ლიტერატურამოთხრობა

ვასილ ბარნოვი – საფლავის ქვაზე

1

ცრემლი ხომ მწუხარების ნიშანია, მაგრამ ისიც სამკაულია მადლიან სახეზე. ციმციმებს ცვარი ცრემლისა ტურფად ახრილ წამწამზე, თრთის, კამკამებს: ჩამდგარა ცვარი ცრემლისა ბროლის საგუბარში და თვალთა ნაპერწკალი ელვარებს მასში: მარგალიტად აგორებულა ცვარი ცრემლისა ეშხით გაღვივებულ ლოყაზე და ზოგან შერჩენია ზედ, მოწყვეტა დაჰნანებია:ჰსურს ზედ შეაკვდ – შეაშრეს.
ესეთი სახე კორდია ყვავილთა, გაზაფხულის ყვავილთაგან შეთხზული კორდი, ნამნაბკურები, დაცრემლილი.

  • რა ძალიან მომწონს ხორცის მშვენება?
  • რატომაც არ ვაქებ! ნივთიერი ვარ, ხორციელი; ღვთით, ჯერ მიწაზევე მიდგა ფეხი და თაყვანსა ვცემ ნივთში მომწყვდეულ უკვდავ სიტურფეს. სული! სული! რა იცი, რომ სული იგივე ხორცი არ არის, მხოლოდ წმინდა, განსპეტაკებული, ჰაეროვანი, გამშვენებული, ნათელქმნილი? ძალიან იცი?!
    ძლიერ ნორჩი იყო დაცრემლილი სახე მარეხისა! სრულიად უდროვო ამ ქალისთვის ძაძა, მორთულობა სამგლოვიარო. სულაც არ შვენოდა ფეხმორთმული ჯდომა შავბნელად მობურულ დედაბრებში. რა იმათი სწორი იყო ნორჩი მარეხი და ტოლი, რომ შუაში ჩაესვათ და ატირებდნენ! გვრიტი ყვავებში?! მის სახის გამომეტყველებას ჯერ ბავშვური იერი არ დაჰკარგვოდა. ბაგეზე ჯერ ნორჩი სინაზე არ დასჭკნობოდა; რა დროს მისი ქვრივობა იყო, ქვრივ- ოხრობაზე ფიქრი თუ დარდი?!
    აკი უფრო განკრთომა აღბეჭდოდა მდლოვიარეს თვალებში, სინამ ურვა და მწუხარება.
    შავ თავსაფარიდან ჯერეც გაუხუნებელი, ფერუცვლელი, ხასხასი კულულები გამოჰშლოდნენ; ვერა დგებოდნენ, თუმცა ქალი მალ- მალე აწყობდა მათ, მანდილშივე ალაგებდა: არა გლოვობდნენ ცელქები, ვერ შეეგნოთ, რა იყო დარდი! ქალის ნაზ კანქვეშ ჯერ დაუდუღელი სისხლი ჩქეფავდა. ან რა დროსი იყო მისი სავსე მკლავების, ბროლის ხელების მწუხარებით გულზე დაკრება? არა! მთელი ბუნება ამ ახალი ქვრივისა ეწინააღმდეგებოდა მისადმი მისულ უბედურებას, მის შავბნელად დადებას, გარიყვას ქაფქაფ ცხოვრებიდან.
    ხმაც ვერ ემორჩილებოდა ახალგაზრდა ქვრივს დარდით ნოცულს, უიმედო კილოს ვერ იღებდა.
  • ჰო, შვილო დედას მოახსენე, რაც გითხარი! – სცადა ქვრივმა ოხრული ხმით ეთქვა მოახლისათვის, მაგრამ ყურმა მის ხმაში სამგლოვიარო კილო ვერ შენიშნა: ახალი რამ ხმა გამოხდა დაუჟღლელი, წკრიალა, საალერსო სიტვებისათვის მოწყობილი, ხოლო სიტყვა „შვილო“, ნორჩი ქმნილებისაგან თქმული, ღიმილსა ჰგვირდა მსმენელს.
    არა! მარეხი ჯერ სიცოცხლისაკენ მიისწარფოდა, თვით სიცოცხლე იყო ის და არაფერი საერთო აღარა ჰქონდა ამ უძრავად მდებარე ჩალურჯებულ კაცთან, რომელსაც მის ქმარს ეძხადნენ, საბარლო ალმასხანს: ამას ცხოვრებისათვის ზურგი შეექცია, გაციებულიყო; მარეხის ძარღვებში კი ძლიერადა სცემდა ცხოვრების ტალღა, დუღდა, ჰღელავდა, მხურვალე ნაშხეფს აფრქვევდა გარშემო.

