ფილოსოფია

ნიკა აგიაშვილი – ”ჟან-ჟაკ რუსო”

ყველაფერი იგი გაქრა,
ვით სიზმარი გვიანი,
დრომ ახალი ძალით დაჰკრა:
სხვაა ადამიანი.
რუსოს ხანა, ოხვრა რონის,
ტრიანონის ცდომანი…

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

«საფრანგეთის დიდებული ერი ჰქმნის დიდებულ ადამიანებს არა მხოლოდ საფრანგეთისათვის, არამედ ყველა ერისათვის. სალამი საფრანგეთს!» ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძის ნათქვამია.

მართლაც, სალამი, სახელი და დიდება საფრანგეთს! რამდენი გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანი აღუზარდა და მისცა მან კაცობრიობას. ყველას ვინ ჩამოთვლის… მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. ქვეყნისქვეყნად სახელგანთქმულ მწერალზე, საზოგადო მოღვაწესა თუ რომელიმე დიდოსტატსა და შემოქმედზე იტყვიან: მის გამო იმდენი წიგნი, ლექსი, რომანი, გამოკვლევა, შრომა ან სტატია დაიწერა, მარტოოდენ მათი სათაურების ჩამოთვლას ერთი კარგი მოზრდილი ტომიც არ ეყოფაო. ასეთ ბუმბერაზთა რიცხვს ეკუთვნის გენიალური ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, პედაგოგიკის თვალსაჩინო კლასიკოსი და დიდი ჰუმანისტი, დემოკრატ-განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო (Rousseau).

იგი დაიბადა ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს. გარდაიცვალა ერმენონვილში, პარიზის ახლოს, 1778 წლის 2 ივლისს. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ჟენევაში. რუსოს მამა, ისააკი, ღარიბი მესაათე და ცეკვის მასწავლებელი, ეგოისტი, მოუსვენარი და ფრიად დაუდეგარი კაცი იყო, თავგადასავლების მაძიებელი, სულ რომანების კითხვასა და ნადირობაში ატარებდა დროს, თავის ბავშვებს ანებივრებდა და ძალზე ფიცხი გახლდათ. რუსო ადრე დაობლდა. მისი ძმა, რაღაც ოინების გამო, ჟენევიდან გაქრა, ხოლო მამა იძულებული გახდა მეზობელ კანტონს შეხიზნებოდა, რადგან ერთი აზნაურის მოკვლა განიზრახა. აქ მეორეჯერ იქორწინა. ჟენევაში მარტოდმარტო დარჩენილი ჟან-ჟაკი სასწავლებლად ჯერ ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ – გრავიორს, სადაც საბრალო ქარგალმა პირველად იწვნია და განიცადა აუტანელი სიდუხჭირე. სუსტი, ზარმაცი და უზნეო, მუშაობის დროს სულ წიგნებს კითხულობდა. მიეჩვია ტყუილს, ფარისევლობას, ქურდობას, სიტყვაძვირობას და მეტისმეტად უხიაკი და უცნაური ბავშვი იყო.

კვირაობით ხშირად გადიოდა ქალაქგარეთ და ბევრჯერ დაბრუნებულა იმ დროს, როცა ქალაქის კარიბჭე იკეტებოდა. ამის გამო გარეთ უხდებოდა ღამის გათევა. 1728 წელს დატოვა ქალაქი და წავიდა კათოლიკურ სავოიაში, სადაც ერთ-ერთი სოფლის მღვდელმა წინადადება მისცა მიეღო კათოლიკობა, რის გამოც წერილი გაატანა ანესში მცხოვრებ მემამულე ქალთან – ქალბატონ ვარანთან. ეს იყო ახალგაზრდა ბანოვანი, რომელსაც კათოლიციზმის აღიარებისათვის მეფემ თვალსაჩინო დახმარება აღმოუჩინა. ვარანმა გაგზავნა რუსო ქალაქ ტურინში, სადაც ზრდიდნენ და ასწავლიდნენ პროზელიტებს, ე. ი. რომელიმე ახლადმიღებული სარწმუნოების მიმდევართ. გამოუცდელი ყრმა აღმოჩნდა მაწანწალათა ბრბოში, უმეცარ-უბირთა შორის, რომლებიც სარჩოს გულისათვის წამდაუწუმ იცვლიდნენ სარწმუნოებას.

კათოლიკობის მიღების შემდეგ იგი აღარ აინტერესებდათ მღვდლებს, გამოაგდეს მონასტრიდან, მისცეს ოციოდე ფრანკი და გზა დაულოცეს… უგროშკაპიკოდ დარჩენილი რუსო ჩავიდა ლოზანაში და თავი მუსიკის მასწავლებლად გამოაცხადა. სცადა კიდეც დაეწერა მუსიკალური პიესა საკონცერტოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. «ძალიან ცუდად იყო მაშინ ჩემი საქმე, ყველა მიხვდება, თუ რა მდგომარეობაში ჩავვარდი. მაგრამ, ცხადია, ყველაფერი ეს დავიმსახურე», – წერდა რუსო შემდეგ. მერე იგი მდივნად და მთარგმნელად დაუდგა ვიღაც აფერისტს, იერუსალიმელ არქიმანდრიტს, რომელიც შემოწირულებას აგროვებდა ვითომცდა «უფლის საფლავის აღსადგენად». რუსომ მიატოვა ბერი და იწყო ხეტიალი ქალაქებსა და სოფლებში, 1732 წელს ბრუნდება ანესში, კვლავ ხვდება ქალბატონ ვარანს და ცხოვრობს მასთან რამდენიმე წელიწადს.

ქალმა ასწავლა მას სწორად წერა, განათლებულ ადამიანთა ენით მეტყველება და მაღალი წრის საზოგადოებაში თავდაჭერა. შეიყვანა სემინარიაში, ხოლო შემდეგ მიაბარა ორღანისტს, რომელიც მოწაფემ მალე მიატოვა, დაბრუნდა ანესში, მაგრამ ამ დროს ვარანი უკვე პარიზს იყო წასული, და რუსოს ორ წელიწადს მოუხდა შვეიცარიაში უსახლკაროდ ცხოვრება. სულ ფეხით შემოიარა ეს მხარე, ღამეებს კვლავ ღია ცის ქვეშ ათევდა, მაგრამ ეს როდი აწუხებდა. ამავე დროს დაეწაფა თვითგანვითარებას. საფუძვლიანად სწავლობს მუსიკას, ბევრსაც კითხულობს.

1740 წელს იყო მაბლოს (პოეტის ძმის) ოჯახის შინამასწავლებელი, მაგრამ ამ საქმისათვის ვერ გამოდგა; არ შეეძლო მოწაფეებთან და უფროსებთანაც თავის დაჭერა, ჩუმად მიჰქონდა ღვინო თავის ოთახში და ცდილობდა დიასახლისთან გაარშიყებას, რის გამოც იძულებული გახდა წასულიყო ამ სახლიდან. დაბოლოს, 29 წლის რუსო, 1741 წელს, მიდის პარიზში. ჯერ კიდევ ვერ მიაგნო თავის ნამდვილ მოწოდებას. უყვარს მუსიკა და ფიქრობს, ჩემი ნიჭი მთელი ელვარებით სწორედ ამ ასპარეზზე გაბრწყინდებაო. პარიზში ჩაიტანა საკუთრივ გამოგონილი მუსიკალური სისტემის პროექტი (აქ ნოტების მაგივრად გამოიყენებოდა ციფრები). აკადემიამ მოიწონა იგი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მის დასაცავად რუსომ დაწერა «მსჯელობა თანამედროვე მუსიკის გამო», ამ სისტემის გამოყენება ვერ მოხერხდა.

პარიზში რამდენიმე წელს ყოფნისას მოექცა განმანათლებელ მოღვაწეთა წრეში: განმანათლებელთა შორის იყვნენ მთელ ევროპაში უკვე ცნობილი ვოლტერი, მონტესკიე, ჰოლბახი და აგრეთვე – დიდრო და დ’ალამბერი. ორი უკანასკნელი – გამომცემელნი გახლდნენ შესანიშნავი «ენციკლოპედიისა», სადაც რუსომ მალე დაიწყო თანამშრომლობა; იქ ათავსებდა წერილებს მუსიკაზე, მაგრამ განმანათლებლებს მალე გაეთიშა სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთა გამო უთანხმოებისათვის.

ერთ წელიწადს (1743-1744) საფრანგეთის ვენეციელი ელჩის – გრაფ მონტეგიუს შინა მდივანია. ელჩი მას უბრალო მოსამსახურედ თვლიდა, ხოლო გაამპარტავნებულ რუსოს თავი დიპლომატად წარმოედგინა; შემდგომში წერდა: იმ დროს ნეაპოლის სამეფო მე გადავარჩინეო. ელჩმა გამოაგდო და ხელფასიც არ მისცა. რუსო დაბრუნდა პარიზს და უჩივლა მონტეგიუს, მოუგო კიდეც, მაგრამ ისევ სადღაც, ქოხმახის სხვენზე ცხოვრობდა, კვლავ ულუკმაპუროდ. იმ ხანებში თეატრისათვის დაწერა ოპერა «გალანტური მუზები» და კომედია «ნარცისი», მაგრამ არც ერთ მათგანს წარმატება არ რგებია.

ცხოვრების სახსარს მოკლებულმა შეიუღლა იმ სასტუმროს მოსამსახურე, სადაც თვითონ ცხოვრობდა. ეს იყო ახალგაზრდა გლეხის ქალი, ართვალი, უვიცი, ძალზე გონებაშეზღუდული და ფრიად უხეში არსება, ტერეზა ლევასერი. რუსო აღიარებდა, მისდამი მცირეოდენი სიყვარულიც არ განმიცდიაო, მაგრამ ოცი წლის შემდეგ ჯვარი კი დაიწერა მასზე. ცოლთან ერთად არჩენდა ქალის მშობლებს და მთელ ჯალაბს. ტერეზასაგან ხუთი შვილი ჰყავდა. ყველანი ბავშვთა საამღზრდელო სახლში იყვნენ მიბარებული და სამუდამოდ დაეკარგა უყურადღებობის გამო. გვიან, მოხუცებულობაში, რუსო და მისი კეთილისმყოფლები ამაოდ დაეძებდნენ მათ გზასა და კვალს. თავს კი იმით იმართლებდა, მათ სარჩენად სახსარი არ გამაჩნდაო, მშვიდად მეცადინეობის საშუალებას არ მაძლევდნენო, და მირჩევნია მათგან გლეხები გამოვიდნენ, ვიდრე ჩემებრ თავგადასავლების მაძიებლებიო. ხშირად ამბობდა: ტერეზას მიმართ ასეთი ჩემი განწყობილება დაიწყო იმ სიბრალულით, რაც შთამაგონეს მისმა კუროებმა, საბრალო ქალს რომ დასცინოდნენ, ელაზღანდარებოდნენ და აბუჩად იგდებდნენო.

«ტერეზა ერთგულად ემსახურებოდა საოცარს, ზოგჯერ პირდაპირ აუტანელს თავისი სიანჩხლითა და ნერვიულობით… ბავშვობიდანვე ავადმყოფ რუსოს და ისეთ ახირებასაც კი უსრულებდა, როგორიც იყო ამ შვილების ბავშვთა სახლებში მიბარება და სამუდამოდ დაკარგვა…» მხოლოდ ტერეზამ გაუძლო ოცდათოთხმეტი წელიწადი ამ დიდ ადამიანს და მანვე დაუხუჭა თვალი სიკვდილის სარეცელზე. რუსოს გარდაცვალებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთის რევოლუციის დროს, კონვენტმა სამუდამო პენსია დაუნიშნა მოხუცებულ ტერეზას…

იმ ხანებში რუსო გახდა ფრანკელის მოიჯარე და მისი სიდედრის მდივანი, ჩაება იმ წრის მუშაობაში, რომელსაც ეკუთვნოდნენ ცნობილი ქალბატონი დ’ეპინე, მისი მეგობარი გრიმი და დიდრო. რუსო ხშირად ეწვეოდა მათ, დგამდა კომედიებს, ხიბლავდა ყველას თავისი ცხოვრებიდან ამოკრებილი გულუბრყვილო, თუმცა ფანტაზიით შეფერადებული ამბებით. მისთვის მრავალგზის უპატიებიათ უტაქტობაც (მაგალითად, მან საარშიყო ბარათი გაუგზავნა ფრანკელის სიდედრს და გაუმიჯნურდა კიდეც).

გადიოდა წლები. რუსო უკვე არც ისე ახალგაზრდა იყო (33 წლისა). განვლო სიდუხჭირითა და მრავალი ტანჯვა-წვალებით აღსავსე სიცოცხლე, ზნეობრივი დაცემისა და აზრთა და გრძნობათა აღმაფრენის არცთუ ისე სასიხარულო წლები. ჯერ კიდევ არავინ იცნობდა ამ სანდომიანი სახის, თვალანთებულ ღარიბ კაცს, პარიზში, ლათინური კვარტალის ერთ-ერთ სხვენზე მცხოვრებ ჟან-ჟაკ რუსოს. მალე იგი გახდება მთელი თაობის ფიქრთამპყრობელი. მისი ბიუსტები დაამშვენებს მრავალი პარკის დაბურულ ხეივნებს, მის სახელს აღტაცებით წარმოთქვამენ მეოცნებე ქალ-ვაჟები, რისხვითა და მრისხანებით აღსავსე მისი სტრიქონები, ადამიანთა გულის დამატყვევებელი და გასაგმირე მჭევრმეტყველება ძილის ბურანისაგან გამოიყვანს და გამოაფხიზლებს ათასობით ადამიანთა გონებას.

