ჯირაია (自来也, ჯირაია) კონოჰაგაკურეს ერთ-ერთი სანნინი იყო. მთელი ცხოვრება იგი აღთქმულ მოსწავლეს დაეძებდა, რომელმაც, წინასწარმეტყველების თანახმად, მსოფლიო უნდა შეცვალოს. ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად ჯირაია მესამე ჰოკაგეს მოსწავლე იყო. იგი ამეს ობლების, მეოთხე ჰოკაგესა და ნარუტო უზუმაკის ყოფილი სენსეია, გარდა ამისა, იგი ნარუტოს ნათლიაცაა. ჯირაიას მიერაა დაწერილი ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე და პოპულარული პორნოგრაფიული ნაწარმოები იჩა იჩა.
წარსული
ჰირუზენის გუნდი ნინძების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ცუნადესა და ოროჩიმარუსთან ერთად, ჯირაია ჰირუზენ სარუტობის გუნდში გაანაწილეს. მისი დაუდევარი და გულუბრყვილო ხასიათის გამო ჯირაია თითქმის ყველა შეჯიბრებასა თუ ვარჯიშს მარცხით ასრულებდა ხოლმე. საქმის მიმართ მისი არასერიოზული დამოკიდებულება ხშირად აშფოთებდა კონოჰას მესამე ჰოკაგეს, ამიტომ ერთ დღეს ზარმაც მოწაფეს მან გამოძახების ტექნიკა უჩვენა. როგორც იგი ვარაუდობდა, ჯირაია გააოცა და აღაფრთოვანა მაიმუნი მეფე: ენმას გამოჩენამ. მან მიიჩნია, რომ ასეთი ორიგინალური ტექნიკით იგი ცუნადეს პატივისცემასა და სიყვარულს დაიმსახურებდა, ამიტომ უყოყმანოდ გაითვალისწინა სენსეის სიტყვები და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო, რათა უკეთ დაუფლებოდა ჩაბეჭდვის ტექნიკებსა და ჩაკრას კონტროლს. ჯირაიას ვარჯიში მალევე მობეზრდა და, ჰირუზენის წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოძახების ტექნიკა ალალ ბედზე გამოიყენა, შედეგად კი მიობოკუს მთაზე აღმოჩნდა, სადაც, როგორც ეს მოგვიანებით შეიტყო, მის გამოჩენას ელოდნენ. ფუკასაკუმ იგი დიად ბრძენ გომბეშოს წარუდგინა, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში ჯირაია აუცილებლად გაიჩენდა მოწაფეს, რომელიც რევოლუციურ ცვლილებებს მოუტანდა მსოფლიოს – გახდებოდა მისი განადგურების მიზეზი, ან პირიქით, იხსნიდა მას ომებისა და ქაოსისაგან.
იმ დღიდან ჯირაია მიობოკუს მთის ხშირი სტუმარი გახდა. აქ მან ბევრი ახალი ტექნიკა შეისწავლა და დიდი გამოცდილება მიიღო. აქვე დაეუფლა სენნინის რეჟიმს. პარალელურად ჯირაია კონოჰაგაკურეში, ჰირუზენის გუნდში ვარჯიშობდა, რამაც ერთიორად გაზარდა მისი მიღწევები.
გავიდა დრო და ჯირაიამ ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის მოძებნა გადაწყვიტა. მან მშობლიური სოფელი დატოვა და უცხო მიწებზე სამოგზაუროდ გაემართა. ხუთ დიდებულ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. სამოქალაქო ომების გამო ქაოსი და აგრესია მწვავდებოდა, რასაც ხალხისთვის მხოლოდ ტკივილი და გაჭირვება მოჰქონდა. ჯირაიას არ ასვენებდა კითხვა, თუ როგორ შეიძლება ომიანობისთვის ბოლოს მოღება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. პასუხის ძიებაში იგი უამრავ ადამიანს შეხვდა, თუმცა მათგან მხოლოდ უიმედობასა და მომავლისადმი ურწმუნოებას იღებდა. მისდა საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ ბიჭს შეხვდა, რომლის სიტყვებმა მას მისი პირველი წიგნის სიუჟეტი შთააგონა. ამ წიგნის წაკითხვამ მინატო ნამიკაზე იმდენად აღაფრთოვანა, რომ მან თავის შვილს მთავარი გმირის სახელი – ნარუტო დაარქვა.