2
დიახ, ალმასხან ქმარი აღარ იყო მარეხისი, ვიღაც უცხო იყო, გამრიელი, რომელიც აგერ უბედოდ გადაჰღობებოდა წინ, უშნოდ გადაჰხირებიყო ცხოვრების გზაზე ვეება სათარივით და შეეგუბებინა მისკენ მოჩანჩქარე ნბაკადი ლხენისა. იგი ქმარი კი არ იყო ქმარისა, მეუღლე და მფარველი; მოღალატე იყო, რომელმაც ეს მუხთლად დაუხშო კარი კეთილისა, დაუსხა კერაზე წყალი, ჩაუგდო კოვზი ნაცარში, მოაკლო მხიარულებას, წარსტაცა ფიალა ყოველგვარის სიამისა, ძაძით შემოსა ახალაგაზრდა ქალი.

  • რამ მოკლა ეს საცოდავი?! აკი სულ იამს მეუბნებოდა, საუკუნოდა მსურს შენთან ცხოვრება, მინდა შენთვის ვიცოცხლო, ვისუნთქო, გავძღე შენის მზერიათაო; შენით არის ყოველივე ჩემთვის გაბრწყინვებული და სანეტარო, უშენოდ ბნელია ჩემთვის ქვეყანა და მოსაწყენია; შენით აქვს ჩემს სიცოცხლეს ჰაზრი. მისი ფიცი უბრალო სიტყვა ყოფილა, ყალბი დანაყბედი!
    დიაღ, ეს მიცვალებული აღარ არის მარეხის ქმარი ალმასხან, შორს არის მარეხისაგან, შორს!
    არც ადრე იყო ალმასხან მარეხის გულთან ახლოს. არ იქმნა, ვერ ჩაჰკიდა ვაჟკაცმა ქალის გულს ხელი; ჰგრძნობდა გულის ცემას, ვერ კი ჩაეხედნა მასში, გარს უვლიდა მარეხის გულს, როგორც მარმარილოს რამ კოშკს, კარები კი ვერ ეპოვა შესავალი: ვერ მოჰკრა მან თვალი იმ სხივებს, რომელბიც მხოლოდ ანათებდნენ ქალის გრძნობებსა.
  • ახლო ვარ ქალთან, თითქო მივწვდი კიდეც მის არსებას, მის პიროვნებას, მაგრამ როცა ხელს წავატან, მხოლოდ ოცნება რჩება. წინ მიდგა მწყურვალს ანკარა წყალი; თუ დავეწაფე, მშორდება ბაგიდან. ახლო ვარ ქალთან, მეუღლესთან. მკერდსა მყვას იგი მიყრდნობილი; შორს ვარ მისი არსებისაგან, ვერა ვხედავ მის პიროვნებას, ბუნდია იგი ჩემთვის, მოსილი სიბნელით, განუჭვრეტელი წყვდიადით, როგორც რამ საიდუმლო! – იტყოდა ალმასახან დაღონებული.