ხოლო ჯერეთ იგი უსახელო მუსიკოსია და უცნობი პოეტი, ახლახან პარიზს ჩამოსული გარმიანელი ვინმე, რომელსაც არ გააჩნია განათლება, სათანადო დიპლომი და ცოდნა, არ ესმის მაშინ ასე ყველასათვის სავალდებულო ლათინური ენა, ღარიბ-ღატაკი ბოგანო, ჟენეველი მესაათის შვილი, და ერთხანს თავადაც ხელზე მოსამსახურე, აგერ ახლა ქუჩის მაწანწალა რომ გახლდათ, და ამჟამად ბუნდოვნად და შფოთიერად, რაღაც გამოურკვეველი ალღოთი რომ გრძნობს და განიცდის იმ დაუდეგარსა და სულისაღმშფოთველ სალმობას თუ სატკივარს, ნიჭიერებას რომ უწოდებენ…

სახელ-დიდება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოადგა რუსოს კარს – მოულოდნელად და დამაბრმავებლად, თვალისმომჭრელად. ეს მოხდა 1749 წლის ზაფხულზე. რუსოს უნდოდა მეგობრის – დიდროს ნახვა, რომელიც იმ დროს ვენსენის ციხის პატიმარი იყო თავისი ერთ-ერთი ფილოსოფიური თხზულების («წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად») დაწერისა და გამოქვეყნების გამო. გზაზე შეისვენა, გაშალა გაზეთი «ფრანგული მოამბე» და წაიკითხა დიჟონის აკადემიის განცხადება საკონკურსო თემაზე: «შეუწყო თუ არა ხელი ლიტერატურისა და კულტურის განვითარებამ ადამიანის მორალისა და ჩვევების განვითარებას?» საუკეთესო თხზულებისათვის დაწესებული იყო სათანადო პრემია. რუსო განცვიფრდა: დიდი ხანია აწვალებდა ფიქრი ადამიანთა ერთი ნაწილის მონობასა და მეორეთა ბატონობაზე დამყარებული ცივილიზაციის დამღუპველი გავლენის გამო. ახლა დიჟონის აკადემიის ამ თემამ უეცრად მთელი სამყარო გადაშალა მის თვალთა წინაშე; შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ, როგორც შემდეგ წერდა, გაბრუებული ნახევარ საათზე მეტ ხანს იწვა ხის ქვეშ. როცა გამოერკვა, ჟილეტი სველი ჰქონდა ცრემლებისაგან. აზრი, რაიც ასე უცაბედად დაებადა, შეიცავდა მთელი მისი მსოფლმხედველობის დედაარსს: «განათლება მავნებელია და თავად კულტურა სიცრუეა და დანაშაული», რუსომ, დიდროს რჩევით, დაწერა და ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა სპეციალური შრომა, თავისი პირველი ფილოსოფიური ტრაქტატი: «მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებათა გამო», სადაც «დაჰგმო კაცობრიობის მიერ საუკუნოობით შეძენილი კულტურა, როგორც ადამიანის გამრყვნელი და ყველა ცოდვა-უბედურების მიზეზი. რასაკვირველია, მთავარი დებულება რუსოს თხზულებისა სადავო იყო ჯერ კიდევ მისსავე სამშობლოში, მაგრამ იგი მაინც უდიდესი პროტესტი გახლდათ იმ სოციალური ურთიერთობის წინააღმდეგ, რომელიც მეფობდა რევოლუციის წინა დროის საფრანგეთში. ამდენად მისმა თხზულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე»(1).

რუსოს ამ პირველ ნაშრომს მიენიჭა დაპირებული პრემია. მთელი განათლებული და რჩეული საზოგადოება ტაშს უკრავს თავის განმქიქებელსა და მამხილებელს; მისი სახელი განითქვა მთელ საფრანგეთში, და მასთან ერთად – ევროპაშიც; ერთნი აძაგებდნენ და ცილს სწამებდნენ, სხვები აღტაცებითა და აღფრთოვანებით ხვდებოდნენ წიგნის ავტორს.

რუსო ძლიერ ნანობდა ამ «საბედისწერო ნაბიჯს», რამაც გადაწყვიტა მთელი მისი შემდგომი ბედი, და კიცხავდა კიდეც დიდროს, ტრაქტატის დაწერა არ დამიშალაო. მთელი ჩემი ცხოვრების ყველა უბედურება ამ წუთიერი შეცდომის ბრალი იყოო, წერდა შემდეგ იგი.

ამ მცირე მოცულობის ტრაქტატში რუსომ გამოხატა თავის შეხედულებათა მთელი სისტემა, რაიც შემდგომ საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში რ უ ს ო ი ზ მ ი ს სახელით შევიდა. ტრაქტატის მიხედვით, ცივილიზაციამ არათუ ბედნიერება მოუტანა ადამიანებს, არამედ, პირიქით, გააარჯლა ერთთა ღატაკური მდგომარეობა და გააღრმავა სხვათა პარაზიტიზმი, გაამრავლა მანკიერებანი («მეცნიერება და ხელოვნება უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება, ხოლო ადამიანთა ცხოვრება თანდათან კნინდება და უარესდება… ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა იზრდება, ხე ცხოვრებისა ხმება და ჭკნება»).

ტრაქტატი გადაიქცა მეცნიერების, პროგრესისა და ცივილიზაციის მჭევრმეტყველურ უარყოფად («სამარადჟამო ცრუმორწმუნეობა, მჭევრმეტყველებას – პატივმოყვარეობა, პირმოთნეობა, მლიქვნელობა; გეომეტრიას – სიძუნწე, ფიზიკას – უსაქმური ცნობისმოყვარეობა, ხოლო ზნეობრივ ფილოსოფიას, ისე როგორც ყველა დანარჩენს – ადამიანური გულზვაობა»). რუსო მიმართავს შორეულ ისტორულ წარსულს, იხსენებს სპარტელთა, სკვითთა, გერმანელთა პირვანდელ ისტორიას, ხოტბას ასხამს მათს მარტივსა და სადა, უბრალო ცხოვრებას, რაიც ემყარებოდა თავისუფლების, სამართლიანობის, სიმართლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას. რუსო პათეტიკურადაც კი აქებს და ადიდებს ძველთაძველ სპარტას: «სპარტა, სპარტა! შენ სამიდღეშიოდ თავზარდაცემა იქნები სწავლულ მოლაყბეთათვის, შენ საძულველი ხარ დოქტრინერებისა და ასოკირკიტა მწიგნობართათვის».

სოციალურ მანკიერებათა მთელი დანაშაული რუსომ დააკისრა მეცნიერებას, ხელოვნებას, ცივილიზაციას, ამასთან – გაკრიტიკების საშუალება მისცა მოწინააღმდეგეთაც, რეაქციონერებსაც, რომლებმაც კარგად ამოიკითხეს და გაიგეს მის მგზნებარე პროტესტში რევოლუციური აზრები, და თავის მოძმე განმანათლებლებსაც, მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესს ადამიანის მომავალი განახლების საწინდრად რომ მიიჩნევდნენ. ვოლტერი ირონიულად გამოეხმაურა რუსოს ამ ტრაქტატს. პოლონეთის მეფემ, სტანისლავ ლეშჩინსიმ, პრესის საშუალებით ბრალი დასდო რუსოს, კაცობრიობის მთელი კულტურული მიღწევების მოსპობა გწადიაო. თავის პასუხში რუსო უარყოფდა ტრაქტატის ასეთ გაგებას და აცხადებდა, მეცნიერებისა და ხელოვნების მოსპობა სულაც არ მიფიქრიაო. შემდგომში, როცა ამ პირველ ტრაქტატს ახსენებდა, ამბობდა: ჩემი ხელიდან გამოსულ ნაწარმოებთა შორის, მსჯელობის თვალსაზრისით, ეს ყველაზე სუსტიაო.

დიდრო აღტაცებით შეხვდა რუსოს თხზულებას, იმიტომ კი არა, რომ იქ ენამჭევრულად იყო უარყოფილი მეცნიერება, ხელოვნება, ცივილიზაცია. განათლების დიდმა ქომაგმა, სახელოვანმა მოაზროვნემ და რევოლუციონერმა, დიდრომ ამ წიგნში დაინახა რაციონალური მარცვალი, სახელდობრ – ფეოდალური საფრანგეთის სოციალური წყობის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური პროტესტი, გაბატონებული კლასის მძაფრი სიძულვილი, უბრალო ხალხის მიმართ მხურვალე სიმპათია. «მიწის მუშის სოფლურ სამოსში, და არა კარისკაცის ზიზილ-პიპილებით მორთულ-მოოქრულ ტანისამოსში იფარება ადამიანთა სულის ძალ-ღონე და სათნოება», – თამამად აცხადებდა რუსო ამ პირველ ტრაქტატში.

1754 წელს რუსომ გამოსცა ახალი თხზულება (კვლავ დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებულ თემაზე): «მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე», სადაც პირველადაა წარმოთქმული უთანასწორობის დაგმობის ისტორიული ფაზა, რაც შემდგომში აფორიზმად იქცა: «ადამიანი, რომელმაც პირველად შემოღობა მიწის ნაკვეთი და თქვა: ეს ჩემიაო, საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები ამაში რომ დაერწმუნებია, იყო სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი. რაოდენ დანაშაულს, ომს, მკვლელობას, რაოდენ უბედურებასა და საშინელებას ააცდენდა ადამიანთა მოდგმას ის კაცი, ვინც პირველ მესაკუთრეს ამოუყრიდა მიჯნებს, ამოუვსებდა თხრილს და ეტყოდა ადამიანებს: ყურს ნუ დაუგდებთ ამ მატყუარას, თქვენ დაიღუპებით, თუ დაივიწყებთ, რომ ბუნების ნაყოფი ყველას ეკუთვნის, ხოლო მიწა – არავის».

რუსომ ვოლტერს გაუგზავნა ამ თხზულების ერთი ეგზემპლარი. ვოლტერმა, ეს რომ წაიკითხა, ზედ წიგნზევე მიაწერა: «როგორ? იმას, ვინც დაამუშავა, დათესა და შემოღობა მიწის ნაკვეთი, არ ეკუთვნის თავისი შრომის ნაყოფი? როგორ? ამ კაცს (ლაპარაკია რუსოზე), რომელსაც არ გაეგება, თუ რა არის სამართლიანობა, ამ მართლაც ქურდს, უნდა, რომ ადამიანთა მოდგმის კეთილისმყოფლად მოგვაჩვენოს თავი? ესაა ფილოსოფია მათხოვრისა, რომელსაც სურს, რომ ღატაკებმა გაძარცვონ მდიდრები».

უფრო გვიან, თავის ერთ დიალოგში ვოლტერი ასე ალაპარაკებს თანამოსაუბრეებს: «ეს უაზრობა, – ამბობს ერთი მათგანი, – ალბათ, დაწერა რომელიმე შარაგზის ქურდმა, ეტყობა, ეს ენამახვილობა ჰგონია». მეორე პასუხობს: «ეჭვი მეპარება, რომ მაგისი დამწერი არის ზარმაცი და უქმად მოყიალე კაცი. იმის ნაცვლად, რომ წაახდინოს ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეზობლის ბოსტანი, განა არ სჯობია მას მიჰბაძოს? მაგ სტრიქონების ავტორი, მე მგონია, არასაზოგადოებრივი ცხოველია».

რუსოს ამ ნაწარმოებს უკვე აღარ რგებია დიჟონის აკადემიის პრემია (ის მიენიჭა აბატ ტალბერს, ოფიციალური იდეოლოგიისა და რელიგიოზურობის მკაცრ ფარგლებში შეთხზული ნაწარმოებისათვის), მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო შიგ ჩაქსოვილი იდეებით და პირველ წიგნზე უფრო მომწიფებულ აზრთა სისავსით. აქ კვლავ ისმება ბუნებისა და კულტურის საკითხი. რუსომ აღძრა «ბუნებრივი ადამიანის» იდეა.

ბუნებისმიერ ადამიანს ავტორი უპირისპირებს «საზოგადოების მიერ შექმნილ ადამიანს». «ყველაფერი მშვენიერია, რაც შემოქმედის ხელიდანაა გამოსული, ადამიანის ხელში ყოველივეს ბოლო ეღება და ფუჭდება», – წერს იგი. «ადამიანთა უთანასწორობა თავად ბუნების მიერ არის წინასწარ განსაზღვრული», აცხადებდნენ ფეოდალიზმის ოფიციალური იდეოლოგები. «არა, ეს უთანასწორობა თავად ადამიანის მიერ არის შექმნილი და ეწინააღმდეგება ბუნებას», – პროტესტს აცხადებდა რუსო. მდიდრებად და ღარიბებად საზოგადოების დაყოფა, მქონებელთა და ჩაგრულთა ხელისუფლება ადამიანთა გამოგონილია. ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია; მხოლოდ გახრწნილ საზოგადოებაში ცხოვრებისას ხდება ბოროტი და მანკიერი. რუსო ხოტბას ასხამს ველურ ადამიანთა ცხოვრებას; ისინი იცვამენ ნადირთა ტყავს და ქვის ნაჯახებით შეიარაღებულთ არც კი გაეგებათ, თუ რა არის საზოგადოება და სახელმწიფო. ამის გამო ვოლტერმა ირონიულად, მაგრამ მკაცრად შენიშნა რუსოს: «ჯერ არავინ გარჯილა ესოდენ ამაოდ იმისათვის, რათა ჩვენგან მხეცები და ნადირები გამოეყვანა. როცა კითხულობს თქვენს წიგნს, კაცს მოუნდება ოთხზე დადგეს და ბობღვა იწყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე სამოცი წელიწადია გადავეჩვიე ასე სიარულს, და ამიტომაც გამიძნელდება ხელახლა ვისწავლო ეს საქმე. ამ სიამოვნებას სხვებს დავუთმობ, უფრო ღირსეულთ, ვიდრე მე და თქვენა ვართ».

ამ ტრაქტატში რუსო უფრო ფართოდ და მოფიქრებულად აშუქებს კაცობრიობის ევოლუციას ბუნებრივი მდგომარეობიდან განვითარებულ ცივილიზაციამდე, რომლის აუცილებელი თანამგზავრია ხალხის პოლიტიკური უთანასწორობა და ექსპლოატაცია. ეს თხზულება, როგორც «ანტი-დიურინგში» აღნიშნავდა ფრ. ენგელსი, არის «დიალექტიკის ერთ-ერთი უმაღლესი ნიმუშთაგანი». იგივე ენგელსი წერდა: «რუსოს ნაწერებში გვხვდება არა მარტო აზრთა განვითარება, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მარქსის მიერ «კაპიტალში» გამოთქმულ აზრებს, არამედ დეტალებშიც ვხედავთ მთელ რიგ ისეთ დიალექტიკურ გამოთქმებს, რომლებსაც მარქსი ხმარობს».

«პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები» (1762) გვიხატავს ხალხის სუვერენიტეტის ძირითად იდეებს, ხალხის ძველისძველ უფლებას დაამხოს ტირანული რეჟიმები; აქ შემუშავებულია საყოველთაო თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატული რესპუბლიკის სტურქტურა. რუსო უარყოფდა უფლებამოსილთა მიმართ კომპრომისს და არ იზიარებდა მრავალ განმანათლებელთა ილუზიას ე. წ. განათლებული მონარქიის შესაძლებლობის გამო. ამასთან თავის პოლიტიკურ თხზულებაში პროგრესის იდეას რუსო მის პოზიტიურ მნიშვნელობას უბრუნებს. რუსოს ეს თხზულება მწრლის პოლიტიკური პროგრამაა. უკეთუ პირველ ორ ნაწარმოებში კიცხავდა და ამათრახებდა თანამედროვე საზოგადოების მანკიერებას, აქ ცდილობს დასახოს შესაძლებელი გზები სოციალურ მანკიერებათა აღმოფხვრისათვის და ადამიანური თანაცხოვრების უკეთეს ფორმათა დასამყარებლად.

«ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ იგი ყველგან ხელფეხშებორკილია», – ასე აღნიშნავს რუსო სოციალური სამყაროს ძირითად წინააღმდეგობას. ამ წიგნმა დიდი როლი შეასრულა საფრანგეთის რევოლუცის ისტორიაში (რობესპიერი რუსოს მგზნებარე თაყვანისმცემელი იყო და ცდილობდა მისი პოლიტიკური პროგრამის გატარებას ცხოვრებაში).

