ილია ჭავჭავაძე – სწავლა-განათლება ერის წარმატების საწინდარია
”ივერია” 1887 ტფილისი, 9 ივლისი
იბეჭდება ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის IX ტომის მიხედვით
ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდან და მეორე ლანჩხუთიდან, ორივე ეს სხვადასხვა ადგილიდან მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც ჩვენში რომ ვსთქვათ, ”არ ახალია, ძველია” და მათ, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრელი.
ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ თუ რა, ზედმოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა. რა თქმა უნდა, რომ ეს ბუნებური მოვლენა, არაერთხელ ყოფილა ჩვენში თუ სხვაგან, ხალხმა ჯერ ყველაზედ უწინარეს ღვთის წყრომას მიაწერა, ცოდვათა გახშირების გამო მოვლინებულსა და ყველაზედ უწინარეს იგი ღონე იღონა, რომ წყრომა ღვთისა წყალობად გარდიქციოს და ღმერთი მოწყალების თვალით გადმოახედოს. ამისთვის აიღეს და სოფლის განაჩენით დაადგინეს, რომ კვირაში ერთი დღე პარასკევი შესწირონ ღმერთსა და სამუდამოდ იგი დღე იუქმონ.
ცხენი როცა დაფრთხება ხოლმე, მიზეზი ის არის, რომ ნათლად ვერ არჩევს საგანსა. ამისი წამალი მარტო ის არის, რომ ცხენს ძალად მიიყვანენ ხოლმე საფრთხობელ საგანთან, თვალით დაანახვებენ და ერთხელ და ორჯელ ამნაირად ნაწურთნი ცხენი თუ ფრთხოლას ერთობ არ დაიშლის, იმ ნაჩვენებ საგანზედ მაინც აღარ დაფრთხება ხოლმე. ადამიანი, რასაკვირველია, ცხენი არ არის. არც მიწისძვრაა იმისთანა საგანი, რომ კაცმა ან ხელი შეახოს, ან თვალი მოჰკიდოს. მიწისძვრის მომავლინებელნი ძალნი ადამიანის თვალთაგან მიუწვდომელ სფეროში მოქმედებენ და რადგანაც ამის გამო მიზეზი ნათლად და თვალსაჩინოდ გამოურკვეველია, უცოდინარი ხალხი უფრთხის და ჰშიშობს. ეს ამბავი განა მარტო ჩვენშია: ყველგან არის და ყველგან ასევე ჰშიშობენ და ფრთხიან ამგვარ ხორცის თვალთაგან მოფარებულ ამბავზედ.
მაგრამ კაცთა საბედნიეროდ, ღმერთს ადამიანისათვის ხორცის თვალთა გარდა მიუნუჭების გონების თვალიცა და თუ ეს თვალი კაცს კარგად უჭრის, ქვეყანაზედ არა დაემალება რა და ყველა მოვლენას ქვეყნისას ასეთს თუ ისეთს მიზეზს მოუპოვებს. თუ ეს მიზეზი ყოველთვის მართალი და უტყუარი არ არის, იმოდენად მაინც საღი და ჭკუას ახლოა ხოლმე, რომ კაცი ტყუილუბრალოდ არ გადაეგება, არ იხარჯება,
არ იბნევა და არა ბრკოლდება თვის ყოველდღიურ ცხოვრების მსვლელობაში და არ ეძლევა ტყუილს სასოწარკვეთილებას, რომელიც ყველა მავნეზედ მავნეა, რადგანაც ადამიანს გულზედ ხელებს აკრებინებს და მცონარედა ჰხდის.
სწორედ ამ დღეში ჩაცვივნულან კვათანელნი და ლანჩხუთელნი და ამ დღეშივე ცვივიან ბევრგან სხვაგანაც იმისთანა ბუნებურ მოვლენის გამო, რომელსაც აუხილველი თვალი გონებისა ვერა სწვდება დასანახავად. რამ უნდა აუხილოს ეს გონების თვალი? მარტო სწავლა-განათლებამ და სხვა არაფერმა. აი, ძველის-ძველი სახსარი, რომელიც ყოველთვის ახლად სამოძღვრელია ამ ურჩის და ბნელში მოარულ წუთისოფლისათვის. ხორცის თვალს ბევრი არა შეუძლიან რა ქვეყნის საბედნიეროდ, თუ თან არ შესწევს ყოვლად შემძლებელი გონების თვალი, რომელსაც ცაში ვარსკვლავი არ გამოეპარება და ზღვის ძირში ქვიშა, რომლისათვისაც არც იმოდენა მანძილია ქვეყნიერობაზედ, რომ არ მისწვდეს და არც სიღრმეა, რომ არ ჩაიხედოს, არც იმისთანა საიდუმლოა, რომ ჭკვისაგან შესაწყნარებელი მიზეზი მაინც არ მოუპოვოს ასე თუ ისე.