3

  • თუ ესე იყო, მაშ ქალი როგორ შექმნილიყო ალმასხანის მეუღლედ?
  • ჩვეულებრივ! ვაჟკაცი ჭკვიანი იყო, უვალო სამსახურის მექონი, არც გონჯი და მაშ რად იქნებოდა დასაწუნი?! ცოტა ხნიერი იყო, მაგრამ რა ვუყოთ? სჯობს მაგარ აგებულობის ვაკაცს ცოლი უმცროსი ჰყვანდეს. მუხა ხნიერი – ნორჩ მურყანზედ უფრო ძლიერია. ქალიც ახალი შეღერებული იყო, სასძლოდ მომზადებული, ლამაზი, მაგრამ ხელმოკლე, ღარიბი. რა დაუშლიდა მათ შეუღლებას, როცა კაცმა მოისურვა გატაცებით? ქალი გაჰყვა, აასრულა ჩვეულება და უფროსთა სურვილი. მართალია, მისი გული არ იღიმებოდა, მაგრამ არც თუ ჭმუნვით იყო მოღრუბლული.
    ხშირად ესე სწარმოებს საქმე. სიყვარული ბრმაა, თვალებაბმული და მანამ ის მოგაგნებს ან უცაბედად თავს წამოგაწყდება, თუ იცადე, ერიჰა! დაჟამდები, მთას დაგითოვლავს, წისქვილები დაგიდგება და დაგიდგება თვალებიც.
    სიყვარულის გარეშე გათხოვებას თავისი ჰაზრი აქვს: ქალიცა და ვაჟიც ბევრს არას მოელიან ერთმანეთისაგან, რამე ოცნებით და სანეტარო იმედებით არ არიან გამსჭვალულნი, დიდ სიკეთეს არ ითხოვენ კავშირისაგან, კიდეც ეშინიათ ამ კავშირისა და შემდგომში მცირედითაც კმაყოფილდებიან; თუ მგლად არ ეჩვენნენ ერთმანეთს ისიც უხარიათ; ცოტა სიკეთისათვისაც მადლობასა სწირავენ ღმერთსა და ერთმანეთს. ამ ნიადაგზე ბოლოს თანაგრძნობა და მკვიდრი მეგობრობა იბადება.
    შეყვარებულნი კი სამოთხეს მოელიან თავისი კავშირისაგან, ერთმანეთი ანგელოსები ჰგონიათ, სიკეთით დატვირთული რამ სხივოსნები და როცა საოცნებო არსებათა მაგივრად ერთმანეთს უბრალო მომკვდავები შერჩებიან ხელში ვერ იტანენ იმედების გაცრუებას, ერთმანეთისთვის ვერ უპატიებიათ შეცთომა და სიხარულის ნაცვლად სიმძიმილს ეძლევიან.
  • ერთ წამს, პირველ ჟამს, ხომ დიდებული ნეტარება უნდა იგრძნონ შეყვარებულთ.
  • მართალია, მაგრამ ყველა ისეთი ძლიერი ხომ არ არის, ერთი წამის სიამოვნება, თუნდ უძლიერესი სიამე, მარად ახსოვდეს და ამით ათბობდეს შემდეგ ცივ წუთებს.
    იქნება მარეხის გულიც გაეთბო ვაჟკაცს, რომ დასცალებიყო, მაგრამ დღე მოუსწრაფდა და ქალის გული ხელშეუხებელი დარჩა, გრძნობათა ზინეთი ეწყო მასში ღრმად დამარხული, ჯერ უკლებელი და თუ დრო შეხვდებოდა, ქალი გამოჰფენდა ამ გრძნობათა განძს გულის სალაროდან, გადაშლიდა ფერად-ფერადად დასატკბობად რჩეულისა.