როცა 1789 წლის 14 ივლისს შეიარაღებულმა მასებმა ძირს დასცეს და შემუსრეს საძულველი ბასტილიის ციხის კედლები და აბსოლუტიზმის პატიმრებს საკანთა კარები გაუღეს, ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე აჯანყებულთა ხელით ამოტვიფრეს და წააწერეს ვოლტერისა და რუსოს სახელები, რადგან: «საფრანგეთის რევოლუცია შექმნილი იყო არა ბარიკადებით, არა ვერსალის დატყვევებით, არამედ უფრო ადრე, როდესაც მონტესკიემ, ენციკლოპედისტებმა – ვოლტერმა, რუსომ და სხვებმა თავიანთ ნაწარმოებებში მთელი იმ წყობილების უკიდურესი წვრილმანებიც კი შექმნეს, რომელსაც უნდა შეეცვალა ძველი უწესივრობანი, და რაც განხორციელდა კონვენტის «კოდექსებით» (2) «რუსოს ეს თხზულებანი მიმართული იყო ფეოდალიზმის, მისი იდეოლოგიის, დოგმატიზმის, მეტაფიზიკის, სქოლასტიკის, ფეოდალურ პრივილეგიათა და დაწესებულებათა წინააღმდეგ, ეკლესიის მიერ ხალხის ჩაგვრის წინააღმდეგ».

«ტრაქტატი «საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ» რუსოს სოციალური შეხედულებების გვირგვინს წარმოადგენს და საერთოდ პოლიტიკური აზროვნების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იჭერს, როგორც თავის დროისათვის უაღრესად რადიკალური ნაშრომი. აქ მკაფიო გამოხატულებას პოულობს იმ დროისათვის ყველაზე მოწინავე იდეები ადამიანთა თანასწორობის შესახებ ნივთიერ, მოქალაქეობრივსა და პოლიტიკურ სფეროში». (3)

რუსო წაეჩხუბა ვოლტერსა და დ’ალამბერს და თავის მეგობარსა და მასწავლებელ დიდროსაც კი «ენციკლოპედიაში» დაბეჭდილი დ’ალამბერის წერილისათვის («ჟენევა»). დ’ალამბერი თავს ესხმოდა ჟენეველთა ფარისევლობას, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ქალაქში თეატრის გახსნისა. რუსომ დაიცვა ისინი და 1758 წელს მწვავე წერილით უპასუხა დ’ალამბერის სტატიას. რუსომ უარყო თეატრი, რადგან იგი მიაჩნდა ხალხის ერთ-ერთ გამხრწნელ საშუალებად. განმანათლებლებს არ შეეძლოთ დათანხმებოდნენ ამ ამბავს, ისე როგორც საერთოდ არ იზიარებდნენ რუსოს თეორიას ადამიანთა საზოგადოებისათვის ცივილიზაციის დამღუპველობაზე.

მანამდე ცოტათი ადრე რუსომ წერილი გაუგზავნა ვოლტერს მისი პოემა «ლისაბონის მიწისძვრის» გამო. ამ პოემაში ლისაბონის საშინელი კატასტროფით თავზარდაცემული ვოლტერი თავს ესხმოდა ეკლესიის მსახურთ, რადგან ისინი გუნდრუკს უკმევდნენ ადამიანთათვის მზრუნველ ყოვლადმოწყალე უფალს. პოემის ავტორი სკეპტიკურად აფასებს რელიგიას. რუსო კი თითქოს გამოვიდა სარწმუნოებისა და ღვთის დამცველად, ოღონდ თავი შეიკავა ბუნებაში მომხდარ მოვლენათა შეფასებისაგან და მთელი თავისი ყურადღება მიმართა საზოგადოებას, მის წიაღში გამეფებულ საშინელ წინააღმდეგობათ. «ღმერთს როდი შეუქმნია მდიდრები და ღარიბები. ადამიანებმა თვითონვე შეიქმნეს ხელოვნური, არანორმალური ცხოვრება, და შემდეგ უჩივიან ღმერთს», წერდა იგი.

ვოლტერი ძირს უთხრიდა ეკლესიისა და რელიგიის საფუძვლებს, რუსო ხელჰყოფდა უფრო მეტს – ადამიანის მიერ ადამიანის დამონებისა და ჩაგვრის მთელ სისტემას. ამიტომაც გასაკვირველი როდია, თუ «უღმერთო» და «ღვთისმგმობელი» ვოლტერი უფრო მოსათმენი იყო არისტოკრატებისათვის, ვიდრე ღვთისმორწმუნე რუსო. ვოლტერი მას «არქიგიჟს» ეძახდა, ხოლო ფრანგ განმანათლებელთაგან არავინ გრძნობდა ისე მწვავე სიძულვილს გაბატონებული ექსპლოატატორული კლასის მიმართ, როგორც რუსო. «მე მძაგს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მეზიზღება მათი მდგომარეობა, სისასტიკე, ცრურწმენანი, წვრილმანობა, ყველა მათი მანკიერება და კიდევ უფრო შევიზიზღებდი მათ, გაცილებით ნაკლებ რომ მძულდნენ ისინი». რუსოს მგზნებარე ბუნება, მისი შეურიგებლობა და მძვინვარება ცნობილი იყო იმ დროის მთელი კულტურული სამყაროსათვის. მისი თანამედროვე ინგლისელი მწერალი ჰოლდსმითი წერდა: «ჟენეველი რუსო საშინელი კაცთმოძულეა, ანდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფილოსოფოსია, რომელიც გააფთრებულია კაცობრიობის ერთი ნახევრის მიმართ იმის გამო, რომ იგი მართლაც აუბედურებს მეორე ნახევარს. ასეთი გრძნობა ჩვეულებრივ ძალზე კეთილი გულისა და ნაკლები გამოცდილების შედეგია».

მიუხედავად იმისა, რომ დ’ალამბერისადმი მიწერილ წერილში (1758) თეატრი გამოცხადებულია უაღრესად მავნე და ძალზე უზნეო დაწესებულებად, თავად რუსო თხზავდა მხიარულ პიესებს, ოპერათა ლიბრეტოებსა და მუსიკას. როგორც ლექსებისა და პოემების ავტორს («შარმეტის ბაღი», 1739; «წერილი ბატონ ბორდს», 1743; «წერილი პარიზოს», 1742; «სილვიას ხეივანი», 1750; «წერილი ბ-ნ ლ’ეტანს», 1752) რუსოს არ შეუქმნია ცოცხალი და მკაფიო სახეები; მან ვერ შეძლო საკუთარი განცდების პოეტურად გამოთქმა. მაგრამ ამ ნაწარმოებებში უკვე ჩანს მისი მსოფლმხედველობის გარკვეული ტენდენციები – მისწრაფება ცხოვრების მარტივად ასახვისა და ვნებათა ბრძნული შეზღუდულობის ქება-დიდება, არისტოკრატიული საზოგადოების, მისი მცონარეობისა და ჰედონიზმის სიძულვილი; ხოლო რუსოს კომედიები უფრო ნაკლებ გონივრულია. მათი იუმორი არაფრით არ ეხამება რუსოს მსოფლმხედველობის ძირითად იდეას.

ასე, მაგალითად, კომედია «ნარცისში» გაბიაბრუებულია მაღალი წრის კოხტა-პრუწა. ერთმოქმედებიან კომედია «სამხედრო ტყვეებში» ნაჩვენებია ეროვნული შუღლის ცრურწმენათა სასაცილო მხარე. საერთოდ ეს პიესები არ ბრწყინავენ ორიგინალობით. კომედია «გაბედული განზრახვა» პ. მარივოს სუსტი მიბაძვაა. ოპერათა შორის, რომელთათვისაც რუსო თხზავდა ლიბრეტოსა და მუსიკასაც, მისი ნიჭისა და ესთეტიკის მთავარ ტენდენციას უფრო შეჰფერის ერთმოქმედებიანი ინტერმედია «სოფლელი ჯადოქარი». რუსოს მიერ შედგენილი ეს მუსიკალური პასტორალი თითქოს რევოლუციაა მაშინდელ საოპერო ხელოვნებაში, რომელთა გართულებული მუსიკალური ქსოვილი და მაღალფარდოვანი სიტყვიერი მასალა არ მოსწონდა მსმენელს და არ იწვევდა მის ინტერესს. რუსოს მეორე შედევრი – პაწაწინა პიესა «პიგმალიონი», რომელმაც გოეთეს თქმით, «ეპოქა შექმნა», არის ლირიკული სცენა მუსიკალური კომენტარებით, შედგება მითიური მოქანდაკის მხოლოდ ერთი მონოლოგისაგან. ეს მოქანდაკე თავისი გამხელებელი სიყვარულით აცოცხლებს გალათეას ქანდაკს. ნაწარმოები მიღებული იქნა როგორც ახალი ჟანრის მელოდრამის აღმოჩენა (შემდგომში ტერმინმა «მელოდრამამ» სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო). რუსო ცდილობდა აგრეთვე ძველრომაულ სიუჟეტზე დაეწერა სამოქალაქო პათოსის ტრაგედია, მაგრამ «ლუკრეციას» ჩანაფიქრი მხოლოდ მრავლისაღმთქმელი ესკიზის სტადიაში დარჩა: ტირანთა წინააღმდეგ მებრძოლ პატრიოტთა მძლავრი ხასიათები თავიანთი ზვიადი გრძნობებით იზიდავდნენ რუსოს როგორც მოაზროვნეს, მაგრამ არ აღუძრავდნენ მხატვრულ ფანტაზიას.

ჟან-ჟაკ რუსოს მთავარი ნაწარმოებია საქვეყნოდ განთქმული რომანი «ჟიული ანუ ახალი ელოიზა» («Julie ou la Nouvelle Héloïse», 1761), რომლის სახელწოდებად გამოყენებულია შუა საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის პიერ აბელარის (Abailard, 1079-1142) სატრფოს – ელიოზას სახელი. სქოლასტიკაში რაციონალისტური და კრიტიკული მიმდინარეობის ფუძემდებლის აბელარის მოძღვრება მის სიცოცხლეშივე ორჯერ სასტიკად დაგმო და გაკიცხა ეკლესიამ, ხოლო თხზულება «თეოლოგიის შესავალი» კოცონზე დაწვეს. აბელარის ბრწყინვალე ლექციებმა პარიზში მიიზიდა მთელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მსმენელი. აბელარს შეუყვარდა თავისი მოწაფე, კანონიკ ფულბერის დისწული, 18 წლის ელოიზა, და იქორწინა მასთან, რასაც დიდხანს საიდუმლოდ იმარხავდნენ, რადგან სწავლულ-ღვთისმეტყველის კარიერისათვის უქორწინობა აუცილებელი და სავალდებულო პირობა გახლდათ. ამით განაწყენებული ფულბერის მიერ მიგზავნილმა კაცებმა იგი დაასაჭურისეს. ელოიზამ მონასტერს შეაფარა თავი. აბელარმაც თავი ანება მოღვაწეობას და ბერად აღიკვეცა. იგი ცნობილია როგორც პოეტი, მაგრამ მას სახელი გაუთქვა ელოიზასთან გამართულმა მიწერ-მოწერამ, სადაც ინტიმური ლირიკული განცდები შესანიშნავი ბუნებრივი ფორმით ექსოვება უაღრესად ბრძნულ ფილოსოფიურ აზრებს სამყაროს გამო, გონებისა და მეცნიერების ძლიერების შესახებ, და ა. შ.

«ელოიზასა და აბელარის წერილები» შუა საუკუნეთა ლათინური ლიტერატურის საქვეყნოდ განთქმული თხზულებაა და ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გადაითარგმნა ფრანგულ ენაზე. ამ ერთიერთმანეთის მოყვარული ცოლ-ქმრის სამწუხარო თავგადასავალი კვლავ გახმაურდა XVII საუკუნეში, როცა ცნობილმა მოაზროვნემ ბუსი-რაბუტენმა გამოსცა თავისი «ელოიზასა და აბელარის ამბავი». რუსომდე ამ სიუჟეტზე ფრანგულ ლიტერატურაში დაიწერა სამოცამდე რომანი, პოემა და დრამა.

ჩვენი გალაკტიონი ერთ-ერთი პოემის პროზაულ ვარაინტში («ლირიკა») წერდა: «განა რუსოს ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე მჭევრმეტყველებამ, მისმა სიძულვილმა ცივილიზაციისადმი, რომელიც ბადებდა ჩაგვრასა და ძალადობას, მისმა ძახილმა ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ არ იფეთქა დამაბრმავებელ ნათელ ცეცხლად ახალგაზრდა გოეთეს, შილერის პოეზიაში და არ შეუწყო ხელი იმ ქარიშხალს, რომელმაც ქვეყნის განმაახლებელ ურაგანად, მარსელიოზის ხმებით გადაიგრიალა საფრანგეთზე?» (4)

და სწორედ «ამ ქვეყნად სამოთხის მოწყობის საკითხს», ჩაგვრისა და ძალადობის კერის – ცივილიზაციის სიძულვილის ქადაგებას, ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ მოწოდებას, «ქვეყნის განმაახლებელ ურაგანს» მიუძღვნა რუსომ თავისი ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმტაცი და მთავარი თხზულება – ალპის მთის ძირის დაბაში მოსახლე ორი მიჯნურის ეს სევდიანი რომანი.

რუსო მხატვრული პროზის საუცხოო ოსტატია. თუ ვოლტერი და დიდრო იყენებდნენ დახვეწილ ირონიას, რუსო მიმართავს უმაღლეს პათეტიკას; მისი მღელვარე და მუსიკაური პროზა გვაგონებს ტრიბუნის მიერ წარმოთქმულ სიტყვას. საფრანგეთის რევოლუციის დროს მარატი კითხულობდა რუსოს თხზულებებს პარიზის ქუჩებში და აჯანყებული ხალხი მქუხარე ტაშით ხვდებოდა მგზნებარე ორატორს.

ეპისტოლარული ჟანრი საშუალებას აძლევდა ავტორს პერსონაჟთა აზრებისა და გრძნობათა ინტიმურად გამოთქმისათვის. რომანის მთავარი დრამატული კვანძია აზნაურის ქალიშვილის – ჟიული დ’ეტანჟის ამბოხება დესპოტი მამისა და, მისი სახით, კონსერვატიული წოდებრივი მორალის საფუძველთა წინააღმდეგ. ჟიული გაუმიჯნურდა თავის მასწავლებელს, მდაბიო წრიდან გამოსულ სენ-პრეს; სენ-პრე ჭკვიანია, ლამაზი, მაგრამ ღარიბია და წარმოშობითაც არ ეკუთვნის აზნაურთა წოდებას. მას მგზნებარედ შეუყვარდება თავისი ნორჩი მოწაფე. ის ძალზე მგრძნობიარე ჭაბუკია, მაგრამ არ ძალუძს მოქმედება, ბრძოლა თავისი ადგილისათვის, თავისი ბედნიერებისათვის ამ დედამიწაზე. ჟიული, პირიქით, ძლიერი ნებისყოფის აქტიური ქალიშვილია. მან მშვენივრად შეაფასა სენ-პრეს გონებრივი და მორალური უპირატესობა მისი წრის ადამიანებზე, არ შეუშინდა უკანასკნელთა გაკიცხვას და მიჰყვა თავის გრძნობათა ძახილს.

