ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ანბუ

ანბუ (暗部, ქართ. „ბნელი მხარე“) საგანგებოდ გაწვრთნილ შინობთა სპეციალური რაზმია, რომელიც სოფლის მმართველის დავალებით გასაიდუმლოებულ ოპერაციებს ასრულებს. როგორც ჩანს, ანბუს შიგნით ნამდვილი წოდებები არ არსებობს − გუნდის ხელმძღვანელობა და იერარქია დამსახურებასა და გამოცდილებას ემყარება. რაზმის ლიდერებს ბუნტაიჩო (分隊長) ეწოდებათ.

ანბუს „შავ-ბნელი“ საქმიანობიდან გამომდინარე, შინობის ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისობის საკითხი მისი პიროვნული თვისებებით (და არა მხოლოდ შესაძლებლობებით) განისაზღვრება. ანბუს წევრებს სოფლის ხელმძღვანელები ირჩევენ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. პირის ასაკს, წარსულს, სქესს და ადრეულ წოდებას მნიშვნელობა არ ენიჭება. თუმცა, ტრადიციულად, კონოჰაგაკურეში პირი ანბუს წევრი ვერ გახდება, თუ მას 13 წელი არ შესრულებია (11 წლის იტაჩი უჩიჰა იშვიათი გამონაკლისი იყო). მას შემდეგ, რაც შინობი ანბუს შეუერთდება, იგი გადის სპეციალურ წვრთნას და იწყებს ნიღბების ტარებას საკუთარი პირადობის დამალვის მიზნით. ურთიერთიდენტიფიკაციისათვის ანბუს წევრები კოდურ სახელებს იყენებენ.

მნიშვნელოვანი მოვლენებისას ანბუ თითქმის ყოველთვის იჩენს თავს თავისი სოფლის მახლობლად, მაგრამ მათ ძირითადად უცხო ქვეყნებში პირთა განეიტრალება და არეულობების წარმოქმნა ევალებათ. დავალებები, რომლებსაც ისინი ასრულებენ სოფლის განსაკუთრებული საფრთხეებისგან დასაცავად, მოიცავს მაღალი რისკის შეღწევას მტრის ტერიტორიაზე, უკიდურესად ძლიერ ნინძებთან გამკლავებას, მტრისთვის თვალყურის დევნებას, მის თვალთვალს, დაკითხვას და ა.შ. სასიკვდილოდ დაჭრისას ანბუს წევრისგან საკუთარი სხეულის განადგურებაა მოსალოდნელი, რათა მისგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყოს.

კირიგაკურეში არსებობს ანბუს სპეციალური დანაყოფი, რომელსაც მონადირე ნიძები ეწოდება. ჩვეულებრივ, ანბუს წევრები ბრძანებებს თავიანთი კაპიტნებისგან იღებენ, ელიტარული ანბუ კი პირადად კაგეს ემსახურება და მხოლოდ მის მითითებებს ასრულებს. ანბუს წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ვინაობის გამხელა, ამიტომ კონოჰას მკვიდრთა უმეტესობამ არ იცის, თუ ვინაა გაწევრიანებული ანბუს რიგებში.

კონოჰაგაკურეში ანბუ კონოჰას სამხედრო პოლიციასთან ერთად წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც სოფელში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, თუმცა მათი იურისდიქცია და ფუნქცია-მოვალეობები ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არაა. ჰოკაგეს შეხედულებისამებრ, კონკრეტულ საკითხთა გამოძიების კომპეტენცია ერთიდან მეორეზე გადადიოდა, რაც ამ ორ ფრაქციას შორის დაპირისპირებას იწვევდა. სოფლის ოპერაციებში ანბუს როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიციას არ შეუძლია მისი წევრის დაკავება სათანადო ორდერის გარეშე. ადრე კონოჰას ჰყავდა ანბუს სპეციალური დანაყოფი, სახელწოდებით ფესვი, რომლის წევრებს სპეციალურად წვრთნიდნენ ისე, რომ დანზო შიმურას ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ და უემოციოდ შეესრულებინათ. გარდა ამისა, მათ ენაზე არსებული ბეჭედი ორგანიზაციის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვას უზრუნველყოფდა.

მეოთხე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც შინობთა ხუთმა დიდებულმა ქვეყანამ მშვიდობისთვის გაერთიანება გადაწყვიტა, ანბუს დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც კიდო ცუმიკიმ რამდენიმე ინციდენტის ხელოვნურად პროვოცირება მოახდინა, რათა ანბუსთვის სახსრების გამოყოფა გაგრძელებულიყო.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button