ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ფშა

მდინარე ყველამ იცის, რაც არის, ფშა, ანუ ფშანი, როგორც ზოგ ადგილას უწოდებენ? ეს ზოგს ეცოდინება, ზოგს – არა.

ფშა მდინარის ნაწურია, წმინდა, ციმციმა წყალი, რომელიც თანდათან იზრდება, ქმნის სიღრმეებში ჩალურჯებულ მდორეებს, მდორეები ერთმანეთზე გადაბმულია ლიკლიკა, მხიარული თავთხელებით, გაგრძელებულია ასე – მდორე და მხიარული თავთხელი, მდორე და მხიარული თავთხელი, და ბოლოს ფშაც, ისევე, როგორც ტოტი, უერთდება მშობელ მდინარეს. მაგრამ ფშა ტოტი არ არის, მდინარის ტოტი მდინარის ცხოვრებით ცხოვრობს. მდინარე რომ ადიდდება, ტოტიც მაშინვე მატულობს, მდინარე რომ შეიმღვრევა, ტოტის წყალიც იმავე ფერისა ხდება; რაც მდინარეში თევზი და სხვა რამე ბუდობს, ტოტშიც ისინი ცხოვრობენ. ფშა კი, როგორც მოგახსენეთ, სხვა არის. ფშა მუდამ წმინდაა, გამჭვირვალე, ადიდებაც კი არ იცის, თუ, რა თქმა უნდა, მდინარე კალაპოტიდან არ გადმოვიდა და ფშას არ ჩაერია.

მდინარის ნაპირები ქვიანია ან სუფთასილიანი, ფშისა – უმეტესად მწვანიანი. მის ნაპირებზე ხვავრიელად ხარობს ლელი და ჭილი, დათვიჯაგარა და ჩალა; უფრო ღრმად, შიგ წყალში, ბაიები, დუმფარები, წყლის მატიტელები და სამყურები. მათ შორის, ამ წყალმცენარეებს შორის, გაბმულია ძაფივით წვრილი მათი ფესვები, ზოგი წითელი, ზოგი თეთრი. ჩალას, ჭილსა და ლელს რომ ნიავი არხევს, წყალმცენარეებს წყლის ჭავლები ატოკებენ. ხანდახან დამფრთხალი თევზების ქარავანიც შეათახთახებს ხოლმე. შეიძლება თევზის ქარავანი სულ არ ჩანდეს, მაგრამ თუ წყალმცენარეები უფრო აჩქარებით თახთახებენ, ვიდრე წყლის ჭავლები, უნდა იცოდეთ, რომ იქ, დაბლა, თევზის ქარავანი ბრუნავს.

ფშას ბინადარნიც საკუთარი ჰყავს. ესენი არიან, პირველ რიგში, წმინდა, წყნარი წყლის მოყვარული თევზები – ჭანრები, ნაფოტები, წვერები. ფშაში მურწა იშვიათად შევა, მურწაც, კალმახიც და ხრამულიც. წვერა ლურჯი მდორეების ყველაზე ღრმა ადგილებს, გრილ ფსკერებს ეტანება. ჭანარი უფრო მაღლა, ფართოდ იხაზავს თავის სამფლობელოს, ნაფოტა სულ მაღლა ცხოვრობს, თითქმის წყლის ზედაპირთან. ნაფოტა ძალიან მოუსვენარიცაა, ხშირად მაღლაც ხტება და ჰაერში იჭერს კოღოებს და წყლის ადლაბიჯებს – მზომელებს.

ფშის მკვიდრნი არიან – მათი სავანე და განსაცხრომელია – ბაყაყები.

გაზაფხულზე, უფრო აპრილის მეორე ნახევარში, ანდა მაისში, ფშიდან განუწყვეტელი ყიყინი ისმის. განსაკუთრებით საღამოობით. საღამოობით მთელი კონცერტი იმართება ხოლმე. სხედან ლელიანებში თვალებდაკუსული, ფიქრადქცეული ყიყინები, ყურს უგდებენ ერთმანეთის შორეულ გადაძახილებს და თვითონაც აწყობით აყოლებენ თავიანთ „ბრე კე-კე-კეს“, ანდა „ყუა-ყუას“. ფშაზე ცხოვრობენ წყლის ვირთაგვებიც, აქა-იქ – წავებიც. მათი სოროების შესასვლელები სანახევროდ წყლით არის დაფარული. გამოცვივდებიან წყლის ჩხაპჩხაპით ჩხნდეებიდან და შეიკარგებიან იმ სოროებში. ხშირია, რომ ზაფხულობით ფშის კამკამა წყალში დალივლივებს, თითქოს მთელი სხეულით ცეკვავს წყლის ჭრელი გველი, ანდა ოქროსბიბილოებიანი ანკარა, ბაყაყებისა და თაგვების დიდი მტერი. ფშაში შეხვდებით აჩხაბაჩხა მოარულ წითელ კიბორჩხალებს. მწერი ხომ უამრავი იცის: ნემსიყლაპიები და ზემოთ უკვე ნახსენები მზომელები – ნაპერწკლებივით რომ მიმოქრიან ლაპლაპა მდორეების თავზე, კოღოები და ოქროსფრად გაბრწყინებული ქინქლის გუნდები. ფსკერი სავსეა წურბელებით, ნამიჭამიებით და პაწაწინა დაფნიებით.

