განხილვაზოგადი განათლება

ილია ჭავჭავაძე განდეგილი – განხილვა

ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის არც ერთ ნაწარმოებს არ გამოუწვევია აზრთა ისეთი სხვადასხვაობა, როგორც „განდეგილს“. ეს ფაქტიც ადასტურებს ნაწარმოების დიდ ღირსებას. ცხადია, ამ პოემაში არის რაღაც ისეთი, რაც მკითხველს და კრიტიკულ აზრს დღესაც არ აძლევს ნებას აქციონ იგი ისტორიის კუთვნილებად.

„განდეგილის“ გამოქვეყნებისთანავე მის შესახებ მსჯელობა ძირითადად ორი მიმართულებით განვითარდა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ილიამ პოემაში დაგმო განდეგილობა, ხოლო მეცნიერთა მეორე ჯგუფის თვალსაზრისით, ეს პოემა შეიქმნა ღვთისმსახურებისადმი დიდი სიყვარულით, რომ ნაწარმოებში ამ სოფლის დატოვება და ლოცვაში სიცოცხლის გატარება იდეალად არის დასახული.

მკვლევართა ის ნაწილი, რომელიც განდეგილობას სულიერი ღვაწლის არასწორ გზად მიიჩნევდა, თვლიდა, რომ ამ პოემით ილია გმობდა განდეგილობას, ამავე დროს ნაწარმოების ანალიზს უმეტესად დიდაქტიკურ-ალეგორიული პრინციპებით ახდენდა, მიუთითებდა რა მასში მყინვარისა და თერგის ალეგორიაზე, მოძრაობისა და უძრაობის პრობლემის ფილოსოფიურ გადაწყვეტაზე. ბოლო ხანებში ილიას „განდეგილის“ შესახებ მეტად საინტერესო ნაშრომები გამოქვეყნდა, რომელთა ჩამოთვლა და ზედაპირული განხილვაც კი წერილის პირობებში შეუძლებელია. მხოლოდ ზოგადად აღვნიშნავთ: ამ გამოკვლევებში უფრო სწორად არის წარმოჩენილი ილიას დამოკიდებულება ღვთისმსახურებისადმი, თუნდაც ბერ-მონაზვნებისადმი და მათი ღვაწლისადმი (5, 6, 7, 8 და ა.შ.) მკვლევარები მსჯელობენ ძირითადად იმის შესახებ, რომ ილია პოემაში გვიჩვენებს მისი მთავარი გმირის სულიერ დაღმასვლას (ან სულაც სულიერ უძრაობას, მის შეჩერებას სულიერი აღშენების გზაზე. 7), ე.ი. იმას, თუ როგორ აღმოჩნდა განდეგილი ბერი სულიერი სიმაღლიდან ცოდვის უფსკრულში. თავისთავად ეს ცხადი და ნათელი აზრი ზოგიერთ შემთხვევაში კვლავ საქართველოს ცხოვრების ალეგორიული ასახვის მიმართულებით ვითარდება და ამგვარ სახეს ღებულობს: „განდეგილში“ მთავარი გმირის ცოდვითდაცემასთან ერთად ნაჩვენებია ერის სულიერი დაცემის სურათი.

როგორც ვხედავთ, პოემის შესახებ არსებული ძირითადი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებანი გარკვეულ შემთხვევებში „განდეგილს“ მაინც ავტორის საზოგადოებრივ-პატრიოტული ხასიათის გულისტკივილს უკავშირებს და პოემის ანალიზს საქართველოს ცხოვრების ალეგორიული ასახვის თვალსაზრისით ამჯობინებს.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ შემდეგს: ჩვენი აზრით, თავისთავად სწორია იმ მკვლევართა მეთოდი, რომელნიც „განდეგილზე“ მსჯელობას სწორედ ილიას ღვთისმსახურებისადმი, ბერმონაზვნობის, განდეგილობის პრობლემისადმი დამოკიდებულების საკითხის განხილვით იწყებენ. რა თქმა უნდა, დავას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ ილიასათვის ადამიანის სულიერი ამაღლება და სულიერებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მისთვის ამდენად გარკვეული იქნებოდა ბერ-მონაზონთა უდიდესი ღვაწლი ერის სულიერი, ზნეობრივი ცხოვრებისათვის. ამაში დაეჭვების საფუძველს, რა თქმა უნდა, არც „განდეგილი“ იძლევა.