ქვეყნებს შორის მუდმივმა უთანხმოებამ შინობთა სამყარო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. ჯირაია იძულებული გახდა მოგზაურობა შეეწყვიტა და კონოჰაში დაბრუნებულიყო. როცა ცუნადეს ძმა და სატრფო დაიღუპნენ, ჯირაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მსოფლიოს ტკივილისა და მწუხარებისგან ხსნა. მოგვიანებით, ომში ჰირუზენის გუნდიც ჩაება. ისინი ამეგაკურეს ლიდერ ჰანზოს დაუპირისპირდნენ. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ მტრის უპირატესობა აშკარა იყო კონოჰელები დანებებას მაინც არ აირებდნენ. მათმა სიძლიერემ, შესაძლებლობებმა და ხასიათის სიმტკიცემ ჰანზო გააოცა. მისი თქმით, ომი მაინც კონოჰელების გამარჯვებით დასრულდებოდა, ამიტომ მათთან ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მან ცუნადე, ოროჩიმარუ და ჯირაია კონოჰას ლეგენდარულ შინობებად აღიარა და მათ კონოჰას სანნინი (“სამი ნინძა”) უწოდა. მოგვიანებით ჰირუზენის ყოფილი მოწაფეები მსოფლიომაც ამ სახელით გაიცნო.
ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ სამეული კონოჰაგაკურესკენ გაემართა. გზად ისინი სამ ობოლ ბავშვს შეხვდნენ, რომლებიც წარმოშობით ამეგაკურედან იყვნენ. მათი მშობლები მტრის თავდასმის შედეგად დაიღუპნენ. ბავშვებისთვის ზედმეტი ტანჯვის თავიდან ასარიდებლად ოროჩიმარუმ თანაგუნდელებს მათ დახოცვა შესთავაზა. ჯირაიამ შეაჩერა მეგობარი და ობლების ბედით შეწუხებულმა მათთად დარჩენა და დახმარება გადაწყვიტა. ამ ობოლთაგან ორი – იაჰიკო და კონანი ჯირაიას მალევე მიეჩვვნენ, ნაგატოს კი მისი ნდობა გაუჭირდა, რადგან მისი მშობლები კონოჰას შინობებმა დახოცესს. ერთ დღეს სამეულს იუაგაკურეს შინობი დაესხა თავს. იაჰიკოს გადასარჩენად ნაგატომ თავისდაუნებურად რინნეგანი გამოიყენა, რაც მოწინააღმდეგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისული ჯირაია ნაგატოს განსაკუთრებულ თვალებს პირველად შენიშნავს, რაც მას აფიქრებინებს, რომ სწორედ ის არის ნაწინასწარმეტყველევი ბავშვი, რომელმაც მსოფლიოს რადიკალური ცვლილებები უნდა მოუტანოს.
ნაგატო და ჯირაია ნაგატო ბუნებით გულუბრყვილო და კეთილშობილი ბავშვი იყო, ამიტომ მან მომხდარი მეტად მტკივნეულად განიცადა. იგი თავს ვერ პატიობდა, რომ მისი ბრალით ადამიანი დაიღუპა. მძიმე წუთებში იგი ჯირაიამ გაამხნევა. მან ნაგატოს შეახსენა, რომ იგი მეგობარს იცავდა, ამიტომ მის განკითხვას ვერავინ შეძლებდა. ჯირაიამ მას უთხრა, რომ „როდესაც ადამიანები ტკივილს განიცდიან, ისინი სიძულვილს სწავლობენ. როდესაც ადამიანები სხვებს აყენებენ ტკივილს, ისინი მათ სიძულვილს იმსახურებენ და დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, მაგრამ ასევე იციან, რომ ეს ტკივილი ადამიანებს გაკეთილშობილებასა და გაზრდაში დაეხმარება.“ იმ წუთიდან ცხოვრების მთავარ მიზნად ნაგატომ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაცვა დაისახა, ჯირაია კი ოჯახის წევრად მიიღო.
ობლებთან გატარებული სამი წლის შემდეგ ჯირაია მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და სანნინი კვლავ ომში ჩაება. ჯირაიას არ შეუწყვეტია ყოფილ მოწაფეებზე ფიქრი. იგი იმედოვნებდა, რომ ისინი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებდნენ, როგორც ამას იაჰიკო გეგმავდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის დაღუპვით შეწუხებულმა ჯირაიამ ემოციები ვერ დამალა, თუმცა დიდი ტკივილისა და იმედგაცრუების მიუხედავად მან უკეთესი მომავლის რწმენა არ დაკარგა და ნაწინასწარმეტყველევი მოწაფის ძებნა განაგრძო.
