შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
“წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა;
მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.
«ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
«შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
«მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»
“ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა!
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა;
მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.