ილიამ ხომ დაუნდობლად ამხილა მე-19 ს. საქართველოს სინამდვილე; მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რა სჭირდებოდა მის ქვეყანას. მან ასე მიმართა სამშობლოს: „ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული… მწარე ცრემლს დაღვრის („აჩრდილი“).

ილიას ცხოვრება და შემოქმედება ქრისტიანული ზნეობის ქადაგებაა. მან ხომ ადამიანის უპირველეს მიზნად უზენაესი სრულყოფისაკენ ლტოლვა დაისახა. „ნუთუ არ იცი, რას გვამცნობდა ღმერთი ჯვარცმული, როს ბრძანა: „ვითა მამა ზეცის, იყავნ შენც სრული“ („როდემდის“). გავიხსენოთ მისი მიმართვა ლუარსაბ თათქარიძისადმი: „ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრული“. აბა ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ?“ ამგვარი მაგალითი უამრავი შეიძლება მოვიტანოთ ილიას შემოქმედებიდან. გავიხსენოთ თვითონ პოემა „განდეგილშიც“ განდეგილის გარეგნობა ან ილიას სიტყვები ბეთლემის შესახებ. განდეგილს ხომ სულიერი სიმაღლისა და სიდიადის უტყუარი შარავანდედი ადგას თავს. „სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა… და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს შარავანდედი გადაჰფენოდა“. ასევე ამაღლებულად ხატავს ილია ღვთის ტაძარს – ბეთლემს. ილია პოემის დასაწყისში საგანგებოდ უსვამს ხაზს ამ ტაძრისა და განდეგილი ბერების მადლს: „იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი მთიულთა შორის ყველგან განთქმულა… და ეს ადგილი, ეს არემარე ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა.“

ილიას მთელი შემოქმედებიდან, თუნდაც პოემა „განდეგილიდან“ აშკარაა, თუ რას ნიშნავდა წმ. ილია მართლისათვის სულიერი ღვაწლი, ლოცვა. სხვა ვინ და ილიამ კარგად იცოდა, რომ ქრისტეს მოძღვრება იყო მთელი ერის მხსნელი და სულიერად განმასპეტაკებელი საუკუნეების მანძილზე და ასე იქნებოდა მომავალშიც. ილიას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან აშკარად ჩანს, რომ ილია ბერ-მონაზონთა ცხოვრებას სულიერებისა და ზნეობრიობის უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევდა. ილიას, ცხადია, არ შეეშლებოდა სულიერი სიძლიერითა და სიწმინდით აღსავსე ბერ-მონაზონთა ღვაწლის, მათი მადლისა და დამსახურების შეფასება როგორც საერთოდ ადამიანის სულისათვის, მისი ზნეობრიობისათვის, ასევე მთელი ერისათვის, თუნდაც ისტორიული თვალსაზრისით. ბერის ლოცვა და სულიერი სიწმინდე მუდამ სჭირდებოდა ქვეყანას.