ჯირაიას გუნდი მეორე მსოფლიო ომისა და კონოჰაგაკურეში გატარებული რამდენიმე მშვიდობიანი წლის შემდეგ ჯირაიამ კიდევ ერთი განსაკუთრებული მოსწავლე შეიძინა. მინატო ნამიკაზე ყოველ მხრივ გამორჩეული ნინძა აღმოჩნდა, ამიტომაც ერთმანეთსაც ადვილად დაუახლოვდნენ.ჯირაიას პირველი ნოველის “ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე” პირველი შემფასებელიც მინატო გახდა. მისი თქმით, მთავარი გმირი ძალიან ჰგავდა წიგნის ავტორს და მეუღლის, კუშინა უზუმაკის თანხმობით მან შვილისთვის ნარუტოს დარქმევა გადაწყვიტა. ჯირაიამ სიცილით მოიგონა, რომ ამ პერსონაჟის სახელი მან რამენის ჭამის დროს მოიფიქრა და მომავალ მშობლებს კარგად დაფიქრება ურჩია, თუმცა მათი გადარწმუნება ვერ შეძლო. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში იგი მინატოს შვილის ნათლია გამოდიოდა, რაზეც ცოლ-ქმარი ხალისიანად დაეთანხმა.
მალე შინობთა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც დიდხანს გასტანა. კონოჰას გამარჯვება მინატო ნამიკაზემ მოუტანა, რის გამოც იგი გმირად შერაცხეს.
ომის დასრულების შემდეგ ოროჩიმარუ სოფლიდან წავიდა და ბოროტმოქმედთა გუნდ აკაცუკის შეუერთდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯირაიამ მისი კონოჰაში დაბრუნება ვერ შეძლო. გავიდა ხანი და მშობლიური სოფელი ჯირაიამაც დატოვა. იგი სამოგზაუროდ გაემართა, უარი თქვა რა ჰირუზენის თხოვნაზე უმეთაუროდ დარჩენილი კონოჰაგაკურეს ჰოკაგე გამხდარიყო.
მას შემდეგ, რაც აკაცუკიმ კუდიან ურჩხულებზე ნადირობა დაიწყო, ჯირაიას მისი ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალა. ამეგაკურეში შეპარვის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ აკაცუკის ლიდერი და ადგილობრივთა მიერ “ღმერთად” მიჩნეული პეინი სინამდვილეში ნაგატო ყოფილა, მისი “ანგელოზი” და თანაგუნდელი კი – კონანი. ჯირაია პეინს შეებრძოლა და მისი სამი გზა გაანადგურა კიდეც. გარდა ამისა, მან კონოჰაგაკურეში ერთ-ერთი გზის ცხედარი და პეინის შესახებ დაშიფრული ინფორმაცია გადაგზავნა, რაც, მოგვიანებით, სოფელს მის დამარცხებაში დაეხმარა.
პეინის ექვს გზასთან ბრძოლა ჯირაიას სიკვდილით დასრულდა. იგი მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ნინძა ფასდება არა მარტო გამარჯვებისკენ მისი მისწრაფებითა და იდეებით, არამედ მისი მიღწევებითაც. იხსენებდა რა თავის წარსულს, ჯირაია ყოველთვის მარცხს ხედავდა – მან ვერ შეძლო საუკეთესო მეგობრის სოფელში დაბრუნება, ვერ მოიპოვა ცუნადეს სიყვარული, ვერ დაიცვა სიკვდილისაგან ვერც თავისი მოსწავლეები, ვერც მასწავლებელი, დამარცხდა პეინთანაც. რადგან მისი ცხოვრება სავსე იყო იმედგაცრუებებითა და წარუმატებლობებით, ჯირაიას სურდა, მისი სიკვდილი მაინც ყოფილიყო გმირული და სამაგალითო.
სიცოცხლის ბოლო წუთებში ჯირაია მიხვდა, რომ ის განსაკუთრებული მოსწავლე, რომელსაც მთელი ცხოვრება დაეძებდა და რომელიც, წინასწარმეტყველების თანახმად, აუცილებლად უნდა გაეჩინა, ნარუტო უზუმაკი ყოფილა, ამიტომ თავისი ცხოვრების უმთავრესი მისია მან შესრულებულად ჩათვალა და კმაყოფილების ღიმილი სახიდან სიკვდილამდე არ მოშორებია.
