ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ნაგატო უზუმაკი

ნაგატო უზუმაკი (うずまき長門, უზუმაკი ნაგატო), იგივე პეინი (ペイン) აკაცუკისა და ამეგაკურეს ლიდერი იყო, რომელიც რინნეგანს ფლობდა. ნაგატო უზუმაკისა და სენჯუს კლანების შთამომავალი იყო. იგი ერთადერთი ცნობილი შინობია, რომელსაც გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო. ნაგატო აქტიურად თანამშრომლობდა ტობისთან, თუმცა მისი იდეოლოგიის ბრმა მიმდევარი არასდროს ყოფილა, არამედ საკუთარი გეგმით მოქმედებდა.

წარსული
პატარა ნაგატო ნაგატო ამეგაკურეში დაიბადა. როდესაც იგი ბავშვი იყო, მადარა უჩიჰამ მას თავისი რინნეგანი გადაუნერგა ისე, რომ ამის შესახებ თავად ნაგატომაც არ იცოდა.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ნაგატოს სახლში კონოჰას ორი შინობი საჭმლის საშოვნელად შეიჭრება. ოჯახი სახლიდან გაპარვას ვერ შეძლებს. შვილის გადარჩენის მიზნით ნაგატოს მშობლები მტერს პირველები შეუტევენ. კონოჰელები სიბნელეში მათ მტრის შინობებად აღიქვამენ და ორივეს ნაგატოს თვალწინ დახოცავენ. მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერებენ ისინი შეცდომას და ნაგატოს მოუბოდიშებენ. მოგვიანებით, ნარუტოსთან საუბარში ნაგატო განაცხადებს, რომ იმ წუთას განცდილი ტკივილი მასში ბრმა სიძულვილად გარდაიქმნა, რამაც გაუცნობიერებლად დაახოცვინა მკვლელები. თავისი დოძიუცუს გააქტიურებას ნაგატო სწორედ ამ ტკივილს უკავშირებდა, რასაც იგი თავისი ცხოვრების პირველ უდიდეს ტკივილს უწოდებდა.

მშობლების დაკრძალვის შემდეგ საჭმლის საშოვნელად ნაგატო კარდაკარ დაიწყებს სიარულს, თუმცა მისთვის საჭმელს არავინ გაიმეტებს. შიმშილისგან დაუძლურებული ნაგატო მიწაზე დაეცემა და გონებას დაკარგავს. მას ძაღლი ალოკავს და მოასულიერებს, რომელსაც ნაგატო ჩიბის დაარქმევს. ის მისი მუდმივი თანამგზავრი და მეგობარი გახდება.

მოგვიანებით, ღონემიხდილ ნაგატოს ფეხებში ძალა კვლავინდებურად გამოეცლება და მიწაზე დაეცემა. სასიკვდილოდ განწირულს თავს თანატოლი გოგონა – კონანი წაადგება, რომელიც მას ღიმილით პურს გაუწვდის. ნაგატო პურს შუაზე გატეხს და მის ერთ ნახევარს ასევე ძლიერ დამშეულ ჩიბის აჭმევს. კონანი ნაგატოსა და ჩიბის თავის თავშესაფარში წაიყვანს და იაჰიკოს გააცნობს. თავიდან იაჰიკოს არ გაუხარდება კიდევ ერთი „გამოსაკვები პირის“ გამოჩენა. მიუხედავად ამისა, იგი დასთანხმდება ნაგატოსთვის საჭმლისა და თავშესაფრის გაზიარებაზე.

ნაგატო იაჰიკოსთან და კონანთან ერთად დაიწყებს ცხოვრებასა და საჭმლის ქურდობას. ამასობაში ისინი დამეგობრდებიან კიდეც. ნაგატოს განსაკუთრებით იაჰიკოს პიროვნება მოხიბლავს. მისი შეუპოვრობა მასზე დიდ გავლენას მოახდენს. იაჰიკოსა და კონანის ოცნება მსოფლიოს სიძულვილისა და ტკივილისგან გათავისუფლებაზე ნაგატოს ოცნებაც გახდება.