4
ქვრივი სამძიმარს ისმენდა, უბედობას ჩიოდა. სხვა რომ ტიროდა, თითონაც იცრემლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი შავი თვალები ტიროდნენ და ცრემლით ივსებოდნენ, თორემ გული არა ჰქონდა ვაებით სავსე, არც სიბრალულით. მარეხს მხოლოდ გული ემღვრეოდა ალმასახანზე, რომ მოულოდნელად შეუშალა ცხოვრების ნირი, სახალხოდ გამოიყვანა ის, იძულებული გახდა საჯაროდ ემგლოვა თავისი კაცი და ყველასაგან შებრალება მოესმინა. მარეხს ეს ბოღმა შემოსწოლოდა და გული ყელში ებჯინებოდა. მით უფრო აუტანელი ეს მისთვის, რომ ქალი ნაჩვევი არ იყო ჯავრი რამ გულში ეტრიალებინა, გულში ეგუბებინა და თავი მოეწამლნა: ბალღამის ფიალს ქალი ქმარს მიუპყრობდა, შესმევდა, მთლად დააცლევინებდა; ქმარზე იყრიდა გულის ბუხარსა. შეყვარებული ვაჟკაციც უსიტყვოდ იტანდა ჩივილს, ავს აშორებდა ქალს, აწყნარებდა.
იტყვიან, გველს რომ შხამი მოერევა, ქვას უკბენს და იმაზე წამოათხევს მოჭარბებულ გესლსაო.
ქალმა დაკარგა შინაყმა ერთგული, მოხერხებული, თავდადებული და აი ეს ყურმჭრილი მისი ონა აწ უძრავად გაჭიმულიყო მის წინ ურგები, სატირალი. ვიღასთვისღა უნდა ებრძანებინა ქალს თავისი სურვილები? ვიღაზედ უნდა ეყარნა ამღვრეული გულის ბუხარი და თან ისე, რომ მაინც თავს შემოვლებოდა ამს, მაინც ღმერთი რამ ჰგონებოდა ის, ციდან მისთვის ჩამოსული სანეტარო, მხოლოდ მისივე უშნოობით გაბოროტებული და მაინც შეუდარებელი, სათაყვანო?!
მარეხს წაუხდა ბატონკაცური ყოფა და ამან შეაწუხა, აამღვრია, თორემ ცრემსლ ვერ დააფრქვევდა ის ალმასხანის კუბოს.
აგერ უკანასკნელად ეამბორა ალმასხანს მარეხი და მისი დედამთილი. დამწვარი დედა ძლივს ააგლიჯეს შვილის კუბოს. ან რად არ დამარხეს იმასთან, რადგან შვილის შემდეგ ქვეყანა ცარიელი დარჩა მისთვის და ბნელი? მივიდა მარეხიც, შეეხო ტუჩებით მიცვალებულს და დაკრთა, გველნაკბენივით დაიხია უკან: ცივი იყო კანი, ლორწოიანი; რა საშინელი სუნი ჰქონდა! მთლად უარჰყო ქალის ბუნებამ მიცვალებილი, გაწყვიტა მასთან ყოველივე კავშირი. ალმასხან აწ თვით სიკვდილი იყო, არარაობა საზარელი, და მარტო ჰაზრმაც კი, მასთან რაიმე კავშირის ჰაზრმა შიშის ზარი დასცა სიცოცხლით სავსე ქალს, შეაძრწუნა ის.
ამის შემდეგ ალმასხან დღითიდღე განზე იწევდა მარეხისაგან, ჰშორდებოდა მას და ჰაეროვანი ხდებოდა, ქრებოდა, ძლივსღა მოსჩანდა არარაობის სივრცეში. ქალს, ცოტა არ იყოს უკვირდა თავის თავისაგან ქმრის ესეთი მსწრაფლი მომგლოვება, უხერხულადაც მიაჩნდა ეს და თავს ძალას ატანდა: რამდენჯერმე სცადა ცოცხლად წარმოედგინა თავის კაცი, გაეახლებინა ოცნებაში მასთან კავშირი, მაგრამ ამაოდ! ქმარს, სიცოცხლის დროს რომ არ იყო მისი მახლობელი, ეხლა როგორღა დაახლოვდებოდა?! გული არა თბებოდა მის მოგონებით, გონება სულ სხვა სურათებს აწვდიდა.
ქალი მაინც მისდევდა ადათს და უკლებლად ასრულებდა მოვალეობას მიცვალებულისადმი. მეშვიდე დღეს საფლავზედ რომ გავიდნენ ქალები, დედა ისე ჩასცქეროდა და ჩასტიროდა ალამასხანს, თითქო ცოცხალი ჰყავს დედმიწაშიო; მარეხმა მხოლოდ ახლად აგროვებული მიწა ნახა იქ, რომელიცა ჰფარავდა არარაობად ქცეულ მის კაცს, ალმასხან აღარ არსებობდა მარეხისათვის არც მის გულში, არც სამარეში, არც საფლავს იქით; განქრა ალმასხან, აღიგავა პირისაგან ქვეყნისა და ბიამანზე დამრჩალი ქალი უნებლიედ მომავლისაკენ იყურებოდა.