ჰირუზენის გუნდში ყოფნისას პატარა ჯირაია მუდამ ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა გულუბრყვილო და დაუდევარი ბუნების გამო შეჯიბრებებში ყოველთვის მარცხდებოდა. მან მიზნად დაისახა თანაგუნდელი ცუნადეს გულის მოგება და ვარჯიშს სრული სერიოზულობით შეუდგა. მოგვიანებით მისი ამბიციების არეალი გაფართოვდა და მან ყველა ლამაზი გოგოს გულის დაპყრობა განიზრახა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ცუნადეს გული ვერ მოიგო. მეტიც, იგი გამუდმებით მისი განრისხების მიზეზი ხდებოდა. რამდენჯერმე შიშველი ცუნადეს დასანახავად ჩასაფრებული ჯირაია “დაკვირვების ობიექტმა” სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა, მაგრამ “სოფლის სიგიჟეს“ ვერანაირი საფრთხე ვერ აბრკოლებდა.იგი თავს სუპერ-გარყვნილს უწოდებდა. მალე გამოიგონა შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რისი წყალობითაც იგი აბანოებში გოგოებს უთვალთვალებდა, ამ პროცესს კი “კვლევის წარმოებას“ უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი „დონ ჟუანობით“ ამაყობდა კიდეც, ჯირაიას მაინც არ მოსწონდა მეტსახელი “გარყვნილი განდეგილი“, თუმცა ნარუტო მაინც ყოველთვის ასე მიმართავდა. ჯირაიას ხშირად ავიწყდებოდა ნარუტოს ვარჯიშებზე ზედამხედველობა, თუმცა სექსუალური ტექნიკის გამოყენებით ნარუტო ადვილად ახერხებდა ზარმაცი სენსეის დაყოლიებას.
მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისკენ მიდრეკილების მიუხედავად ჯირაიას წრფელი გულით უყვარდა ცუნადე, რომლის გულის მოგება, როგორც ამას თავადაც აღნიშნავდა ვერაფრით შეძლო.
კონოჰას დატოვების მიუხედავად ჯირაიას თავის სოფელთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. მშობლიურ სოფელს იგი ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდა და უკვე მეორედ უარყო შეთავაზება გამხდარიყო ჰოკაგე. იგი ძალიან განიცდიდა მასწავლებლის დაღუპვის ფაქტს, განსაკუთრებით კი იმას, რომ მისი დახმარება ვერ შეძლო. მას მიაჩნდა, რომ ისეთი ზარმაცი და თავისუფლებას მიჩვეული კაცი, როგორიც თვითონ იყო, არ იმსახურებდა ამ ტიტულს, ამიტომ კონოჰას მრჩევლებს ჰოკაგედ ერთ-ერთი სანნინის – ცუნადე კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც თვითონვე იპოვიდა და სოფელში დააბრუნებდა.
ჯირაიას საუბრის მანერა მის იუმორის გრძნობაზე მიანიშნებს. იგი ხშირად იქცეოდა დაუდევრად, თუმცა როცა საქმე კონოჰას მომავალს ეხებოდა, იგი დიდ სიმკაცრესა და სერიოზულობას იჩენდა. ჯირაიას ადვილად შეეძლო თვალთმაქცობა. ამ უნარს იგი ყველაზე ხშირად მოუსვენარი ნარუტოსაგან თავის დასაღწევად იყენებდა.
ჯირაიას ცუნადეს პოვნა არ გასჭირვებია, რადგან იგი კარგად იცნობდა თანაგუნდელს. დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ბევრი ისაუბრეს. დაკვირვებულ ჯირაიას არ გამორჩენია ცუნადეს შეშფოთება, რის დამალვასაც იგი ამაოდ ცდილობდა. ჯირაიამ იეჭვა, რომ იგი ოროჩიმარუს განკურნებას აპირებდა, რაც კონოჰას საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ მას მოკვლითაც კი დაემუქრა, თუკი მისი ნებისმიერი ქმედება სოფელს დააზარალებდა. საბედნიეროდ მისი ეჭვები არ გამართლდა. ცუნადე მეხუთე ჰოკაგე გახდა, ჯირაია კი მას აკაცუკისა და კონოჰას სხვა მტრებზე აწვდიდა ინფორმაციას.