მოგვიანებით, სამეული ამეგაკურეს მმართველ ჰანზოსა და კონოჰას ლეგენდარულ ნინძათა ბრძოლის თვითმხილველი გახდება. მოულოდნელად, ბრძოლის ველიდან გადმოვარდნილი ფეთქებადი კუნაი მათ წინ აფეთქდება და ჩიბის სიცოცხლეს იმსხვერპლებს. მეგობრების ცრემლების შემხედვარე იაჰიკო იტყვის, რომ ომისთვის ბოლოს მოსაღებად იგი ღმერთი გახდება. წლების შემდეგ, კონოჰას განადგურების წინ ნაგატო განაცხადებს, რომ იგი ღმერთია, რომელიც წესრიგს აღადგენს.

ნინძიუცუს შესწავლის მიზნით იაჰიკო, ნაგატო და კონანი ჰანზოსთან ბრძოლაში გადარჩენილი შინობების ძებნას წამოიწყებენ. მეტად სახიფათო და დამქანცველი მოგზაურობისას ისინი ორ ცეცხლს შუა მოექცევიან. ნაგატოს ტექნიკის წყალობით ისინი აფეთქებას გადაურჩებიან, თუმცა ფეხქვეშ მიწა გამოეცლებათ და მდინარეში ჩაცვივდებიან.

ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სამეული სანნინს იპოვის, საჭმლის მთელ მარაგს შეუჭამს და აედევნება. ოროჩიმარუ თანაგუნდელებს ბავშვების დახოცვას შესთავაზებს. ჯირაია მას შეაჩერებს და დროებით ამეგაკურეში დარჩენას გადაწყვეტს.

ისინი ერთად ცხოვრებას ხის ქოხში დაიწყებენ. ჯირაია მალევე გახდება მათი ოჯახის ნაწილი. ერთადერთი ნაგატო ვერ შეძლებს მის შეყვარებას კონოჰასადმი არსებული სიძულვილის გამო. მოგვიანებით, იაჰიკოს თავს იუაგაკურეს შინობი დაესხმება. ნაგატო მას გაუაზრებლად მოკლავს, ბრძოლის ველზე დაგვიანებით მისული ჯირაია კი მის რინნეგანს შენიშნავს. ნაგატო მწარედ ინანებს თავის საქციელს. მძიმე წუთებში მას ჯირაია გაამხნევებს და ეტყვის, რომ ის, რაც მან ჩაიდინა, მეგობრის დასაცავად გააკეთა, რის გამოც მის გაკიცხვას ვერავინ შეძლებდა. იმ წუთიდან ნაგატო არა მარტო შეცვლის თავის დამოკიდებულებას ჯირაიასადმი, არამედ ცხოვრების უმთავრეს მიზნად კონანისა და იაჰიკოს დაცვას დაისახავს.

ნაგატოს რინნეგანის შემხედვარე ჯირაია ჩათვლის, რომ ის არის „ბავშვი წინასწარმეტყველებიდან“, რომელმაც მსოფლიოში დიდი ცვლილებები უნდა მოახდინოს. ის მას ექვსი გზის განდეგილის რეინკარნაციად მიიჩნევს და განდეგილის შესახებ უამბობს.

ერთ დღეს შინ დაბრუნებული ნაგატო ჯირაიას ეტყვის, რომ მზადაა ბოლომდე იბრძოლის მშვიდობისთვის, არასდროს დანებდეს და ბოლო მოუღოს სიძულვილის „წყევლას“. მისი სიტყვები ჯირაიას პირველი წიგნის დადააზრად იქცევა, ამიტომ მთავარ გმირად იგი ნაგატოს პიროვნებას შეარჩევს და მას „ნარუტოს“ უწოდებს, რასაც, მოგვიანებით, მინატო ნამიკაზე და კუშინა უზუმაკი თავიანთ შვილს დაარქმევენ.

ობლებთან სამწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ჯირაია მათ ნინძიუცუს შეასწავლის. უსაფრთხოების მიზნით იგი სამალავში ოთხ ცალ ხის პატარა ფირფიტას ჩამოკიდებს და საიდუმლო გასასვლელს გააკეთებს. ერთ დღეს თავშესაფარში დაბრუნებული იაჰიკო, ნაგატო და კონანი ბაყაყის ფორმაში გამოწყობილ ჯირაიას იპოვიან, რომელიც გაკვეთილის უკეთ ასახსნელად მოსწავლეებსაც თავის მსგავსად შემოსავს, რაც იაჰიკოს ძლიერ აღაშფოთებს.