5
მომავლისაკენვე იყურებოდა ზურაბი და ძალიან გაფაციცებით, რადგან აგერ მეორმოცე წლისაკენ დაქანებულიყო და ჯერ ისევ მარტოხელი იყო, უცოლშვილო; უშვილ-უძეოდ გადაგება კი ძალიან ემძიმებოდა.
ზურაბი უმეუღლეოდ იყო დარჩენილი უბრალო შემთხვევით კია არა და არც მისთვის, რომ არ უნდოდა ცოლის შერთვა, არამედ იმიტომ რომ დიდ არჩევანში იყო, ბედი კი ჯერ ვერ შეხვედროდა. უზრუნველყოფილი გამოცდილი ვაჟკაცი არც ფულს ეძებდა, არც მისადევარს, მხოლოდ იმას ნატრობდა, ქალს დაეტყვევბინა ის, უნებლიედ მიეყვანა საყდრის კარამდინ. სიყვარულს ელოდდა ვაჟკაცი, სიყვარული კი არსადა სჩანდა, თუმცა ქალი ბევრი ერტყვა გარს და ბევრი ეძლეოდა.
მოწონებით ბევრი მოწონდა ზურაბს, მაგრამ აქამდის ჯერ ვერავის შეებოჭა ის, ვერვის შეება მისთვის საბელი, რომ ძლიერად მიეზიდა იგი თავისკენ. იყო კაცი სურვილის მეიდანზე გაჩერებული და ფალავანივით აქეთ-იქით იყურებოდა თითქოს დარწმუნებული თავის გულის უძლეველობაში.
ამ დროს იყო, რომ მარეხს ხელიდან გამოეცალა ალმასხანი. ზურაბის საათმაც ეხლა დაჰკრა და ისე უცბად, მოულოდნელად, მკაფიოდ, რომ გაანცვიფრა ვაჟკაცი.
წინადაც კარგად იცნობდა ზურაბი მარეხს, ისიც იცოდა, ლამაზი ქალი იყო ის, მაგრამ ჯუშტრის თვალით არ შუხედია მისთვის, რადგან პატრონი ედგა თავს შეყვარებული და ზურაბი სათავისოდ ვერ მოიფიქრებდა ქალს. იცნობდა ქალს, როგორც მეზობელს, გული კი არ უთქმიდა მისთვის, ვითარცა ცოლისათვის მოყვასისა თვისისა. ეხლა როცა მარეხი თავისუფალი შეიქმნა, ვაჟკაცმა გონების თვალი გადაავლო ქალს. ეს პირველ დღესვე მოხდა, ტირილში. ზურაბმა რომ დაინახა ცრემლებით სავსე შავი თვალები ნამნაბკურებ ვარდად მოეჩვენა დაცრემლილი სახე, სათავისოდ გამზადებულ ვარდად, რომელსაც აქამდინ უიმედოდ დაეძებდა ყველგან და რომელიც იქვე ახლო ყოფილა, მის გვერდზე. მისი ვარსკვლავი სხვის ხელში ყოფილა მეზობლად. იამს კი ეს აზრადაც არ მოსვლია. გაჰკვირდა კაცი, როცა იღბალმა თვალები შეანათა მას, მისმა ნანინატრმა ბედმა, რომელიც თურმე იქვე იმალებოდა, მის გვერდით, სხვის უბეში. თანაც დაღონდა, რომ ეს მისი ბედი სხვას ჩაჰვარდნიყო ხელში, სხვას მიეთვისებინა, სხვას ემღერნა მასზე ტკბილადა.

