ისტორიარელიგია

ადრეულ ქრისტიანთა წამების შემთხვევები

თავიანთი რწმენის თამამად აღიარების გამო ქრისტიანობის ადრეულ სტადიაში ბევრი ადამიანი დასაჯეს და აწამეს რომის იმპერიაში რელიგიური ნიშნით. ასეთი შემთხვევები ხშირად შთაგონების წყარო და გამხნევების მიზეზი ხდებოდა მათი თანამოაზრეებისთვის.

***


წმიდა იპოლიტე რომაელი მესამე საუკუნეში აწამეს. მასზე მოთხრობილია იაკობ ვორაგინელის ჰაგიოგრაფიულ ნაშრომში “ოქროს ლეგენდა”, სადაც ნათქვამია, რომ წმიდა იპოლიტე თავიდან ჯარისკაცი იყო და მონაწილეობაც კი ჰქონდა მიღებული წმინდა ლავრენტის წამებით სიკვდილში, თუმცა ამ უკანასკნელის სიმტკიცით მოიხიბლა და მალე ქრისტიანად მოინათლა. შედეგად მას მიუსაჯეს ცხენებზე გამობმა და სხეულის დაგლეჯა.

***


ეგნატე ანტიოქელი, რომელსაც ღმერთშემოსილი უწოდეს, გადმოცემის მიხედვით წმინდა იოანე მახარობლის მოწაფე იყო. ეგნატე ანტიოქიის ეპისკოპოსი გახდა ევოდეს შემდეგ და ეს სტატუსი 40 წელი შეინარჩუნა, რითაც სამაგალითო ადამიანის სახელი დაიმკვირდა. ტრაიანეს მეფობისას იმპერატორმა შეარბილა დევნა ქრისტიანებზე, თუმცა დაკებთან და სკვითებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გამო თავს მოვალედ გრძნობდა წარმართული რომაული ღვთაებების მიმართ. ამან უბიძგა მას, სიკვდილით დაესაჯა ის ქრისტიანები, ვინც ღმერთების თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ.

ეგნატე შეიპყრეს და რომში წაიყვანეს. 20 დეკემბერს ის პრეფექტს წარუდგინეს, ამ უკანასკნელმა კი მისი კოლიზეუმში წაყვანა ბრძანა. არენაზე გასვლისას ორი მძვინვარე ლომი გამოუშვეს, რომლებიც მაშინვე ეცნენ ეპისკოპოსს, მოკლეს და შეჭამეს.

***


წმინდა ლავრენტი ადრეული ეკლესიის 7 ცნობილი დიაკვნიდან ერთ-ერთი იყო. დანარჩენი 6 დიაკვანი იმპერატორ ვალერიანის დროს შეიპყრეს 258 წლის 6 აგვისტოს და აწამეს. ქრისტიანულ ეკლესიაზე დიდი წნეხი იყო, რის გამოც ქრისტიანები ან რომიდან გარბოდნენ, ან რჩებოდნენ და დევნაში იყვნენ.

ბიბლიოთეკარსა და არქივის გამგეს, ლავრენტის, დააბრალეს, რომ იცოდა ეკლესიის ყველა წევრის ადგილმდებარეობა, ასევე მითიური ოქროს მარაგების სამყოფელი, რომელიც ვატიკანს ეკუთვნოდა. იმპერატორ ვალერიანის ჯარისკაცებმა ის შეიპყრეს და საიმპერატორო სასახლეში განძის მისატანად 2 დღე მისცეს. ლავრენტიმ შეკრიბა დასნეულებული, ობოლი და დასახიჩრებული ქრისტიანები, მიიყვანა სასახლეში და უთხრა იმპერატორს: “ესენი არიან ეკლესიის საგანძურები”.

წმინდა ლავრენტი გახურებულ რკინაზე დასვეს და ნელა შეწვეს იმ იმედით, რომ უარს იტყოდა თავის რელიგიაზე და მდიდარ ქრისტიანებს დაასახელებდა. არის გადმოცემა, რომ თითქოს წმინდა ლავრენტის იმდენად სურდა, ქრისტესთვის ეწამებინათ, რომ ტკივილი არაფრად ჩააგდო და ერთხელ ჯარისკაცებს დაუყვირა კიდეც, ამ მხრიდან უკვე შევიწვი და გადამაბრუნეთო. მისმა მამაცობამ ბევრი იმდროინდელი ქრისტიანი გაამხნევა, რამაც თავის მხრივ ამ რელიგიის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