სამი წლის შემდეგ ჯირაია ობლებს მიატოვებს და თანაგუნდელებს დაუბრუნდება. წასვლის წინ ნაგატო მას მადლობას გადაუხდის. თავშესაფარში დაბრუნებული ობლები სენსეისგან სამახსოვროდ დატოვებულ წიგნს იპოვიან.

გავა დრო და მშვიდობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის – აკაცუკის შესაქმნელად იაჰიკო, ნაგატო და კონანი თავშესაფრის დატოვებას გადაწყვეტენ. წასვლის წინ ისინი პირობას დადებენ, რომ მათ შორის არსებული მანძილის მიუხედავად ერთ დღეს შინ დაბრუნდებიან და ჯირაიასთან ერთად საქმეში გამარჯვებას იზეიმებენ. ამ დროს მათ თავს მტრის შინობები დაესხმებიან, თუმცა ჯირაიას მიერ გაკეთებული საიდუმლო გასასვლელის წყალობით ისინი მტერს ხელიდან დაუსხლტებიან. სავარაუდოდ, ამ პერიოდში შეხვდებიან ისინი ზეცუსა და ობიტო უჩიჰას, რომელიც თავს მადარა უჩიჰად გაასაღებს და ნაგატოს გადაბირების მიზნით იდეალურ მსოფლიოზე დაიწყებს ლაპარაკს. იაჰიკო მის ბოროტ ზრახვებს ამოიცნობს და მას თავის მეგობრებთან მიახლოებას აუკრძალავს. მიუხედავად ამისა, ობიტო ნაგატოს დაინტერესებას შეძლებს და, იაჰიკოსა და კონანისგან მალულად, მას შემდეგი შეხვედრის დროსა და ადგილს დაუნიშნავს.

აკაცუკის ლიდერი იაჰიკო გახდება. თანდათანობით ორგანიზაცია სახელს გაითქვამს. ერთ დღეს, დაჭრილ ნაგატოსა და სხვა თანაგუნდელებს იაჰიკო მისიის შესასრულებლად წასვლის უფლებას არ მისცემს და ბრძოლის ველისკენ თავად, ასევე დაჭრილი, გაემართება. მის შეჩერებას კონანი შეეცდება, თუმცა იაჰიკო მას ეტყვის, რომ აკაცუკის საგანძური ნაგატოა, რადგან იგი მშვიდობისკენ მიმავალ ხიდს წარმოადგენს, თავად კი ამ ხიდის ერთ-ერთი საყრდენია. ნაგატო კონანს ეტყვის, რომ მშვიდობის ხიდი იაჰიკოს ნებისყოფაა და, ლიდერის ბრძანების მიუხედავად, აკაცუკის სხვა შინობებთან ერთად, იაჰიკოს დასახმარებლად გაემართება.

აკაცუკის რეპუტაციის ზრდა ჰანზოს შეაშფოთებს, რომელიც კონოჰას ანბუს ლიდერ დანზოს დახმარებით მის განადგურებას გადაწყვეტს. თავიდან ის იაჰიკოს მეგობრობის ხელს გაუწვდის, მომდევნო დღეს კი კონანს გაიტაცებს და ნაგატოს იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს. ნაგატო მეგობრების გაწირვას ვერ შეძლებს და თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იაჰიკო მის კუნაიზე თავადვე წამოეგება. სიკვდილის წინ იგი ნაგატოს ეტყვის, რომ მან და კონანმა უნდა იცოცხლონ და რომ სწორედ ის არის მსოფლიოს მხსნელი. ნარუტოსთან საუბრისას იაჰიკოს სიკვდილს ნაგატო თავისი ცხოვრების მეორე უდიდეს ტკივილად მოიხსენიებს.

ჰანზოსა და დანზოს შინობები ნაგატოს შეუტევენ, თუმცა შინრა თენსეის მეშვეობით ის ყველა მათგანს მოიგერიებს. იგი მტრისგან კონანს გამოიხსნის, თუმცა ჰანზო მის ფეხებზე ფეთქებად იარლიყებს მიამაგრებს და ააფეთქებს. ნაგატო კონანს იაჰიკოს გვერდით მოათავსებს და გარეთა გზის დემონურ ქანდაკებას გამოიძახებს, რომლის მეშვეობით იგი მტერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს. ერთადერთი ჰანზო შეძლებს ბრძოლის ველიდან გაქცევას.