ილიას შემოქმედება, თვითონ „განდეგილიც“ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოემაში წარმოდგენილი ერთი კონკრეტული ბერის სულიერი ცხოვრება და ტრაგედია განვაზოგადოთ და ამ ტრაგედიიდან გამომდინარე ვამტკიცოთ ის, რომ ილიამ გვიჩვენა განდეგილური ღვაწლის უაზრობა ან მისი მიუწვდომლობა, რომ მან უარყო ბერ-მონაზონთა დანიშნულება, (ამის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ მსჯელობს მ. ნინიძე დასახელებულ წიგნში 8.23-30). ჩვენი აზრით, შესაბამისად აქედან ვერ განვითარდება აზრი პოემაში მოძრაობის და უძრაობის პრობლემის დაპირისპირების შესახებ. ამავე დროს სწორედ იმიტომ, რომ განდეგილი ერთი კონკრეტული პირია, ასევე ჩვენი აზრით, მისი ცხოვრება და ტრაგედია არ უნდა განვაზოგადოთ არც იმ მიმართულებით, რომ ვილაპარაკოთ ამ პოემაში ქართველი ერის სულიერი დაცემის სურათის გამოვლინებაზე; იმაზე, რომ „ოდესღაც რწმენის ძალით ამაღლებული, ღმერთთან მიახლოებული საქართველო საწუთროს ხიბლმა აცდუნა, ხორციელმა ვნებამ დაამხო და უიმედობამ დასაღუპად გაწირა“… ბეთლემი – ერის სულიერი ზესწრაფვის და ზნეობრიობის მწვერვალი დაცარიელდა იმიტომ, რომ ერმა ერობა ვერ შეძლო და ბერმა- ბერობა (8.97,99).

ვფიქრობთ, ილიას ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ხასიათის ნაწარმოებ „განდეგილში“ ერთი კონკრეტული ბერის მაგალითის საშუალებით დასმულია საკითხი, რამდენად ძნელია ადამიანისათვის ამ ცხოვრების დათმობა, განდგომა, მხოლოდ ლოცვა, უარის თქმა ყოველგვარ ხორციელ, მიწიერ სურვილზე. პოემაში მთავარია ადამიანის არსებაში აღძრული სულისა და ხორცის ჭიდილის პრობლემა. ცნობილია, რომ ამ თემაზე მსოფლიო ლიტერატურაში რამდენიმე ნაწარმოები არსებობს (ლერმონტოვის, ემილ ზოლას, ფლობერის, ტოლსტოის ნაწარმოებები). რატომღაც ბოლო დროს ზოგიერთი მკვლევარი საჭიროდ არ მიიჩნევს ილიას პოემის პრობლემათა დაკავშირებას მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებთან, სკოლაში „განდეგილის“ სწავლებას უფრო მეტად ქართულ სინამდვილესთან გააზრებით ამჯობინებს (8.15), ფაქტია და ამას ბევრი მკვლევარიც აღნიშნავს, რომ „განდეგილზე“მსჯელობა ამავე თემაზე შექმნილი სხვა ერთა ლიტერატურის ნიმუშების გათვალისწინების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. ამ ნაწარმოებთა თემა ერთია, მათში ერთი საკითხია წამოჭრილი, გზაც ტრადიციულია, როგორც სავსებით მართებულად აღნიშნავს ა. ბაქრაძე, „განდეგილში ილიას გამოყენებული აქვს ცოდვითდაცემის კლასიკური სიუჟეტი“ (1.108); „ილია ტრადიციულ გზას მიჰყვება, ასეა სიტყვაკაზმული მწერლობის სხვა ნიმუშებშიც, სადაც ცოდვით დაცემის სიუჟეტია გამოყენებული“(1.106).

„განდეგილის“ პრობლემათა გააზრება მსოფლიო ლიტერატურასთან კავშირში აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს ნაწარმოები, რომელიც, შესაძლოა, მივიჩნიოთ „განდეგილის“ ლიტერატურულ წყაროდ. ეს არის ილიასავე თარგმნილი ცნობილი გერმანელი ეგვიპტოლოგისა და რომანისტის გეორგ ებერსის (1837-1898) რომანი „Homo sum“. ეს რომანი გ. ებერსმა 1878 წელს დაწერა. ნაწარმოები იმ წელსვე ითარგმნა რუსულად და გამოიცა 1878 წლის ივლისში. როგორც ირკვევა, ეს რომანი ილიამ ამ რუსული წყაროდან თარგმნა და სათაურით „რამეთუ კაცი ვარ“ გამოაქვეყნა „ივერიის“ 1878-1879 წ. ნომრებში. რომანი ითარგმნებოდა ბეჭდვის პროცესის დროს და ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა „ივერიის“ ფურცლებზე. ეს თარგმანი ილიას თხზ. ადრეულ გამოცემებში არ დაბეჭდილა. პირველად ი. ჭავჭავაძის თხზ. ხუთტომეულში (1988 წ.) იქნა შეტანილი. (ტ. III).