მართალია, მიწისძვრას დიდი უბედურობა მოსდესვს ხოლმე. ჩვენი აწ წარმავალი საუკუნე, როგორც წინა საუკუნენიც, არაერთხელ ყოფილა მოწმად, რომ ძვრას მიწა გაურღვევია და თან ჩაუტანია ქალაქები და სოფლები, მაგრამ აქ ღვთის წყრომა არაფერს შუაშია. ყოვლად მოწყალე ღმერთი თვის დანაბადს ქვეყანას თვითვე არ დააქცევს ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიელი ღმერთი არ არის; იგი კაცთმოყვარეა და ამის დასამტკიცებლად ძე თვისი საყვარელი გამოგზავნა ქვეყნად ქვეყნის სახსნელად და მან ძემან ღვთისაგან განტეხა ხორცი თვისი და დაანთხია სისხლი თვისი მისატევებლად ცოდვათა.
თუნდ რომ მიწისძვრა ღვთის წყრომად ვიგულისხმოთ და არა ბუნებურ მოვლენად, როგორც ნიაღვრის მოვარდნა, სეტყვა, მეხი და სხვა ამისთანა, მაინც რა წამალია უქმობა, რომელიც ზემოხსენებულ სოფლებს სასოფლო განაჩენით დაუდგენიათ? უქმობაა დედა ყოველის ბოროტისაო, განა იმავე ღმერთმა არ ბრძანა? მას ღვთის წყალობის მოსაპოვებლად რა სახსარია იგი ღონე, რომელიც ყოველის ბოროტის დედად აგრე სამართლიანად წოდებულია? ღმერთს მშრომელი. გამრჯელი კაცი უყვარს, იმიტომ, რომ მისგანვე არის ნაბრძანები: ”ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო”. მცონარება, უქმად ყოფნა სძულს ღმერთსა, იმიტომ, რომ ბოროტისა და ცოდვისათვის ხელგამომავალი და მოცლილი მარტო მცონარე და უქმი კაცია. იესო თვისის იგავით მცონარეობას ანდერძი აუგო და თვისი სამართლიანი მსჯავრი დასდო. ვის არ ახსოვს იგი იგავი, რომელიც მოგვითხრობს, რომ ბატონმა მონას ტალანტი მისცა სასარგებლოდ და იმის მაგიერ რომ ასარგებლოს, მონამ აიღო და მიწაში ჩაფალა, არ დამეკარგოსო. ვის არ ახსოვს როგორ განჰკითხა იესო ქრისტემ ამისთანა მცონარე?
ამიტომაც მეტისმეტ შეცდომად მიგვაჩნია კვათანელებისა და ლანჩხუთელებისაგან კვირაში ერთი დღის უქმად დადება. ეგ უმიზეზო უქმობა რისხვას და არა მოწყალებას მოიპოვებს იმისაგან, ვინც შრომა და გარჯა პატივსადებ მოქმედებად გვიანდერძა. ღმერთს უქმობით ვერავინ აამებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კეთილი საქმე, რომელიც წარმოსდგება ხოლმე პატიოსნებისა, ნამუსისა, გულმართლად ცხოვრებისა და კაცთმოყვარეობისაგან. ყველა ეს მაცხოვარნი გრძნობანი შვილნი არიან მარტო ჭეშმარიტის სწავლა-განათლებისა, ამოტომაც უფრო მართლად გამოსადეგი იქნებოდა, უფრო საამური ღვთისა და კაცისათვის, რომ კვათანელებმა და ლანჩხუთელებმა ის ერთი დღე კვირაში უქმად არ ატარონ, არამედ ისაქმონ და იმ ერთის დღის ნამოქმედარი ჭირნახული შესწირონ თვისი შვილების სწავლა-განათლების საქმეს და ამ შესაწირავით საკუთარი სკოლა გამართონ, როცა ამისათვის საჭირო ფული მოუგროვდებათ.