ბრძოლის შედეგად ნაგატო ძლიერ დაუძლურდება: იგი გახდება, გადაადგილების უნარს დაკარგავს და მის ზურგში დემონური ქანდაკების შავი ღეროები ჩარჩება.

იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს პიროვნებას სრულად შეცვლის. იგი პეინის ექვს გზას შექმნის და თავს ღმერთს უწოდებს. ნაგატო დევას გზას იაჰიკოს ცხედრისგან შექმნის და მისი ხელებით შეუდგება მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებას. ის აკაცუკის ლიდერი გახდება და ორგანიზაციას S-რანგის კრიმინალებით დააკომპლექტებს. გარდა ამისა, იგი ჰანზოს მოკლავს და მთელ მის მოდგმას ამოხოცავს. სიკვდილის წინ პეინი ჰანზოს ეტყვის, რომ იგი ნაგავია, რომელიც ვერაფერს ხვდება.

მონაწილეობა სერიებში
მეორე ნაწილი
ნაგატო მეოთხე მსოფლიო ომის წამოწყებასა და, ამასთანავე, უძლიერესი “იარაღის” შექმნას გადაწყვეტს, რომლის მეშვეობითაც მთელი ქვეყნის წამიერად განადგურება იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი იარაღის შექმნის მიზნით, აკაცუკის მეშვეობით, იგი ჯინჩურიკების დაჭერასა და კუდიანი ურჩხულების გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაში ჩაბეჭდვას წამოიწყებს.

მოგვიანებით, აკაცუკის ლიდერზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ამეგაკურეში ჯირაია შეიპარება. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, პეინის ექვსი გზის მეშვეობით ნაგატო მას მოკლავს, მანამდე კი ჯირაია ექვსი გზის ტექნიკებისა და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ დაშიფრულ ინფორმაციას კონოჰაში გადაგზავნის.

მოგვიანებით, კონანთან ერთად, პეინი ცხრაკუდიანი ურჩხულის დასაჭერად გაემართება. იგი კონოჰას ბევრ შინობს, მათ შორის კაკაში ჰატაკესაც, მოკლავს. ნარუტოს ადგილმდებარეობის გაგების შემდეგ, ფართომასშტაბიანი შინრა თენსეის გამოყენებით, იგი კონოჰას მიწის პირისგან აღგვის, რაც სოფლის ადგილას უზარმაზარ კრატერს დატოვებს, მანამდე კი ცუნადეს განუცხადებს, რომ დიდებული ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისთვის ომობდნენ, მშვიდობამ სულელებად აქცია და რომ ნამდვილი ტკივილის შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია.

კაცუის დახმარებით ცუნადე სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის გადარჩენას შეძლებს, რაც მის ჩაკრას ბოლომდე ამოწურავს. მიუხედავად ამისა, იგი პეინს წინ გადაეღობება და მასთან საბრძოლველად გაემზადება. ამასობაში, ბრძოლის ველზე მიობოკუს მთიდან დაბრუნებული ნარუტო გამოჩნდება. ცუნადეს იგი დასვენებას ურჩევს, თავად კი პეინის განადგურებას გადაწყვეტს.

გომბეშოების დახმარებით ნარუტო პეინის ხუთ გზას გაანადგურებს. მიუხედავად ამისა, მას დევა დაამარცხებს და, ჩაკრას მომშლელი მახვილის მეშვეობით, ხელებით მიწაზე მილურსმავს. ნაგატო განაცხადებს, რომ მას მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის მოტანა სურს. იგი ნარუტოს ეტყვის, რომ კონოჰამ ისევე გაანადგურა თავისი ოჯახი, მეგობრები და სოფელი, როგორც თავად – კონოჰა და რომ საერთო მიზნის მისაღწევად ისინი განსხვავებული გზებით იბრძვიან, რადგან სამართლიანობა ყველას თავისებურად ესმის. მიუხედავად ამისა, ნაგატოს აზრით, მათ შორის დიდი განსხვავება არაა, რადგან ორივე მათგანი მშვიდობის ნიღაბს ამოფარებული შურისძიების მოტივით მოქმედებს. ნაგატო ნარუტოს თავის გეგმას გააცნობს და განაცხადებს, რომ ნამდვილი მშვიდობა არ არსებობს. მისი აზრით, ადამიანები სულელები არიან და რომ მხოლოდ ტკივილის შიში აიძულებთ მათ მშვიდობის დაფასებას, თუმცა, ასეთი მშვიდობა მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან თანდათანობით ადამიანები ტკივილს დაივიწყებენ და მსოფლიოში კვლავინდებურად ომიანობა და სიძულვილი დაისადგურებს, რაც, ნაგატოს აზრით, შინობთა მსოფლიოს მართავს. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გამოიყენებენ ადამიანები მის იარაღს, რაც მათ ტკივილს შეახსენებს და მსოფლიოს დროებით მშვიდობას მოუტანს.