თავიანთი ურთიერთობა ახალგაზრდა შეყვარებულთ სააუგოდ არ მიაჩნიათ: მათ დაარღვიეს კანონი საზოგადოებისა, რომელიც კრძალავს ქორწინებას მდაბიოსა და არისტოკრატ ქალს შორის, მაგრამ დაემორჩილნენ ბუნების კანონს, რომლის მიხედვითაც ორი მოსიყვარულე არსების კავშირი, რომელ კლასსაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, ბუნებრივია და აუცილებელი. «ჭეშმარიტი სიყვარული უმწიკვლოესია ყველა კავშირთა ზედან», წერს ჟიული თავის მიჯნურს, მაგრამ ასე როდი სჯიდნენ ჟიულის მშობლები, განსაკუთრებით – მამამისი, ვინც ფიქრადაც რა გაივლებდა გულში სენ-პრესთან ქალიშვილის დაქორწინების ამ შეურაცხმყოფელ ამბავს. სენ-პრეს ხელი ჰკრეს, რადგან იგი აზნაური არ იყო, მაგრამ… «თავის წინაპართა ძარცვა-გლეჯისა და უსირცხვილობის გარდა, აბა რა დამსახურების წარმოჩენა შეუძლია ამ აზნაურობას? რა გააკეთა მან სამშობლოსათვის და ადამიანთა ბედნიერებისათვის? კანონთა და თავისუფლების დაუძინებელმა მტერმა, რა შესძინა ქვეყანას ტირანიისა და ხალხთა ჩაგვრის გარდა».

რუსომ ჟიულის ათქმევინა თამამი სენტენცია: «…სჯობს შევცოდოთ დიდგვაროვნების წინააღმდეგ, ვიდრე შევბღალოთ სათნოება; მენახშირის ცოლი უფრორე პატივისცემის ღირსია, ვიდრე უფლისწულის ხარჭა; ძალაუფლებასა და ფულს არ ძალუძს ადამიანის გაბედნიერება».

ჟიული იძულებული ხდება დაემორჩილოს «ცარიელი ტიტულის თავდადებულ დამცველ» მამის ნება-სურვილს. ის მისთხოვდა აზნაურ ვოლმარს. «ცივილიზებული» საზოგადოების კანონი დაცულია, მაგრამ დაირღვა ბუნების კურთხეული კანონი, რაიც უკრძალავს ადამიანს უსიყვარულოდ ქორწინებას. «ჩაუფიქრდით, გულქვა მამავ, რა ცოტათი ხართ ამ სასურველი სახელის ღირსი. გულისხმა ჰყავით, რა საშინელ შვილისმკვლელობას სჩადიხართ, როცა აიძულებთ თქვენს ნაზ და მორჩილ ასულს თავისი ბედნიერება უმსხვერპლოს თქვენს ცრურწმენას», – სწერს სენ-პრე ჟიულის მამას.

ჟიულიმ ყოველივე გაუმხილა და უამბო თავის მეუღლეს. კეთილშობილი და გულისხმიერი ვოლმარი მიუხვდა ყველაფერს, როგორც დინჯი, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანი. გავიდა ექვსი წელი. ჟიული უკვე ბავშვების დედაა, ოჯახისა და ქმარ-შვილის ერთგული. კვლავინდებურად უყვარს სენ-პრე და ამიტომ უბედურია. ჟიულის ყოფილი მასწავლებელი ვოლმარმა შინ მიიწვია და დიდი ნდობით ეპყრობა. შეყვარებულები ისევ ხვდებიან ერთმანეთს. მხოლოდ ცხოვრება გამუდმებულ მტანჯველ ბრძოლად გადაექცათ მათ შემაკავშირებელ გრძნობასა და მოვალეობას შორის, და ორივენი უბედურნი არიან; ჟიული შემთხვევით იღუპება: დახრჩობას გადაარჩენს თავის შვილს. გაცივდება და სიცოცხლეს გამოესალმება. სენ-პრე რჩება ვოლმარის ოჯახში მისი შვილების აღმზრდელად.

რუსოს ამ რომანის გამოჩენა მოულოდნელი იყო თანამედროვეთათვის; ამ თხზულების მსგავსი ჯერ არაფერი სმენოდათ თავიანთ ლიტერატურაში. მოგვიანებით რომანტიკოსები რომანს «პროზით დაწერილ პოემას» უწოდებდნენ და მას მოცარტის მუსიკას ადარებდნენ.

«ახალი ელოიზა» უდავოდ დაწერილია გამოჩენილი ინგლისელი სანტიმენტალისტი მწერლის – რიჩარდსონის (1689-1761) რომანის («კლარისა პარლოუს ანუ ახალგაზრდა ლედის თავგადასავალი») გავლენით. რუსომ არათუ აიღო ანალოგიური სიუჟეტი, – ეგ არის სიყვარულთან თუ ცდუნებასთან უმანკოების ბრძოლაში დამარცხებული ისეთივე ქალის ტრაგიკული ბედი, – არამედ აითვისა ამ გულისამაჩუყებელი რომანის სტილიც.

რომანის ფორმა ეპისტოლარულია. იგი შედგება 163 წერილისა და ეპილოგისაგან. ეს ფორმა ახლა მნიშვნელოვნად ამცირებს კითხვის ინტერესს, მაგრამ XVIII საუკუნის მკითხველებს ძალზე მოსწონდათ იგი, ვინაიდან ეს წერილები, იმ დროის მიხედვით, იძლეოდნენ საუკეთესო საბაბს დაუსრულებელი მსჯელობისა და გულახდილი საუბრებისათვის. ყველაფერი ეს ჰქონდა რიჩარდსონსაც, მაგრამ რუსომ რომანში შეიტანა ბევრი რამ საკუთარი, პირადად განცდილი, მისთვის ძვირფასი და საგულისგულო. მიუხედავად იმისა, რომ რუსო თითქოს არ ერევა რომანში აღწერილ ამბავთა მსვლელობაში და თავს «ნაპოვნი წერილების» გამომცემლად ასახელებს, თხზულების მთავარი გმირები – სენ-პრე და ჟიული – ავტორის ცხოვრებისეული ფილოსოფიის, ესთეტიკის, მორალის, მისი აზროვნების წინააღმდეგობათა გამომთქმელნი და გამომხატველნი არიან. «ახალი ელოიზა» ამ მიმართებით ლირიკული რომანია, რომლის ბოლომდე გაგება ძალზე ძნელია და შეუძლებელიც, თუ მკითხველმა არ იცის რუსოს ბიოგრაფია.

«ახალი ელოიზა» აგრეთვე სოციალურ-პოლიტიკური და იდეურ-ფილოსოფიური ნაწარმოებიცაა, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ისეთ ადამიანზე, როგორიც სურდა ენახა და ვერ კი ნახა რუსომ თავის დროსა და თავის საზოგადოებაში. იდეალისა და ცხოვრების ურთიერთშორის გათიშვის მიუხედავად («მშვენიერია მარტოოდენ ის, რაც არ არსებობს») რომანის პესიმიზმს განუყრელად თანსდევს მომავალ ცვლილებათა ბუნდოვანი მოლოდინი და მტკიცე რწმენა, ეს ცვლილებები მალე მოხდებაო. რუსოს წიგნმა სათავე დაუდო ლიტერატურულ მიმდინარეობას – სანტიმენტალიზმს.

«როცა გამოჩნდა გეტე თავისი «ვერტერით», ბერნანდენ სენ-პიერი თავისი «პოლი და ვირგინიით», ჟან-ჟაკ რუსო თავისი «ელოიზით», მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუ-კლასიკური მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს ვერც გეტეს «ვერტერი», ვერც «ელოიზა» ჟან-ჟაკ რუსოსი და ვერც «პოლი და ვირგინია» ბერნანდენ სენ-პიერისა; ამაში სენტიმენტალური სული მოესმათ; ეგ სული მიმდევართა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სკოლა» (ილია ჭავჭავაძე, ტ. 4, 1927, გვ. 60-61).

წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონი კითხულობდა «ახალ ელოიზას», როგორც წერდა თავის მემორიალში ლას კაზასი: «ხშირ-ხშირად შეწყვეტდა კითხვას, აღნიშნავდა მწერლის ოსტატობას, მსჯელობათა სიძლიერეს, სტილისა და ცალკეულ გამოთქმათა სილამაზეს». მაგრამ ნაპოლეონი ზოგჯერ არ ეთანხმებოდა ავტორს. «ჟან-ჟაკი აზვიადებს. იგი გვიხატავს ვნებათაღელვის სიშმაგეს. სიყვარულმა უნდა მოგვიტანოს სიხარული და არა ტანჯვა-წამება. მაგრამ რომანი ცეცხლით არის აღსავსე და გვაღელვებს, გულს გვიგმირავს».

კაცობრიობის ესთეტიკური განვითარების ისტორიაში რუსოს მხატვრულმა ნაწარმოებებმა დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ფრანგი მწერალი გახდა ადამიანურ გრძნობათა თავისუფლების მახარობელი და თანამედროვეთა თვალწინ გადაშალა ადამიანთა მღელვარე გულის სურათები, მათი მშვენიერი შინაგანი სამყარო. ფრანგ მწერალთაგან რუსომ ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ბუნების სილამაზეს და შეძლო ხოტბა შეესხა მისთვის. თანამედროვენი აღაფრთოვანა და აღტაცებაში მოიყვანა სიტყვის ჯადოსნური ოსტატის ფუნჯით დახატულმა ალპის პეიზაჟთა ნაირფეროვანმა სურათებმა. «ჩვენმა ხალხმა სულ ახლახან აღმოაჩინა ბუნების სიმშვენიერე. ვოლტერი ჯერ კიდევ არ იცნობდა მას; ის მოდად შემოიღო რუსომ», – წერდა სტენდალი. მასთან ერთად მთელი მეთვრამეტე საუკუნე იწყებს ბუნების პეიზაჟთა მრავალფეროვნების შეგრძნებას. მანამდე ამ ამბავს არც ერთი მწერალი და მკითხველი არ იცნობდა.

მსოფლიო ლიტერატურის ამ შედევრს თავიდანვე არნახული წარმატება ხვდა წილად. მას კითხულობდნენ ყველგან, აღმერთებდნენ მის ავტორს და ცრემლებს ღვრიდნენ ორი უიღბლო შეყვარებულის ბარათთა კითხვისას.

ენციკლოპედისტ-განმანათლებლები არცთუ ისეთი აღტაცებით შეხვდნენ «ახალი ელოიზის» გამოჩენას. განმანათლებელთა პრესამ, საერთოდ, დადებითად შეაფასა რომანი. ავტორს მხოლოდ ის უსაყვედურეს, აქ დარღვეულია სიმართლე და ადამიანის გულის უცნაური სურათია დახატულიო. უფრო მკაცრი აზრი გამოთქვა ვოლტერმა: «ესაა ნახევრად გალანტური, ნახევრად მორალური რომანი, მაგრამ შიგ არ მოიპოვება არავითარი გალანტურობა, არც ჭეშმარიტი მორალი, არც გემოვნება. მას არ გააჩნია არავითარი ღირსება, გარდა ცილისწამებისა ჩვენი ერის მიმართ», და ამ თხზულებას «უხამს, ურცხვ და მოსაწყენ ნაწარმოებად» თვლის. მაგრამ ახალგაზრდა სტენდალი საათობით იდგა იმ სახლთან, სადაც რუსო დაიბადა და ცრემლებს აფრქვევდა.

«საზოგადოების რეაქციულ ფრთას… მწიგნობარ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს აღშფოთებას გვრიდა ვნებათა ღელვას აყოლილი თავისუფალი ქალის – ჟიულის იდეალიზება და სენ-პრეს, ვოლმარისა და რომანის სხვა გმირების ღრმა ადამიანური სახეები, რაც ასე მომხიბვლელი ფერებით იყო დახატული რუსოს მიერ. ბუალოს პოეტიკაზე აღზრდილი მწერლების ბანაკში კი შეშფოთებას იწვევდა რომანის გმირთა უბრალოება და სისადავე, მისი ლაღი და თავისუფალი სტილი; სამაგიეროდ საზოგადოების მოწინავე ნაწილს «ახალი ელოიზას» გამო თავისი თბილი აზრი ჰქონდა, რადგან უებრო გულითადობით მოთხრობილი რომანის კეთილი გმირების თავგადასავალი მას აჯადოებდა. გადმოგვცემენ, რომ ბევრი მკითხველი არათუ ტიროდა რომანის ბოლო ნაწილების კითხვისას, არამედ კონვულსირებული კიოდა, მხეცივით ღმუოდა… პირველი ოთხმოცი წლის მანძილზე, 1840 წლამდე, იგი გამოიცა სამოცდაათჯერ. ასეთი წარმატება იმდროინდელ ლიტერატურაში არ ხვდომია არც ერთ ნაწარმოებს; მაგალითად, ამავე წლებში ვოლტერის ცნობილი «კანდიდი» გამოიცა ორმოცდაათჯერ».

რუსოს მეორე ფილოსოფიური რომანი – «ემილი, ანუ აღზრდის შესახებ» (1762) უფრო ბელეტრისტული პედაგოგიკური ტრაქტატია, რაც ფრიად ტიპიურია განათლების ეპოქისათვის. თხზულება ეძღვნება ბავშვთა აღზრდის პრობლემას. აღზრდის საკითხებს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ფრანგი განმანათლებლები. ისინი იმედოვნებდნენ, რომ აღზრდის გზით გამოსწორდებოდა საზოგადოებრივი მანკიერებანი, აღმოიფხვრებოდა სოციალური ბოროტებანი.

რუსომ თავის თანამედროვეთ წაუყენა არისტოკრატის (ემილი შეძლებული აზნაურის შვილია) აღზრდის პროექტი, ვინაიდან ღარიბი კაცის შვილი «თვითონ ისწავლის ცხოვრებას».

რუსოს თხზულებაში გამოთქმულია ბევრი სწორი აზრი, მახვილი დაკვირვება ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ადამიანთა ურთიერთობის სფეროდან; მასთან ერთად მრავლადაა გულუბრყვილო მსჯელობანი, ფუჭი იმედები და ოცნებები. რუსო თავის პედაგოგიურ თეორიას ანვითარებს ემილის აღზრდის მაგალითზე. ბავშვს თავიდანვე დაჰყვება აღმზრდელი, რომელიც დღითიდღე და ოცი წლის განმავლობაში აყალიბებს და წვრთნის მის ხასიათს, წამითაც არ სცილდება გვერდიდან, არის მისი დამრიგებელი, უფროსი ამხანაგი, მესაიდუმლე და მზრუნველი. ბავშვს არ აკარებენ წიგნებს, – ეს ხომ გარყვნის მას. მარტოოდენ უკაცრიელ კუნძულზე რობინზონ კრუზოს ცხოვრების ამბავი დაუტოვეს, რადგან შიგ ცოცხლად და მკაფიოდ არის დახატული ბუნებასთან ადამიანის ურთიერთობის სურათები. ბავშვი მოაცილეს ქალაქსაც, ვინაიდან «ქალაქი ადამიანთა მოდგმის დამღუპველი უფსკრულია».

