ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ციხის ნანგრევებთან

საღამო წყნარი, არე მშვიდი და იდუმალი.
უკანასკნელი შუქები ურჩი.
გარინდებული ბილიკები და ალუბალი.
ცა ლურჯი, ასე უსაზღვროდ ლურჯი.
გემშვიდობებით, მშობლიურო ჩვენო გორებო,
თქვენც, ნანგრევებო ციხის და ტაძრის,
გემშვიდობებით! მეძნელება ეს განშორება,
როგორც ლოდინი ბრძოლების მკაცრის…
გემშვიდობები, მქუხარეო ზვირთო რიონის!
ყურს ვუგდებ ხმათა შენთა ჟღერებას,
რა ამბავს გატანს ჩემთან მთები კავკასიონის,
უბედობას თუ ბედნიერებას?
არ ვიცი იგი, მომავალი რას მექადება…
რაზე საუბრობს ქარი ზეკარის?
სამშობლო მხარე მე ბურუსში წინ მეხატება:
ადამიანი ზეცას შეხარის.
შორით მოისმის ცეცხლის ხმა და ხმალთა წკრიალი
და შეშფოთდება ოცნება, – სული;
გადივლის თვალწინ ამღვრეული დროის ტრიალი,
აღქაფებული, აზვირთებული.
სამშობლო მხარე! ის გრიგალი მსურს მიუძღოდეს
ფიქრს აღელვებულს და გულდამკოდავს,
ჩემს მომავალში, დეე, მხოლოდ იმან უწყოდეს,
ეს ჩემი გული თუ რარიგ შფოთავს.

მხოლოდ შენს ხსოვნას, ჩემს საშინელ მარტოობაში,
მე არ გადავცვლი სხვა ნეტარ წამზე,
სხვა სიტკბოებას მირჩევნია ამგვარ გრძნობაში
სხვისთვის ფარული ცრემლი წამწამზე.
გემშვიდობები… უკანასკნელს ვსვამ სადღეგრძელოს,
მზე ჩადის, შუქი შუქს ეკონება.
ამ ადგილებში შევხაროდი მთებსა და მდელოს.
თან მიმაქვს სევდა და მოგონება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button