ნაგატოს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს იგი სიძულვილისთვის ბოლოს მოღებას, ნარუტო პასუხს ვერ გასცემს, რის შემდეგაც ნაგატო მისგან ცხრაკუდიანის ჩაკრას ამოცლას შეეცდება, თუმცა მას ჰინატა შეაჩერებს. იგი პეინს შეებრძოლება, თუმცა დამარცხდება. მეგობრის გადასარჩენად მებრძოლი ჰინატა ერთადერთი შინობი აღმოჩნდება, რომელსაც პეინი არ მოკლავს, არამედ დაჭრის, რაც მას გონებას დააკარგვინებს.

ჰინატას ვითომდა სიკვდილის ხილვით განცდილი ტკივილი და სიძულვილი ნარუტოში ცხრაკუდიანს ჩაკრას გაააქტიურებს. შედეგად, პეინის წინაშე დემონი მელიის ექვსკუდიანი ფორმა წარდგება. მის დამარცხებას პეინი ჩიბაკუ თენსეის მეშვეობით შეძლებს, თუმცა, მერვე კუდის გამობმის შემდეგ, ურჩხული ქვის სფეროდან თავის დაღწევას მოახერხებს. ამასობაში, მამის, მინატო ნამიკაზეს დამხარებით, ნარუტო სიძულვილს მოთოკავს. მას შემდეგ, რაც ურჩხული გაქრება, ნარუტო დევას დაამარცხებს და ნაგატოსთან დასალაპარაკებლად გაემართება.

პირის-პირ შეხვედრისას ნარუტო ბრძოლავე უარს იტყვის და ნაგატოს მისი ისტორიის მოყოლას მოსთხოვს. ნაგატოს ამბის მოსმენის შემდეგ იგი განაცხადებს, რომ, მის მსგავსად, თვითონაც დიდი ტკივილი აქვს განცდილი. მიუხედავად ამისა, მას ახსოვს თავისი სენსეის წიგნი, სადაც წერია, რომ შინობმა ყოველგვარ ტკივილს უნდა გაუძლოს, ბოლომდე უნდა იბრძოლის და არასდროს უნდა დანებდეს, რათა სიძულვილის „წყევლას“ მოუღოს ბოლო. ნარუტო განაცხადებს, რომ მას წიგნის მთავარი გმირის სახელი ჰქვია და რომ ყველანაირ ტკივილთან გამკლავებას შეძლებს, რადგან მან დაიჯერა ის, რისიც ნაგატოსა და ჯირაიას სჯეროდათ.

ნაგატო გააცნობიერებს, რომ მან არა მხოლოდ თავის მასწავლებელს, არამედ საკუთარ თავსაც უღალატა. მიუხედავად ყველაფრისა, ნარუტოში იგი იმედს დაინახავს და მის სიტყვებს ირწმუნებს. უკანასკნელი ძალებით, ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით, იგი კონოჰას ყველა დაღუპულ მკვიდრს გააცოცხლებს, თავად კი, ჯირაიას მსგავსად, ღიმილით მოკვდება.

