ლიტერატურასაკითხავი

მერაბ ღაღანიძე – ქრისტიანი მწერალი ვნებასა და განწმენდას შორის

მეოცე საუკუნე იწურებოდა და საუკუნის დიადი სულები, უკანასკნელი დიადი სულები, წუთისოფელს ტოვებდნენ.

1998 წლის ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს პარიზში საჯაროდ გამოცხადდა, რომ რამდენიმე დღით ადრე, 13 აგვისტოს, გარდაიცვალა ჟულიენ გრინი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი _ რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი. სამი კვირა რომ კიდევ დასცლოდა, 6 სექტემბერს მას 98 წელი შეუსრულდებოდა.

ჟულიენ გრინს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამწერლო ბედი აღმოაჩნდა: მისი პირველი წიგნი 1924 წელს დაიბეჭდა, რომელსაც ორი წლის შემდეგ პირველი რომანი მოჰყვა, უკანასკნელი რომანი კი, _ სამხრეთამერიკული ტრილოგიის ბოლო, მესამე ტომი, _ 95 წლის მწერალმა 1995 წელს გამოსცა, მაგრამ ეს არ ყოფილა მისი ბოლო წიგნი _ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 1998 წელს, გამოვიდა მისი ესეების კიდევ ერთი, ახალი კრებული.

***

ამერიკელი ბიზნესმენის, ედვარდ გრინის ვაჟი, ჟულიენი, 1900 წლის 6 სექტემბერს პარიზში დაიბადა, სადაც მან თავისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. თუმცა როცა მის დაბადებამდე შვიდი წლით ადრე ერთმა ამერიკულმა კომერციულმა ფირმამ მისი მშობლების ევროპისაკენ გამოგზავნა გადაწყვიტა, მათ გერმანიასა და საფრანგეთს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. მომავალი მწერლის დედას, ამერიკული სამხრეთის ნამდვილ შვილს, მერი ედელეიდ ჰერტრიჯს, უპირატესობა საფრანგეთისათვის მიუნიჭებია: “ფრანგები ხომ 1870 წელს დამარცხდნენ და ჩვენ, სამხრეთელებს, ისინი უკეთ გაგვიგებენო”, _ უთქვამს მაშინ მას.

ჟულიენის დედა ღრმად მორწმუნე პროტესტანტი იყო და შვილებს მკაცრად ზრდიდა, _ თავის ერთადერთ ვაჟსა და ექვს ქალიშვილს განუწყვეტლივ შთააგონებდა შიშს ყოველგვარი სხეულებრიობის მიმართ და ყოველდღე მათ ბიბლიას უკითხავდა ან აკითხებდა (სხვათა შორის, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მწერალი ამბობდა, რომ იგი ყოველ ცისმარე დღეს ბიბლიის კითხვით იწყებდა და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სწორედ იქ პოულობდა საძიებელ პასუხებსა და რჩევებს).

დედის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც 16 წლის ჭაბუკმა შეიტყო, რომ მამამისს საიდუმლოდ მიუღია კათოლიკობა, თავადაც რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღს მიაშურა და, მიუხედავად იმისა, რომ განუხორციელებელი დარჩა მისი ახალგაზრდული ჩანაფიქრი, _ ბერად შემდგარიყო ბენედიქტელთა მონასტერში, _ მთელი თავისი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში მას აღარასოდეს მიუტოვებია სიჭაბუკეში მოპოვებული რწმენა.

ფრანგული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ იგი _ ამერიკის მოქალაქე _ უმაღლესი განათლების შესაძენად შეერთებული შტატებისაკენ მიემართება. სწორედ იქ, ვირჯინიის უნივერსიტეტში სწავლისას, 20 წლის ჟულიენ გრინი პირველად შეძლებს თავის სექსუალურ ორიენტაციასთან გაწონასწორებას: საკუთარი სწრაფვებისათვის სახელის დარქმევა და საკუთარ თავთან გამოტყდომა მან მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა ანტიკური სამყაროს პროფესორის ლექციაზე ყური მოჰკრა ძველ ბერძენთა შორის გავრცელებული ეროტიკული ცხოვრების რაგვარობას, _ “ტრფობას ჭაბუკების მიმართ”.
უნივერსიტეტის დიპლომის მიღებისას ევროპაში ჯერ კიდევ ბობოქრობს პირველი მსოფლიო ომი, ამიტომ ახალგაზრდა ნასტუდენტარს იტალიის ფრონტზე წითელ ჯვარში უწევს სამსახური.
ომის დამთავრებისთანავე იწყება ჟულიენ გრინის მოუქანცველი ლიტერატურული, ინტელექტუალური, კულტურული, საზოგადოებრივი და ეროტიკული ცხოვრება: პირველი ლიტერატურული წარმატებანი და ღამის ამხანაგის საძებრად გათენებამდე ქუჩა-ქუჩა ხეტიალი, მწვავე დისკუსიები ლიტერატურისა და თეოლოგიის შესახებ, მეგობრობა და მიმოწერა ანდრე ჟიდთან და ჟაკ მარიტენთან, ინდური ბუდიზმის საფუძვლებში ჩაღრმავება და ძველი ებრაულის შესწავლა ბიბლიის უკეთ გასაგებად.