  • შემთხევევით ამცდენია თავდაპირველ ეს ქალი. საბრალო ალმასხან! თავის ბედი ჰგონებია და შეჰყვარებია. ქმარი იყო და მაინც შეყვარებული, ცოლის არშიყი, მის ეშხით გატაცებული.
  • სიყვარული სიყვარულს გამოიწვევს და ერთხელაც იქნება, გათბება მარეხის გული, – ფიქრობდა ის. არ კი იცოდა ბეჩავმა, მარეხი სხვის სახელზე იყო გაჩენილი, სხვის იღბალი შემთხვევით მის სახლში კოთავსებული; მარეხის გული ვერსადროს ვერ გათბებოდა მისთვის; მის გულში ალმასხან ვერ მოიპოვებდა ადგილს.
    ამგავარ ფიქრებში იყო გართული ვაჟკაცი და თან დაშტერებით შეჰყურებდა მგლოვიარე მარეხს, თვალს ვეღარ აშორებდა მას.
    მარეხმა იგრძნო, რომ ვიღაცის თვალთა ისარი ესობოდა მას და შეიშმუშნა. უნებლიეთ კულულებზე გადისო ხელი, ყელი შეიღერა, შესწორდა. უნდოდა თვალი გაეპარებინა ხალხისაკენ და შეენიშნა ის ვინც მზერით უხიბლავდა მის არსებას, მაგრამ შეუძლებელი იყო ჭირისუფლისათვის თვალიერება და ქალმა წამწამი ვერ ახარა ზევით.

6
მარეხი გრძნობდა გამოურკვეველ ძალის ზეგავლენას, მის ძლიერს და სასიამოვნო მოქმედებას თავისზე. მაგრამ ვერ გამოერჩია ამ ძალის სათავე. ვერ შეეგნო ზემოქმედების მიზეზი: გარემოება ხელს არ უწყობდა დაჰკვირვებოდა და შეენიშნა, რაც საჭირო იყო. ან რას ეგვანებოდა, მიმე შავებში ჩამჯდარ ახალაგაზრდა ქვრივს თვალი გადაევლო-გადმოევლო ხალხისათვის!
საიდუმლო გამოირკვა მხოლოდ მესამე დღეს, როდესაც ალმასხანის დედა უკანსკნელად დაეკონა თავის შვილს და მარეხმაც მიჰბაძა დედამთილს. ზურაბმა ჯერ დედა ააგლიჯა მიცვალებულს და მემრე ქალს შეახო ხელი ასაყენებლად; ამ შეხებამ აგრძნობინა მარეხს ყოველივე ცხადად.
ქალმა ცრემლებით სავსე თვალები მიაპყრო ვაჟკაცს და იმის თვალებში ამოიკითხა მისი საიდუმლო სულისკვეთება, ხოლო თავისი ახალი ნუგეში.
არც იუცხოვა მარეხმა იგი ნუეგეში, არც უარჰყო, როგორც დაჭრილამ არ უარჰყოს მისწრებული მალამო. მაგრამ ქალ-ვაჟთა შორის ჯერ არაფერი იყო თქმული. ვერც ვერაფერს გაუბედავდა ვაჟი ამ ძნელ გარემოებაში. ზურაბის სურვილი მხოლოდ ის იყო ქალის გონება როგორმე მიეპყრო, თავისკენ მიეხარა.
უმატა ზურაბმა ზრუნვა მარეხის ოჯახისთვის. მიზეზებიც ბევრი ჰქონდა: ამ არეულობაში ყველგან საჭირო იყო ერთგული მეზობლის სიტყვა და მოსაქმე ხელი.