მეოთხე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით ნაგატოს კაბუტო იაკუში გააცოცხლებს და, იტაჩი უჩიჰასთან ერთად, მას ნარუტოსა და კილერ ბის დასაჭერად გაგზავნის. შეხვედრამდე ნაგატო ნარუტოს ჩაკრას ამოიცნობს და, მისივე თქმით, ნოსტალგიური გრძნობა დაეუფლება. ნარუტოს იგი ცხრაკუდიანის დამორჩილებასა და სიძულვილზე გამარჯვებას მიულოცავს, რის შემდეგაც, ედო თენსეის ძალით, იგი ჯინჩურიკებს შეებრძოლება. მოგვიანებით, შისუის გენძიუცუს წყალობით იტაჩი ედო თენსეის თავს დააღწევს და ნაგატოს ამატერასუს ცეცხლში გახვევს, რასაც ეს უკანასკნელი შინრა თენსეის მეშვეობით გაანეიტრალებს. ამასობაში, კაბუტო ნაგატოს ცნობიერებას დაბლოკავს. იგი ფართომასშტაბიან შინრა თენსეის გამოიყენებს, შემდეგ კი კილერ ბის ჩაკრას შთანთქავს და სხეულს გაიჯანსაღებს. ექვსი გზის ტექნიკების მეშვეობით ნაგატო ჯინჩურიკებს შეიპყრობს, თუმცა მათ იტაჩი დაიხსნის. ნაგატო ჩიბაკუ თენსეის შესრულებას წამოიწყებს. მისი მოწინააღმდეგეები, გაერთიანებული ძალებით, გრავიტაციის სფეროს გაანადგურებენ, რის შემდეგაც იტაჩი მას ტოცუკას მახვილით განგმირავს.

ნაგატოს ცნობიერება დაუბრუნდება. თავისი საქციელის გამო იგი იტაჩის ბოდიშს მოუხდის, ნარუტოს კი ეტყვის, რომ იქ ბრუნდება, სადაც მას მათი სენსეი უცდის. ნაგატო ჯირაიას ტრილოგიის პირველ ნაწილად მოიხსენიებს, რომელიც, მისი აზრით, უნაკლო იყო. თავს იგი მეორე ნაწილს უწოდებს, რომელმაც არ გაამართლა, ამიტომ იგი მესამე ნაწილს – ნარუტოს სთხოვს, ისეთი კაშკაშა იყოს, რომ ყველას დაავიწყდეს მეორის მარცხი, რის შემდეგაც იტაჩი მას სუსანოოში ჩაბეჭდავს.

ხასიათი
ბავშვობაში ნაგატო მეტად კეთილი, მგრძნობიარე და გულუბრყვილო იყო. თავის გადარჩენის მიზნით საჭმლის მოპარვას მას სიკვდილი ერჩია. მშობლების დაკარგვით განცდილი ტრავმის გამო ნაგატო იშვიათად იცინოდა. ცხოვრების უმთავრეს მიზანს მისთვის საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა წარმოადგენდა. ადამიანის მოკვლა მას უპატიებელ დანაშაულად მიაჩნდა. გარდა ამისა, იგი მზად იყო მშვიდობისთვის თავდაუზოგავად ებრძოლა და, ყველანაირი ტკივილის მიუხედავად, სიძულვილისა და ომიანობის გაუთავებელი „წყევლისთვის“ მოეღო ბოლო. იაჰიკოს სიკვდილი შემდეგ ნაგატო ცივი და მარტოსული გახდება. იგი მიიჩნევს, რომ „ნამდვილი ტკივილის“ შეცნობის გარეშე მშვიდობის დაფასება შეუძლებელია. ბავშვობის „გულუბრყვილო“ ოცნებაზე ნაგატო უარს იტყვის და ახალ გეგმას შეიმუშავებს. იგი თავს „ღმერთს“ უწოდებს და განაცხადებს, რომ მისი მისია მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებაა. მიზნის მისაღწევად იგი ჯირაიასაც კი მოკლავს. ნაგატოს გულუბრყვილობასა და მის იდეოლოგიას ტობი სათავისოდ გამოიყენებს.

ყველაფრის მიუხედავად, ნაგატო მეგობრობის ფასს არ დაივიწყებს. ნარუტოს დასაცავად მებრძოლი ჰინატა კონოჰას ერთადერთი შინობი აღმოჩნდება, რომელსაც იგი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებს. ნაგატო აკაცუკიშიც შეეცდება მეგობრული ატმოსფეროს შექმნას. დეიდარას დაღუპვის შემდეგ, აკაცუკის წევრებს იგი მის დატირებას ურჩევს, კისამეს კი ჰიდანისა და კაკუზუსთვის „ზომბი წყვილის“ დაძახების გამო უსაყვედურებს.

