ილია ჭავჭავაძე – გაბრიელ ეპისკოპოსი
მადლით მოსილი კაცი
გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს
არ ვიცი, ამდენს მშვენივრად თქმულ სიტყვებ შემდეგ რა მოგახსენოთ ისეთი, რომ თქვენთვის ახალი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდ ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არა აქვს რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობ თავსა _ მისს თვალგადაუწვდენელს კიდეებს ერთბამად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია. ამისთანაა იგი, რომელსაც დღეს დავტირით.
დიაღ, ბატონებო, დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწრთვნა და განმტკიცება. “ნეტავი იმასაო, _ ამბობს ერთი ძველადძველი ბრძენი, _ ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო”. აი ჩვენს წინაშე მდებარეა იგი მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი. თვითვეული წამი მისის ცხოვრებისა _ მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის. ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალსათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებისა, მადლისა და მოწყალებისა. მე ამაზე ბევრს არას ვიტყვი, რადგანაც ბევრი უკვე ითქვა და ბევრსაც კიდევ იტყვის შთამომავლობა, რომელიც ამ საისტორიე კაცს განიკითხავს თავისის სამართლიანის განკითხვითა.
მე მსურს მხოლოდ აქ ავღნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა, რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, _ საერო, თუ სამღვდელო, _ რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობისყოფით, მომეტებულის დაძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმადმიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმადმორწმუნეცა. აქ არის, ჩემიც ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.
ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არახილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, “ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ”. ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულთასწრაფვა ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც საცნაურად ორისავ გზით, და მით უფრო, რაც ადამიანი თვალთახილულია და გონებაგაღვიძებული. ნება-უნებლიეთ ამ ორს სამფლობელოში დადის მოუსვენრად გონება და გული ადამიანისა, რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთაძვრისაგან და მსოფლიო ღელვისაგან.
ამ ორს სამფლობელოთა შორის შემაერთებელს ხიდსა სწნავს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთისოფელში, რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელმთავარი და რომელიც, ჩემის ფიქრით, სხვა არა არის რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნენ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებრნი, ერთსა და იმავე დროს ღვთისა და ბუნებისმეტყველნი.
მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრისა რომ აიღოთ, ძნელად იპოვით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება მეცნიერებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.
იგი ერთს თავისს ქადაგებაში სთხოვდა თავისს სამწყსოს, რომელიც ყოველთვის სულგაკმენდით უსმენდა ხოლმე, ევედრენით ღმერთს, რომ მომცეს მე ძალა ჯეროვანად ვემსახურო ეკკლესიასა, ესე იგი, თქვენს ცხოვრებასაო, რადგან თვითვეული თქვენგანი და ჩვენგანი ერთად შეადგენს იმ კრებულს, რომელსაც ეკკლესია ღვთისა ჰქვიანო. ეს მისთვის ლიტონი სიტყვა არ იყო, სამღვთო წერილიდამ ამოკითხული და გაზეპირებული. ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარედ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი _ ღვაწლად, მადლი _ მადლად, საქმე _ საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თვისი ხანგრძლივი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, _ ამას მარტო ღრმადმეცნიერული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს.
რომ მარტო იგი ქება-დიდება შრომისა დაგვრჩენოდა, რომელიც მან გვიღაღადა ერთს თავის დაუვიწყარ ქადაგებაში, და სხვა არარა, ისიც საკმაო იქნებოდა, რომ მისი სახელი ქვეყანას მოჰფენოდა და ჩვენც გვეგრძნო, რა დიდებული და ბრძენი მღვდელმთავარი დავკარგეთ. “მე თვითონ არ მინახავსო, _ ამბობს იგი, _ ხოლო გამიგონია სარწმუნო კაცთაგან, რომელ ერთს ძველადძველს ეკკლესიაში კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახაო!”_ ჰნატრულობს ამ საუცხოო ხატით აღტაცებული მღვდელმთავარი: _ “მაშინ მე გავიცნობდიო მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემიო! რა კარგი რამ იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი, ყოვლადწმიდისა, რომ ერთსკერძო მისსა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულის ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით ხელთ ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა ღვთაებრივსა გამოყვანილი იყოს ის ღვთაებრივი სიწმიდე, სიმშვიდე და სიყვარული, თვალთა შინა მისთა ბრწყინვიდეს ის უფსკრული გონიერებისა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსაო. ესრედი ხატი იქნებოდა ჭეშმარიტი დროშა, ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისაო!”
