Ford და Google ერთად შექმნიან ქსელთან დაკავშირებულ ავტომობილებს
Google-მა და Ford-მა განაცხადეს ექვსწლიანი პარტნიორული შეთანხმების დადების შესახებ. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ტექნოლოგიური გიგანტი პასუხისმგებელი იქნება ქსელთან დაკავშირებადი ავტომობილების მზარდი შესაძლებლობების დიდ ნაწილზე, აგრეთვე უზრუნვეყოფს ქლაუდ გამომთვლელ სიმძლავრესა და სხვა ტექნოლოგიურ სერვისებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს Ford-ის ოპერაციების ოპტიმიზაციასა და რესტრუქტურიზაციის გეგმის შესრულების დაჩქარებას, რაც მანქანათმშენებელ კომპანიას 11 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. წყარო აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობა ორივე პარტნიორისთვის მომგებიანი იქნება. Ford გამოიყენებს Google-ის მზა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის Android Auto-ს ბაზაზე შექმნილ საინფორმაციო-გასართობ სისტემას, ქლაუდ გამომთვლელ პლატფორმას და ა.შ. Google ამ პარტნიორობის ფარგლებში იღებს ახალ მსხვილ დამკვეთს საკუთარ ქლაუდ პლატფორმაზე, რომელიც ბაზრის წილის მიხედვით ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Amazon და Microsoft.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის განცხადების შემდეგ Ford-ის აქციების ფასი 8.6%-ით გაიზარდა, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულებას კი მოემატა 3%. კომპანიების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 2023 წელს Ford-ისა და Lincoln-ის ავტომობილებში გამოჩნდება საინფორმაციო-გასართობი სისტემა Android Auto-ს ბაზაზე, ხმოვანი ასისტენტი Google Assistant, სერვისები Google Maps და Google Play, აგრეთვე სხვა სერვისები, რომლებიც მუშაობს Google-ის ქლაუდ პლატფორმაზე. ტექნოლოგიური გიგანტი Ford-ს ასევე დაეხმარება გამოიყენოს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ალგორითმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ლოჯისტიკა.
Google-თან პარტნიორობა Ford-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯიმ ფარლის კიდევ ერთი მიღწევაა, იგი ამ თანამდებობას იკავებს გასული წლის ოქტომბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში Ford-ის აქციების ფასი დაახლოებით 60%-ით გაიზარდა.