„განდეგილისა“ და ებერსის რომანის ილიასეული თარგმანის შედარების საშუალება ჩვენ ამჟამად არ გვაქვს, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ ნაწარმოებებს საერთო აქვთ არა მხოლოდ თემა, არამედ ძირითადი იდეა, რამდენიმე მომენტი; რაც მთავარია, საერთოა ამ ნაწარმოებთა გმირების ფსიქოლოგიური პორტრეტები, ზოგჯერ სულიერი ბრძოლის სურათები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ილიას „განდეგილი“ ცალკეულ შემთხვევებში ინარჩუნებს ამ გერმანული რომანის ქართული თარგმანის ენობრივ ქსოვილს: საერთოა ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა.

გ. ებერსის ნაწარმოების ილიასეული თარგმანის გაცნობის შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ განდეგილობის საკითხი, ადამიანში სულისა და ხორცის ჭიდილის პრობლემა ილიას ყრმობიდანვე აინტერესებდა. გავიხსენოთ ილიას ახალგაზრდობისდროინდელი ოცნება ბერად შედგომაზე ან თუნდაც მწერლის ფრაგმენტული ხასიათის ჩანაწერები, რომელთაც გამომცემლებმა პირობითად „ირაკლი“ უწოდეს და ასევე პირობითად დაათარიღეს. საერთოდ „განდეგილის“გამოქვეყნებისთანავე ქართველი საზოგადოება დაინტერესდა პოემის შექმნის წყაროთი. ერთნი პოემას უცხოური თხზულებების გავლენით შექმნილ ნაწარმოებად თვლიდნენ, ხოლო მეორენი „განდეგილის“ ავტორის შთამაგონებელ წყაროდ ხევში გავრცელებულ ხალხურ ლეგენდას მიიჩნევდნენ.

გ. ებერსის რომანის ილიასეული თარგმანის არსებობა, ჩვენი აზრით, ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ დასავლეთ ევროპის ლიტერატურის გაცნობით მიღებული შთაბეჭდილება, მის მიერვე თარგმნილი გ. ებერსის რომანით გამოწვეული ზემოქმედება 1879 წლიდან 1883 წლამდე ილიამ საკუთარ შემოქმედებით ქურაში გადაადნო, ეს გავლენა მან ქართულ ლიტერატურულ და ფოლკლორულ ტრადიციებს, აგრეთვე ეთნოგრაფიულ მასალას დაუკავშირა და მის მხატვრულ წარმოსახვაში თანდათან გამოიკვეთა ქართული ლიტერატურის უბრწყინვალესი ნაწარმოების „განდეგილის“ სამყარო.

