ობიტო უჩიჰა (うちはオビト, უჩიჰა ობიტო) სერიების ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტია. კაკაში ჰატაკესა და რინ ნოჰარასთან ერთად იგი მინატო ნამიკაზეს გუნდის წევრი იყო. მოგვიანებით, მან მადარა უჩიჰასთან თანამშრომლობა და მისი სახელით მოქმედება დაიწყო. იგი მართავდა ცხრაკუდიან მელიას კონოჰაგაკურეზე თავდასხმისას. სასორის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოს დაპყრობის მადარასეული გეგმის განსახორციელებლად ობიტო აკაცუკის შეუერთდა, როგორც ტობი (トビ), და მასთან ერთად კუდიანი ურჩხულების შეგროვებას შეუდგა. ნაგატოს თავგანწირვის შემდეგ ობიტომ მისი ადგილი დაიკავა, მეოთხე მსოფლიო ომი წამოიწყო და ათკუდიანის ჯინჩურიკი გახდა. ობიტო ერთ-ერთია უჩიჰას კლანის ორი უკანასკნელი წარმომადგენლიდან.
ხასიათი
პატარა ობიტო ყველგან და ყოველთვის იგვიანებდა, რის გამოც მას მუდამ თავის მართლება უხდებოდა. მინატოს გულის მოგების მიზნით მიზეზად იგი მოხუცის ქალის დახმარებას ასახელებდა ხოლმე, რისიც კაკაშის არასდროს სჯეროდა. პატარაობაში ობიტოს ბრძოლის ეშინოდა. გარდა ამისა, რაიმე საშიშისა ან სევდიანის დანახვაზე იგი ტიროდა კიდეც, თუმცა ემოციების დამალვას ყოველთვის ცდილობდა და ცრემლებს თვალში მოხვედრილ მტვერს აბრალებდა. მაშინ, როცა მისიის წარმატებით შესრულების მიზნით მსხვერპლის გაღება კაკაშის სამართლიანად მიაჩნდა, ობიტოსთვის მეგობრის დასახმარებლად კანონის დარღვევა იყო გამართლებული. მისი აზრით, იგი საკმარისად ბრძოლისუნარიანი არ იყო, მიუხედავად იმისა რომ კონოჰას ერთ-ერთ უძლიერეს, უჩიჰას კლანს ეკუთვნოდა, რის გამოც ხანდახან იწყენდა ხოლმე. აკაცუკიში გაწევრიანების შემდეგ ობიტოს, იგივე ტობის, სულელ, ჭკუამხიარულ და უდარდელ პიროვნებად მოჰქონდა თავი. იქ იგი თანაგუნდელებსაც დასცინოდა ხოლმე. აკაცუკის წევრების თქმით, გაქცევაში მას ბადალი არ ჰყავდა. განსაკუთრებით იგი თავის მეწყვილეს, დეიდარას აღიზიანებდა.
ობიტო ძლიერი და ჭკვიანი შინობია. იგი სტრატეგიულად და გააზრებულად მოქმედებს და მანამ არ იწყებს ბრძოლას, სანამ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს ბოლომდე არ გააანალიზებს. ობიტოს თქმით, მისი სიცოცხლე ბრძოლის ველია. მას მშვიდობის არ სწამს და მზადაა გაანადგუროს ყველა, ვინც მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ წავა. მადარს მსგავსად, ობიტოც ვერ იტანს ცეცხლის ნებისყოფასა და სენჯუს წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ ერთხელ მან შეაქო თანამებრძოლები და განაცხადა, რომ მათი დახმარების გარეშე შორს ვერ წავიდოდა.
მას ასევე მშვენივრად გამოსდის ადამიანების გრძნობებით და თვითონ ადამიანებით მანიპულირება, ეს კარგად გამოჩნდა ნაგატოს შემთხვევაში, იგივე განმეორდა სასკესთან და კისამესთანაც, როდესაც ობიტომ მოხერხებულად შეძლო ორივე გამოეყენებინა თავისი მიზნების სასარგებლოდ. აუცილებელია აღინიშნოს იაჰიკოს შემთხვევა, რომელმაც წამში გაშიფრა იგი და რომლის დარწმუნებაც ობიტომ ვერაფრით მოახერხა, თუმცა კი ძალიან ცდილობდა ამას.