ჟულიენ გრინის პირველი რომანი 1926 წელს იბეჭდება. მას მოდევნებული მისი ყოველი ახალი წიგნი სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ევროპასა თუ ორსავე ამერიკაში. სულ მალე მას, ფრანსუა მორიაკსა და ჟორჟ ბერნანოსთან, ივლინ ვოსა და გრეემ გრინთან ერთად, “კათოლიკური რომანის” საუკეთესო წარმომადგენლებს მიაკუთვნებენ (თუმცა 30-იანი წლების მიწურულამდე იგი საკუთარ თავს “გრილ კათოლიკედ” მიიჩნევს).

***

თავის მოგონებათა წიგნში _ “მოსაბრუნი წერტილი” _ (რომლის საბოლოო, გერმანული, რედაქცია ავტორმა თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1949 წელს, დაასრულა), კლაუს მანი, ჩვენი საუკუნის პირველი ნახევრის ევროპული და ამერიკული ინტელექტუალური ცხოვრების წარმოჩენისას, აღწერს თავის პარიზულ შეხვედრებს, 20-30-იან წლების იქაურ მჩქეფარე ლიტერატურულ, კულტურულ, ბოჰემურ ცხოვრებას, ქალაქს და გარემოს, სადაც ხშირად პოულობდა შვებას სახელოვანი მწერალი მამის არცთუ უსახელო მწერალი შვილი. პარიზელ მეგობართა და ნაცნობთა, ახლობელთა შორის _ ანდრე ჟიდის, ჟან კოკტოს, ჟან ჟიროდუს შემდეგ _ კლაუს მანი განსაკუთრებით გამოარჩევს ჟულიენ გრინს, რომლის რომანებს უკვე სახელი მოეხვეჭა მათი იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ავტორისათვის. და სწორედ აქ ელოდა მომავალ მემუარისტს მოულოდნელი გაკვირვება: იგი, ჟულიენ გრინის ადრეული წიგნების მკითხველი, დარწმუნებული იყო, რომ მათი ავტორი უკვე ხანშიშესული ბატონი უნდა ყოფილიყო, _ ალბათ, თეთრწვეროსანი, ჯანგატეხილი, წელში მოხრილი. ანდა განა სათუო იყო, სად ცხოვრობდა მწერალი? რა თქმა უნდა, იქ, სადაც მისი რომანების მოქმედება წარიმართება: სულისშემხუთველად შეზღუდულ, მოჩვენებითად ერთფეროვან ფრანგულ სოფელში ან პაწაწინა ქალაქში.

და რაოდენ მოულოდნელი იყო შეხვედრა პარიზულ სასტუმრო “ჟაკობში” ახალგაზრდა, ელეგანტურ, ტანად და მომხიბლავ მამაკაცთან, რომელიც “მეოცნებისა” და “ლევიათანის” ავტორი აღმოჩნდა. თავდაპირველად კლაუს მანს იგი სახელგანთქმული მწერლის ვაჟი ჰგონებია და უზომოდ გაჰკვირვებია, როცა მიმხვდარა, რომ სწორედ ეს, მის წინ მჯდომი გაფრანგებული ამერიკელი იყო ის რომანისტი, რომელიც იმგვარად აღწერდა სევდას, როგორც სხვა ვერავინ მის თანამედროვეთა შორის, _ უიმედო, უნათლო სევდას, საითკენაც, როგორც შინისკენ, ჩვენი ყველა გრძნობა მიედინება, რადგან ყოველი სხვა გრძნობა, როგორც გრინის უკვე სახელმოხვეჭილი წიგნები ცხადყოფდა, მხოლოდ და მხოლოდ სევდის უვერტიურაა.