„განდეგილის“ კავშირი ქართულ სინამდვილესთან, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად გამოხატულია პოემაში იმ მასალის არსებობით, რაც ქართულ ხალხურ სიტყვიერებასა და ეთნოგრაფიაშიცაა ცნობილი. განდეგილის სამყოფი მყინვარწვერის ბეთლემია. საქართველოს ისტორია, თუ ეთნოგრაფიული მასალა მოწმობს, რომ ბეთლემი ძველთაგანვე ითვლებოდა უწმინდეს ადგილად და იქ მართლაც ბინადრობდა განდეგილთა კრებული. წმინდანობის სიმბოლოები (მზის სხივზე წიგნის დაყრდნობა და წმინდა ჯაჭვი) საკმაოდ გავრცელებული ყოფილა საქართველოს მთიანეთის, კერძოდ, ხევის ხალხურ სიტყვიერებაში. გრ. ყიფშიძის მოგონებანი და პოემის შემოქმედებითი ისტორია ცხადყოფს, რომ ილიას დიდი მუშაობა გაუწევია „განდეგილის“ შესაქმნელად. მას რამდენჯერმე შეუცვლია პოემის სათაური. მწერალს პოემისათვის თავდაპირველად უწოდებია „მეუდაბნოე“ (გ. ებერსის რომანი მოგვითხრობს სინას მთაზე მცხოვრები განდეგილების შესახებ), შემდეგ – „ბეთლემი“, ბოლოს – „განდეგილი“. (განდეგილი აღმოცენებულია ძველი ქართული სიტყვის „განდგომილის“ საფუძველზე (2).

საყურადღებოა ერთი გარემოებაც: როგორც გრ. ყიფშიძე გადმოგვცემს: „განდეგილის“ პორტრეტი (V თავი) ილიას პოემის დასრულების შემდეგ ჩაუმატებია იონა მეუნარგიას შენიშვნის თანახმად (3..270). ხოლო ს. ცაიშვილის აზრით, განდეგილის გარეგნობის აღწერა უკავშირდება ძველ ქართულ ლიტერატურულ ტრადიციას: „პოემაში სიმძიმის ცენტრი გადატანილია სულიერ მოძრაობებზე, გავიხსენოთ ანალოგიური სტილით ნაწერი გრ. ხანძთელის პორტრეტი…“ (2).

„განდეგილის“ ამ ლიტერატურული წყაროს არსებობა ოდნავადაც არ ამცირებს ილიას დიდებული პოემის ღირსებას, არ გულისხმობს ამ ნაწარმოების გამოცალკევებას ილიას მთლიანი შემოქმედებიდან და მის დაკავშირებას მხოლოდ უცხოურ წყაროსთან. და მაინც ეს ფაქტი გარკვეულად ეწინააღმდეგება პოემის წარმოდგენას მკვეთრად ალეგორიულ ნაწარმოებად, მწირის განცდების დაკავშირებას ილიას საზოგადოებრივი ხასიათის გულისტკივილთან და მწერლის პატრიოტულ სულისკვეთებასთან. ეს ლიტერატურული წყარო ადასტურებს იმ აზრს, რომ ილია ჭავჭავაძე დაინტერესდა ცხოვრებისაგან განდგომილი კაცის ფსიქოლოგიით, დაინტერესდა იგი განდეგილი ბერის არსებაში აღძრული ხორცისა და სულის ჭიდილის პრობლემით.

განდეგილისა და მწყემსი ქალის დიალოგი ადამიანის სულისა და ხორცის ურთიერთბრძოლის კონკრეტული გამოხატულებაა. ქალი უნებურად შეიჭრა განდეგილი ბერის სენაკში. საცდური უნებურად არსებობს, ძნელია, მრავალთათვის შეუძლებელია ხორციელ სურვილებზე ამაღლება, ხორციელ მოთხოვნილებათა საბოლოო დათრგუნვა მხოლოდ რჩეულთ ძალუძთ. ეს სიძნელე კარგად ჩანს განდეგილის პიროვნებიდან. მისი ცხოვრება, რომელმაც ჩვენს თვალწინ გაიელვა, შეიცავს რამდენიმე ისეთ მომენტს, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ცხოვრებისაგან განდგომილი კაცის, განდეგილი ბერის არსებაში მიმდინარე ბრძოლას სულიერ მისწრაფებებსა და ხორციელ მოთხოვნილებათა შორის.