გარეგნობა
პატარაობაში ობიტოს მოკლე, შავი თმა და დიდი, შავი თვალები ჰქონდა. შარინგანის გაღვიძებამდე იგი დამცავ სათვალეებს ატარებდა. ეცვა მუქი ლურჯი ფერის ტანსაცმელი, ზედ ნარინჯისფერი ხაზებით, რასაც ზურგზე უჩიჰას კლანის სიმბოლო ეხატა. იგი ლურჯ ფეხსაცმელს ატარებდა. შარვალზე მიმაგრებული ჰქონდა პატარა ჩანთა შურიკენისათვის. სათვალეები ტრადიციულად შუბლზე ჰქონდა მიმაგრებული.
მოგვიანებით, მან ნიღაბი გაიკეთა და თავს მადარა უჩიჰა უწოდა. მინატოსთან ბრძოლის დროს მას მოკლე, ლურჯი თმა ჰქონდა და გრძელი მოსასხამი ეკეთა, სახეს კი ნიღაბი უფარავდა ისე, რომ მხოლოდ ერთი თვალი მოუჩანდა. მინატოსთან დამარცხების შემდეგ ობიტო, უკვე – ტობი აკაცუკიში გაწევრიანდება და ორგანიზაციის ფორმას ჩაიცვამს, სახეს კი განსხვავებული დიზაინის მქონე ნარინჯისფერი ნიღბით დაიფარავს. სახის მარჯვენა მხარეს ობიტოს შრამები აქვს, რაც ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგად დარჩა. მისი მარჯვენა ხელი ზეცუს მატერიისგანაა შექმნილი, რის გამოც ის შედარებით სუსტია. ტორუნესთან, მოგვიანებით კი კონანთან ბრძოლაში ობიტოს ეს ხელი მოძვრა, თუმცა, ზეცუს ძალით, იგი ორივეჯერ აღიდგინა.
ობიტოს ერთი თვალი შარინგანი, მეორე კი რინნეგანია. მისი სამოსი ვერცხლისფერია, უფრო დიდი სახელოები აქვს და უფრო მსხვილი ქამარი უკეთია. ობიტოს ნიღაბიც სრულიად ახალია. მისი თქმით, იგი სპეციალურად ომისთვისაა შექმნილი. მას შემდეგ, რაც იგი ათკუდიანის ჯინჩურიკი გახდა, მისი გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა.
წარსული
ბავშვობის წლები
ობიტო ბავშვობაში. როგორც წესი, ობიტო მუდამ იგვიანებდა ნინძათა აკადემიაში. იქ იგი მომავალ თანაგუნდელებს, კაკაშისა და რინს გაიცნობს. მას რინი პირველი შეხვედრისთანავე შეუყვარდება. ობიტო მინატო ნამიკაზეს გუნდის წევრი იყო. მოხუცებულის დახმარების მიზეზით იგი ჩუნინთა გამოცდის მეორე ეტაპზეც დააგვიანებს, რაც კაკაშის ძლიერ გააბრაზებს. გამოცდისას მინატოს გუნდის წევრები გაის, ებისუსა და გენმას შეებრძოლებიან. გაი ობიტოს იოლად დაამარცხებს, რის გამოც მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას ობიტო სრული სერიოზულობით შეუდგება. იქ მას კვლავ გაის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა და კვლავ დამარცხდება. მიუხედავად ამისა, ობიტო განაგრძობს ვარჯიშს და ჩუნინის წოდებას მოიპოვებს. ობიტოს თავისი თანაგუნდელი, რინი უყვარდა, რომელიც ამას ვერ ამჩნევდა. მოგვიანებით, თავისი გრძნობების შესახებ იგი რინთან დალაპარაკებას გადაწყვეტს, რაც მას არ დასცალდება. კაკაშის ჯონინად გახდომის აღსანიშნავად, რინი მას კაკაშისთვის საჩუქრის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს, რაც ობიტოს არ გაახარებს. ტრადიციულად, ობიტო მისიებზეც აგვიანებდა, რაც კაკაშიში დიდ ბრაზს იწვევდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი მეგობრები იყვნენ.
