მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლების დონე მცირდება
ციფრული ავტორიტარიზმი აღმავლობას განიცდის – თუკი დავუჯერებთ ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ ამ მოვლენას. აშშ-ის ორგანიზაცია Freedom House ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები ეძებენ საშუალებებს, მოიპოვონ კონტროლი მომხმარებლების მონაცემებზე. ხელისუფალნი იღებენ კანონებს, რომლებიც თითქოსდა მიმართულია ფეიკი სიახლეების წინააღმდეგ, სინამდვილეში კი ცდილობენ განსხვავებული აზრების ჩახშობას. უკვე რვა წელია Freedom House ხედავს მთელ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების დონის ვარდნას.
ძველად, გლობალური ქსელი თავისუფლების გამოხატულებად ითვლებოდა, ახლა კი ტექნოლოგიები მიმართულია შეზღუდვისა და კონტროლისკენ – თვლიან მკვლევარები. ციფრულ სამყაროში სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ძალაუფლების მქონე პირები და პოპულისტები იყენებენ ფეიკ სიახლეებსა და წყაროებს.
აშშ-ში მთავარ პრობლემად ითვლება ქსელური ნეიტრალიტეტის გაუქმება. ბევრ სხვა ქვეყანაში კი სიტუაცია გაცილებით უარესია. განხილული 65 ქვეყნიდან 17-ში ონლაინ-მედიის შემზღუდავი კანონები მოქმედებს. სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს ჩინეთისგან, რომელიც ცენზურით ცნობილია.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთსა და შრი-ლანკაში, პერიოდულად აუქმებენ ან ზღუდავენ წვდომას ინტერნეტზე რელიგიური ან ეთნიკური კონფლიქტების საპასუხოდ. 18 ქვეყანაში აღმოჩენილია ძიებისა და თვალთვალის რიცხობრივი ზრდა – თვალთვალი მიმდინარეობს თითქოსდა მონაცემთა დასაცავად არსებული კანონების მხარდასაჭერად. კომპანიებისგან შეიძლება ლოკალურად იქნას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მათზე წვდომა კი სახელმწიფო ორგანოებს ექნებათ.
32 ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ფასიან კომენტატორებს, ბოტებს, ტროლებს – საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციებისთვის. WhatsApp-ი და სხვა დახურული მესენჯერები უფრო და უფრო პოპულარული სამიზნე ხდება მანიპულაციებისთვის.