გავიხსენოთ განდეგილის ცხოვრების ის ეპიზოდი, როდესაც ჯერ არსად არა ჩანს მწყემსი ქალი. განდეგილი ჩამავალ მზეს უყურებს. ჩვენი აზრით, ილია ამ შემთხვევაში წარმოგვიდგენს განდეგილი ბერის სულიერ სამყაროში მისდა გაუცნობიერებლად არსებულ ინტერესს ამქვეყნიური ცხოვრებისადმი. „ლოცვით დაღლილი“ განდეგილი ზღუდის კარებიდან „დაფიქრებული გადმოჰყურებს მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა“. მზე ჯერ არ ჩასულა, „მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი, ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო, ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი, წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა“. ამ წითლად და ყვითლად აღუებულ ლაჟვარდს, „შორს სხივებში ათასფრად ათრთოლებულ“ ღრუბელს შესცქერის განდეგილი და ყოველივე ამისგან იგი „წარტყვევნილ იქმნა“. „ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას შესცქერდა მზესა განცვიფრებული“. უფლისმიერი მადლით განმსჭვალული ასკეტი ხორციელი თვალით დანახულმა სურათმა განაცვიფრა. განცვიფრება ძალაუნებურად აღფრთოვანებასაც გულისხმობს. აქ მთავარია მიზეზი განდეგილის ასეთი სულიერი მდგომარეობისა: ძნელია დათრგუნო ხორციელი თვალი, ძნელია უყურო ჩამავალ მზეს და მისგან შობილ მშვენიერებას და არ აღფრთოვანდე. მზის ჩასვლა ისეთივე ბუნებრივი სანახაობაა, როგორც ბუნებრივია მწყემსი ქალის უნებურად დასმული კითხვები. რადგან ადამიანი ხარ, შექმნილი სულისა და ხორცისაგან, იძულებული ხარ დაინახო ხან ჩამავალი მზე, ხან ყმაწვილი ქალი „სავსე სიცოცხლით, სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით“.

პოემის დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ განდეგილი არ არის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება, რომ მისი ხასიათი დისჰარმონიულია. მას თითქოს თან სდევს რაღაცის შიში. ამიტომაც „თავის სიწმინდეს ყოველდღე თურმე ამ სასწაულით შეიმოწმებდა“. გავიხსენოთ მისი ფიქრები მწყემსი ქალის გამოჩენისას, მისი მუდმივი შეგრძნებები ღვთის მოსალოდნელი გამოცდისა: „ღმერთს სწადიან მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს“… მწირს ხმა ეოცა… ქალის ხმას ჰგვანდა… შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან, ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა განსაცდელი რამ მას მოუვლინა?“… და დაუწყნარდა ძალს შვენებისას იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი“. განდეგილმა „უცოდველი გულისტკივილით ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი“. ილია შემთხვევით არ ხმარობს სიტყვებს. „გულისტკივილი“, თუმც ჯერ უცოდველი და „ტყვექმნილი თვალი“ განდეგილის არსებაში მიმდინარე სულისა და ხორცის ჭიდილის გამოხატულებაა.