ქედმაღლური გამონათქვამების მიუხედავად ნაგატო ასეთი არასდროს ყოფილა. თავის შესაძლებლობებს იგი ზომაზე მეტად არ აფასებდა. გარდა ამისა, მას მოწინააღმდეგის დაფასება შეეძლო. ჯირაიას მოკვლის შემდეგ თავის მასწავლებელს იგი წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს, კაკაშისთან ბრძოლის წინ კი განაცხადებს, რომ მისთვის პატივია ცნობილ „კოპი ნინძასთან“ შეხვედრა.

კონანის, როგორც თავისი ოჯახის უკანასკნელი წევრის მიმართ ნაგატო დიდ მზრუნველობას იჩენდა. აკაცუკიდან ერთადერთი კონანი მიმართავდა მას საკუთარი სახელით. ამეგაკურეში იგი მის „ანგელოზად“ იწოდებოდა.

ედო თენსეით გაცოცხლებული ნაგატო ისეთივეა, როგორიც იაჰიკოს სიკვდილამდე იყო. იგი იხუმრებს კიდეც, რაც ნარუტოს ძლიერ გააკვირვებს და აღნიშნავს, რომ მას არ აკვირვებს ნარუტოს ცხრაკუდიანზე გამარჯვების ფაქტი, რადგან ისიც ჯირაიას მიერაა აღზრდილი.

გარეგნობა
ნაგატოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი სწორი, წითელი თმა ჰქონდა, რაც მას ნიკაპამდე სწვდებოდა და ბავშვობაში თვალებს სრულად უფარავდა. ყმაწვილ და ზრდასრულ ნაგატოს თმა მხოლოდ მარჯვენა თვალზე ჰქონდა ჩამოფარებული. გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახების შედეგად ნაგატო უკიდურესად დაუძლურდება. იგი სხეულის კუნთოვან და ცხიმოვან მასას თითქმის სრულად დაკარგავს, გარდა ამისა, ზურგში მას ლითონის უამრავი ღერო ჩარჩება. გადაადგილების მიზნით ნაგატო ექვსფეხიან მექანიზმს იყენებდა, საიდანაც ჩაკრას მომშლელი მახვილის გატყორცნა შეეძლო. ორივე მხრის სახსარსა და წინამხრებში მას ჩაკრას მიმღებები ჰქონდა გაყრილი. მის შუბლსაკრავზე ამეგაკურეს სიმბოლო ჰანზოს რეჟიმის დამხობის ნიშნად იყო გადახაზული. ნაგატო აკაცუკის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ორგანიზაციის ფორმას არ ატარებდა. სიკვდილის წინ, ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენების შედეგად, ჩაკრას გადაჭარბებულად მოხმარების გამო, ნაგატოს წითელი თმა გათეთრდება.

რეინკარნაციის შემდეგ მას კვლავინდებურად შეზღუდული შესაძლებლობები და თეთრი თმა ჰქონდა, თუმცა რვაკუდიანის ჩაკრას შთანთქმის გზით მან სხეული გაიჯანსაღა და ჯანმრთელი ადამიანის იერი დაიბრუნა.

შესაძლებლობები
ნაგატოს რინნეგანი ნაგატო ლეგენდარულ რინნეგანს ფლობდა, რაც მას ჩაკრას ბუნების ხუთივე გარდასახვის მართვის უნარსა და ყველანაირი ძიუცუს გამოყენების პოტენციალს ანიჭებდა. მისი წყალობით ნაგატო ექვსი გზის ექვს უნიკალურ ტექნიკას იყენებდა.

ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის მეშვეობით ნაგატოს გარდაცვლილთა გაცოცხლება შეეძლო. კონანის განმარტებით, გარეთა გზას სიკვდილისა და სიცოცხლის მართვაზე მიუწვდება ხელი.

