ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – სათამაშო

– მე შენ გეტყვი, მილიონებს დაგვიტოვებდა, კოდიც არ ვიცით, რომ გავაღოთო! – წაიბუზღუნა რძალმა და კარადის თაროზე შედგმულ სეიფს მტვრის საწმენდი ტილო გადაუსვა. ტილოს გადმოყოლილი ფურცელი თაროზე გადმოფრიალდა. დააკვირდა ფურცელზე დაწერილ ექვსნიშნა რიცხვს. ციფრების კომბინაცია სეიფის კლავიატურაზე აკრიფა. ჩხაკუნი გაისმა და სეიფის კარი გაიღო. შეიხედა, სეიფი ცარიელი დახვდა. ხელი შეჰყო და მოაფათურა. ხელს რაღაც მოჰყვა. გამოიღო. კომპაქტ-დისკზე, ლურჯი მარკერით, გაკრული ხელით ეწერა – “ანდერძი”.
***
რეზო დამჯერი ბავშვი იყო, თანაც გონიერი. ნახევარ სიტყვაში ხვდებოდა, რა უნდოდათ და ზუსტად ისე აკეთებდა, როგორც უნდოდათ, რომ გაკეთებულიყო. ამ თვისების გამო, დედ-მამა ყველაფერს მას ავალებდა. ისიც, უსიტყვოდ ასრულებდა დავალებებს. იცოდა, ძმისთვის რომ დაევალბინათ, შესრულება დაეზარებოდა. და კი, დავალებას ვერ გაიგებდა და თუ გაიგებდა, აუცილებლად დაავიწყდებოდა. ეს დამოკიდებულება დიდობაშიც გადმოჰყვა – ოჯახის ყველა საქმეს რეზო აკეთებდა. ცოლი რომ მოიყვანა
– შენ გამრჯე ხარ, თავს გაიტან, ესენი, ერთი ზარმაცი და მეორე ჭკუასუსტია, რა ეშველებათო?! – უთხრეს მშობლებმა, უძრავი ქონება ძმას დაუმტკიცეს, მოძრავი დას, რეზოს ამოჰკრეს წიხლი და სახლიდან ხელცარიელი გაუშვეს. ნაქირავებში გადავიდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ისევ აგრძელებდა დავალებების შესრულებას.
ტექნიკური უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, ის, და მისი ხუთი კურსელი კვლევით ინსტიტუტში გაანაწილეს. თავისი ნიჭით და შრომისმოყვარეობით, დანარჩენებისგან გამოირჩეოდა და მეორე წელს, უკვე წამყვანი სპეციალისტი იყო, ყველა პროექტი მის ხელში გადიოდა. მაგრამ მერე, მისი კურსელები დააწინაურეს – ზოგი ლაბორატორიის უფროსი გახდა, ზოგი უფროსი მეცნიერ-მუშაკი, მაგრამ რეზოს თანამდებობრივი ზრდა არ მომხდარა, რადგან, რომ დაეწინაურებინათ, განყოფილებაში საქმის გამკეთებელი არავინ რჩებოდა. ის კი, მაინც განაგრძობდა მთელი განყოფილების საქმეების თავაუღებლად კეთებას.
მთელი გულით უყვარდა ძმაკაცები, მათთვის გაჭირვების ტალკვესი იყო. თუ რამე გაუჭირდებოდათ, პირველად მასთან მორბოდნენ. არცერთის დაბადების დღეს უსაჩუქროდ არ გამოტოვებდა. მის ქეიფზე, აუცილებლად ძმაკაცები უმშვენებდნენ გვერდს. ისინი კი, მის გარეშეც ხშირად იკრიბებოდნენ და მაშინ პატიჟებდნენ, თუ ბატკანი იყო გასატყავებელი, ან ღორის სამწვადე ჩასაბასტურმებელი და შამფურზე შესაწვავი. რეზო კი, მაინც განაგრძობდა ძმაკაცების დახმარებას.
ცოლ-შვილს აღმერთებდა, ყველაფერი მათთვის ემეტებოდა. ცოლს დღესასწაულებზე თაიგულებს და ფრანგულ სუნამოებს ჩუქნიდა. სამსახურიდან მოსული, დაღლილი, ბავშვებს ამეცადინებდა. ცოლი კი, სახლში საჭმელსაც არ ახვედრებდა, თვითონ უხდებოდა კერძების მომზადება. საღამოს, ტელევიზორთან დივანზე წამოწოლილი შვილები, მამას სთხოვდნენ ჩაის მირთმევას. რეზოც დარბოდა ჩაის ფინჯნებით ხელში. როგორც წესი, ოჯახს ხელფასი თვის ბოლომდე არ ჰყოფნიდა და მაშინ უნდა გენახათ, ცოლი ჯოჯოხეთს რომ უწყობდა. ის კი, მაინც განაგრძობდა თაიგულების და ფრანგული სუნამოების მირთმევას.
რამდენიმე წლის წინ, რეზოს მეტყველება წაერთვა, მხოლოდ ყმუოდა, ბოლოს ყმუილიც შეწყვიტა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა დავალებების შესრულებას, სამსახურში თავაუღებლად მუშაობას, ცოლისთვის თაიგულების და სუნამოების მირთმევას, საღამოობით ჩაის ფინჯნებით სირბილს, მეგობრების პატივისცემას….
***
მონიტორის ეკრანზე სავარძელში მჯდომი მოხუცი გამოჩნდა. რამდენიმე წუთი მდუმარედ იჯდა, შემდეგ, თვალებში ნაპერწკალი გაკრთა, ბაგეები აამოძრავა.
– მოლაპარაკე სათამაშოს ფასი რომ გცოდნოდათ, დამაფასებდითო! – თქვა მოხუცმა და ისევ დადუმდა.

არდაშელ თაქთირიძე

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button