ილიას „განდეგილში“ ჩვენს თვალწინ იკვეთება კონკრეტული ბერის – ბეთლემის წმიდა ადგილს შეფარებული განდეგილის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი და საინტერესოა მსოფლიო ლიტერატურაში არსებულ მსგავს პორტრეტთა შორის. განდეგილის სულიერი სიწმინდე ხორციელმა თვალმა სძლია. ცოდვითდაცემა მოხდა (სახარება გვეუბნება, რომ ცოდვის ჩადენის სურვილის არსებობაც შეცოდებას უდრის… მათე. .5..28). ამით ილიამ დაგვანახა სულიერი სიწმინდისაკენ, უზენაესთან მიმსგავსება-მიახლებისაკენ სავალი გზის სიძნელე, გვითხრა, რომ ამ გზაზე სიარული ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოჩენას საჭიროებს. ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოვლენა კი მაშინ ხდება აუცილებელი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ძალას ატანს, საკუთარი გონების მართვა აღარ შეუძლია, ამ გონებაზე მბრძანებლობას მისი გრძნობები იწყებენ. განდეგილისათვის მწყემსი ქალი იმიტომ იქცა საშიშროებად, ბერს იმიტომ დასჭირდა ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოვლინება და ძალდატანება, რომ გრძნობითმა ინსტიქტებმა მას აუწყა: თურმე ბედნიერებას, სიხარულს არ ანიჭებდა მისი ცხოვრება, მის მიერ არჩეული გზა ტანჯვის გზა ყოფილა მისთვის: „ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსაო“, – თქვა მან. ეს სიტყვა ხომ განვლილი ცხოვრების სამდურავია, „ბედნიერების დამკარგავი“ კაცის „აღმოკვნესაა“, ხოლო ცოდვისაკენ ლტოლვა, ეს „არცნობილი სიტკბოება“ კი „სულისათვის აღთქმულ უკვდავებას“ გაუტოლდა. ალბათ, რაღაც ეტაპი, ზღვარი უნდა გადალახოს განდეგილმა ბერმა, რომ მისთვის ამგვარი საცდური ასეთი დამღუპველი არ აღმოჩნდეს; რაც მთავარია, მისმა ცხოვრებამ: მხოლოდ ლოცვამ და განდეგილობამ მიანიჭოს მას უდიდესი სიხარული, სიმშვიდე და შვება, მან იგრძნოს თავი ბედნიერად და არა უბედურად. ამ თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა ა. ბაქრაძის აზრი: „განდეგილისა და მწყემსი ქალის შეხვედრა მოხდა ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის პირველ საფეხურზე, როცა კავშირი მათ შორის ხორციელდებოდა გრძნობის სურვილით და არა გონების ნებით, როცა განდეგილი ჯერ კიდევ გაორებული იყო“. (1. 102).

ჩვენი აზრით, ილიას პოემა „განდეგილში“ აღძრული პრობლემები, განდეგილის ცხოვრება და ტრაგედია შეიძლება ამგვარად განვაზოგადოთ: განდეგილისა და მწყემსი ქალის დიალოგი – ეს არის მარადიულად არსებული ხორცისა და სულის დიალოგი. ეს დიალოგი კი ადამისა და ევას გაჩენიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხორციელ მოთხოვნილებებსა და სულიერ მისწრაფებათა შორის ჭიდილი მარადიული პრობლემაა და თითოეული ჩვენთაგანი ვატარებთ ჩვენს არსებაში ამ ბრძოლის ნიშნებს. ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მას ხორცის გარდა სულიც აქვს, ქრისტიანული მცნებების დაცვა ყოველი ადამიანის შინაგან მოთხოვნილებად უნდა იქცეს, ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის უზენაესთან მისამსგავსებლად. ეცადოს, „ვით მამა ზეცის, იყოს ისიც სრულ“. დათრგუნოს ბოროტება, ეზიაროს სიკეთეს. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მწყემსი ქალი ბოროტებაა, თავისთავად ცხოვრებაა ბევრი ბოროტების შემცველი. ხორციელებაზე ამაღლება კი რიგ შემთხვევაში სწორედ სატანურ, ბოროტულ საწყისთან ბრძოლას გულისხმობს.