7
გავიდა ხანი და მარეხი შეეთვისა იმ ჰაზრს, რომ მას ჰყავს ერთგული მეგობარი, რომელიც თანაუგრძნობს, სიხარულით ეხმარება და დაზარებლივ ასრულებს მის სურვილს. მით უფრო ადვილი იყო მარეხისათვის ყოველ შემთხვევაში მიემართა ახალი მეგობრისთვის, რომ ზურაბის დახმარებას ქველმოქმედების სახე ჰქონოდა, გაჭირვებულთა ხელის აპყრობის ხასიათი. ეს გარეგნობით, თორემ თვით ქალისთვისაც ამ ქველმოქმედებას სხვა სარჩული ედო, ახალგაზრდა ქვრივისთვის გულმოსალბობი.

  • ღმერთმა უშველოს ზურაბს! ზოგ მახლობელს და ნათესავსაც არ შესტკივა გული და არ გამოადგება კაცს გაჭირვებაში ისე, როგორც ჩვენ გამოგვადგა ჩვენი მეზობელი ზურაბი! – იტყოდნენ ქალები.
  • ვაჟკაცმა უხშირა მარეხთან სიარულს: ბევრი მიზეზი გამოჩნდა მისვლა-მოსვლისათვის. დედამთილი ჯერ ვერაფერსა ხედავდა; ცხარე ცრემლს დაევსო მისთვის თვალები და მწუხარებას დაებრმავებინა; ხუთი-ექვსი თვის შემდეგ აიღო იმანაც ალღო. ვაჟაკცს ვერაფერს ამჩნევდა, რადგან ის ერთობ მოკრთალებით და ზრდილად იქცეოდა, რძალს კი შეეტყო გულისთქმა: ქალს გულს ნისლი გადაჰყრიყო, სევდა მოსწმენდოდა, სახე უღიმოდა, გაღაღანებულიყო, კოპქიობდა ძაძაში.
  • გინახავს ძაძით მოსილი ქესკუმი ქვრივი, ქევქევით რომ მიდის მალხაზი და გავლილ გზას სურვილთა ფურცლით ჰფენამს?
  • არ გითვალიერებია?! რა უშნო ხარ!…
    დედას ეხლა მეორედ მოუკვდა შვილი და დამწვარმა მწარედ აყვედრა რძალს:
  • ქალო! ჯერ შენი საბრალო ქმარი საფლავში არ გაციებულა, შენ კი ჰლაღობ და ლამის შეურაცჰყო მისი სახელი!
    რძალს ემწვავა მართალი და ცივად უპასუხა:
  • რა კეთილი ვნახე შენი შვილის ხელში? მაინც არ ვუღალატებდი მას, თუ შემრჩებოდა, მაგარამ როცა ის აღარ არის ჩემ ყმაწვილქალობას რად ჩავალპობ მის სამარეშე!..
    მართალიც უთხრა ქალმა! რად არ უნდა მოეწყვიტნა ცხოვრების ყვაბვილი ხელახლად? განა მეორედ გაჩნდებოდა ამ ქვეყნად!

8
გადადო წელიწადმა თავი თავს. რა შეუძლიან წელიწადს! მარეხაანთ წლის განმავლობაში არაფერი დაუკლიათ მიცვალებულისათვის, ყოველივე წესი შეუსრულეს ალმასხანს, ისე რომ საიქიოს ყოველთვის ახალ-ახალი ტაბლა ედგა მას წინ და უხვი. სულეთში ბევრი შეჰნატრიდა განსვენებულს, რომ ისეთი მარჯვე მომხსენებლი დარჩომოდა ამქვეყნად.
დადგა გაზაფხული და გაღვივევულ ბუნებას მისცეს ბანი კაცთგულში გაღვიძებულმა გრძნობებმა. ყვავილთ დღესასწაული იყო, სულთმოფენობა, და ყვავილებითა რთამდა ხალხი ძვირფას სამარეებსაც. მარეხიც გამოსულიყო სასაფლაოზე, ქმრის სავანე ეკურთხებინა. ვარდ-ზამბახი გადაეფინა. დარდები აჰშლოდა, თვალთ ცრემლი მოსდენოდა და მარგალიტად დაჰბმოდა წამწამს.
ზურაბსაც გამოეტნა ყვავილები თავისიანთ მოსახსენებლად და მათ სამარეების შესამკობლად.
მღვდელ-დიაკვანი აჩქარებით გაშორდნენ მკვდართა სავანეს. დაღონებული ხალხი ნელ-ნელა მიდიოდა სასფლაოდან. აქა-იქღა მოჩანდა შავით მოსილი მწუხარე, რომელსავ ვერ ეთმობოდა საყვარლის საფლავი. მარეხიც ქმრის სამარეზედ იყო საფლავის ქვაზედ ჩამომჯდარი.
ზურაბი ნელის ნაბიჯით მიუახლოვდა მარეხს და მოიკითხა. ქალმა რომ შეანათა მას თვალები, ცრემლებით სავსე შავი თვალები, ვაჟკაცს გულს სევდა უკუ ეყარა. თვალთა ციაგი ცისარტყელად გამოაკრთა ცრემლებში და იგი ცისარტყელა იყო იმედი თუ სიხარული ვაჟისა.