რუსოს ტრაქტატის მნიშვნელობა განისაზღვრება იმ ზოგადი განმანათლებელი პრინციპებით, მის პედაგოგიურ სისტემაში რომ შევიდნენ. ფილოსოფოსის აზრით, აღზრდის მიზანია მისცე საზოგადოებას სასარგებლო ადამიანი. «ცხოვრება – აი ხელობა, რაც მინდა ვასწავლო მას. მე მჯერა, ჩემი ხელიდან გამოსული იგი არ გახდება არც მოსამართლე, არც ჯარისკაცი, არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა, ის იქნება ადამიანი». რუსო ქადაგებს: აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს კაცთმოყვარეობის მაღალი გრძნობები. მოუწოდებს ყველას: «ადამიანებო, იყავით ადამიანურნი, ესაა თქვენი პირველი ვალი; იყავით ადამიანურნი ყოველ ვითარებაში, ყველა ასაკისათვის, ყველა ერში, რაიც უცხო არაა ადამიანისათვის. განა ადამიანურობის გარდა კიდევ შეიძლება იყოს თქვენთვის რაიმე ამქვეყნად!»

როგორ შთავუნერგოთ ბავშვს მოქალაქეობრიობის, თავისუფლების მოყვარულობის, ჰუმანურობის მაღალი გრძნობანი? სად არის ის წიგნი, რომელიც გადაუშლის მას დიად ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებათ და ასწავლის ადამიანად ყოფნას? ეს წიგნი ბუნებაა. «შეისწავლეთ ბუნება და მიჰყევით იმ გზას, თქვენ რომ დაგისახათ მან», – ღაღადებს რუსო. «რუსოს უკვდავმა ქმნილებამ – «ემილი, ანუ აღზრდის შესახებ» – ფეხზე დააყენა მთელი საფრანგეთი და არა მარტო საფრანგეთი». ევროპული საზოგადოების მოწინავე ფენებისათვის «ემილის» მორალური იდეები ახალ სახარებად იქცა; რეაქციული წრეები და შავი სამღვდელოება კი მას გაანჩხლებული აღშფოთებით შეხვდნენ. ორას წელზე მეტი დრო გავიდა «ემილის» გამოქვეყნებიდან. ამ წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდნენ და ახლაც კი მას სხვადასხვაგვარი თვალსაზრისით ხსნიან. ზოგი მორალისტი «ემილის» იდეებს მთლიანად გმობდა და გმობს, ზოგი კი მის ფურცლებზე თავისი თვალსაზრისის დასაბუთებას ეძიებდა და ახლაც ეძიებს. აღზრდის სფეროში «ემილის» გავლენის ძალა იმდენად დიდია, რომ ამ ორასი წლის მანძილზე რუსოს გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი ასე თუ ისე სერიოზული მოაზროვნე პედაგოგი და ბავშვთა ფსიქოლოგიის მკვლევარი. რუსოს «ემილმა» პედაგოგიკაში დასაბამი მისცა მთელ მიმდინარეობას, რაც თავისუფალი აღზრდის თეორიის სახელით არის ცნობილი…

«ემილი» არა მარტო პედაგოგიური ნაშრომი, მისი დიაპაზონი ბევრად უფრო ფართოა. იგი ვრცელი მორალური ტრაქტატია, რომლის მიზანია მკითხველი გაარკვიოს ამქვეყნად ადამიანის დანიშნულებაში, საერთოდ და კერძოდ, გვიჩვენოს ის საშუალებანი, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ბავშვობის წლებიდანვე მტკიცე ძაფებით იქნება დაკავშირებული დედა ბუნებასთან… ბავშვის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ამ ნაწარმოების გამოქვეყნებიდან ახალი ერა დაიწყო. სწორედ «ემილის» შემდეგ დაიმკვიდრა პედაგოგიკაში ბავშვმა თავისი კუთვნილი ადგილი, იქცა რა იგი აღზრდის უსულო, უპიროვნო, მკვდარი ობიექტებიდან განსხვავებულ ცოცხალ სუბიექტად… რუსომ «ემილით» დიდებული ძეგლი დაუდგა დედებსაც, რადგან დედის კალთა, დედის მკერდი მიიჩნია უპირველეს და უმნიშვნელოვანეს წიაღად ბავშვის ბუნებრივი განვითარების საქმეში. «დედის როლი ისე ღრმა გულწრფელობითა და მომაჯადოებელი სიძლიერით იყო დასურათებული, რომ მანდილოსნები, წარჩინებული წრეებიდანაც კი, სასახელო მოვალეობად თვლიდნენ ქვეყნის დასანახად საკინძე გაეხსნათ, მკერდი გამოეჩინათ და ძუძუ ეწოვებინათ პატარებისათვის თუნდაც საოპერო თეატრების ლოჟებში» (იხ. ზემოთ დასახელებული უ. ობოლაძის წიგნი, გვ. 9, 118, 119).

«ემილის» გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე დრო მწერლის ცხოვრებაში. პარიზის სასამართლომ 1762 წელს დაადგინა წიგნის დაწვა და მისი ავტორის დაპატიმრება. «ემილი» და «საზოგადოებრივი ხელშეკრულება» ჯალათის ხელით ცეცხლს მისცეს რუსოს მშობლიურ ჟენევაში. დევნილი მწერალი იძულებული გახდა გაქცეულიყო საფრანგეთიდან და ჟენევიდან. არ მიიღეს ბერნშიც და დროებით შეეხიზნა ერთ პატარა სოფელს იურის მკაცრ მთებში. ნევშატელის ოლქი, სადაც დროებით თავი შეაფარა რუსომ, მაშინ პრუსიის მეფის სამფლობელოში შედიოდა. რუსო იძულებული გახდა წერილით მიემართა ფრიდრიხ II-ისთვის. უაღრესი სიძულვილის გრძნობით აღვსილმა ასეთი სიტყვები მისწერა მეფეს: «თქვენს თაობაზე ძალზე ბევრი ცუდი ვილაპარაკე. შესაძლოა, ამიერიდან კიდევ უფრო მეტიც ვთქვა. მაგრამ საფრანგეთიდან, ჟენევიდან და ბერნის კანტონიდან გამოდევნილი, იძულებული ვარ, თავშესაფარი თქვენს სამფლობელოში ვეძიო». მაგრამ ამ შორეულმა და მიყრუებულმა კუთხემაც ვერ იხსნა რუსო. 1762 წლის აგვისტოში, პარიზის არქიეპისკოპოსმა კრისტოფ დე ბომონმა ყველა ეკლესიას დაუგზავნა მღვდელმთავრული წერილი, სადაც რუსოს ღვთისა და ადამიანთა მტრად აცხადებდა, უწოდებდა მას: ურცხვს, ათეისტს, ჭკუადამთხვეულს, ცრუპენტელას, მტაცებელ ნადირს, სინდისგარეცხილს, და სასტიკად უკრძალავდა თავის მრევლს ამ «ძაღლთაპირის», «ღვთის რისხვის», «ურჩხულისა» და «ანტიქრისტეს» ეშმაკეული «ემილის» კითხვას. მღვდლები ამბიონიდან კითხულობდნენ ამ წერილის ტექსტს და ცრუმორწმუნეთა ბრბოს უღვივებდნენ მწერლის სიძულვილს. რუსომ რისხვითა და აღშფოთებით აღსავსე წერილით გასცა პასუხი. საწინააღმდეგოდ უამრავი პამფლეტი დაუწერეს. მტრებისა და მაგინებელთა ამ ნაყარნუყარა ხროვა ხალხს მან თავს დაატეხა წიგნი – «წერილები მთიდან» (1764 წლის ივნისი-ოქტომბერი), სადაც «ჩვეული შინაგანი ცეცხლითა და მაღალი პუბლიცისტური ოსტატობით აცამტვერებს ეკლესიის ღვთისმოსავ მსახურთა მანკიერებას და ჟენევის რესპუბლიკის მესვეურთა ბნელ მაქინაციებს, მათს მევახშურ-ვაჭრულ სულსა და მლიქვნელობას». რუსო დასცინოდა და აბუჩად იგდებდა კალვინის ავტორიტეტს, ბრალსა დებდა კალვინისტურ სამღვდელოებას რეფორმაციის პრინციპთა ღალატში. ამის შემდეგ ეკლესიის მსახურთ კიდევ უფრო გააჩაღეს ბრძოლა რუსოს წინააღმდეგ. ახლა იგი სატანად გამოაცხადეს, «წერილები მთიდან» კოცონზე დაწვეს ჟენევაში, ჰააგასა და პარიზში – ვოლტერის «ფილოსოფიურ სიტყვის კონასთან» ერთად. ეკლესიის მსახურთაგან წაქეზებით ვალეს მცხოვრებლები, სადაც იმალებოდა რუსო, მას უნდობლობითა და მტრულად ეპყრობოდნენ. გაუვრცელეს ხმა (და აქ მღვდლების ხელიც ერია), რუსო ჯადოქარიაო. დაუწყეს დევნა ქუჩებში. ერთხელ ფანატიკოსთა ბრბო თავს დაესხა მის სახლს და ქვებით ჩაუმტვრიეს ფანჯრის მინები. რუსო გაიქცა და თავი შეაფარა ბიენის ტბაზე მდებარე პატარა კუნძულ დე სენ-პიერს, მაგრამ ბერნის მთავრობამ კუნძულის დატოვება უბრძანა. გატანჯული და ავადმყოფი რუსო 1766 წელს ინგლისს გაემართა, მაგრამ აქაც ვერ იპოვა მოსვენება. ფილოსოფოსი დავით იუმი, რომელმაც მიიწვია რუსო, მალე წაეჩხუბა და სასტიკად გაილაშქრა მის წინააღმდეგ პრესაში. შეურაცხყოფილი რუსო დუმდა. შემდგომში, სენ-ჟერმენთან მიწერილ ბარათში, მწარედ ჩიოდა «ყველგან თვალთმაქცობაა, ღალატი, და არც ერთი ადამიანური სახე» (1770 წლის 17 თებერვალი). გენიალურმა პლებეიმ, რომელმაც თამამად და ენამჭევრულად საქვეყნოდ ცხადყო ჩაგრული მასების მოთხოვნილებები, ევროპის ყველა სახელმწიფოს პრივილეგიურ წოდებათა გულისწყრომა და სიძულვილი დაიმსახურა. ამ მგზნებარე, გულწრფელი და კეთილშობილი ადამიანის ხმით მეტყველებდა თავად ხალხი, და ამიტომაც ასეთი მრისხანე ბრალმდებლად წარუდგა გაბატონებულ კლასს ჟენეველი მესაათის თავხედი შვილი. ყოველთვის ამაყად და დამოუკიდებლად ეჭირა თავი რუსოს მეფის მიმართაც. ჯერ კიდევ 1753 წელს თეატრში დაიდგა მისი კომიკური ოპერა «სოფლელი ჯადოქარი», რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა პარიზელები, და მათ შორის ლუი XV-ც, ვინაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, მთელ სამეფოში ყველაზე ცუდი ხმით დილიდან საღამომდე გაიმღეროდა ამ ოპერის არიებს. რუსომ იცოდა, თეატრში მეფე იქნებაო, და განგებ მოვიდა გაუპარსავი, ცუდი პარიკით და ძალზე ღარიბულად ჩაცმული. როცა უთხრეს, სპექტაკლის შემდეგ მეფესა სურს ლოჟაში მიგიწვიოს და სამუდამო პენსიის დანიშვნას გპირდებაო, რუსო თეატრიდან გაიპარა და მეფესთან წარდგენას აღარ დაელოდა, არ უნდოდა არავითარი მოწყალება საძულველი თავრობისაგან.

ერთ დღეს განაცხადა, ჩემი პრინციპების მიხედვით უნდა ვიცხოვროო, უარი თქვა ფრანკელთან ხელსაყრელ ადგილზე, წარჩინებულ თაყვანისმცემელთა საჩუქრებსა და ლიტერატურულ ჰონორარზე. საარსებო წყაროსთვის ნოტების გადაწერას მიჰყო ხელი – თითო გვერდში 10 სუს იღებდა; გადაააგდო მაშინდელ სალონთათვის განკუთვნილი კოხტა სამოსი, ჩაიცვა ხამი შალის ტანსაცმელი და ლოცავდა იმ ქურდს, რომელმაც ახალი აბრეშუმის პერანგები მოპარა; უარყო ზრდილობიანი ლაპარაკი, კადნიერად უპასუხებდა არისტოკრატ მეგობართა თავაზიანობას: ყოველივე ეს ძალზე თეატრალური იყო. «ველური ადამიანი» პოპულარული კაცი გახდა. მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ყოველი მხრიდან მიჰქონდათ ნოტები გადასაწერად, რათა ჰქონოდათ მისი ნახვის საბაბი; ხშირად ეწვეოდნენ მაღალი წრის ქალები და პატიჟებდნენ მდიდრულ სადილებსა და წვეულებებზე. ტერეზა და მისი გულხარბი დედა სარგებლობდნენ შემთხვევით და მნახველთაგან ღებულობდნენ ყოველნაირ საჩუქარს.

ქალბატონმა დ’ეპინემ თავის ქალაქგარეთ მდებარე მამულის ბაღში, სენ-დენის ახლოს – მონმორანსის საუცხოო ტყის პირას რუსოს აუშენა აგარაკი. 1756 წლის ზაფხულზე რუსო გადავიდა «ერმიტაჟში». ფანჯრებთან გაისმოდა ბულბულთა გალობა; ტყე გახდა მისი «სამუშაო კაბინეტი», ამავე დროს დილიდან საღამომდე დასეირნობდა იქ მარტოდმარტო, ფიქრმორეული. ეს იყო სამოთხისებური ცხოვრება, მაგრამ მაინც მიატოვა ეს აგარაკი და ახალი თავშეაფარი გამონახა მონმორანსის ციხე-დარბაზის მფლობელ ლუქსენბურგის ჰერცოგთან, რომელმაც დაუთმო პავილიონი თავის პარკში. რუსომ აქ გაატარა ოთხი წელი, აქ დაწერა «ახალი ელიოზა», «ემილი» და სხვა ნაწარმოებები. უკანასკნელი ათი წელი პარიზში იცხოვრა, საშინელ სიღარიბეში.

1777 წლის ზაფხულზე რუსოს ჯანმრთელობამ ერთობ დააფიქრა მისი მეგობრები და 1778 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა მათგანმა, მარკიზ დე ჟირარდენმა წაიყვანა იგი პარიზიდან რამდენიმე მილზე მდებარე თავის მამულ ერმენონვილში. ივნისის ბოლოს მას გაუმართეს დიდი კონცერტი პარკში, ტირიფნარის კუნძულზე. რუსომ მოითხოვა, სიკვდილის შემდეგ აქ დამკრძალეთო. 1778 წლის 2 ივლისს, 66 წლის ასაკში ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად ის მოულოდნელად გარდაიცვალა ტერეზას ხელში. იმავე წლის 30 მაისს გარდაიცვალა ვოლტერიც (ათი დღით ადრე, 20 მაისს, რუსო დაესწრო მის საზეიმო ჩამოსვლას დედაქალაქში). რუსოს სურვილი შეასრულეს; მაღალი ტირიფნარის კუნძულზე მდებარე მისი საფლავი უამრავ თაყვანისმცემელს იზიდავდა. ხალხის თვალში რუსო იყო საზოგადოებრივი ტირანიის მსხვერპლი და ჰუმანიზმისათვის ტანჯული მოწამე, ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე იბრძოდა სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის. ეს აზრი მშვენივრად გამოხატა დიდმა გერმანელმა პოეტმა ფრიდრიხ შილერმა (1759-1805) რუსოს გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე დაწერილ ოდაში («რუსოს»), სადაც რუსო შედარებულია სოფისტების მიერ მოკლულ სოკრატესთან, თავად მას კი ბოლო მოუღეს ქრისტიანებმა («დაეცა რუსო – იგი მოკლეს ქრისტიანებმა, რომ არ ექცია ქრისტიანი ადამიანად», – ვახტანგ ბეწუკელის თარგმანიდან).