ამიტომაც არა მხოლოდ ამ ცხოვრებისაგან განდგომილი ბერის არსებაში, არამედ საერთოდ ადამიანშიც ყოველდღიურად ვლინდება ბრძოლა ხორცსა და სულს შორის. ქრისტიანულ მცნებათა შესრულება ხომ თავისთავად მოითხოვს და გულისხმობს დიდ სულიერ სიმაღლეს. მაგრამ ხორცისა და სულისაგან შექმნილი ადამიანისათვის სულის გადარჩენა, სულიერი სიწმინდის მიღწევა, მაღალზნეობრიობა ადვილი არ არის, გარშემო ხომ უამრავი საცდური არსებობს. ამიტომ ყოველივე ამას ჯვარცმული ქრისტეს ძალა, დიდი ნებისყოფა და, რაც მთავარია, რწმენა სჭირდება. რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ ადამიანს მისი სულიერი სიწმინდე, საერთოდ მის მიერ არჩეული ყოფა ანუ ცხოვრების გზა ანიჭებს დიდ ბედნიერებას და სიხარულს. განდეგილის ფსიქოლოგიური პორტრეტი ამისთვის დასჭირდა დიდ მწერალს. რაკი განდეგილს ეს თვისებანი: ნებისყოფა, სიმტკიცე, ძალა და, რაც მთავარია, რწმენა (რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ იგი ბედნიერია თავისი განდეგილობით და არა უბედური) არ აღმოაჩნდა, რაკი მან ვერ შეძლო უშფოთველად აევლო გვერდი საცდურისათვის, გაეგრძელებინა ადრინდელი ცხოვრება, ამიტომაც იგი ტრაგიკულ პიროვნებად იქცა და დაიღუპა კიდეც.

კვლავ ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, სულიერებაზე ზრუნვა ზნეობრივი იდეალების დაცვა და ამისათვის გამოვლენილი სიმტკიცე და ნებისყოფა ყოველ დროსა და ეპოქაში სჭირდება ადამიანს. ეს ისეთი სულიერი ფასეულობანია, რომლის ასახვა მუდამ იყო ლიტერატურის პირდაპირი დანიშნულება და მიზანი. ქართული ლიტერატურა, „შუშანიკის წამებიდან“ მოყოლებული დღემდე, ამის თვალსაჩინო ნიმუშია. შუშანიკ დედოფალსაც დასჭირდა სულიერი ბრძოლა და ნებისყოფა, სული და მისი ზნეობრივი იდეალები დაეყენებინა ხორციელ დიდებაზე მაღლა, აბო თბილელსაც, გრიგოლ ხანძთელსაც, ქეთევან დედოფალსაც და მრავალ სხვათაც. საუკუნეებს გადასწვდა მათი ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოვლენის ფაქტი, სულიერებაზე ზრუნვისა და სულიერი სიწმინდისათვის ხორციელების გაწირვის დიდი უნარი. ყოველივე ამან კი შეიძინა ყოვლისმომცველი ღირებულება და ნებისმიერი ეპოქისათვის საინტერესო ნაწარმოებებად აქცია ისინი.

ჩვენი აზრით, ილიას „განდეგილი“ რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, მწერლის საზოგადოებრივი ხასიათის გულისტკივილს ან მის პატრიოტულ სულისკვეთებას არ უკავშირდება. მასში არ ჩანს საქართველოს ცხოვრების ალეგორიული ასახვა არანაირი თვალსაზრისით, პოემაში არ არის წარმოდგენილი არც აქტიური და პასიური ცხოვრებისეული პოზიციის დაპირისპირება და არც ერის სულიერი დაცემის სურათია გამოვლენილი. „განდეგილი“ ისევე, როგორც მსოფლიო ლიტერატურაში არსებული რამდენიმე ნაწარმოები და მათ შორის ილიასავე თარგმნილი გერმანელი მწერლის გ. ებერსის რომანი „რამეთუ კაცი ვარ“, გარშემო უტრიალებს მარადიულ „წყევლა-კრულვიან“ საკითხს, სულისა და ხორცის ჭიდილს ადამიანის სულიერ სამყაროში. წარმოგვიდგენს განდეგილი ბერის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ამ ჭიდილის პროცესში. ილიას ნაწარმოებთა უმეტესობა ხომ მისი დიდი ეროვნული სატკივარის გამომხატველია. ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია ეს ეროვნული სატკივარი „მგზავრის წერილების,“ „ბედნიერი ერის,“ „კაცია-ადამიანის“ და სხვათა წაკითხვის შემდეგ „განდეგილში“ აღარ ვეძიოთ.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button