ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? სისაურთა გვარი

სისვი – ლეგა, რუხი ძველქართულად.

სისა, სისო, სისუა, სისვა – ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

გვარისსახელით “სის” ფუძისანი არიან: სისოშვილნი, სისუაშვილნი, სისვაძენი, სისაურიშვილნი, სისვაურნი, სისოურნი და სისაურნი. ამათგან სისოშვილ-სისუაშვილებს მხოლოდ გვარსახელის ფუძე აკავშირებთ სისაურებთან და არა სისხლის ერთობა.

KARIBCHE

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სისაურთა.

პირიქითა ხევსურეთში არის ანატორელ სისაურთა შტო, ბუდე ხევსურეთში კი ლიქოკელ სისაურთა.

ეგრე უბნობენ, სისაურებს შატილისა და აკუშოს მიწების გამო მტრობა ჰქონდათო ხევსურ ჭინჭარაულებთან და ფშაველ უძილაურებთან. ამასაც უბნობენ, სისაურებს ძმობა ჰქონდათო ხევსურ გიგაურებთან, ხორნაულებთან, ბასხაჯაურებთან და თუშ ოჩიაურებთან. ამათგან ბასხაჯაურ-ოჩიაურნი ლიქოკის ხევის სისაურებთან ერთ გვარად შეყრილად და მასუკან ლიქოკელებად დაწერილან.

ხევსურეთიდან სისაურები გადასულან მთიულეთში, თიანეთსა და თუშეთში, მთიულეთიდან – ხევში, ქსნის ხეობასა და ქართლის ბარში, თიანეთიდან – კახეთის ბარსა და შირაქის ველზე, ხოლო თუშეთიდან ალვანის ველზე დამკვიდრებულან.

სისაურთა გვარის შტონაყარი გვარებია: არაგველი ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნელი დორეულები, წითურაულები და მწითურები; თიანელი უშიკიშვილები, გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; კახი სამნიაშვილები და იმერი სისვაძეები.

ქართულ საისტორიო საბუთებში სისაურთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

ქართლსა და კახეთში ჩამოსახლებული მთიელი სისაურები ჩანან: ამილახვართა, ციციშვილთა, მაღალაშვილთა და საეკლესიო მამულებში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სისაურთა გვარის მეომრები მთიელნი – ქუდზე კაცად და ბარელნი – კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად სისაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, ხევში, თუშეთში, თიანეთში, ქართლსა და კახეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც.

საქართველოში სისაურთა დიდ-პატარის ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1400-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი სისაურთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button