ამ დროს, ხუთი წლით უმცროს კლაუს მანთან შეხვედრისას, ჟულიენ გრინი ჯერ ოცდაათი წლისაც არ იყო. კიდევ უფრო უცნაური იყო, რომ მწერლის ჭაბუკური სახე, _ მწერლისა, რომელიც ერთთავად ადამიანის ფარული ტკივილისა და ფარული შიშის შესახებ წერდა, _ არ იყო აღბეჭდილი იმ ტანჯვითა და ფათერაკებით, რომლებიც მას ასეთი სიღრმისეული ცოდნით აღეწერა. აშკარა იყო, რომ მისი იერი სრულიად უჩვეულო იყო, _ ხავერდოვნად მჭმუნვარე, თუმცა თვალშისაცემად მეტყველი და მძაფრი გამოხედვა, გაფანტული ღიმილი და იდუმალი მზერა, _ მაგრამ გერმანელი მემუარისტი გულდაწყვეტით წერს, რომ მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩასწვდომოდა ან თუნდაც შორიდან მიახლოებოდა იმის გაგებას, თუ საიდან საზრდოობდა ფრანგი მწერლის _ მოწესრიგებული, კორექტული, ხალისიანი ახალგაზრდა კაცის _ პოეტური მჭვრეტელობით აღსავსე ხილვები. რომელი კურთხევის თუ რომელი წყევლის წყალობით იცნობდა იგი ასე გაუშუალებლად ადამიანის სამშვინველის შემაძრწუნებელ ლაბირინთებსა და ჯურღმულებს?

მოგვიანებით, როცა კლაუს მანი და ჟულიენ გრინი საკმაოდ დაახლოებულან, გერმანელ კოლეგას მისთვის უკითხავს: “როგორ მოიპოვეთ ამგვარი მასალა? სად იპოვეთ? თქვენი პერსონაჟების მაგვართ ხომ ჩვენს წრეში ადამიანი ვერასოდეს შეხვდება”. კლაუს მანის სიტყვებით, მას სამუდამოდ დაამახსოვრდა ჟულიენ გრინის ღიმილიანი, არიდებული და მორიდებული პასუხი: “მაგრამ, ჩემო ძვირფასო, ჩემს რომანებს მე ხომ არა ვწერ! ჩემს ხელს სხვა მართავს, _ ვიღაც უცხო…”

კლაუს მანის სიტყვებით, ჟულიენ გრინი ამას სერიოზულად ამბობდა, და იგი სიმართლეს ამბობდა.

***

1938 წელს ქვეყნდება ჟულიენ გრინის “დღიურების” პირველი ტომი, რომელსაც სამოცი წლის განმავლობაში კიდევ 14 ტომი მოჰყვა, განთქმული დღიურები, რომელთაც არა მარტო ავტორი, არამედ მრავალრიცხოვანი მკითხველებიცა და კრიტიკოსებიც მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ, დღიურები, რომელთაც არაერთი შემფასებელი თავისი მნიშვნელობით, სიღრმით, სისხარტით ბლეზ პასკალის “აზრებს” უყენებს გვერდით. მსოფლიო ინტელექტუალურ წრეებში ფართო ყურადღებით მოცულ ამ ფურცლებზე ასახულია, ერთი მხრივ, ბრძენი და ცოცხლად მოაზროვნე ადამიანის ფიქრები, დაეჭვებანი, მსჯელობანი და, მეორე მხრივ, სახელმოხვეჭილი პროზაიკოსის შეუფარავად და გულახდილად აღწერილი ყოველდღიურობა _ მოგზაურობანი, შეხვედრები, საუბრები, გატაცებანი თუ გულისგაცრუებანი.

მეორე მსოფლიო ომისას, რომლის განმავლობაში ჟულიენ გრინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და ასწავლიდა, ქვეყნდება მისი ერთადერთი ინგლისურენოვანი რომანი _ “ბედნიერ დღეთა მოგონება”. ამავე დროს მწერალი იწყებს გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ ოკუპირებული საფრანგეთისათვის ანტინაცისტური რეგულარული რადიოპროგრამების მომზადებასა და გადაცემას.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ თითქმის ყოველწლიურად გამოდის მისი ახალი წიგნები, მათ შორის _ მწერლის შედევრად აღიარებული რომანი “მოირა”. გამოცდილებას უკვე სიბრძნის გალავანში შეუბიჯებია, შთაგონებას ოსტატობის მყარი საყრდენი მოუპოვებია, მწერლის სახელი კი ოკეანის ორსავე ნაპირას კლასიკური სინატიფისა და უწყების ფასეულობის საწინდარი გამხდარა.

