია და გერმანიაში გადასულა საცხოვრებლად.
ჟურნალი “თბილისელები”, ლევილი, 2007 წლის 20 აპრილი
From: Ardashel@icloud.com
To: george.taktakishvili@gmail.com
Subject: ბატონო გიორგი
გიგზავნით ეპილოგს. ამით მთავრდება ეს ისტორია.
ეპილოგი
„მაშინ დაიპყრა ყოველი იბერია ორთავე მეფეთა, ძემან ფარსმან ქველისამან და მეფობდა კეთილად სამ წელ და მოკვდა და დაუტევა ძე წლისა ერთისა სახელად ფარსმან, და აღზრდამდე მისა მეფობდა ცოლი ფარსმან ქველისა სახელითა ღადან. ხოლო შემდგომად ჰასაკისა დაჯდა მეფედ ფარსმან ძე ადამისა 923 წელსა რომის დაარსებიდგან (ჩვ. წ. 171 წელი).”
კეთილი სურვილებით, არდაშელ თაქთირიძე
From: george.taktakishvili@gmail.com
To: Ardashel@icloud.com
Subject: ბატონო არდაშელ
მშვენიერია, სასიმოვნო იყო თქვენთან ერთად შემოქმედებითი მუშაობა. იმედია, წარმოსახვის უნარს დამიფასებთ და ნაწარმოების თანაავტორად ჩემს გვარსაც მიაწერთ.
პატივისცემით, გიორგი თაქთაქიშვილი
ავტორები: არდაშელ თაქთირიძე,
გიორგი თაქთაქიშვილი