ჯესიკა კოქსი: უხელებო პილოტი
არიზონაში, 1983 წელს დაბადებულმა ჯესიკამ ისწავლა, როგორ ეცხოვრა მხოლოდ ფეხებით.
ჯესიკა იშვიათი დარღვევით დაიბადა, მას ხელები არ ჰქონდა. მშობიარობამდელ პერიოდში ჩატარებულმა ტესტებმა ვერ გამოავლინა, რომ ნაყოფს რაიმე სახის დეფექტი ჰქონდა. თუმცა მას ორი კიდური აკლია, სამაგიეროდ უდიდესი შემართებით გამოირჩევა. არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა ჯესიკა ,,ნორმალურად’’ ცხოვრებას. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მამამისს არასდროს დაუღვრია ცრემლი შვილის მდგომარეობაზე და გოგონას შესაძლებლობებში ღრმად იყო დარწმუნებული. მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომით, ჯესიკა თავდაჯერებული გახდა.
ბავშვობაში, გოგონა ტაეკვანდოსა და ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა. ყველა პედაგოგი იმაზე მეტს აკეთებდა ვიდრე ფიზიკურად იყო შესაძლებელი. როდესაც პირველი წარმოდგენა გაიმართა, მან უკანა რიგებში დადგომა ითხოვა, თუმცა მასწავლებელმა უთხრა, რომ იქ უკანა რიგი არ იყო. მაშინ, ჯესიკა სხვა ბავშვებს შეერია და ცეკვა შეასრულა. გამოსვლის დასასრულს, აპლოდისმენტებმა მას მხნეობა და თავდაჯერებულობა შემატა და ცეკვა 14 წლის განმავლობაში განაგრძო ხოლო 14 წლის ასაკში, ჯესიკამ პირველი შავი ქამარი ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო.
დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფეხებით თავისუფლად შეუძლია წერა, კომპიუტერზე ტექსტის აკრეფა, მანქანის მართვა, თმის დავარცხნა, ტელეფონზე საუბარი. არის ყოფილი მოცეკვავე და აქვს მეორე დანის შავი ქამარი ტაეკვანდოში, ასევე წუთში 25 სიტყვის აკრეფა შეუძლია. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ თვითმფრინავის მართვაც შეუძლია.
იგი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი ადამიანი, რომელიც თვითმფრინავს მხოლოდ ფეხებით მართავს. ამჟამად, ჯესიკა მოტივაციურ სპიკერად მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში, უზიარებს თავის ისტორიას ხალხს და შთააგონებს, იყვნენ მეტად კრეატიულები და მოტივირებულნი.
თვითმფრინავს, რომელსაც მართავს, ერკუპი (Ercoupe) ჰქვია და სპეციფიკური დიზაინი აქვს – საჭის პედლების გარეშეა. ასეთ სისტემას ჯესიკა მშვენივრად უმკლავდება, ფეხებს ხელების მაგივრად იყენებს. ლიცენზიის ასაღებად სამი წელი ვარჯიშობდა, ჰყავდა სამი ინსტრუქტორი, შედეგად მსოფლიოში პირველი უხელებო პილოტი გახდა.
გამარჯვებულია კაკუნით ცეკვაში, ფორტეპიანოს დაკვრაში, ორი შავი ქამარიც ტაიკვანდოში, სერთიფიცირებული წყალქვეშ ყვინთვაში და პირველი უმკლავო ადამიანი მფრინავის ლიცენზიით!
2012 წელს კოქსი ტაეკვანდოს ინსტრუქტორს გაჰყვა ცოლად. ისინი ერთად ცხოვრობენ აშშ-ში, არიზონას შტატში. ამჟამად ჯესიკა 35 წლისაა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ადამიანებს თავისი დაუჯერებელი ისტორიით სიცოცხლის ხალისს უბრუნებს.
მომზადებულია BBC-ისა და charlius.com-ის მიხედვით