ცდუნებასა და ხიბლს შერკინებულნი, რწმენისა და იმედის მოჭიატე შუქურას მინდობილნი, ჟულიენ გრინის პერსონაჟები _ გახლეჩილნი ხორციელ სურვილსა და სულიერ ამაღლებას შორის, დაწაფებულნი სასოებასა და თანალმობას, დაუოკებელნი ლტოლვისას და ლოცვისას, ტანჯულნი ჟინიანი ფიქრით და ჟინის შესახებ ფიქრით _ საკმაოდ უჩვეულოდ და უმეგობროდ გამოიყურებიან მოდერნისტული თუ, მით უმეტეს, პოსტმოდერნისტული რელიგიური ნიჰილიზმის, ზნეობრივი ფარდობითობისა და შემოქმედებითი თვითკმაყოფილების სამზერიდან.

როცა 1951 წელს ჟულიენ გრინი ანდრე ჟიდის გარდაცვალებას შეიტყობს, მას ქვითინი აუვარდება, ხოლო როცა გაზეთ “ფიგაროში” ფრანსუა მორიაკის სიტყვებს წაიკითხავს, რომ ჟიდმა ეშმაკის გზა აირჩია, იგი თავის დღიურში ჩაწერს: “რა იცის მორიაკმა? მხოლოდ ღმერთს ძალუძს საბოლოო განჩინების გამოტანა!”.

***

ჟულიენ გრინისა და კლაუს მანის პარიზული შეხვედრის შემდეგ წლებმა ჩაიარა. მეორე მსოფლიო ომისას ორივე ამერიკაში აღმოჩნდა. ჟულიენ გრინი, ამერიკის მოქალაქე, პრინსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი ხდება; კლაუს მანი, იმჟამად ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე, ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს და შეერთებული შტატების ჯარში იწყებს სამსახურს.

თუ ადრე ორივე მწერლის ინტელექტუალური, საზოგადოებრივი თუ ეროტიკული არჩევანი ასე აახლოებდა მათ ერთმანეთს, ამ დროს სულ უფრო და უფრო იმიჯნება მათი სულიერი და სოციალური ძიებების მიმართულებანი: ინდივიდუალისტური ეთოსიდან კოლექტივიზმისაკენ ერთმნიშვნელოვნად შებრუნებული კლაუს მანი, ამერიკული ცხოვრების სტილით აღფრთოვანების გარდა, სტალინისა და სტალინიზმის აპოლოგიას მიჰყოფს ხელს, ჟულიენ გრინი კი, ჯერ კიდევ 1939 წლიდან, _ მისი სიტყვებით, მისი “ხელმეორედ მოქცევის” დღიდან, _ დაჟინებით ცდილობს, გულწრფელ, მგზნებარე კათოლიკურ რწმენასთან მოარიგოს მხურვალე, თავშეუკავებელი ჰომოეროტიკული სწრაფვები.

როცა ჟინისა და ბანგის ქსელში გახლართული კლაუს მანი ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ფრანგულ კანში, თვითმკვლელობით დაამთავრებს სიცოცხლეს, ამ დროს _ ომის შემდეგ _ პარიზში დაბრუნებული ჟულიენ გრინის პიროვნული (და შემოქმედებითი) დაძაბულობა ნელ-ნელა განმუხტვისა და განწმენდისაკენ მიემართება. ბოლოს და ბოლოს იგი მტკიცედ გადაწყვეტს, წერტილი დაუსვას იმას, რასაც თავად “სექსუალურ შეშლილობას” უწოდებს. ლოცვის ძალაში მტკიცედ დარწმუნებული, იგი სულიერ დასთა საკრებულოს მოუხმობს, დაეხმარონ მას, რადგან თვითონ უძლური აღმოჩნდა დაეძლია საკუთარი სხეულის ძახილი. ორწლიანი მტკივნეული შინაგანი ბრძოლების შემდეგ ჩამოდგება გაწონასწორების ჟამი: იგი ახალ ადამიანურ განზომილებას მიაგნებს _ ხორციელებისაგან განწმენდილ სიყვარულს.