1794 წლის 11 ოქტომბერს, რევოლუციის კალენდრის მიხედვით იმავე წელს 20 ვანდემერს, იაკობინური კონვენტის საგანგებო დადგენილებით, რუსოს ნეშტი პარიზს გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს პანთეონში, ვოლტერის გვერდით, რომელიც ერთი კვირით ადრე იქნა გადმოსვენებული აქ. მაგრამ 1814 წელს, საფრანგეთიდან ნაპოლეონის გაძევებისთანავე, რესტავრაციის დროს, როიალისტ ფანატიკოსებმა ღამით, ჩუმად, მოიტაცეს ორივეს ძვლები და კირის წყლით სავსე ორმოში ჩაჰყარეს. ამჟამად მათი ნეშთი კვლავ პანთეონშია დაცული…

რუსოს კალამს ეკუთვნის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გულწრფელად დაწერილი, ფრიად საყურადღებო წიგნი თავის თავზე – ეს არის აღსარება» (1770), რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა (1782-1789). «მინდა ადამიანებს ვუჩვენო კაცი მთელი მისი შეულამაზებელი სიმართლით, და ეს კაცი თავად მე ვარ», – აცხადებს იგი «აღსარების» შესავალში, დაუფარავად წარმოგვიდგენს «ამ შეულამაზებელ სიმართლეს» და უფლებას არ აძლევს თავს გამოტოვოს თუნდაც იოტის ოდენა რამ თავისი პირადი ცხოვრებიდან.

ოღონდ არა მარტო საკუთარი თავის გამო თქმული ეს სულისშემძვრელი სიმართლე შეადგენს წიგნის შინაარსს. აქ გადაშლილია იმდროინდელი ცხოვრების ფართო, ელვარე, ამაღელვებელი სიმართლე, იმ ეპოქის სოციალური სინამდვილის, ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებათა მკაფიო სურათი, არსებობისათვის ღარიბ-ღატაკი ადამიანის ბრძოლის ამბავი, სოციალურ უსამართლობათა სამყაროში დამკვიდრებისათვის გენიალური პიროვნების ბრძოლის ისტორია.

«აღსარება» არის დინამიკური ავტოპორტრეტი ადამიანისა, რომელიც გამოწვლილვით განიხილავს თავის განვლილ გზას დუხჭირი ცხოვრების პროცესში; თვითანალიზის გარდა, რაიც იმ დროისათვის სრულიად ახალი რამ იყო ფსიქოლოგიურ ნიუანსთა სიუხვის მიხედვით, რუსოს «აღსარება» ამაღლებს სულიერი ცხოვრების ღირებულებას, ცხადყოფს ადამიანური ღირსების მნიშვნელობას, მკაფიოდ აშუქებს საზოგადოებრივ სინამდვილეს მთელი მისი კოლიზიებით: ამბავთა მსვლელობა, ადამიანები, ლანდშაფტები შეფერადებულია პირადი, ზოგჯერ მეტისმეტად სუბიექტური განწყობილებებით. კოლორიტის მთლიანობას, შინაგან ცეცხლსა და მგზნებარებას, ოცნებებს, უაღრესად დაძაბულ ფიქრთაგვრიობას წიგნში შეაქვს პოეზიის სუნთქვა. რუსოს «აღსარებას» მაღალ შეფასებას აძლევდა 1789-1794 წლების საფრანგეთის რევოლუციის მრავალი მოღვაწე: რობესპიერი, სენ-ჟიუსტი, მარატი და სხვები.

ო. მირაბოს აზრით, «აღსარება» მუდამ დარჩება იმ კაცის პატიოსნების დადასტურებად, რომელიც ლაპარაკობდა, რასაც ფიქრობდა; წერდა, როგორც ლაპარაკობდა; ცხოვრობდა, როგორც წერდა და მოკვდა, როგორც ცხოვრობდა». რუსოსთვის საკმაო არ აღმოჩნდა მარტოოდენ «აღსარება» და, მის დამატებად თუ გაგრძელებად, კიდევ დაწერა ორი წიგნი: «დიალოგები. რუსო ასამართლებს ჟან-ჟაკს» (1775-1776) და «მარტოხელა მეოცნების გასეირნებანი» (1777-1778), რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. პესიმისტური აზრებისა და ბუნების წიაღში განმარტოებისადმი მიდრეკილების მიუხედავად ამ უკანასკნელ ნაწარმოებებში რუსო უღრმესი სიმპათიით ლაპარაკობს ხალხზე და მიელტვის ადამიანთა საზოგადოებასთან ურთიერთობას. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში «ახალმა ელოიზამ» დაიპყრო ევროპის ყველა ქვეყნის მკითხველთა გული. რუსომ მიიღო ათასობით ბარათი. რომანისადმი ინტერესი გამოიჩინა არისტოკრატიულმა საზოგადოებამაც, რომელიც მაშინდელი ბურჟუაზიული წრეების წარმომადგენლებზე უფრო თანაუგრძნობდა ავტორს, განსაკუთრებით შვეიცარიაში.

რუსოს მრავალმხრივმა საინტერესო შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ფილოსოფიურ, ესთეტიკურ, პედაგოგიკურ აზროვნებასა და ლიტერატურაზე. «ახალმა ელოიზამ» და «აღსარებამ» გააოცა სხვადასხვა ქვეყნისა და მიმართულების მწერლები. ბალზაკის სიტყვით, რუსო ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინაც მოახდინა კეთილისმყოფელი და სასარგებლო რევოლუცია და ამით აღმოფხვრა და აღკვეთა ჩვენი ენის უვარგისობა, მეთვრამეტე საუკუნის მწერალთა მიერ შიგ ჩაჭდეულ-ჩაწმახნილი გულცივობა და უსიცოცხლობა.

რუსოს ნაწარმოებებმა გაამდიდრეს მხატვრული ლიტერატურის ფსიქოლოგიური არსენალი. «ახალ ელოიზასა» და «აღსარებაში» მწერლებმა იპოვეს თავიანთი ახალი გმირი – ნიჭიერი, მაგრამ ღარიბ-ღატაკი ვინმე, გარემოებათა გამო სასტიკი განსაცდელისა და დამცირების დარჯაკში იძულებით გამოვლილი უქონელი ადამიანი. რუსომ დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის ლიტერატურაზე. აქ უნდა გავიხსენოთ: ლ. ს. მერსიე, ნ. რეტიფ დე ლა ბრეტონი, ე. დე სენანკური, ა. მიუსე, ჟ. ა. ბერნანდენ დე სენ-პიერი, დე სტალი, ვ. ჰიუგო, ჟორჟ სანდი, ო. ბალზაკი, რ. როლანი და
სხვები, რომელთა შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება რუსოს ფილოსოფიას, მის იდეებს.

ბალზაკის (1799-1850) სიცოცხლეში გამოუცემელი მისი რომანი წერილებით – «სტენიო, ანუ ფილოსოფიური ცდომილებანი» (1818-1819) იმეორებს «ახალი ელოიზას» მრავალ თემას. «ადამიანური კომედიის» შემქმნელმა რუსოს ამ რომანის ფურცლებიდან აითვისა და ისწავლა ტიტულოვანთა ბრწყინვალებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, სიძულვილი და ზიზღი სიმდიდრის მომხიბვლელი ძლიერების მიმართ – მთელი მისი ცივილიზაციითა და კლასობრივი ანტაგონიზმებით.

რევოლუციის ეპოქის ფრანგი პოეტი და დრამატურგი, სახელოვანი პოეტის ანდრე შენიეს (1762-1794) ძმა, მარი-ჟოზეფ შენიე (1764-1811) რუსოს იდეების განსადიდებლად კომპოზიტორებთან – გოსეკთან და მიუგელთან ერთად ქმნიდა რევოლუციურ აღმაფრთოვანებულ ჰიმნებს: «ჰიმნი ბუნებას», «ჰიმნი თანასწორობას», «ჰიმნი თავისუფლებას».

«ძვირფასო თავისუფლებავ! ძვირფასო თავისუფლებავ, ბუნებავ, მამულო!» ასეთი შეძახილებითაა აღსავსე «ჰიმნი თანასწორობას». ამ ჰიმნებს ასრულებდნენ სხვადასხვა გუნდები საზეიმო დღეებში ანდა მღეროდა მოედნებზე თავშეყრილი ხალხი. რევოლუციის წლებში თეატრებში იდგმებოდა პიესა ლექსად – «ჟან-ჟაკ რუსოს აპოთეოზი», სადაც გაისმოდა სიტყვები: რუსო «ნამდვილი სანკიულოტთა მეთაურია», და იგი მხიარულია «მას შემდეგ, რაც ჩვენში მოისპნენ დესპოტები».

ასევე პატივისცემით ეპყრობოდნენ რუსოს ინგლისში: ო. ჰოლსმითი, იუნგი, რ. ბერნსი, უ. კოუპერი, ჯ. ბაირონი და პ. შელი. XIX საუკუნეში რუსო ბაირონისა და შელის წინამორბედად მიაჩნდათ: პირველი – მისი «მსოფლიო სევდისა» და მეორე – პანთეიზმისა და კაცობრიობის სიყვარულის გამო. შვეიცარიაში მყოფი ბაირონი, 1816 წლის 27 ივნისს, ლოზანის ახლო მდებარე უშიდან სწერს ჯონ მერეის: «დავიარე რუსოსთან დაკავშირებული ყველა ადგილი, თან მქონდა «ახალი ელოიზა», და ფრიად განმაცვიფრა ბუნებისა და ორიგინალთა სილამაზის აღწერის ძლიერებამ და სიზუსტემ. მეიერის, ვევესა და შილიონის ციხე-დარბაზის გამო ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან სულ ერთია, ვერ შევიძლებდი მათგან მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემას». და კიდევ, 1816 წლის 18 სექტემბრის დღიურში ჩაუწერია: «ჩვენი გიდი წამდაუწუმ რუსოზე მელაპარაკებოდა და აერია იგი სენ-პრესთან, წიგნისაგან ვეღარ არჩევდა ავტორს. სოფელში, ერთ-ერთი სახლის ზღურბლზე, დავინახე ყმაწვილი გლეხის გოგო, თავად ჟიულივით ტურფა და თვალმწყაზარი». «ბაირონი და შელი (თან ახლდნენ: შელის – მისი მეუღლე მერი, ბაირონს – ნანდაური, შელის ცოლისდა – კლერი) «ახალ ელოიზას» დაიჭერდნენ ხელში და შემოივლიდნენ ჟან-ჟაკ რუსოს აღწერილ ადგილებსა, აღწერილით აღტაცებულიყვნენ და ხელახლა სტკბებოდნენ უკვე ორიგინალის ხილვითა, ხელოვანის ოსტატობითაც გაოცებულიყვნენ, ბუნების ოსტატობითაცა, იმასაც დაობდნენ, თუ რომელი სჯობნიდა რომელსაო, შემოქმედი სჯობნიდა თუ ხელოვანი სჯობნიდაო… ამდენი სიხარული დიდი ხანია აღარ განეცადა აღარცა ბაირონსა, აღარცა შელისა» (6).

ბაირონისა და ევროპის სხვა გამოჩენილ ადამიანთა გარდა რუსოს ამ ნაწარმოების გმირთა მოქმედების ეს ადგილები ინახულეს და თავიანთ მოგონებებსა თუ წერილებში ახსენეს და აღწერეს ქართული მწერლობისა და ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმაც. ასე, მაგალითად, სახელოვანი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იხსენებს 1908 წლის ზაფხულს და წერს: «ევროპის სხვადასხვა კუთხეში ორი თვის ხეტიალის შემდეგ ჩავედი შვეიცარიაში – კლარანსში, ჟენევის ტბის ნაპირას, სადაც ამ დროს ჩემიანები ცხოვრობდნენ… აქვე, კლარანსში, დავიწყე ჩემი «მკვდართა კუნძული…», რომელიც ისევე, როგორც სხვა ჩემი ნაწერები, არასდროს დასაბეჭდად განზრახული არა მქონია და არცა მაქვს. ამ დრამატულ პოემას დიდი გატაცებით ვწერდი, მით უფრო, რომ ვწერდი იმავე მერხზე მჯდომი და იმავე ჭადრის ქვეშ, ტყისპირად, სადაც ჟან-ჟაკ რუსო წერდა თავის «ახალ ელოიზას» (7).

1957 წლის ივლისში რუსოს გმირთა ეს ადგილები ჟენევის ტბის ნაპირებზე ინახულა და საგანგებო მემორიალში ქართველ მწერალთაგან პირველად დაწვრილებით აღწერა ცნობილმა კრიტიკოს-მკვლევარმა, აკადემიკოსმა გიორგი ჯიბლაძემ. იგი იყო საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი განათლებს საკითხთა გამო ჩატარებულ XX საერთაშორისო კონფერენციაზე შვეიცარიაში. …«მარჯვენა მხარეს დავინახე რუსოს კუნძული, – წერს იგი, – მაღალი ხეებითა და რუსოს ძეგლით… ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჟენევაში და ადამიანის ესთეტიკური გრძნობის დამატკბობელი… სწორედ აქ, ამ მიდამოებში, იშლება ჟან-ჟაკ რუსოს ცნობილი რომანის «ახალი ელოიზას» შინაარსი. აქ, ამ მიდამოებში დადიოდა რომანის მთავარი გმირი ჟიული, რუსოს მძლავრი პოეტური ფანტაზიის პირმშო, მასზე უნუგეშოდ შეყვარებულ ახალგაზრდა სენ-პრესთან ერთად, რომლის სახითაც დიდმა მოაზროვნემ და ხელოვანმა თავისი იდეალები გამოხატა… აქაურობა მართლაც ისე ლამაზი ჩანს, რომ რუსოს ამბოხებული, პლებეური სული, მაგრამ შეუბორკავი ფანტაზია, უკეთეს ადგილს ვერ იპოვიდა ჟიულისა და სენ-პრეს ესთეტიკური სამყაროს სინაზის, სიყვარულისა და ჰუმანიზმის წიაღთან შესაერთებლად… გეგონებათ, თითქოს რუსო კვლავ მოსულიყოს თავის მშობლიურ ქალაქში, კვლავ ჟიულისა და სენ-პრესთან ერთად ტკბებოდეს ჟენევის ტბის ნაპირებით».

გერმანიისათვის რუსო გახდა «შეუპოვარი ბრძენკაცი», როგორც მას უწოდა ლესინგმა. აყვავების გზაზე დამდგარი მაშინდელი გერმანიის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ყველა კორიფე (გოეთე და შილერი, კანტი და ფიხტე) რუსოს უშუალო გავლენას განიცდიდა. მრავალი ათეული წლის მანძილზე შენარჩუნებულ იქნა წარმოქმნილი ტრადიცია და «კაცობრიობის მიმართ რუსოს განუსაზღვრელი სიყვარულის» გამო თქმული ფრაზა ენციკლოპედიურ ლექსიკონებშიც კი შევიდა.

