პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: თათბირი ტარიელისა

ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,
თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა;
ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

“მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

“მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.

“ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.

ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კარსა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.

ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა.
ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,
დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:
გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,
ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია,
მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;
მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.
აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!

სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;
თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.
მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,
გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,
მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,
მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.
რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.
სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,
იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:
კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;
მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,
აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახნეს კაფისა,
რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?”, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.
ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;
მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,
ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტერისა.

ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,
თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,
ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,
ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.

გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.
აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბნეს სამნივე ძმობილნი,
მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,
მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,
ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;
არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,
თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,
იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,
წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;
ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,
თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button