პოეზია

ილია ჭავჭავაძე – განდეგილი (პოემა)

ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას

I

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, –
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე
და ზედ კარია გამოკვეთილი,
ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.
ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, –
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

II
აქა ყოფილა უწინ კრებული
ღვთისთვის ქვეყნიდამ განდგომილ ძმათა
და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე
ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.
აქა გამდგარან, განშორებიან
ამ წუთისოფელს სამაცდუროსა,
აქ ჰღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა.
განსულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა…
იმათის ღვაწლით იმ ტაძრის მადლი
მთიულთა შორის ყველგან განთქმულა.
და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.
თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილს ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექა-ქუხილით მოევლინება.

III

ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია;
საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა,
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი,
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

IV

განდეგილა და ამ ყინულებში
სულ მარტოდმარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდამ ყველა –
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.
დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია,
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი,
ცრემლით ურეცხავს, უსოლებია.
დღედაღამ სულთქმა და ღაღადება
მოჰფენია კლდეს ყინულისასა,
და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,
ვითა ღელესა მას გლოვისასა.
განყენებული წუთისოფლისგან
აქ სული მისი აღყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა
დამარხულა და განსვენებულა.

V

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათშიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.

VI

წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი
და მუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა…
და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

VII

ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.
მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,
წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქმნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.

VIII

დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.
შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით,
ცა აირია, დაბნელდა უცებ
და წამოვიდა სეტყვა შხუილით.
ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,
არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,
ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,
ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, –
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

IX

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა…
ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.
ყური ათხოვა, – და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა…
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,
შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!
ჰკითხა: – „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“

  • „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
    მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
    ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
    და ზედ დაეცეს დედამიწასა?
    და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
    და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“.

X

  • „მართალი სთქვი შენ… თუ ხარ ძე კაცის,
    ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
    თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
    მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
    ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..
    ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,
    ნუ შეშინდები… კიბეა იგი
    და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“
    და იმ ბნელაში იგი წვალებით
    ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.
    მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის?
    ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
  • „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
    გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა…
    სახლი ღვთისაა… შენც შეგივრდომებს,
    შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“.
    წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს…
    იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,
    მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
    ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.

XI

რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული.
სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლივ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.

  • „უჰ, უჰ, რა ცივა!.. – სთქვა მან სტუმარმან, –
    ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..“
    მწირს ხმა ეოცა… ქალის ხმას ჰგვანდა…
    შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.
    ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
    განსაცდელი რამ მას მოუვლინა?
    და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა
    გულში ზარცემით მწირს გაურბინა.
    მაგრამ იქმნება ბედმა ეგე ჰქმნა
    მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
    და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
    სასოებით და გულდამშვიდებით.

XII

  • „შეშა არა გაქვს? – ჰკითხა სტუმარმა, –
    მოიტა, ცეცხლი ავანთოთ ერთი!
    ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტან,
    ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“
    მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ
    მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.
    რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
    ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
    ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
    სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მიეფინა,
    გასაოცარი რაღაც შვენება
    განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
    ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
    სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
    ნაზად, ამაყად ცეცხლისპირს იჯდა,
    ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.
    ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
    თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
    მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
    ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.

XIII

თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს
ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,
უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა
თავის სიცხოვლის გამომსახველად.
მაშინაც ვინ სთქვას, – ვინ ვის აშვენებს:
მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..
თვით შური, მტრობა ვერ უპოვნიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მას თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.
ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..
თქმულა – მხეციც კი გააფთრებული
მის წინ დატკბება და დაწყნარდება
და დაუწყნარდა ძალს შვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,
და უცოდველის გულისტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.

XIV

ბოლოს ჰკითხა მას: – „ვინა ხარ, შვილო?
ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?
მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან
ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?“

  • „მწყემსი ქალი ვარ… აქ მთის კალთებზედ
    ცხვარს ვაძოებდი მამიჩემისას,
    ბალახმა ცხვარი ამოიტყუა
    და მეც ამოვყე ფარასა ცხვრისას.
    ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
    რარიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!
    შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
    გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
    ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
    მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
    და საკვირველი ის სანახავი
    თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.
    სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: –
    ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,
    ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება
    და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.XV

„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, –
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..
მე იქ გავერთვი… მყინვარმა თურმე
უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.
ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,
მთიდამა ცივი ავარდა ქარი,
მოვინდომე ცხვრის გამობრუნება, –
გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.
უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,
სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,
ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,
ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.
მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.
ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..
ახია ჩემზე, რაც დამემართა!
მამის ურჩსაო, გამიგონია,
გზა თურმე არსად არ წარემართა.

XVI

„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,
მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..
მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,
რაც ფათერაკად მოსავალია?
თვითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,
მე მამაჩემი მებრალებოდა,
მამისერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,
ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.
ცხვარი დავღუპე, – ეგ ერთადერთი
მამის სარჩო და საბადებელი,
მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,
ოღონდ ვენახე მე უვნებელი.
ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ…
ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,
ჰჭექდა და ჰქუხდა… და ჩემთა ფეხქვეშ
თვითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.
რა მექნა ბეჩავს!.. საბრალო თავი
სად შემეფარა, გადამერჩინა?
ვთქვი, – აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,
თუ გავბედო და წავიდე შინა?