ჟულიენ გრინის ცხოვრებაში იწყება უსაზღვრო, უკიდეგანო, მღელვარე ბედნიერების ხანა. იგი ხელახლა აღმოაჩენს წმიდანთა შორის წმიდანს, ღმრთის გლახაკს, ფრანჩესკო ასიზელს, და წერს თავის ერთ უმშვენიერეს წიგნს _ “ძმა ფრანჩესკო”.

თუ სიჭაბუკეში მწერალი კლაუს მანს გამოუტყდა, რომ მის კალამს ვიღაც უცხო მართავდა, სიცოცხლის მიწურულს იგი, ფრანგული ლიტერატურის აღიარებული კლასიკოსი, ერთ ინტერვიუში ამბობდა: “მანამდე, 60 წლის განმავლობაში, მე მაცდური მაწერინებდა, შემდგომ კი წმიდა ფრანჩესკომ მიხსნა”.

***

ვატიკანის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების რეფორმებს და ეკლესიის განახლების კრებისშემდგომ სულისკვეთებას ჟულიენ გრინი კრიტიკულად და დაეჭვებით შეხვდა, განსაკუთრებით _ კათოლიკურ ღმრთისმსახურებაში ლათინური ენის გაუქმებას. “მე არ ძალმიძს წმიდა მესა ვისმინო ცოდვის ენაზე (ფრანგულად) ან დანაშაულის ენაზე (ინგლისურად)”, _ განაცხადა მწერალმა, რომლის წიგნები ფრანგულად და ინგლისურადაა დაწერილი.

1971 წელს, ფრანსუა მორიაკის გარდაცვალების შემდეგ, ჟულიენ გრინი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. თავის ოთხასწლოვან ისტორიაში “უკვდავთა ორმოცეულმა” პირველად მიიწვია აკადემიკოსის სავარძლის დასაკავებლად არაფრანგი, _ ამისათვის მას სასწრაფოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს (ამერიკის მოქალაქეობის შენარჩუნებასთან ერთად), რაც მოკეთეებმაც და მტრებმაც იშვიათ პატივად მიიჩნიეს.

ჟულიენ გრინის შემოქმედება, რომლის თაყვანისმცემლები იყვნენ კარლ გუსტავ იუნგი და ჰერმან ჰესე, ელიოტი და რილკე, არტურ კოსტლერი და ჯორჯ ორუელი, ცივილიზებული სამყაროს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. გალიმარის გამომცემლობამ “პლეადის” სახელგანთქმულ სერიაში გრინის ნაწერების სრული კრებულის გამოცემა მწერლის სიცოცხლეშივე დაიწყო _ ამგვარი საპატიო გამონაკლისი გასული საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ჟიდისა და მალროს მიმართ იქნა დაშვებული. გამომცემლობამ მკითხველს შესთავაზა ჟულიენ გრინის 18 რომანი, დღიურების 15 ტომი, 5 პიესა, მოგონებათა 5 ტომი, ესეების 6 კრებული და, რაც მთავარია, იმგვარი ფრანგული ენა, რომელიც, თუ საქმის მცოდნეებს ვენდობით, ისეთივე მშვენიერი, კეთილშობილი და დახვეწილია, როგორც პოლ ვალერის, მარსელ პრუსტის ან ანდრე ჟიდის ფრანგული.

“რწმენა წყალზე სიარულს ნიშნავს”;
“მზად იყო სიცოცხლე გასწირო იმ ადამიანისათვის, რომელიც არასოდეს გინახავს, რომლის ხმაც არასოდეს გაგიგონია, _ აი, ეს არის მთელი ქრისტიანობა”;
“ჩემი დაცემისას თუნდაც ისე ღრმად ჩავინთქა, რომ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდე, ღმრთის მკვლავები საკმარისად გრძელია იმისათვის, რათა მე იქიდან ამომიყვანოს” _
ეს ფრაზები ჟულიენ გრინის “დღიურებიდანაა” ამოკრეფილი, _ მწერლისა, რომელსაც კიდევ ოთხი წელი რომ ეცოცხლა, დღეს 102 წლისა შესრულდებოდა.

სექტემბერი, 1998; სექტემბერი, 1999; სექტემბერი, 2002

პირველად გამოქვეყნდა:
ჩვენი მწერლობა, # 36 (114), 6-13 სექტემბერი, 2002.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button