ანიმე ნარუტო – ძიუცუ
ძიუცუ (術, ქართ. “ტექნიკა, ხელობა”) იმ ტექნიკებს ეწოდება, რასაც შინობი ბრძოლის დროს იყენებს. ყოველი ძიუცუს შესრულება განსაზღვრული ოდენობის ჩაკრას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ფიზიკური და სულიერი ენერგიის ერთიანობას წარმოადგენს. ძიუცუთა უმეტესობა ხელის ნიშნების გარკვეული კომბინაციის შესრულებას მოითხოვს.
არსებობს ძიუცუს სამი ძირითადი სახეობა: ნინძიუცუ, გენძიუცუ და ტაიძიუცუ. მათ ქვეკატეგორიებს შეადგენენ: ფუინძიუცუ, ჯუინძიუცუ და სენძიუცუ.
ყველა ტექნიკის შესრულება ჩაკრას კონტროლის სათანადოდ ცოდნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძიუცუ სუსტი და არამდგრადი გამოვა, ჩაკრა კი უმიზნოდ დაიხარჯება. ხელის ნიშნების გამოყენება ჩაკრას მართვას აიოლებს. ყველა ტექნიკის შესრულება ხელის ნიშნების განსხვავებულ კომბინაციას მოითხოვს, თუმცა არსებობენ ისეთი შინობებიც, რომლებმაც წლების მანძილზე ვარჯიშისა და დაგროვილი გამოცდილების წყალობით ამა თუ იმ ძიუცუს გამოყენება მათ გარეშეც ისწავლეს.
რანგირება
სირთულის დონის მიხედვით განასხვავებენ ექვსი რანგის ძიუცუს:
E-რანგი – აქ ერთიანდებიან ყველაზე უფრო ელემენტარული ტექნიკები, რასაც ნინძათა აკადემიაში ასწავლიან.
D-რანგი – გენინის დონის ტექნიკებია. თითქმის ყველა გენინი საკუთარი ჩაკრას ბუნების შესატყვის ასეთ ტექნიკას იყენებს.
C-რანგი – ჩუნინის დონის ძიუცუს კატეგორიაა. ინტენსიური ვარჯიშის წყალობით მისი ათვისება შეიძლება გენინმაც შეძლოს.
B-რანგი – ჯონინის დონის ტექნიკებია. მათი შესრულება ჩაკრას დიდ რაოდენობას მოითხოვს.
A-რანგი – კაგეს, ან ჯონინის დონის ტექნიკებს აერთიანებს. ისინი ჩაკრას ზუსტ კონტროლს საჭიროებენ. მათი ნაწილი შესაძლოა აკრძალულიც კი იყოს.
S-რანგი – იშვიათი და უკიდურესად ძლიერი ტექნიკების კატეგორიაა. უმეტესობა მათგანი კეკკეი გენკაის წარმოადგენს.
ძიუცუს ძირითადი ტიპები
ნინძიუცუ (忍術, “ნინძას ტექნიკა”) – სერიებში ძიუცუს ყველაზე უფრო გამოყენებადი სახეობაა. გენძიუცუსგან განსხვავებით, რასაც მოწინააღმდეგე ილუზიების სამყაროში გადაჰყავს, ნინძიუცუს ეფექტები რეალურია.
გენძიუცუ (幻術, “ილუზიური ტექნიკა”) – ეწოდება ისეთ ძიუცუს, რომლის მოქმედება ილუზიური, არარეალურია. ნინძიუცისგან განსხვავებით, რაც ზიანს უშუალოდ მოწინააღმდეგის სხეულს აყენებს, გენძიუცუ ამ უკანასკნელის ტვინში ჩაკრას მოძრაობაზე ზემოქმედებს, რისი მეშვეობითაც მისი შეგრძნებები მწყობრიდან გამოჰყავს.
ტაიძიუცუ (体術, “სხეულის ტექნიკა”) – იგივე ბრძოლის ხელოვნებაა, ამიტომ, როგორც წესი, იგი ჩაკრასა და ხელის ნიშნების გამოყენებას არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, იგი ნინძიუცუსა და გენძიუცუზე უფრო ადვილი შესასრულებელია.