***


აგატა სიცილიელი ცნობილი ოჯახის შვილი და ლამაზი გოგონა იყო, რომელიც სენატორ ქინტიანუსს შეუყვარდა და მისი დევნის ობიექტი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა გოგონა მის შემოთავაზებებს მტკიცედ უარყოფდა, სენატორმა მას საროსკიპოში უკრა თავი, მაგრამ აგატა რწმენის ერთგული დარჩა და 30 დღის განმავლობაში ვერავინ მიეკარა. ამის შემდეგ განრისხებულმა ქინტიანუსმა ის სხვადასხვა ხერხებით აწამებინა, მათ შორის იყო მკერდის მოგლეჯა. თუმცა, გადმოცემის მიხედვით, იმ ღამეს ქალწულს წმინდა პეტრე მოციქული გამოეცხადა და სასწაულებრივად გაუმთელა მკერდი. ქინტიანუსმა მას ბოძზე დაწვით სიკვდილი მიუსაჯა. ამას აგატა იმ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გადაურჩა. საბოლოოდ ის საპყრობილეში გარდაიცვალა თავს დატეხილი მრავალი ტანჯვის შედეგად.

***


წმინდა ბართლომე, იგივე ნათანაელი, იესო ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთი იყო. მწირი ცნობებია იმის შესახებ, რას საქმიანობდა ნათანაელი მოციქულობის პერიოდში, მასზე მხოლოდ იოანეს სახარებაში წერია იესოსთან პირველად შეხვედრის ეპიზოდში. მიიჩნევა, რომ აღდგომის შემდეგ წმინდა ბართლომე ინდოეთსა და სომხეთში ქადაგებდა. გადმოცემის მიხედვით, სომხეთში ის შეიპყრეს, ცოცხლად გაატყავეს და თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, რადგან მან წარმართული ღმერთების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა. ამის გამო ის მოგვიანებით მთრიმლავთა მფარველ წმინდანად შერაცხეს. მიქალანჯელოს ნახატში “საბოლოო განაჩენი” მას საკუთარი კანი უჭირავს.

***


მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი წმიდა კლიმენტის ცხოვრების შესახებ. რომის ეპისკოპოსთა უძველესი სიის მიხედვით, ის მოციქულ პეტრეს შემდეგ მესამე პაპი იყო. ის არის ავტორი კორინთელთა მიმართ ეპისტოლესი, რომელიც შედის I-II საუკუნის ტრაქტატში, დიდაქეში. წმიდა კლიმენტიმ მოაქცია ბევრი წარჩინებული რომაელი, თუმცა მალე იმპერატორ ტრაიანეს მიერ ყირიმში გადასახლება მიესაჯა. პასიურად არც ყირიმში ყოფილა და სასწაულების მოხდენის უნარის მეშვეობით ათასობით ადამიანი გადმოიბირა ქრისტიანობაზე. ეს რომ გაიგო, ტრაიანემ კლიმენტი შეაპყრობინა, რკინის ღუზა გამოაბა და შავ ზღვაში გადაუძახა.

***


წმინდა აგნესა, იგივე წმინდა ინეზა, რომაელ კეთილშობილთა კლასის წარმომადგენელი იყო, დაბადებული 291 წელს და აღზრდილი ქრისტიანული წესით. აღმოსავლეთ რომაელი იმპერატორის დიოკლეტიანეს გამეფებისას, 304 წლის 21 იანვარს, ის 12 წლის ასაკში აწამეს. აგნესას მშობლები წარმართები იყვნენ, თუმცა სახარებისა და ქრისტეს შესახებ შეიტყო მისი მონა ძიძისგან, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო. რომაელი მმართველის, სემპრონიუსის ვაჟს, ფოკოსს, აგნესა შეუყვარდა. მიჯნურს მან მრავალი ძვირფასეულობა აჩუქა, თუმცა აგნესამ უარით უპასუხა. ფოკოსმა გაიგო, რომ ის ქრისტიანი იყო და მამამისს შეატყობინა. სემპრონიუსმა გოგონა სახალხოდ დაკითხა და მანაც თავისუფლად აღიარა თავისი რწმენა. მაშინ მმართველმა მას ვესტას ტაძარში წასვლა და მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, რაზეც უარი მიიღო.