XVII

„დავრჩენილიყავ, – მერე ვინ იცის,
გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..
წავსულიყავ და – ამ ბნელაშია
კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს…
მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,
ვთქვი, რაც მომივა, დე, მომივიდეს!
თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია
და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.
ჯაჭვს ზედ წავაწაყდი… და მაშინ მივხვდი,
რომ აქ მყინვარის მონასტერია,
ისიც ვიცოდი მამიჩემისგან,
რომ მონასტერში ვიღაც ბერია.
გახარებული გეძახდი დიდხანს,
შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე…
ვსთქვი, – ვაიმე თუ ვერ გავაგონო
და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..
მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა
და შენამდე ხმა ამოვაწვდინე…
სხვა ხომ შენც იცი… ღმერთმა გარჩინოს,
როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე“.

XVIII

  • „მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
    ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი…
    ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის
    მისი მარჯვენე შემწყნარებელი“.
  • „შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე“.
  • „ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..
    შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
    ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!“
  • „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,
    ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“
  • „მყვანდნენ… და ყველას გამოცეთხოვე,
    აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი“.
  • „მას აქეთ ბევრი წელიწადია?“
  • „არ ვიცი“. – „როგორ?“ – „არ ვთვლი წელთსა სვლას,
    მოვშორდი შვილო, წუთის-სოფელსა
    და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!“
  • „მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?“
  • „ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა“…
  • „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
    ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?“

XIX

„ღმერთო, ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ
მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა…
როცა აქ ცხვარი მიძოვებია
და შემიხედავს მყინვარისთვისა,
მომგონებია მამის ნათქვამი, –
იქ, ყინულებში, კაცი სცხოვრებსო,
სულისთვის ხორცი გაუწირნია,
უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო, –
გამკვირვებია მე ეს ამბავი,
მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?
განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის
ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?
ვფიქრობდი: ნეტა, მაშ, რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთის-სოფელი?
განა მისთვის, რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?
ყველაფერს უნდა გემოვეთხოვო,
ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!
ღმერთო, ნუ მიწყენ… ვერ ვიზამ მაგას!
ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..“

XX

„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!
აქ სიკვდილია, ის კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და ის კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი –
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი წამოგიღია?
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..“ – „რა გითხრა, შვილო?
ყველაზედ უფრო სული ტკბილია,
იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია“.

  • „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყმდებით,
    ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“
  • „ხსნა ყველგან არის… ხოლო გზა ხსნისა
    ესეთი მერგო მე… უბედურსა…“

XXI

„უბედურსაო“?!.. და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ…
ასეთი სიტყვა ხომ ჩივილია
და ვით მოადგა იგი ენაზედ?
„უბედურსაო“?!.. – ეგ ხომ სიტყვაა
გულისტკენის და სამდურავისა!
ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა
ბედნიერების დამკარგავისა!..
მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,
რომ მან დასძლია საწუთროება,
განდგა მისგან და აქ მოიპოვა
სულის მშვიდობა და მყუდროება?
ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცის, გულთქმის, ვნებისა,
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა?
რა დაემართა? რა მოუვიდა?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?
ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმეს სდებს შემოქმედსა?

XXII

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!
არ გაასწირავს სულს შევედრებულსა!
ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,
მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..
არა და არა!.. მაშ რამან სძლია
და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?
მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.
არავინ იყო… ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.
საოცარ იყო მიძინებული
იგი სიტურფე, იგი შვენება!..
თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო
თვით სიყვარული და ნეტარება.
თითქო თვით მადლსა შვენებისასა
თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.

XXIII

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,
დაუცხრა სული აქოთებული
და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.
რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს?
ის სახე ატკბობს თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?!
დიდხანს დასცქერდა… ნეტა რა სხივი
გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..
ჰსძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის
ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!
აქამდისაც ხომ გული უძგერდა…
ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..
ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

XXIV

ფეხი წინ წადგა… არ იცის კი რად…
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა…
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც…
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა… ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..
ნუთუ იძლია? არა და არა!
მის სასოება არ დაუძლურდეს
და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,
იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..
არა და არა!.. არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

XXV

მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდა თუ არა!..“ –
ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!
„დაგძლიე თუ არ!..“ – ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!
ეს რა ჰხარხარებს! და რა დასცინის!
ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!
მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე
მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..
და შიშით, ზარით გარს მოიხედა…
კვლავ არვინ იყო… ქალს კვლავ ეძინა…
იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით
პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.
მით რა ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,
იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!
რად არ დადგება, რად არა სცხრება
იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი!
სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება…
ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშაც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

XXVI

ზე აიხედა… დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი…
და ვაი, წმიდა ღვთისმშობლის ნაცვლად
თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!
ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?
ცხადია იგი, თუ აჩრდილია?
ნუთუ მის ცოდვით თვით წმიდა ხატი
ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?
ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..
პირჯვარი უნდა – ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა – ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს – და იგივ… იგივ…
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
„აბა სძლიეო!..“ და კვლავ ვიღაცამ
გაიხარხარა იმის სენაკში…
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში.

XXVII

რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,
გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი
და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა
დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.
ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს
ამ კლდეებშია თმააბურძგნული?
ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,
ვითა სიკვდილი გაიფთრებული.
აჰა, მოვიდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,
თითქო იქიდამ გამოელისო
თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.
მზის ამოსვლასა ელოდებოდა…
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეც… მსწრაფლ უკუიქცა,
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

XXVIII

გულზედ მოეშვო… კვლავ სითბოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა…
მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივქვეშ უტევა სული.


და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, –
აწ შორის ნანგრეევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის,
და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button