ჯირაია ბევრს მოგზაურობდა. იგი წერდა ნოველებს, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იუმორით იყო აღწერილი. კრებული იჩა იჩა შინობთა სამყაროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაც კარგად ჩანს ერთ-ერთ სერიაში, სადაც ნარუტო ჯირაიას მაგივრად დაწერს მოთხრობას, რომელიც შემთხვევით დაიმიოს ხელში აღმოჩნდება, იგი კი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იჩა იჩას წაკითხვის შემდეგ აღტაცებასა და სიხარულს ვერ მალავს. აქედან ორნაირი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი: ან ნარუტოს აქვს წიგნების წერის ნიჭი, ან ჯირაიას წერის მანერა ბავშვის ხელწერისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
საიდუმლო მისიების წარმოების გამო ნარუტოს გასაწვრთნელად ჯირაიას ცოტა დრო რჩებოდა, თავისუფალი დროის გატარება კი “კვლევა-ძიებაში” ერჩივნა, ამიტომ ხშირად ასულელებდა ნარუტოს და მის ფულს საკეს სმასა და დროსტარებაში ხარჯავდა. თავისდა სამწუხაროდ ნარუტო გვიან მიხვდა სენსეის ხრიკებს.
ჯირაიას მთელი არსებით სწამდა, რომ ადრე თუ გვიან შინობთა სამყაროში მშვიდობა დაისადგურებდა და სიძულვილსა და უნდობლობას ბოლო მოეღებოდა. მას მიაჩნდა, რომ თავისი ცხოვრებით მაგალითი უნდა მიეცა მომავალი თაობისთვის და ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში უნდა დახმარებოდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
გარეგნობა
ჯირაიას გარეგნობა ჯირაიას გრძელი, თეთრი თმა ჰქონდა, რაც მას წელამდე სწვდებოდა. შუბლზე მას რქებიანი შუბლსაკრავი ეკეთა, რაზეც, მიობოკუს მთის საპატივცემულოდ „ზეთის“ (油, აბურა) სიმბოლო იყო გამოსახული. მისი შავი თვალებიდან ლოყებზე თითო წითელი სიგრძივი ზოლი ეშვებოდა. ცხვირთან ახლოს, მარჯვენა მხარეს მას ადვილად შესამჩნევი მეჭეჭი ჰქონდა.
ჯირაია მწვანე, მოკლე კიმონოსა და სწორ შარვალს ატარებდა. ტანსაცმლის შიგნით მას ბადე ეცვა, რაც მაჯებთან და შარვლის ბოლოებიდან მოუჩანდა. მას ხის სანდლები ეცვა, ხელზე კი შავი ფერის დამცავი ქამრები ეკეთა. კიმონოზე წითელი ჰაორი ჰქონდა მოსხმული, რაზეც ორივე მხარეს ორი ყვითელი წრე იყო გამოსახული. ზურგზე ჯირაიას დიდი ზომის გრაგნილი ეკეთა, მარცხენა ხელის გულზე კი მას ტატუ ჰქონდა.
ბავშვობაში ჯირაია ღია ნაცრისფერ ტანსაცმელს ატარებდა, რომელიც ცეცლის ალებით იყო გაფორმებული, მისი კიმონოს ბოლოებს კი ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული მწვანე ზოლი დაჰყვებოდა და მოყვითალო ზონარით იკვრებოდა. თვალებიდან დაშვებული წითელი ხაზები შედარებით მოკლე იყო. მათი სიგრძე მისი ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა.
მოგზაურობისას ჯირაია სტანდარტულ ტანსაცმელს ატარებდა, რასაც კიდეებზე წითელი ზოლი დაჰყვებოდა. ჰანზოსთან ბრძოლაში მას ნაცრისფერი პერანგი, მეტალის ჯავშანი, სტანდარტული შარვალი და სანდლები ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ჯირაიამ ამეგაკურეს ობლებთან ცხოვრებისას გამოიგონა მწვანე ფერის სპეციალური ტანსაცმელი,რომელიც თავის მოწაფეებსაც ჩააცვა. მისი ვარაუდით, ტანსაცმელი მათ ფორმითა და მოყვანილობით გომბეშოს ამსგავსებდა, რაც დაეხმარებოდათ შესანიღბავად.