თავისი უძლიერესი ტექნიკების უმრავლესობას ნაგატო დევას გზის მეშვეობით იყენებდა. მის ერთ-ერთ ძირითად იარაღს შინრა თენსეი წარმოადგენდა. ამ ტექნიკას პეინი როგორც შეტევის, ისევე თავდაცვის მიზნით იყენებდა, რასაც სხეულის ირგვლივ ჩაკრას დამცავი სფეროს წარმოქმნით აკეთებდა. დევა ბანშო თენინსაც ფლობდა, რითაც, მაგნიტის მსგავსად, მას ობიექტების მიზიდვა შეეძლო. გარდა ამისა, ამავე ტექნიკით იგი ობიექტების ფიზიკური კონტაქტის გარეშე გადაადგილებას და, სავარაუდოდ, ფრენას ახერხებდა. ჩიბაკუ თენსეი დევას უძლიერეს ტექნიკას წარმოადგენდა. მისი შესრულდება მას მხოლოდ ნაგატოს სიახლოვეს შეეძლო. ცხრაკუდიანთან ბრძოლისას დევა სწორედ ამ ტექნიკით შეაჩერებს ურჩხულს. იგი ქვის უზარმაზარ სფერულ ციხეს წარმოქმნის, რაშიც მოწინააღმდეგეს გამოამწყვდევს.

ნაგატო ჩაკრას სიახლოვეს გრძნობდა. ამეგაკურეში უცხოელის შემოპარვას იგი წვიმის წვეთების მეშვეობით იგებდა. გარდა ამისა, მას წვიმის მართვა შეეძლო. რეინკარნაციის შემდეგ, ნარუტოსა და კილერ ბის დასაჭერად მივლენილი ნაგატო ნარუტოს ჩაკრას მასთან შეხვედრამდე შეიგრძნობს.

ნაგატოს დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო. ჰანზოსთან ბრძოლისას მან ქანდაკების პირიდან გამომავალი ინდიგოსფერი დრაკონი გამოიყენა, რაც ერთი შეხებით კლავდა ადამიანებს. დემონური ქანდაკებიდან გამომავალი აჩრდილი დრაკონების მეშვეობით ნაგატოს ჯინჩურიკებიდან კუდიანი ურჩხულების ჩაკრას ამოცლა შეეძლო. აკაცუკის დანარჩენ წევრებს იგი მხოლოდ ენერგიისა და დროის დაზოგვის მიზნით იყენებდა. ნარუტოს დამარცხების შემდეგ, დევა მისგან ურჩხულის ამოცლას დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რასაც მას ჰინატა არ დააცდის.

ნაგატოს გენძიუცუსაც იყენებდა. კაკაშისთან ბრძოლისას მან მოწინააღმდეგის დროებითი დაბრმავება შეძლო და მისი შეტევა აიცდინა. გარდა ამისა, მას ადამიანის გონებაში ბარიერების შექმნა შეეძლო, რაც მისი გონების წაკითხვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.

ნაგატო აკაცუკის წევრების მიერ ჩაკრას სახით გადმოგზავნილ ფიქრებს იჭერდა და ყველას ერთად სასურველ ადგილას გადასცემდა. ამ ტექნიკის წყალობით ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული აკაცუკის წარმომადგენლები ასტრალური სხეულებით ურთიერთობდნენ.

პეინის ექვსივე გზას ხელებიდან შეუზღუდავი სიგრძისა და რაოდენობის მახვილების წარმოქმნა შეეძლო, რაც მოწინააღმდეგის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში მისი ჩაკრას მიმოქცევას აჩერებდა. მათი მეშვეობით ნაგატოს სხვის სხეულში თავისი ჩაკრას გადაცემა შეეძლო.

ნაგატოს ნამოქმედარია ხუთი ბეჭდის ბარიერი, რაც მან აკაცუკის გამოქვაბულის შესასვლელის ირგვლივ წარმოქმნა და სარკისებური უეცარი თავდამსხმელის ტექნიკა, რის გამოც გაისა და მის გუნდს საკუთარ ორეულებთან მოუხდათ ბრძოლა.

ნაგატოს უამრავი ცხოველის გამოძახება შეეძლო. პეინის ექვსი გზის მსგავსად, ყველა მათგანი რინნეგანს ფლობდა. მათგან აღსანიშნავია ძაღლისმაგვარი არსება და გიგანტური ქამელეონი. პირველი მათგანი სასიკვდილოდ დაჭრის შემთხვევაში ორმაგდებოდა. გარდა ამისა, გაერთიანების გზით, მის განაყოფებს მრავალთავიან გიგანტურ ძაღლად გარდაქმნა შეეძლო, ქანელეონის ხახაში დამალვის გზით კი პეინი უჩინარი ხდებოდა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button