ფშის ნაპირები ძალიან უყვართ წნორებს, მურყნებს, მდგნალებსა და ვერხვებს. მათ შორის ვერცხლისფრად მინისლულან ქაცვები. ამ ხეთა წითელი, დაჯინჯილებული ფესვები ყველაზე სანუკვარი საფარია თევზებისათვის.

ფშა ბუნებრივი თევზსაშენია. ზემოთ რომ თევზები ჩამოვთვალეთ, ისინი აქ, თხელ უბეებში ყრიან ქვირითს, ანუ ტოფობენ, – თევზებიც, ბაყაყებიც. თევზის ქვირითი ძნელი შესამჩნევია, ბაყაყის ქვირითი კი გაბმულია, გახლართულია წვრილი, შავი მძივივით. ოქროს კრუხად დაადგება ხოლმე ზემოდან მზე, ათბობს, აცხუნებს და სულ მალე თევზის ქვირითიდან ამოჩნდებიან მუცელგამჭვირვალე ლიფსიტები, ბაყაყის ქვირითიდან კი – თავკომბალები. როგორც ყველა პატარა ამქვეყანაზე, ლიფსიტები და თავკომბალებიც მეტად მოუსვენარნი არიან. სულ ფაციფუცობენ, სულ ერთმანეთს ეძიძგილავებიან, ამიტომ ფშა ძალიან ლამაზი სანახავია აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის გასულამდე, უფრო დილდილობით, მზე რომ პირველად ჩაჰკიდებს ოქროს სხივებს კამკამა წყალში. მაშინ თითო სხივს ათეულობით ლიფსიტა ეთამაშება, არის სარკისა და წითელი ფერების თვალისმომჭრელი ტკრციალი – ლიფსიტების ფერდებისა და წითელი ფრთისძირების ბრწყინვა.

ფშა ზამთარში არ იყინება. მდინარის ტოტები რომ ყინულით არის ხოლმე შებოჭილი, ფშაზე ორთქლი დგას. ეს იმიტომ, რომ ფშა ახლოს გამოდის მიწიდან, მიწის სიღრმეები კი, როგორც მოგეხსენებათ, უფრო თბილია, ვიდრე ზედაპირი, – ზამთრობით თბილი, ზაფხულობით გრილი. ზამთარში ფშის სითბო თევზებს იზიდავს და ხდება ხოლმე, რომ ღრმა მდორეები ჩაბნელებულია წვრილი თევზის ქარავნით. მაღლიდან თოვს, ბარდნის, ფიფქები თითქოს წყალს კენკავენ, თევზის სქლად შედედებული ქარავანი კი შავი ღრუბელივით დგას. გეგონება, აქედანვე გაზაფხულს ელისო ჯიუტად.

ფშა მუდამ ხალისიანი და ალერსიანია, როგორც ყოველი მშობელი დედა, მაგრამ მე მინახავს სასოწართმეული, მგლოვიარე ფშაც.

ეს ამ ორი წლის წინათ იყო, სექტემბრის ბოლოს, ივრის ჭალაში, ჩემი სოფლის ზემოთ. მივდიოდი, ვიხედებოდი მდორეებში და ვუღიმოდი მისალმების ნიშნად. ერთი, მეორე, მესამე მდორე და – შემზარავ რამეს მივხვდი: იდგნენ, ჩვეულებრივად, ვერხვები, მურყნები, წნორები და ქაცვები, იყურებოდნენ წყალში; იდგნენ ჩალებიც, ლელებიც, ჭილებიც, იმათაც თავი წაეხარათ მდორეებისაკენ. მდორეები კი, წმინდანი, გამჭვირვალენი, ცარიელები იყო, აღარავითარი სულდგმული აღარ ჭაჭანებდა შიგ. გავჩერდი და ვიყვირე – ეჰეი! – მაგრამ ამაოდ, ერთი ლიფსიტაც კი არ დაფეთებულა, ერთი ბაყაყიც კი არ გაჩაჩუნებულა ბალახებში. გავქექე თხელი ლამი ნაპირთან და ვნახე, რომ იმ ლამს შერეოდნენ მკვდრები – ლიფსიტებიც და ცოტა მოზრდილი თევზებიც. ვიღაც ბოროტ კაცებს საწამლავი გაეშვათ თვის დასაწყისში და იმათ ამოეჟუჟათ ყოველგვარი მუდმივი მცხოვრები ფშისა. ჩავჯექი და ყბებზე ხელები შემოვიჭირე, რომ არ ავტირებულიყავი.

ფშა მრავალგვარი სიცოცხლის წყაროა. ამიტომ ყველა ჩვენგანი უნდა ნატრობდეს, რაც შეიძლება ხშირად გვხვდებოდეს ფშები დედამიწაზე, თან ესეც უნდა დავუმატოთ, აღარავის, აღარავის გვენახოს სასოწარკვეთილი, მგლოვიარე, თითქმის მკვდარი ფშა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button