პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: წიგნი ტარიელისა ხატაელთანა

“გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

«ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».

“კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

“პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი”.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button