ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ორეული

თითქოს უბრალო ამბავი იყო, მაგრამ ისე ჩარჩა გონებაში, რომ გაიღვიძა, დაწერის სურვილმა არ მოასვენა, კომიუტერს მიუჯდა და კლავიატურაზე პირველი ასო აკრიფა. აკრიფა და თავისით ათამაშდნენ თითები კლავიატურაზე. ასო ასოს მიჰყვა, სიტყვა – სიტყვას, წინადადება – წინადადებას. დღის ბოლოს, მშვენიერი მოთხრობა გამოვიდა. მეორე ღამესაც წამოაგდო წერის სურვილმა, მესამე ღამესაც. ის კი, წერდა და წერდა, თავისით დაჰქროდნენ თითები კლავიატურაზე, თავისით მიჰყვებოდა წინადადება წინადადებას. თვითონ მოსწონდა – ზოგზე ტიროდა, ზოგზე იცინოდა, ზოგი ჩააფიქრებდა და ზოგიც, შორს, ბავშვობაში გადაისროდა. რა სიტკბო იყო, რა ნეტარება… მოუნდა, სხვასაც წაეკითხა, სხვაც დამტკბარიყო, აზრი და ემოცია ვინმესთვის გაეზიარებინა. მაგრამ, რომ არ მოწონებოდათ, რომ დაეცინათ?! ამიტომ, ფეისბუკში თავისი ორეული შექმნა. ორეული, რომელსაც არც ტანი ჰქონდა, არც სახე და არც გონი, მხოლოდ გამოგონილი სახელი და გვარი დაძრწოდა ვირტუალურ სამყაროში, კომპიუტერიდან კომპიუტერში, მობილურიდან მობილურში. იქიდან ამოცოცებული, ხან ვის ამოუდგებოდა გვერდით მეტროში, ხან ვის მიუჯდებოდა ჭიქა ყავასთან სამზარეულში, ხან ვის ჩამოუჯდებოდა ძილის წინ სასთუმალთან და უყვებოდა ამბებს, შეთხზულს თავისი შემქმნელისას. ზოგის თვალზე ცრემლს ჩამოაგორებდა, ზოგის ბაგეს ღიმილით გააპობდა, ზოგის შუბლზე ფიქრის ღარებს გააჩენდა, მაგრამ ყველაზე მეტად, ცრემლნარევი ღიმილი მოსწონდა. გარეგნობას კი, მსმენელის ფანტაზიის შესაბამისს იღებდა.
დღეები დღეებს მისდევდა, თვეები თვეებს. კაცი კი იჯდა და ახალ-ახალ მოთხრობას წერდა. წერდა და აქვეყნებდა. საღამოობით კი, კომენტარებს პასუხობდა – ზოგს მოწონების, ზოგსაც – დაწუნების. მაგრამ, მათში ერთი გოგონა გამორჩეულად მოსწონდა – ნატიფი ნაკვთებით, თეთრი კანის ფერით, წაბლისფერი, გაშლილი თმით, დახვეწილი ქართულით. ერთ დღეს, გოგონამ თავის კონცერტზე დაპატიჟა. მივიდა, არ გასცნობია, უკანა რიგში დაჯდა. ღამით ეზმანა: – ყვავილებით მოფენილ მინდორზე როიალი იდგა. როიალს გოგონა მიჯდომოდა. გაშლილი წაბლისფერი თმა მოტმასნილ კაბას ეფინებოდა. კვნესით იღვრებოდა მუსიკა, მთელ სივრცეს ავსებდა. დილით დაწერა ნოველა. არ გამოაქვეყნა, ორეულს ვერ ანდო, თვითონ წაიღო. კონსერვატორიასთან დაელოდა, უკან გაჰყვა, ავტობუსში ავიდნენ, გოგონა დაჯდა, ამოიღო მობილური და შეუდგა ფეისბუკში ძებნას. დიდხანს ეძებდა, ბოლომდე ჩაუყვა, ისევ უკან ამოუყვა. კაცი გვერდით მიუჯდა, მისკენ გადაიხარა და დაიწყო მოყოლა. ყვებოდა ნელა, გარკვევით, მთელი გრძნობით. გოგონამ გაკვირვებულმა ამოხედა, მერე წამოდგა, სხვაგან გადაჯდა და მობილურში ძებნა გააგრძელა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button