ყველა დროისა და ყველა ხალხის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, კლასიკური გერმანული ფილოსოფიის შემქმნელი – ემანუილ კანტი (1724-1804) აღიარებდა, ხალხის სიყვარული «ჟენეველმა ფილოსოფოსმა» მასწავლაო. რუსოს თხზულებებმა და საფრანგეთის რევოლუციის ამბებმა დიდი როლი შეასრულეს მის ცხოვრებაში. რუსომ «აიძულა» ჩაფიქრებოდა ადამიანთა თავისუფლების პრობლემებს, რევოლუციამ ძალზე დააინტერესა იგი საზოგადოებრივი საკითხებით და აღუძრა სურვილი, უფრო გულისხმიერად და ღრმად ჩასწვდომოდა ისტორიის ფილოსოფიას. ჟან-ჟაკ რუსოს დიდი გავლენა განიცადა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის «ქარიშხლისა და შეტევის» სახელით ცნობილმა ახალგაზრდა გერმანელ მწერალთა ჯგუფმა, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები იყვნენ: გოეთე, შილერი, ჰერდერი, კლინგერი და სხვ. თავის ერთ-ერთ ლექსში შილერი (1759-1805) ხოტბას ასხამს რუსოს და მისი პირველი დრამა «ყაჩაღებიც» დიდი განმანათლებლების იდეებითაა განმსჭვალული. იმ დროს გერმანიაში ყველას პირზე ეკერა რუსოს სახელი. მისი ბიუსტი ამშვენებდა იქაურ პარკებსა და ხეივნებს, ახალგაზრდათა სასეირნო ადგილებს. საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინა დღეებში მთელი ევროპის ახალ თაობას რუსოს ძმობის, ერთობისა და თანასწორობის იდეები აბოდებდა.

«მოვედ და მიხელმძღვანელე, რუსო!» გაიძახის ერთგან ამ ჯგუფის თეორეტიკოსი, ცნობილი მწერალი და ფილოსოფოსი ჰერდერი (1744-1803), რომელიც, სხვაფრივ, ფრანგების მიმართ ფრიად კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ ძლიერ გაიტაცა რუსოს თავისუფალი ადამიანის უფლებათა დეკლარაციამ. რუსოს ერთგული მიმდევარი, ახალგაზრდა გოეთე (1749-1832) დიდად დავალებული იყო მისგან, როცა დაწერა «სიყვარულის უჭკნობი ხოტბა», მარად ჭაბუკური შთაგონებით გამთბარი «ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი». «ეს რომანი, – წერს გამოჩენილი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, – თავისი იდეური კომპლექსით რუსოს ზეგავლენითაა წარმოშობილი… რუსოს ზეგავლენა ცხადდება გოეტეს რომანში არა მარტო იდეური შინაარსის, არამედ ფორმის მხრითაც… «ახალ ელოიზაში», როგორც გოეტეს რომანშიაც, წოდებათა უთანასწორობაზე ჩივილი გვესმის… რუსოს «ახალ ელოიზას» «ბუნების ევანგელია» უწოდა თავად გოეტემ…» (9)

მკვლევარები წერენ, კანტმა ეთიკურ სფეროში რუსოს მართლაც დიდი გავლენა განიცადაო, მაგრამ ეს მას სრულებითაც არ უშლიდა ხელს რუსოს ოციალური იდეებიდან რადიკალური ელემენტები უკუეგდო. ამასთან, მიუთითებენ, რომ «გოეთეს «ვერთერში» მეორდება რუსოსათვის საყვარელი ყველა თემა, გარდა პოლიტიკური თემისა». «გერმანელი «შტურმელები» რუსოს, როგორც ბუნების დიდ მოსიყვარულეს, თავის მასწავლებლად თვლიდნენ და მის მზეს ფიცულობდნენ, მაგრამ ამავე დროს არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ მის რადიკალურ პოლიტიკურ იდეებს. ეს იდეები მათთვის თითქოს არც კი არსებობდა».

რუსეთში ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იყო ცნობილი რუსო, როგორც პოლიტიკური მოაზროვნე, ფილოსოფოსი და როგორც მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი. აქ პოპულარული გახდა მისი ტრაქტატები, «ემილის» ნაწყვეტები, «აღსარება» (ორი ნაწილი), «ახალი ელოიზა». რუსოს თხზულებებსა და სახელს დიდ პატივსა სცემდნენ დ. ი. ფონვიზინი, ნ. მ. კარამზინი, ა. ნ. რადიშჩევი. რუსოს იდეალებისადმი თანაგრძნობას არ ფარავდნენ შემდეგ დეკაბრისტები, ხოლო მოგვიანებით – ნ. პ. ოგარიოვი და ა. ი. გერცენი, რომლებიც წერდნენ: «რუსო ოცნებობდა – თუმცა მცდარად – ახალ სამყაროზე. იგი ძირს უთხრიდა მარტოოდენ დაწესებულებებს კი არა, არამედ ძველი საზოგადოებრივი სამყაროს მთელ ნაგებობას. მისი აზრები მხოლოდ რევოლუციის დროს გაიგეს». 17 წლის ლიცეისტი პუშკინი რუსოს იდეებით იყო გატაცებული. ერთ-ერთ მის ლექსში («სოფელი») რუსული სინამდვილის ამსახველ სურათებს რუსოს იდეათა კვალი ატყვია, და «ევგენი ონეგინის» ტატიანას ხიბლავდა რიჩარდსონისა და რუსოს ცდომანი და თავი ხან კლარისა (რიჩარდსონის რომანის მთავარი გმირი) ეგონა, ხანაც – ჟიული.

პეტრე-პავლეს ციხეში მჯდარი ნ. გ. ჩერნიშევსკი, ვინაც რუსოს პირველმა უწოდა «რევოლუციური დემოკრატი», რუსულად თარგმნიდა «აღსარებას». «ახალ ელოიზას» «საზოგადოებრივი ცხოვრების გარდასულ ფაზისთა ერთ-ერთი ძეგლი» უწოდა და მართებულად შეაფასა ის ფაქტი, რომ რუსომ «…სამარცხვინო ბოძზე გასაკრავად გამოიტანა საკუთარი მანკიერებანი და შეცდომები; დიახ, მართალი იყო ეს კაცი, როცა ამაყად და თამამად ღაღადყო: როგორიც უნდა ვიყო, მაინც ვიყავი ერთ-ერთი უკეთესი ადამიანთაგანი ამ ქვეყანაზე». რომანტიკოსი ვ. ფ. ოდოევსკი იხსენებს რუსოს «რჩეულ» ადამიანებს თავის მოთხრობა «უცნაურ კაცში».

ლევ ტოლსტოი ამტკიცებდა: «რუსო არასოდეს ბერდებაო. მან ორი თვე გაატარა იმ დაბაში, სადაც რუსოს ჟიული ცხოვრობდა. «წავიკითხე მთელი რუსო, მისი ოცივე ტომი, «მუსიკის ლექსიკონიანად». აღტაცებაში მოვყავდი მას, – ვაღმერთებდი და ვეთაყვანებოდი. თხუთმეტი წლისას ჯვრის ნაცვლად ყელზე რუსოს სურათიანი მედალიონი მეკიდა. მისი მრავალი ფურცელი ესოდენ ახლობელია ჩემთვის, თითქოს თავად დამეწეროს…» ეს წიგნი რაოდენ ფიქრთა აღმძვრელიაო, – ამბობდა იგი, როცა «ახალ ელოიზას» ახსენებდა. ეს მშვენიერი წიგნი კაცს ჩააფიქრებსო. «აღსარებამ» დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

«რუსოსა და მისი ნაწერების გამო ჩვენში წერდნენ და მსჯელობდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ივანე მაჩაბელი, კიტა აბაშიძე, ბოსლეველი (ესტატე მჭედლიძე), ხომლელი (რომანოზ ფანცხავა), ზაქარია ჭიჭინაძე, ურბნელი (ნიკო ხიზანაშვილი), თედო სახოკია და სხვები. ისინი ძლიერ იყვნენ დაინტერესებულნი ფრანგული ლიტერატურით, იკვლევდნენ ფრანგულ ლიტერატურას, წერდნენ ფრანგული ლიტერატურის საკითხებზე, თარგმნიდნენ ფრანგ მწერალთა ნაწარმოებებს… XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, მეველე (დავით მიქელაძე), იონა მეუნარგია და სხვები დიდხანს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საფრანგეთში. მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ დიდ ფრანგ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ყველაფერი ეს ნათლად არის ასახული მათ ნაწერებში…» (10).

რუსოს განთქმული «აღსარება» ილიას სამაგიდო წიგნი იყო. მას ძლიერ უყვარდა ეს ნაწარმოები. ჩვენს დროში უაღრესი სიყვარულით იგონებდნენ თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებებისათვის ამ დაუცხრომელ მებრძოლს, წერდნენ და წერენ მის შესახებ წერილებსა და ნარკვევებს: გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, მოსე გოგიბერიძე, ლევან ასათიანი, გიორგი ჯიბლაძე, ვლადიმერ ზამბახიძე, გიორგი ნატროშვილი, ჯუმბერ ჭუმბურიძე, აპოლონ როგავა, ნიკო ურუშაძე, გივი მიქაძე, ვარლამ ქაჯაია, აკაკი კენჭოშვილი, ტრიფონ რუხაძე, ემელიანე გოგინავა, გულნარა დედაბრიშვილი და სხვები.

ნიკო ნიკოლაძისა და სერგეი მესხის თაობის ახალგაზრდობაში ძლიერი იყო საფრანგეთის პრესტიჟი. ჩვენი წინა თაობის ქართველ ინტელიგენტებს განსაკუთრებით სოციალური საკითხები აინტერესებდათ, «ამქვეყნად სამოთხის მოწყობის საკითხი», – ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით რომ ვთქვათ. «გასაკვირველი არ იყო, რომ ისინი ევროპული დემოკრატიის მექისაკენ – პარიზისაკენ მიისწრაფოდნენ. ისინი მუშათა გარეუბნებში ივლისისა და თებერვლის ბარიკადების რელიკვიებს ეძებდნენ, პერ ლაშეზის სასაფლაოს კედლებზე კომუნარების სისხლის ლაქებს ხედავდნენ, ხოლო პანთეონში – ვოლტერისა და რუსოს სარკოფაგების წინ იჩოქებდნენ». ეს სიტყვები გერონტი ქიქოძის კალამს ეკუთვნის.

საქართველოს პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა გამოსაცემად მოამზადა და 1974 წელს საბჭოთა კავშირში ქართულ ენაზე პირველად ცალკე წიგნად დაბეჭდა რუსოს «ემილი, ანუ აღზრდის შესახებ» («ემილის» ნაწყვეტები ქვეყნდებოდა რევოლუციამდელ ქართულ პრესაში). ამ დიდებული წიგნის თარგმანი შესრულებულია სერგი დანელიასა და ივანე კვაჭაძის მიერ, რედაქტორია შალვა ნუცუბიძე. შესავალი წერილი ეკუთვნის დოცენტ ემელიანე გოგინავას. გამომცემლობა «განათლებამ» საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოების გრიფით, დოცენტ გივი მელაძის რედაქტორობით, გამოსცა პროფესორ უშანგი ობოლაძის კაპიტალური შრომა «ჟან-ჟაკ რუსო» (1976, 558 გვ.). «ეს საფუძვლიანი გამოკვლევა ეყრდნობა მდიდარ წყაროებს, დახასიათებულია რუსოს მრავალმხრივი, საინტერესო ცხოვრება და შემოქმედება, რაც ამდიდრებს რუსოს ცხოვრება-მოღვაწეობის ახლებურად გაგების დიდმნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტის საქმეს… გამოკვლევა მეტად სასარგებლო წიგნია რუსოს დიდი, მრავლისმომცველი საქმიანობის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის» (12). თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება რუსოს თხზულებათა პრიველი გამოცემები.

რუსოს სწორუპოვარ თხზულებებს მის სიცოცხლეშივე და შემდგომ წლებსა და საუკუნებში თარგმნიდნენ და სცემდნენ მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. არ დარჩენილა არც ერთი ბევრად თუ ნაკლებად დიდი მწერალი, მოაზროვნე, ლიტერატორ-პუბლიცისტი და გამოჩენილი კალმოსანი, რომელიც არ შეხებოდეს რუსოს პიროვნებას და არ აღენიშნოს მისი უდიდესი როლი და დამსახურება საზოგადოებრივი აზროვნების ისტორაში. «რუსოს ნაწარმოებთა მეშვეობით (რუსულიდან გადმოქართულებით) შემოვიდა საქართველოში ფრანგული განმანათლებლობის დემოკრატიული ფრთის იდეები» (13).

ფრანგი მწერლის ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მის განთქმულ ფილოსოფიურ ტრაქტატებს თარგმნიდნენ ქართულად XVIII საუკუნის ბოლო წლებისა და XIX საუკუნის დამდეგის, ე. წ. გარდამავალი ხანის ცნობილი მწერლები, განათლებული ბატონიშვილები და ამაგდარი მოღვაწენი. იმ დროის საკმაოდ ნიჭიერი და ძალზე პოპულარული პოეტი დიმიტრი თუმანიშვილი თავის ერთ-ერთ ლექსში («ფას მუხალიფის ხმაზედ», – მიძღვნილია პეტერბურგის დიდებულთა თვალსაჩინო წარმომადგენლის, თავად ნესვიცკის ასულისადმი), სხვა მნათობებთან ერთად (ჰომეროსი, ვერგილიუსი, ვოლტერი), ქებით იხსენიებს და ქართველ ავტორთაგან პირველი მოუხმობს რუსოს სახელს:

მე ვით გამკე ქვეყანამან, ნეტარ ღომერ მოგსწრებოდა,
ბოდინებთან ადგილ ეცა, სვე-მაღალი შეგსწრებოდა,
ან ვირგილოსსა ენახე, მესტიხობით გმონებოდა,
ანუ ვოლტერს და რუსოსა, მათგან ქება გფერებოდა,
ცხოველ წიგნში დაეწერე, უკვდავება გქონებოდა…

1800 წელს მეფე ერეკლე მეორის უმცროსმა შვილმა ფარნაოზ ბაგრატიონმა (1772-1852) გადმოიღო «ჰაზრნი ჟან-ჟაკ რუსოსი სხვადასხვა საგანთათვის», «სადაც მოცემულია რუსოს შეხედულებები ღმერთის, სინდისის, სათნოების, კეთილმოქმედებისა და სხვა საკითხებზე».

ფრანსუა-მარი არუე ვოლტერის (1694-1778) პირველმა მთარგმნელმა საქართველოში, დავით ბაგრატიონმა (1767-1819) ფრანგულიდან თარგმნა ფრანგი ფილოსოფოსების: ჟან პიერ ანსილიონის (1767-1837) «ესთეტიკური განსჯანი» და შარლ ლუი მონტესკიეს (1689-1775) მთავარი ნაშრომი «გულისხმისყოფისათვის სჯულისა». რუსოს გავლენა ეტყობოდა 1959 წელს პროფ. აპოლონ როგავას რედაქციით გამოცემულ დავით ბაგრატიონის წიგნს – «საქართველოს სამართლისა და კანონმდებლობის მიმოხილვას» და მის თხზულებას – «ახალ შიხს».