  • ცხონებულის საფლავი გიკურთხებინებია, ქალო! – უთხრა ზურაბმა და ჩამოჯდა ქვაზევე.
  • დიახ, ყვავილებით შევამკე საცოდავი სამარე.
  • მეც ჩვეულებისამებრ გამოვედი სასგლაოზე, მაგრამ ვხედამ, არარაობა სუფევს აქ. ჩვენ კიდევ რაღაცა გვეგულება მიწაში, მაგრამ როცა კი აქ ამოვალ, ყოველთვის ცხადადა ვგრძნობ არარაობას.
  • დიაღ, შორს არიან მიცვალებულნი ჩვენგან, დიდი მზღვარია სიკვდლი-სიცოცხლის შუა.
  • რამოდენაც არსებობის და არარაობის შუა.
  • ეჰ, ჩვენს ერთხელ ასევე უნდა განვქრეთ.
  • მანამდის კი უნდა დავტკბეთ არსებობით, ამ უძვირფასეს განძით, რომელიც მოგვნიჭებია გამჩენისაგან. უნდა შევტფოდეთ ცასა და ქვეყანას, შევფრფინვიდეთ მზის სხვის, ვილოცავდეთ ტურფად შემკულ სამყაროს; უნდა შევტრფოდეთ ერთმანეთს! – თქვა ვაჟკაცმა და აღგზნებული თვალები დაანათა ქვრივს.
    ქალმა თავი დახარა, ვარდისფერი გადაეფინა ოდნავ მკრთალ სახეზე; ზამბახის ტოტს დაუწყო ხელში ტრიალი, მუხლებზე რომ ედო იმ ხელში.
    ვაჟი შეეხო ზამბახს და უთხრა:
  • ხედამ, მარეხი, ერთი ყვავილი რომ მთლად გაფურჩქნილა ამ ტოტზე, მეორე ჯერ ისევ კოკრშია; როდესაც ის დაჭკნებოდა, მაშინღა გაიშლებოდა ეს მეორე: სადაც ერთი ყვავილი ჭკნება და მოისთვლი, იქ მეორე იფურჩქნება მზის სხვივზე. ჩემი ცხოვრების ყვავილი ჯერ ისევ კოკორშია გაუფურჩქნავი. შენ უნდა გაუხდე, მარეხი, მას მალხინებელ სხივად, რომ გადიშალოს სუნნად სუნნელად! – უთხრა ვაჟკაცმა და ყვავილის ყლორტიდან ხელი ქალის მაჯაზე გადაიტანა.
    ქალმა ოდნავ გასწია მაჯა, არც კი გააცალა. იგრძნო ვაჟკაცმა, რომ დაკრა მის ბედნირების წამმა და სურვილით დაეწაფა ნაქანდაკებ მაჯას.
    გაისმა ბუჩქში შროშანის სტვენა: ის უგალობდა ძლევამოსილ სიყვარულს, რომელიც ჰფურჩქნის დაუცხრომლად ახალ-ახალ კოკრს სიცოცხლისა.

1905 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button