ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ვაჟა-ფშაველა – წიფლისჩიტა

ისე სასიხარულო არავისთვის იქნება გაზაფხული, როგორც მთისთვის არის. მთა ყველაზედ მეტად დაჩაგრულია ზამთრისაგან. მთა ამ დროს მკვდრეთითა სდგება: თეთრს სუდარას გაიხდის და კუბოდამ ამოიხედავს… მთის გვერდებზე ალაგ-ალაგღა სჩანს დარჩენილი თოვლები. მთას უხდება კალთებში ტყე, მიბინდებულ-მიჩუმებული.

არც ტყე დარჩენილა გაზაფხულისაგან უნუგეშოდ. დააშვენებს იმას თეთრად და წითლად აყვავებული მაჟალო და პანტა; იქვე ყვავის ტყემალი… ყვავილები ამკობენ წიფელს, რცხილას, მუხას და ფოთლებ-მთრთოლარე ვერხვსა… თუ ესენი მოსცდებიან და აღარ გაუღიმებენ ტყეს, ასკილი ხომ აღარ უღალატებს; ეს ტყის ვარდი მაინცდამაინც გაიშლება გორ-გორის პირებზე; თუ ესეც მოსცდა, შვინდი ხომ აღარ მოსცდება. ისე როგორ მოსცდება შვინდი, რომ ყვითლად აღარ გამოიჭყიტოს გაღმა პირმზითიდამ.

სწორედ მესამედ მოვიდა ეხლა წვიმა, აქა-იქ დარჩენილი პატარ-პატარა თოვლები დალახვრა, გააქრო, გააქარწყლა; მთის კალთებში ნამცეციც აღარსად სჩანდა თოვლი, მხოლოდ მთის კუდებში და დაბლა ხევში ეძინა მწოლიარე ზვავსა.

მაღლა თაღი გაუკეთებია ყინულისა. ზედ რომ შესდგე, გაოცდები: ძირიდამ საზარელი ხვივილი, გრიალი შემოგესმის, – ის წყალია, ზვავის პირზე მიდის… წვიმამ ტყეში დატანებულს ველებს, ყათლაღებს, გორ-გურს ნაზამთრალი ჭუჭყი ჩამოჰბანა: ყვავილებმა თავები ამოიჩინეს მიწიდამ, ნორჩმა ბალახმა კოხტად ამოყო თავი, ამობზინდა, გაუცინა წვიმას, თავი დაუკრა არე-მარეს.

ხეებზე კოკორი გასაშლელად მომზადებულა. ფრინველნი დიდს მხიარულებაში იყვნენ; ისმოდა ფრიალი, სტვენა, ჟივილ-ხივილი: ყველანი დიდს მზადებაში იყვნენ. გუგული მხიარულობდა მოგზაურობიდამ შინ მშვიდობით დაბრუნებას. კოდალა ანგრევდა იქაურობას. წიპრია შესძახოდა წვიმას: „დაწვიმე, დაწვიმე!“

მხოლოდ ერთი წიფლისჩიტა იჯდა პატარა წიფლის შიმელაზე დაღონებული, – ღაბუა, გულწითელი, – და სტიროდა; თვალიდამ ცრემლი ჩამოსდიოდა. ეს ცრემლი უხდებოდა მის თვალებს, ლამაზს სახეს, კოხტა მოშავო ნისკარტს. ჩიტი მოსთქვამდა:

ველო მწვანეო,
გულს მანამეო
შენნი ლხენანი,
ტრფიალებანი!
გული მიკვდება,
თვალი მიდნება,
როს მაგონდება
ჩემი სახლ-კარი –
ხმელეთის დარი.
ვინ დაანგრია
და გადარია
ის ჩემი შრომა და ჩემი ღვაწლი?
არა სცოდნია მას ცოდვა-მადლი!
ტყეო, მომხედე შენსა გაზდილსა.
თვალს ნუ მარიდებ შენს საწყალს შვილსა…
ველნი მწვანობენ,
ჩიტნი ხარობენ,
მთანი ღვარობენ,
ცანი ცვარობენ,
ბუნების არსნი ყველა გალობენ…
ეჰ, სხვისა ჭირი,
რო ღობეს ჩხირი!..
სადა ხარ, იავ,
ჩემო დაიავ?!
მითხარი რამე,
ნუგეში მამე!
ამ დროს წიფლისჩიტას ახლო ია იშლებოდა, მაგრამ ჯერ არ ამოჩენილიყო. ჩიტი რომ ტიროდა, სწორედ ამ დროს ამოაჩინა თავი იამ, გადიყრევინა თავიდამ წიფლისა და თხილის ხმელი ფოთლები და მიაფრქვია სურნელება ტყესა.

წიფლისჩიტას იის სუნი ეცა და თვალები გაახილა, გამოეღვიძა. რა ბედნიერად იგრძნო ჩიტმა ამ დროს თავისი თავი! გაექანა ბუდისკენ და ნახა, რომ მთელი იყო, მისი სამი კვირის შრომა, ჯაფა არ გაფუჭებულიყო, ბუდისთვის ხელი არავისაც არ ეხლო.

ჩიტმა დიდი მადლობა შესწირა ღმერთს, ტყეს, ყველა მცენარეთ, ფრინველთა და ნადირთაც კი. სიხარულისაგან აღარ იცოდა, რა ექნა, დაიწყო სრიალი: წიფლის შიმელიდამ დიდს ჭანდარს მოევლო წვერებში; იქიდამ დასრიალდა თავქვე, დააჯდა თავზე ნორჩს ჩადუნას, ჩადუნიდამ გადაჯდა ბუერაზე, ბუერიდამ მიესალმა გუგულისკაბას, გუგულისკაბიდამ მიგოგდა პატარა წყაროსთან, დალია ორი-სამი წვეთი წყალი და შემოსძახა გალობა:

შენ გენაცვალე, ტყევ დაბურულო,
ჩემო სიცოცხლევ, სულო და გულო,
რომ საზრდოს მაძლევ, – არ დამჩაგრეო,
ჩემო მშობელო, ტურფა მხარეო!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button