პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გმოთქმიდა ვითა ვისი!
ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი –
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
“ესეაო მეფე ჩვენი”, – იზახდიან, ამას ხმობდეს.

ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, –
ზედა დასხდეს ხელმწიფურად, – დიდებანი უდიადნეს;
ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”;
თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით:
“ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით”.

ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:
შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა!
ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.
ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა”.

დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა;
მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა;
ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, –
ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,
ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;
ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად,
მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:
“სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!”
თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი –
ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს!
ვერ გამოთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!
რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს,
მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს.

სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:
“თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, – მართ ამას მოიტყოდიან,
ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,
სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,
უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”;
მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია,
წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
“რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, – ერთსა წილსა, –
ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

“ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!”
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე,
მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?

მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გასწყრები:
თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები,
მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები,
ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.

კვლაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები,
გვახსოვან შენნი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები;
სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები,
ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-მახულები”.

დაჰმორჩილდა, მოახსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”.
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;
ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,
იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.

ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია:
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
უბრძანებდა: “გული შენი, ვიცი, ამად მომემდურვა;
აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა,
ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა.”

მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო,
მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”.
ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
რათგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მიგელის ლომსა მთვარეო!”

როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები,
კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები:
“ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”.
ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას, თუ «ცუდად ვზიდე», –
ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;
ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;
ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;
მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან;
გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,
მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button