ობიტო რინთან, კაკაშისთან და მინატოსთან ერთად. ობიტომ აკადემიაში გაიცნო რინ ნოჰარა და იგი პირველი დანახვით შეუყვარდა. მან აკადემია ცხრა წლის ასაკში დაასრულა, რის შემდეგაც იგი მინატოს გუნდში ჩაირიცხა რინთან და კაკაშისთან ერთად. მოგვიანებით მისმა გუნდმა ჩუნინების გამოცდაშიც მიიღო მონაწილეობა. ობიტომ აქაც დააგვიანა, მიზეზად კი ის მოიშველია, რომ გზად მოხუც ქალბატონს დაეხმარა. რინზე შთაბეჭდილების მოსახდენად ობიტომ დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკის შესრულება ცადა, რაც საშინელი კრახით დასრულდა. მას ხელი შეუშალა კანფეტმა, რომელიც მას მადლიერების ნიშნად მოხუცმა აჩუქა და რაც მას იმ მომენტში პირში ედო. საბოლოო ჯამში, მაიტო გაიმ ობიტო სასტიკად დაამარცხა. მარცხის მიუხედავად, ობიტო უფრო ბეჯითად შეუდგა ვარჯიშს, თუმცა უშედეგოდ – იგი კვლავ დამარცხდა გაისთან, რომელიც მისმა თანაგუნდელმა კაკაშიმ დაჯაბნა და ჩუნინის წოდებაც მოიპოვა. იმ დროს, როცა ობიტო ჩუნინი გახდა, კაკაშის უკვე ჯონინი იყო. კაკაშის წარმატების აღსანიშნავად რინმა მისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ობიტოს ეჭვიანობა კაკაშისადმი.
მესამე მსოფლიო ომის დროს ობიტოს რინსა და კაკაშის, რომელიც მისიის მეთაური იყო, კანნაბის ხიდის განადგურება დაევალათ, რაც დროებით შეაფერხებდა იუაგაკურეს. მისიაზე წასვლის წინ რინმა და მინატომ ახლა უკვე ჯონინ კაკაშის საჩუქრები აჩუქეს. ობიტომ მას უთხრა, რომ სულაც არაა ვალდებული რამე აჩუქოს, რაზეც კაკაშიმ მიუგო, რომ არც არაფერში სჭირდება მისი საჩუქარი, რადგან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, იგი მაინც გამოუსადეგარი იქნებოდა. მინატო მალევე გამოიძახეს წინა ფრონტზე საბრძოლად და იგი იძულებული გახდა, თავისი გუნდი მარტო გაეშვა მისიაზე. იუაგაკურეს შინობებმა სამეულის პოვნა შეძლეს და რინი გაიტაცეს. კაკაშიმ ობიტოს უარი უთხრა მის გამოხსნაზე, რადგან, მისი აზრით, მისიის წარმატებით შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანის გადარჩენა. გაბრაზებული ობიტო მარტო გაემართა რინის გადასარჩენად. საბოლოოდ, კაკაში მიხვდა, რომ ობიტო მართალს ამბობდა და დაეხმარა მას. თავის მხრივ, კაკაშის დასაცავად ობიტომ შარინგანი გაააქტიურა და იუაგაკურეს ერთი შინობი მოკლა. მოგვიანებით, ჩამოშლის ზღვარს მყოფი გამოქვაბულიდან გასვლის წინ, დოძიუცუს გამოყენებით ობიტომ შენიშნა, რომ კაკაშის ლოდი ეცემოდა. მან თანაგუნდელს ხელი ჰკრა და ნანგრევებში თავად მოყვა.
ლოდის ქვეშ მოყოლილი ობიტო. მომაკვდავმა ობიტომ კაკაშის ბოდიში მოუხადა და მას თავისი მარცხენა შარინგანი აჩუქა. მან მეგობარს სთხოვა, რომ რინზე ეზრუნა. კაკაში მას შეჰპირდა, რომ რინს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავდა. მას შემდეგ, რაც რინმა, რომელიც მკურნალი ნინძა იყო, თვალის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით შეასრულა, ისინი მომაკვდავ ობიტოს გაეცალნენ და ყველამ ჩათვალა, რომ იგი დაიღუპა. სინამდვილეში ობიტო მადარა უჩიჰამ გადაარჩინა. თუმცა ობიტოს მეორე შარინგანი უვნებელი დარჩა, მისი სხეულის მთელი მარჯვენა მხარე ძლიერ იყო დაზიანებული. მადარამ იგი ჰაშირამას ცოცხალი კლონის ნაწილების გამოყენებით აღადგინა.