ამ «ახალი შიხის» ლიტერატურულ წყაროდ ან მის ანალოგიურად მკვლევარები – ალექსანდრე ხახანაშვილი, არტურ ლაისტი, ტრიფონ რუხაძე და სხვები ხან რუსი მწერლის – კარამზინის «საბრალო ლიზას», ხანაც ინგლისელი რიჩარდსონის რომანებს მიიჩნევდნენ, მაგრამ დღესდღეობით დამტკიცებულია, რომ არც ერთი მათგანის მოსაზრება არ არის სწორი. ხოლო 1955 წელს დიდი ფრანგი განმანათლებლის – მონტესკიეს გარდაცვალების მე-200 წლისთავის გამო ქართულ პრესაში გამოქვეყნდა წერილები, სადაც, სხვათა შორის, აღინიშნა, რომ დავით ბატონიშვილის ორიგინალური თხზულება «ახალი შიხი» თითქოს მონტესკიეს «სპარსული წერილების» გავლენით დაიწერაო.

იმავე წელს «ახალგაზრდა კომუნისტის» 4 ივლისის ნომერში ამ საკითხს ეხება პროფესორი ჯუმბერ ჭუმბურიძე და სამართლიანად წერს: «დავით ბატონიშვილის თხზულებას სრულებით არაფერი აქვს საერთო მონსტესკიეს «სპარსულ წერილებთან» არც იდეურად, არც შინაარსობლივად. ეს მხოლოდ გაუგებრობის შედეგია… «ახალი შიხის» ლიტერატურულ წყაროს ჟან-ჟაკ რუსოს «ახალი ელოიზა» წარმოადგენს. ამის დასტურს სათაურშივე ვპოულობთ. რუსოს რომანს ეწოდება «ჟიული, ანუ ახალი ელოიზა», წერილები ორი შეყვარებულისა, რომლებიც ცხოვრობდნენ პატარა ქალაქში, ალპების ძირში, შეკრებილი და გამოცემული ჟან-ჟაკ რუსოს მიერ». დავით ბატონიშვილის თხზულების სათაური კი გვამცნობს – «ახალი შიხი», მიმოწერა საყვარლისა ანუ საყვარლისადმი, რომელნიც ცხოვრობდნენ მთასა ქვეშე კავკასიონისა; ქმნილნი ქართულსა ენასა ზედა, საქართველოს მეფის გიორგის ძის დავითის მიერ, ათორმეტ წერილებად». «ახალი ელოიზას» პერსონაჟებს – ჟიულისა და სენ-პრეს – დავით ბატონიშვილის ნაწარმოებში ენაცვლებიან ფერია და შიხი. მიმოწერაც ამ უკანასკნელთა შორის არის გამართული, მსგავსად რუსოს გმირებისა. დავით ბატონიშვილს «ახალ ელოიზადან» ზოგიერთი წერილი გადმოუკეთებია. ჟიულისა და სენ-პრეს წერილებიდან მას მხოლოდ თორმეტი ბარათი შეურჩევია… დავით ბატონიშვილმა ეს რომანი ჩვენი მწერლობის ტრადიციულ ხასიათს შეუფარდა და მას, ასე თუ ისე, ქართული ელფერი მისცა».

დიდი ფრანგი მწერლების: კორნელის (1606-1684), ლაფონტენის (1621-1695), რასინისა (1639-1699) და ვოლტერის (1694-1778) რამდენიმე ნაწარმოებთა მთარგმნელს პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786-1846) რუსოს თხზულებათაგან არაფერი უთარგმნია, მაგრამ ამ დიდი მოაზროვნის გავლენა და სიყვარული ეტყობა მის ზოგიერთ ლექსს. სწორედ ამის გამო თარგმნა მან ტრაქტატი – «ახლოით განჩხრეკილი კაცი», რომელსაც თავიდან ბოლომდე გასდევს ჟან-ჟაკ რუსოს იდეები. ეს თარგმნილი ნაწარმოები აღმოჩნდა ყოფილ საეკლესიო ფონდის ხელნაწერში (№701–A) და პირველად გამოაქვეყნა ი. გრიშაშვილმა თავის რედაქტორობით 1940 წელს «ფედერაციის» მიერ გამოცემულ ალ. ჭავჭავაძის «თხზულებანში». «რედაქტორის შენიშვნებში» ი. გრიშაშვილი წერდა: «ავტორი ვერ გამოვარკვიეთ. მთარგმნელის წინათქმიდან ჩანს, რომ დამწერი ამ პროკლამაციისებური ნაწარმოებისა ფრანგი ყოფილა, დაპატიმრებული და გადასახლებული. ა. ჭავჭავაძეს უთარგმნია 1804 წელს, 8 დეკემბერს, როცა თითონაც მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებული იყო» (იხ. ალ. ჭავჭავაძის «თხზულებანი», გვ. 337). 1940 წლიდან მოყოლებული დიდხანს ამასვე წერდნენ და იმეორებდნენ ჩვენი მკვლევარები. «ავტორი დაუდგენელია», ამბობდნენ ისინი და ზოგი რუსოსაც კი მიაწერდა ამ ტრაქტატის ავქსონობას. და ეს საკითხი დიდხანს, თითქოს, საიდუმლოებით იყო მოცული.

რამდენიმე წლის წინათ ცნობილმა მწერალმა და კრიტიკოსმა გიორგი ნატროშვილმა ძალზე საინტერესოდ დაწერილ ნარკვევში საფუძვლიანად შეისწავლა და გულდასმით გაარჩია ამ ნაწარმოების შინაარსი, მკითხველს ამცნო, თუ «როდის და რა პირობებში ითარგმნა» იგი, და რაც უმთავრესია, უზუსტესი საბუთების მოშველიებით დაამტკიცა და დაადასტურა, რომ მისი ავტორი არის ფრანგი მწერალი გრაფი ვოლნეი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია კონსტანტინ ფრანსუა ბუაჟირე (შახბიოფი), საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და შემდეგ ნაპოლეონის დროის თვალსაჩინო მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე, მრავალი წიგნისა და გამოკვლევის დამწერი, რევოლუციის ბელადთა ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, იმ დროის მშფოთვარე პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე, რუსოს მოწაფეთა და მიმდევართა თანამოაზრე («უდაბნოში დაწერილი წიგნი», იხ. «მნათობი», 1969, №12, გვ. 143-149). მან რამდენიმე წელიწადი იმოგზაურა ეგვიპტესა და სირიაში, ლიბანის მთებში, არაბეთის უდაბნოში და სხვა მრავალ ადგილას. პარიზში დაბრუნებისას, სხვა წიგნების გარდა, 1791 წელს დაწერა «ნანგრევები ანუ ფიქრები იმპერიის აყვავებასა და დაცემაზე», საიდანაც ალ. ჭავჭავაძემ თარგმნა, გადმოაკეთა და ქართულად დაწერა ერთი თავი და უწოდა მას «ახლოით განჩხრეკილი კაცი». ცნობილმა ლიტერატორმა და მთარგმნელმა – ნიკ. ბარათაშვილის, სოლომონ დოდაშვილის, გიორგი ერისთავის, ორბელიანების, ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროსმა თანამედროვემ, 1822-24 წლებს შორის ქრისტიან ბაუმეისტერის (1709-1785) «მეტაფიზიკის» მთარგმნელმა, – დავით ციციშვილმა 1849 წელს ქართულად თარგმნა რუსოს ერთ-ერთი ტრაქტატი. წიგნის წარწერაში ვკითხულობთ: «ჰსჯა, დაჯილდოვებული დიჟონის აკადემიისაგან 1750 წელსა, კითხვასა ზედა ამის აკადემიისასა წინადადებული, რომელ აღიდგინება, ჰსწავლათა და ხელოვნებათა შეეწეოდაა წარმართვასა ზნეთა ანუ ყოფა ქცევათასა? – შეთხზული უფლის ჟან-ჟაკ რუსოს მიერ, მეორედ გამოცემული მოსკოვს 1727 წელსა, რუსულ თარგმანიდან ითარგმნა დავით ესტატეს ძე ფანასკერტელის ციციანოვის მიერ 1849 წ. ს. ქარელში».

ამ წიგნის თარგმნის გამო ლევან ასათიანი წერს: «ვოლტერიანელმა და ენციკლოპედისტების იდეებით გატაცებულმა ციციშვილმა მოიხადა ვალი. უნდა ითქვას სიმართლე, რომ ეს წიგნი, ცოტა არ იყოს, შეუფერებელი იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული სინამდვილისათვის. მაშინ, როდესაც თითქმის დავიწყებული გვქონდა ნაციონალური კულტურის ყველა მიღწევა, როდესაც ანბანიდან ვიწყებდით სწავლას, კერძოდ, არ გვქონდა დროის შესაფერი სალიტერატურო ენა, რომელიც მოითხოვდა რეფორმაციას, და ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიალური სულის ბობოქრობა გაჭედილი იყო ტყვიასავით მძიმე არქაული სინტაქსის სალტეებში, – მაშინ ეს ტრაქტატი და კულტურისა და სწავლა-განათლების უარყოფით გავლენაზე ლაპარაკი ცოტა უცნაური გაუგებრობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, რუსოს ქართულად თარგმნა მაინც სიმპტომატური იყო იმ დროს» (იხ. ლ. ასათიანის ზემოთ დასახელებული «ნაწერები», გვ. 97).

რუსოს ეს განთქმული რომანი რუსულ ენაზე პირველად ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში (1769) გამოვიდა პავლე პოტიომკინის თარგმანით. 1792 წელს გამოვიდა მეორე თარგმანი (ანონიმური). XIX საუკუნეში «ახალი ელოიზა» აგრეთვე ორჯერ დაიბეჭდა: ალექსანდრე პალიცინის თარგმანი – 1803-1809 წლებში (მეორე გამოცემა 1820- 21) და პეტრე კონჩალოვსკისა – 1892 წელს. 1968 წელს გამომცემლობა «ხუდოჟესტვენნაია ლიტერატურამ» (მოსკოვი, მსოფლიო ბიბლიოთეკის ორასტომეული) ვ. დინიკისა და ლ. პინსკის რედაქციით გამოსცა ჟან-ჟაკ რუსოს «ჟიული ანუ ახალი ელოიზა». თარგმანი ფრანგულიდან ეკუთვნის ნ. ნემჩინოვასა და ა. ხუდადოვას, შესავალი წერილი – ი. ვერცმანს, ილუსტრაციები – უბერ გრაველს. რუსული თარგმანი შესრულებულია 1925 წელს პარიზში, დანიელ მორიეს მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული ტექსტის მიხედვით. ამ რუსული გამოცემიდან არის თარგმნილი «ახალი ელოიზას» ეს ქართული ტექსტი და თანდართული შენიშვნები. რომანის თარგმანი თითქმის სიტყვასიტყვით შეაჯერა ფრანგულ ტექსტთან და საფუძვლიანად გაასწორა გამომცემლობა «საბჭოთა საქართველოს» რედაქტორმა – მანანა იორდანიშვილმა. მის მიერ უფრო ჯეროვნად გასწორდა მთარგმნელისათვის ზოგი გაუგებარი წინადადება და შეუსაბამოდ თარგმნილი ბევრი ადგილი, ფრაზა, წინადადება და ესა თუ ის არაზუსტად გადმოღებული სიტყვა, რაიც უაღრესი მადლიერების გრძნობით უნდა აღინიშნოს. «არსებობს ცნობა, რომ ქართულად თარგმნილია რომანი «ახალი ელოიზა», რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლოდა ევროპასა და რუსეთში 1761-1800 წლებში, მაგრამ… ქართული თარგმანი არა ჩანს», – წერს გულნარა დედაბრიშვილი. როგორც რიგით მკითხველსა და არამკვლევარს, ამჟამად ხელი არ მიმიწვდება იმ ცნობის დასადასტურებლად, მართლა იყო თუ არა ოდესმე ქართულად თარგმნილი ამ რომანის თუნდაც მცირე ნაწილი.

ეს საქმე «ახლოით განსაჩხრეკად» უფროისად ნაცად მკვლევარებს მივანებოთ. ისე კი, დიდი რუსოს გარდაცვალების მე-200 წლისთავისათვის მისი «ახალი ელოიზა» მთლიანად ითარგმნა პირველად ქართულ ენაზე და ახლა იგი გამოსცა «საბჭოთა საქართველომ». პირველი ნაწილის რამდენიმე თავი დაიბეჭდა ალმანახ «საუნჯეში». როცა 1939 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ქეთევან ირემაძის მიერ თარგმნილი აბატ პრევოს რომანი «მანონ ლესკო», წიგნის ფრონტისპისის ნაცვლად წამძღვარებულ გალაკტიონის ცნობილ ლექსში საგულისხმოა ქართული «ახალი ელოიზას» ამ წინასიტყვაობის ეპიგრაფად ზემორე თანდართული სტრიქონები, რაიც მარტოოდენ ლამაზ სიტყვათა განსაცდელად ან გემოგაუხსნელი მკითხველის განსაცვიფრებლად როდია თქმული!

ლიტერატურა:
1. ლევან ასათიანი. «რჩეული ნაწერები», ტ. I, «ვოლტერიანობა საქართველოში», გვ. 97, თბილისი, «საბჭოთა მწერალი», 1958
2. ნ. ნიკოლაძე, თხზულებანი, ტ. 4, გვ. 258, თბილისი, «საბჭოთა საქართველო», 1964.
3. უშანგი ობოლაძე (იხ. მისი «ჟან-ჟაკ რუსო», გვ. 177, თბილისი, 1976, გამომც. «განათლება».
4. გ. ტაბიძე, “ლირიკა”. ტ. 12, 1975, გვ. 574.
5. უ. ობოლაძის წიგნი, გვ. 9, 118, 119.
6. ო. ჩხეიძე, «იტალიური დღიურები ბაირონისა», 1970, გვ. 27-28.
7. კოტე მარჯანიშვილი, «მემუარები და წერილები», 1947, თბილისი, «ხელოვნება», გვ. 35.
8. იხ. გიორგი ჯიბლაძე, «პედაგოგიკა და მეთოდიკა», 1974, გვ. 220-348, თბილისი, «განათლება».
9. იხ. გოეტე, «ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი», თარგმანი კონსტანტინე გამსახურდიასი. წინასიტყვაობა, გვ. 5, ტფილისი, 1928, «ქართული წიგნი».
10. დ. ფანჩულიძე, «ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის», 1969, გვ. 9.
11. გერონტი ქიქოძე ”მოგონებები», 1956, გვ. 75.
12. დ. ლორთქიფანიძე, «გამოკვლევა ჟან-ჟაკ რუსოზე», გაზ. «კომუნისტი», 1977, 30 სექტემბერი)
13. გულნარა დედაბრიშვილი, «რუსეთის გზით შემოსული უცხოური ფილოსოფიური თარგმნილი ლიტერატურა საქართველოში». იხ. კრებული «ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები», თბილისი, «განათლება», 1973, გვ. 38.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button