სიკვდილით დასჯის მუქარამ გოგონაზე გავლენა ვერ იქონია, ამიტომ მოსამართლე მას უბიწოების დაკარგვით დაემუქრა. აგნესა გააშიშვლეს და საროსკიპოს ქუჩებში ათრიეს. გზაში წმინდანი ლოცვას არ წყვეტდა და მისმა თმამ სწრაფი ზრდა დაიწყო და სხეული დაუფარა. ქალწულობის შენარჩუნება საროსკიპოშიც შეძლო. ამის შემდეგ კუდიანობა დასწამეს და ბოძზე დაწვა მიუსაჯეს, თუმცა ცეცხლის ანთება ვერ შეძლეს და ჯარისკაცმა სანაცვლოდ ხმლით მოკვეთა თავი. გამომდინარე იქიდან, რომ აგნესა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ამ სცენამ სისხლის მწყურვალი წარმართების ბრბოც კი შეძრა. ამის გამო გაიზარდა თანაგრძნობა ქრისტიანების მიმართ და მის გავრცელებას შეუწყო ხელი.

***


სულ რამდენიმე წმინდანია, რომლებმაც ისეთივე დიდი გავლენა იქონიეს მე-15-17 საუკუნეების ევროპელი მხატვრების წარმოსახვაზე, როგორიც წმინდა სებასტიანმა. ის რომის იმპერიის არმიის ჯარისკაცი იყო და იმპერატორ დიოკლეტიანეს დაცვის მეთაური. როცა დიოკლეტიანე ქრისტიანებს დევნიდა, სებასტიანი ამხნევებდა ტყვეებს და თავის ძალაუფლებას იყენებდა ჯარისკაცებისა და გავლენიანი ადამიანების გასაქრისტიანებლად. როცა აღმოაჩინა, რომ ღალატობდა, დიოკლეტიანემ სებასტიანის დასჯა ბრძანა – მშვილდოსნებს მისთვის უნდა ესროლათ. სებასტიანი გადარჩა, გამოჯანმრთელდა და იმპერატორთან მივიდა. ამ უკანასკნელმა ამჯერად ცემით მოაკვლევინა.

***


წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი იყო ალექსანდრიის მმართველის, კოსტუსის შვილი. ხილვის შემდეგ ის მოინათლა ქრისტიანად და იმპერატორ მაქსენტიუსთან მივიდა თხოვნით, რომ ქრისტიანთა დევნა შეეწყვიტა. მან მოახერხა თავის მოსაზრებაზე გადაეყვანა იმპერატორის ცოლი და ბევრი ცნობილი წარმართი რომაელი, რომელიც იმპერატორმა მიუგზავნა მას. შემდგომში ყველა მათგანი წამებით დახოცეს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეკატერინესთან მარცხი განიცადა, მაქსენტიუსმა მისი დაპატიმრება ბრძანა. მისი მნახველი ადამიანები მაშინვე ექცეოდნენ ქრისტიანობაზე, ამის გამო იმპერატორმა ბორბალზე სიკვდილი მიუსაჯა. ლეგენდის მიხედვით, როგორც კი ეკატერინე ბორბალს შეეხო, გატყდა, ამიტომ მას თავი მოკვეთეს.

***

წმინდა სიმფოროზა ტიბურში მცხოვრები ქალი იყო, ტრიბუნ გეტულიუსის ქვრივი და 7 შვილის დედა. როცა დასრულდა იმპერატორ ადრიანეს ძვირადღირებული სასახლის მშენებლობა ტიბურში და მსხვერპლშეწირვები დაიწყო, მას აცნობეს, რომ სიმფოროზა შეურაცხჰყოფდა რომაულ ღმერთებს ქრისტიანული ღმერთის განდიდებით. იმპერატორის ყოველგვარი ცდა სიმფოროზას გადმობირებაზე ამაო აღმოჩნდა, ამიტომ მან ბრძანა მისი და მისი შვილების წაყვანა ჰერაკლეს ტაძარში, სადაც მრავალნაირი წამების შემდეგ ყელზე მძიმე ლოდი გამოაბეს და მდინარეში მოისროლეს. მეორე დღეს იმპერატორმა მისი 7 ვაჟი გამოიძახა და სათითაოდ გააკვრევინა ბოძზე. თითოეული მათგანი სხვადასხვა ფორმით აწამეს – კრესცენსს ყელი განუგმირეს, იულიანს მკერდი, ნემესიუსს გული გაუპეს, პრიმიტივუსს მუცელი გაუფატრეს, იუსტინეს ზურგში მახვილი ჩასცეს, სტრაქტეუსი გვერდში დაჭრეს, ხოლო ევგენი ორად გააპეს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button