მადარასა და ობიტოს პირველი შეხვედრა. როგორც კი ობიტო გონს მოვიდა, მან მაშინვე კონოჰაგაკურეში, თავის მეგობრებთან დაბრუნება დააპირა, თუმცა მადარამ მას უთხრა, რომ ასეთი სხეულით იგი შინობი ვეღარასდროს გახდებოდა. მან ობიტოს სასტიკი რეალობისა და მთვარის თვალის გეგმის შესახებ დაუწყო საუბარი. არჩევანის გარეშე დარჩენილმა ობიტომ დროებით დარჩენა გადაწყვიტა და ძალების აღსადგენად ვარჯიშს შეუდგა. გავიდა წლები და ერთ დღეს თეთრმა ზეცუმ მას უთხრა, რომ კაკაში და რინი გასაჭირში იყვნენ. ობიტო მაშინვე მათ დასახმარებლად გაეშურა. წასვლის წინ მან მადარას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და სამუდამოდ გამოემშვიდობა. ბრძოლის ველზე მისულმა ობიტომ იხილა, თუ როგორ მოკლა კაკაშიმ რინი ჩიდორის გამოყენებით. ამ მომენტში განცდილმა ემოციამ როგორც ობიტოს, ისევე კაკაშის მანგეკიო შარინგანი გაუაქტიურა. კაკაშიმ გონება დაკარგა. კირიგაკურელმა შინობებმა რინის ცხედრის წაღება ცადეს, თუმცა კამუისა და ხის გამოშვების შერწყმით ობიტომ ისინი ამოხოცა.
ობიტო იხუტებს რინის ცხედარს. ობიტომ რინი გულში ჩაიკრა და მას შეჰპირდა, რომ ისეთ სამყაროს შექმნიდა, სადაც იგი ცოცხალი იქნებოდა.
მადარასთან დაბრუნების შემდგომი პერიოდი
რინის სიკვდილის შემდეგ ობიტო მადარასთან დაბრუნებას გადაწყვეტს. მისი აზრით, იგი სწორი იყო, როდესაც თქვა, რომ სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, გამოუსადეგარია, რის გამოც მისი რეკონსტრუქციაა საჭირო. მადარამ მას მთვარის თვალის გეგმის თითქმის ყველა დეტალი გაუმხილა და თავისი სახელით მოქმედება გაავალა.
მოგვიანებით ობიტო და ზეცუ ამეგაკურეში წავიდნენ, რათა ნაგატო, რომელსაც წლების წინ მადარამ თავისი რინნეგანი მისცა, მოკავშირედ ექციათ, მაგრამ იაჰიკომ მათ მასთან მიახლოებაც კი აუკრძალა. ამის მიუხედავად მადარას სახელით მოქმედმა ობიტომ ნაგატოს უთხრა, რომ მას ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას დაელოდებოდა. იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ ნაგატომ გადაწყვიტა, „მადარას“ დაკავშირებოდა და ამგვარად ისინი მოკავშირეები გახდნენ.
ობიტომ შეძლო გამოერკვია, რომ კუშინა უზუმაკი, რომელიც ცხრაკუდიანის რიგით მეორე ჯინჩურიკი და თავისი ყოფილი სენსეის – მინატოს მეუღლე იყო, მალე იმშობიარებდა, რაც დიდად ხელსაყრელი იყო მასში ჩაბეჭდილი ურჩხულის ხელში ჩასაგდებად. ობიტომ შეძლო დამცავი ბარიერის გარღვევა, რომელიც იმ შენობას იცავდა, სადაც კუშინამ იმშობიარა და ახალშობილი ნარუტო მძევლად აიყვანა, რათა მინატოსთან ბრძოლა თავიდან აეცილებინა და კუშინა გაეტაცა. ობიტომ ცხრაკუდიანი გაათავისუფლა და თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია, რის შემდეგაც იგი კონოჰას დაესხა თავს და მის გაცამტვერებას შეუდგა, მაგრამ ობიტო მინატოსთან ბრძოლაში დამარცხდა.
ამ მოვლენიდან რვა წლის შემდეგ იტაჩი უჩიჰამ ობიტოს მათი კლანის ამოხოცვაში დახმარება სთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. მოგვიანებით ობიტომ გენძიუცუს ზეგავლენის ქვეშ მოაქცია კირიგაკურეს მეოთხე მიზუკაგე და მის მართვას შეუდგა. ამის შესახებ კირიგაკურეს შინობებიდან მხოლოდ კისამე ჰოშიგაკიმ იცოდა, რომელიც ობიტოს აქტიურად ეხმარებოდა მთვარის თვალის გეგმის განხორციელებაში. აკაცუკიში გაწევრიანების მიზნით ობიტომ ტობი დაირქვა და სასორის სიკვდილის შემდეგ ნაგატოსა და ზეცუს დახმარებით ორგანიზაციას შეუერთდა.