შესაძლებლობები
ჯირაია ერთ-ერთი სანნინი და, შესაბამისად, მეტად ძლიერი შინობი იყო, ამიტომ ჰირუზენის სიკვდილის შემდეგ ჰოკაგედ მისი დანიშნვა გადაწყვიტეს. ჯირაიას თქმით, თავის სიცოცხლეში იგი ორჯერ იყო სიკვდილის პირას: პირველად მაშინ, როცა „კვლევის წარმოებას“ ცუნადეზე შეუდგა, მეორედ 9-კუდა დემონი მელას ბეჭდის განზრახ დასუსტების გამო, როცა ნარუტომ 4-კუდას ფორმა მიიღო და თავისდაუნებურად ზიანი მიაყენა ჯირაიას, რომელიც ცდილობდა ბეჭდის მწყობრში მოყვანას
ჯირაიას ძლიერება კაგეს დონისა იყო. იტაჩი და კისამე აღნიშნავენ, რომ მის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების შემთხვევაშიც კი მოგების შანსი მცირე ექნებათ, მის დასუსტებას კი მხოლოდ სიცოცხლის ფასად თუ შეძლებენ. მინატო ნამიკაზე ჯირაიას შესაძლებლობებით, მისი საბრძოლო ტაქტიკითა და აზროვნებით აღფრთოვანებული იყო. ნაგატოს თქმით, მას ჯირაიას დამარცხება გაუჭირდებოდა, რომ არ სცოდნოდა მისი სისუსტეები.
ტაიძიუცუ
მიუხედავად იმისა, რომ ჯირაია თითქმის არ იყენებდა ტაიძიუცუს, იგი მაინც კარგად ფლობდა ბრძოლის ამ ხელოვნებას, რაც პეინთან ბრძოლისას არაერთხელ დადასტურდა: გიგანტური მრავალთავიანი ძაღლის მოგერიება მან მხოლოდ ფეხების გამოყენებით შეძლო.
ჯერ კიდევ ბავშვობაში, მიობოკუს მთაზე ჯირაია გამაბუნტას და გიგანტური გველის დაპირისპირებას შეესწრო. იგი გველის კუდს სწვდა, იგი ჰაერში დაატრიალა და შორს გადაისროლა.
სენნინის რეჟიმი კიდევ უფრო ზრდიდა ჯირაიას შესაძლებლობების არეალს, რაც კარგად ჩანს ადამიანის გზასთან ბრძოლაში, რომელიც ჯირაიამ მუშტის დარტყმით გამოიყვანა მწობრიდან და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო. ამ დროს ძლიერ იზრდებოდა მისი სისწრაფეც. მაგალითად, სიმაღლიდან ვარდნისას მან მიწას ბევრად უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე მისმა ხის სანდლებმა, რომლებიც ძირს მან გადახტომამდე ბევრად ადრე გადმოყარა.
ნინძიუცუ
ნემსების ჯიზო ყველაზე ხშირად ჯირაია ნინძიუცუს იყენებდა. მას თმის გაზრდა და მისი თავდაცვისა თუ შეტევის მიზნით გამოყენება შეეძლო. ჯირაიამ რასენგანი მინატოსგან ისწავლა. მან ეს ტექნიკა დახვეწა და ზომაში გაზარდა. ჯირაია მუდამ ცდილობდა ტექნიკების სრულყოფას. რამდენიმე ტექნიკა მან თავადვე გამოიგონა, მათ შორის შეუმჩნევლად გაპარვის ტექნიკა, რომელსაც ქალებზე თვალთვალისა და ჯაშუშობის მიზნით საკმაოდ ხშირად იყენებდა. ბარიერი: გუმბათის მეთოდის ფორმირება მას ფართო რადიუსში მოწინააღმდეგის კოორდინატების დადგენის საშუალებას აძლევდა, ბარიერი: გომბეშოს აყიროს ციხის გამოყენებით კი მას მტერის გომბეშოს მუცელში გამომწყვდევა შეეძლო, სადაც კუჭის მჟავისგან წარმოქმნილი ტბა მდებარეობდა.
ჯირაია მიწის გამოშვების ტექნიკასაც იყენებდა. მიწის გამოშვება: ქვესკნელის ჭაობის მეშვეობით მას ღრმა ჭაობის გაჩენა შეეძლო. ცეცხლის გამოშვებას ჯირაია ცეცხლოვანი ბურთების წარმოსაქმნელად იყენებდა ხოლმე.