ასე ათავებს სიტყვას ზეგარდმოშთაგონებით მღაღადებელი მღვდელმთავარი. განაღა შეიძლება ამაზე მეტად გაპატიოსნება, ზეაღწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრსა გვგონია ვითომ წილადხვდომილია მარტო მდაბიოსიო.
საკმაოა ეს მოკლე, მაგრამ ღრმად გაბრძნობილი სიტყვა, მღვდელმთავრის ბაგეთაგან წარმოთქმული, რომ კაცმა წარმოიდგინოს მთელი სულიერი ახოვანება და სიბრძნე მისი, რომლის ბაგენი დღეს ჩვენთვის სამუდამოდ დადუმდნენ ჩვენდა საუბედუროდ. ბევრი რამ არის ნათქვამი შრომისა და გარჯის გაპატიოსნებისათვის, მაგრამ ამისთანა ქებათა ქება შრომისა შესაძლოა მხოლოდ იმისათვის, რომლის ბაგითაც თვითონ ღმერთი მეტყველებს.
დიაღ, ბატონებო, მისის ბაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდისღა გვაღირსებს ღმერთი იმისთანა კაცს, როგორიც დღეს წაგვართვა. რომ მისმა კაცთათვის თავდადებულ მსახურებამ, მისმა საქმეებმა უქმად არ ჩაიარა, რომ წრთვნა მისი, მისი ზნემაღალი მოძღვრება არ დარჩა ხმად მღაღადებლად უდაბნოში, _ ამას ამტკიცებს გლოვა ამოდენა ერისა, რომელიც დღეს შემოჰხვევია ძვირფასს კუბოს, რომ უკანასკნელად ემთხვიოს იმა ბაგეთა, რომლითაც იგი გვლოცავდა და გვწურთნიდა, იმ მადლიან მარჯვენას, რომლითაც იგი გვაკურთხებდა და რომელიც მუდამ გაწვდილი იყო დავრდომილთა შემწეობისათვის და დაცემულის აღდგენისათვის.
დღეს ერი ცრემლს აფრქვევს მისთვის, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე იმის მსახურებაში იყო, რომ თვით მოსწმინდოს ერს ნთვალთაგან ცრემლი ნუგეშინისცემითა და მადლის ფენითა. რით იყო ასე ძლიერ სახელოვანი ჩვენი მღვდელმთავარი, რომ გამოიწვია ასეთი დიდი გლოვა ერისა? ნუთუ მარტო სიბრძნითა? არა, სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან. ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე. ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულნი სხვა ქვეყნად, ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო, _ ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვარით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად.
დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად და სახელის ხსენება მისი ჩვენდა საწვრთნელად. ყოველივე ეს დიდხანს კიდევ ისაქმებს ჩვენში. დიდხანს და დიდხანს ქართველს საბუთი ექნება სთქვას, რაც მარტო დიდბუნებოვან კაცზეა თქმული: მოკვდა და თავისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარიო.
მე რომ მისნი მადლით სავსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელ და მგონია, რომ თავს წამოსდგომია ახლად შობილს ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი, სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება ამ ბრძენთაგან თქმულს:
“პატარავ, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო კი ყოველს სიხარულს ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს”… და აჰა, ჰქმნა ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოება საუკუნოდ, ყველანი მის გარშემო სტირიან. დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია, აჰა, ისწავეთ გზანი დიდების შოვნისანი! ამისი მართალი გზა და ცხადი მაგალითი მთელი ცხოვრებაა ამ დიდებულ და მადლიან კაცისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდიაო, და აჰა იგი დიდი კაცი, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს კუბოშია ჩვენ წინ მდებარე.