შესაძლებლობები
ობიტომ ჩუნინის წოდება 11 წლის ასაკში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა შარინგანი გააქტიურებული, იგი საკმაოდ კარგად ფლობდა ცეცხლის გამოშვებას. მადარამ მას ის ძიუცუები შეასწავლა, რომელსაც თავად ფლობდა. მაგალითად, ობიტო შესანიშნავად ფლობს გამოძახების ტექნიკას. მას როგორც ცხრაკუდიანის, ისევე გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახება შეუძლია. ზეცუს თქმით, ობიტოს დიდი პოტენციალი გააჩნია.
ტაიძიუცუ
ბავშვობაში ობიტო ტაიძიუცუს ცუდად ფლობდა, თუმცა შარინგანის გაღვიძების შემდეგ ამ მხრივ მისი შესაძლებლობები საკმაოდ გაუმჯობესდა. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც მას კაკაშისთან ერთად მოუხდა კაკკოს წინააღმდეგ ბრძოლა. ობიტოს დიდ დახმარებას უწევს თავისი დრო–სივრცის ნინძიუცუ, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, გაიაროს საგნებსა თუ ადამიანებში. ამის ნათელი მაგალითია მისი ბრძოლა კირიგაკურეს შინობების წინააღმდეგ.
ობიტოს მარჯვენა მკლავი მთლიანად ჰაშირამას უჯრედებისგან არის შექმნილი, რის გამოც იგი მარცხენაზე გაცილებით სუსტია, თუმცა ობიტო სხეულის ძალიან მტკიცეა, ვინაიდან იგი მინატოს რასენგანს ცოცხალი გადაურჩა.
ობიტო ძალიან სწრაფია. იგი თითქმის იმავე სიჩქარეს ავითარებს, რასაც ნარუტო ცხრაკუდიანის რეჟიმში.
ნინძიუცუ
სხვა უჩიჰების მსგავსად ობიტოც შესანიშნავად იყენებს ცეცხლის ბუნებაზე დაფუძნებულ ტექნიკებს. ჰაშირამას დეენემის წყალობით ობიტომ არა მხოლოდ ხის გამოშვების ტექნიკები შეიძინა, არამედ, მოგვიანებით, ათკუდიანის მართვაც შეძლო. ვინაიდან ობიტოს სხეულის ნახევარი ჰაშირამას უჯრედებისგანაა შექმნილი, მას გარკვეული დროის განმავლობაში წყლისა და საკვების გარეშე არსებობა შეუძლია. ცეცხლის და ხის ელემენტების გარდა ობიტო მიწის გამოშვებასა და წყლის გამოშვებას ფლობს.
დოძიუცუ
ობიტო მანგეკიო შარინგანსა და რინნეგანს ფლობს. მათგან პირველს ბუნებრივად, მეორე კი გადანერგილი აქვს.
შარინგანი
ობიტოს ახლად გააქტიურებულ შარინგანს მხოლოდ ორი ტომოე ჰქონდა. რინის დაღუპვის შემდეგ ობიტოს შარინგანზე მესამე ტომოეც გამოისახა და მალევე გარდაიქმნა მანგეკიო შარინგანად. შარინგანის მეშვეობით მას სხვადასხვაგვარი გენძიუცუების გამოყენება შეუძლია. მაგალითად, მან კონანს აიძულა, გაეთქვა, თუ სად იყო დაკრძალული ნაგატო და ფუსა და ტორუნეს მართვა შეძლო.
მადარას მსგავსად, შარინგანის გამოყენებით, ობიტოც იმორჩილებს კუდიან ურჩხულებს, თუმცა მას რამდენიმე მათგანის ერთად მართვა უჭირს. იგი ასევე იზანაგის, ერთ-ერთ აკრძალულ ძიუცუს ფლობს და ჰაშირამას უჯრედების გამოყენებით მისი მოქმედების პერიოდის გაზრდა შეუძლია.
მანგეკიო შარინგანი
ობიტოს მანგეკიო შარინგანი გარეგნულად კაკაშის დოძიუცუს იდენტური, თუმცა ამ უკანასკნელზე ძლიერია. მანგეკიო შარინგანის დახმარებით ობიტოს ნივთების, ადამიანებისა თუ სხვა ცოცხალი არსებების, საკუთარი სხეულისა და მისი ნაწილების ტელეპორტირება შეუძლია. მათ ობიტო სხვა განზომილებაში გზავნის და იქ ტოვებს. ამის გამო მოწინააღმდეგეს მისთვის ზიანის მიყენება უჭირს, რადგან ობიტო, რომელსაც იგი ებრძვის, ფიზიკურად სხვა განზომილებაშია, თუმცა ხელშეუხებელი მას მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში შეუძლია იყოს. გარდა ამისა, ტელეპორტირების წყალობით ობიტო საკმაოდ დიდი მანძილების დაფარვას მეტად მცირე დროში ახერხებს.