ჩაკრას ელემენტების შესახებ ჯირაია ღრმა თეორიულ ცოდნას ფლობდა, ამიტომ მან იაჰიკოსა და ნაგატოს ჩაკრას მართვა იოლად ასწავლა.
გენძიუცუს შესრულება ჯირაიას დამოუკიდებლად არ შეეძლო. ამას იგი შიმასა და ფუკასაკუს დახმარებით ახერხებდა.
გომბეშოს ტექნიკები
გომბეშოს სიბრტყე- ჩრდილის მართვის ტექნიკა ჯირაია “ბრძენი გომბეშოს” სახელითაცაა ცნობილი. მას გომბეშოების გამოძახება შეეძლო. დროთა განმავლობაში იგი იმდენად გაძლიერდა, რომ გამაბუნტას გამოძახებაც კი შეძლო. უზარმაზარი, ცეცხლმფრქვევი გომბეშოს ხახაში იგი მტერს ატყვევებდა ხოლმე. გარდა ამისა, იქაურობას იგი სურვილისამებრ მართავდა. ჯირაიას პირიდან წებოვანი ზეთის გატყორცნაც შეეძლო.
ჯაშუშობისას ჯირაია გომბეშოს სიბრტყე- ჩრდილის მართვის ტექნიკას იყენებდა ხოლმე, რისი მეშვეობითაც მას სხვა შინობის ჩრდილად გარდაქმნა შეეძლო. იგი გომბეშოდ გარდასახვის ტექნიკასაც ფლობდა, რისი საშუალებითაც იგი პატარა ბაყაყში იმალებოდა, რაც მას ჩაკეტილ სივრცეებში შეპარვის შესაძლებლობას აძლევდა. კაკაშის თქმით, ჯირაია მტრის გაშიფვრაში, ჯაშუშობასა და მტერზე საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში შეუდარებელი იყო.
ფუინძიუცუ
ჯირაია კარგად ფლობდა ჩაბეჭდვის ტექნიკებს. მან უმალვე ამოიცნო ხუთი ელემენტის ბეჭედი, რაც ნარუტოს ოროჩიმარუმ დაასვა და რაც მისი ჩაკრას დინებას აფერხებდა. ხუთი ელემენტის ბეჭდის მოხსნის წყალობით ჯირაიამ ნარუტოს ადვილად მოაშორა იგი.
მოგვიანებით, კურამას ჩაკრას დასათრგუნავად ჯირაიამ ჩაკრას დამთრგუნველი ბეჭედი გამოიგონა. იტაჩისთან შეხვედრის შემდეგ, ცეცხლის ჩაბეჭდვის მეთოდით მან ამატერასუს ალი გრაგნილში ჩაბეჭდა.
სენძიუცუ
ჯირაია სენნინის რეჟიმში, შიმასთან და ფუკასაკუსთან ერთად ნარუტოს მსგავსად, ჯირაიაც ბუნებრივად ფლობდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობისა და სიძლიერის მქონე ჩაკრას, რას მას სენნინის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა. ამ მიზნით იგი შიმასა და ფუკასაკუს იძახებდა, რომლებიც მის მხრებზე თავსდებოდნენ და მას თავიანთი ტექნიკებით ეხმარებოდნენ ხოლმე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია უკიდურესად ძლიერი ნინძიუცუ სენნინის ხელოვნება: გოემონი.
სენნინის რეჟიმი ჯირაიას ძალას მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც მას თავისი ტექნიკების გაძლიერებული ვერსიების გამოყენების საშუალებას აძლევდა. ამის კარგი მაგალითია უზარმაზარი ბურთი რასენგანი. მიუხედავად ამისა, ჯირაიას სენნინის რეჟიმის გამოყენება არ უყვარდა, რადგან თვლიდა, რომ იგი მას საშინელ შესახედაობას აძლევდა. სწორედ ამიტომ ჯირაია ამ ტექნიკას სრულყოფილად ვერ ფლობდა.
მეგზური | ნინძიუცუ | ტაიძიუცუ | გენძიუცუ | ინტელექტი | ძლიერება | სისწრაფე | ჩაკრას მარაგი | ხელის ნიშნები | ჯამი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მესამე | 5 | 4.5 | 3 | 4.5 | 4.5 | 4.5 | 5 | 4.5 | 35.5 |