სხვა ტიპები
ფუინძიუცუ (封印術, “ჩაბეჭდვის ტექნიკა”) ისეთ ძიუცუს ეწოდება, რომლითაც ერთ ობიექტში სხვა ობიექტის, ცოცხალი არსების, ჩაკრასა თუ სხვადასხვაგვარი საგნების ჩაბეჭდვაა შესაძლებელი. მისი მეშვეობითვე ხდება ბეჭდის მოხსნა.
ჯუინძიუცუ (呪印術, “დაწყევლილი ჩაბეჭდვის ტექნიკა”) ისეთი ტექნიკაა, რომლის გამოყენებით სხვა ადამიანის მართვაა შესაძლებელი. მსხვერპლის სხეულზე დაწყევლილი ბეჭდის დასმის შემთხვევაში, ტექნიკის გამომყენებელი მის შესაძლებლობებსა და მოქმედებებზე კონტროლს მოიპოვებს, ურჩობისას კი მისთვის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენებაც შეუძლია.
სენძიუცუ (仙術, “სენნინის ტექნიკები”) გარემომცველი ბუნების ენერგიის შთანთქმას გულისხმობს, რაც შინობის ფიზიკურ და სულიერ ენერგიასთან გაერთიანების შედეგად სენძიუცუს ჩაკრას წარმოქმნის. მისი მეშვეობით სენნინის რეჟიმში გადასვლაა შესაძლებელი, როდესაც შინობის ყველა ნინძიუცუ, გენძიუცუ და ტაიძიუცუ გაძლიერებულია. აღსანიშნავია, რომ ოროჩიმარუს ზეცის დაწყევლილი ბეჭდის მოქმედება სწორედ სენძიუცუს ჩაკრაზეა დაფუძნებული.
კეკკეი გენკაი და კეკკეი ტოტა
კეკკეი გენკაი ძიუცუს ტიპს არ წარმოადგენს. როგორც წესი, ესაა ამა თუ იმ კლანისათვის გენეტიკურად დამახასიათებელი უნიკალური ტექნიკა, თუმცა შესაძლოა მას ერთადერთი ადამიანი ფლობდეს. ამ უკანასკნელის მაგალითია ჰაშირამა სენჯუს ხის გამოშვება. შიკამარუ ნარას განმარტებით , კეკკეი გენკაის წყაროს ორი განსხვავებული ელემენტის ურთიერთმოქმედების შედეგად წარმოქმნილი ჩაკრა წარმოადგენს. მისივე თქმით, მასზე ძლიერია კეკკეი ტოტა, რომლის გამოსაყენებლად სამი ელემენტია საჭირო. ონოკის გარდა, ერთადერთი ცნობილი შინობი, რომელიც ამნაირ ძიუცუს ფლობდა, მეორე ცუჩიკაგე – მუ იყო.
დოძიუცუ
დოძიუცუ (瞳術, „თვალის ტექნიკა“) – ისეთ შესაძლებლობებს ჰქვია, რომელთა გამოყენება თვალების მეშვეობით ხდება. დოძიუცუ ძიუცუს ტიპებს არ განეკუთვნება, იგი კეკკეი გენკაის წარმოადგენს[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები. აღსანიშნავია, რომ ტერმინ „დოძიუცუში“ მოიაზრება როგორც თვალები, ისევე მათი მეშვეობით შესრულებული ტექნიკები. მისი მფლობელები იმგვარ რაღაცებს ხედავენ, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ აღიქვამს – იქნება ეს ჩაკრას უხილავი ბარიერები, თუ ექვსი გზის განდეგილის ფირფიტაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტი. აღსანიშნავი ისიცაა, რომ დოძიუცუს უნიკალური ტექნიკები თავიდან ბოლომდე თვალებთანაა დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი თვალის/ების გადანერგვის შედეგად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გამოყენება. ბიაკუგანი, შარინგანი და რინნეგანი სამ დიდებულ დოძიუცუს შეადგენენ. მათ შორის რინნეგანი უძლიერესია.