რინნეგანი
მას შემდეგ, რაც ობიტომ ნაგატოს ცხედრის ადგილმდებარეობა გამოარკვია, კონანთან ბრძოლაში დაკარგული მარცხენა თვალის ადგილას მან ნაგატოს რინნეგანი ჩაისვა, რამაც მას გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახებისა და რინნეგანის ტექნიკების გამოყენების საშუალება მისცა.
მოგვიანებით ობიტომ პეინის ექვსი გზა შექმნა, რომლის წევრებად მან უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით გაცოცხლებული ყოფილი ჯინჩურიკები აქცია. მათ, ობიტოს მსგავსად, მარჯვენა თვალის ბუდეში შარინგანი, მარცხენაში კი რინნეგანი ჰქონდათ, თუმცა ნაგატოს ექვსი გზის წევრებისგან განსხვავებით ისინი რინნეგანის ტექნიკებს არ ფლობდნენ.
ციტატები
(კაკაშისადმი) „ისინი, ვინც წესებს არღვევენ, ნაგვები არიან, ხოლო ისინი, ვინც მეგობრებს მიატოვებენ – ნაგავზე უარესები!“
(კაკაშისადმი) „სადაცაა მოვკვდები… მაგრამ შენი თვალი გავხდები… და შენთან ერთად დავინახავ მომავალს.“
(გაფიქრება) „მინატო სენსეი… ეს ყველაფერი… მთელი ეს სამყარო… მე უკვე აღარ მადარდებს იგი.“
(კისამესადმი) „ეს ახალი სამყარო იქნება… სამყარო სიმართლის და არა სიცრუის.“
(ნაგატოსა და კონანისადმი) „შარინგანის ჭეშმარიტი ძალა… ესაა უჩიჰა მადარას ძალა!“
(გაფიქრება) „იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანები სიყვარულს შეიცნობენ, ისინი სიძულვილის ტარების რისკის ქვეშ ექცევიან.“
(ნარუტოსა და ბისადმი) „ომი უკვე დაიწყო… ჩემს სახელს მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ გინდათ, შეგიძლიათ ჩემი ძველი სახელით, ტობით მომმართოთ. მადარა, ტობი… დამიძახეთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ.“
(ნარუტოსა და ბისადმი) „მე არავინ ვარ… მე არ მსურს ვინმე ვიყო. ერთადერთი, რაც მანაღვლებს მთვარის თვალის გეგმის დასრულებაა. ეს სამყარო სრულიად უვარგისია… უბედურების გარდა მასში აღარაფერია დარჩენილი.“
(კაკაშისადმი) „შენ უკვე იხილე რეალობა, წესით უნდა გესმოდეს კიდეც… ვერანაირ სურვილს ვერ აისრულებ ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ მივყვები ოცნებას უსასრულო ცუკოიომიზე. მე მსურს შევქმნა სამყარო, სადაც გმირებს არ მოუწევთ საფლავების წინ საცოდავური ბოდიშების მოხდა.“
ძიუცუ
დემონური ქანდაკების ჯაჭვები
მიწის გამოშვება: თხუნელას მსგავსად დამალვის ტექნიკა
ფეთქებადი ნაღმები
ცეცხლის გამოშვება: აფეთქების ტალღის ველური ცეკვა
ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა
გენძიუცუ : შარინგანი
ადამიანის გზა
იზანაგი
კამუი
გარეთა გზა
ექვსი გზის ტექნიკა
პეინის ექვსი გზა
სულის ამოცლა
გამოძახების ტექნიკა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება, კურამა)
კუდიანი ურჩხულის ამოცლის ტექნიკა
ტელესკოპის ტექნიკა
ცუკუიომი
უჩიჰას ცეცხლის საბრძოლო ბანაკი
ჩაარტყი თხუნელას ტექნიკა
ხის გამოშვება: დაკალმების ტექნიკა
იარაღები
ჩაკრას მიმღები
გიგანტური შურიკენი
გუნბაი
კუსარი
ხმალი