პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ძირს მუქთახორა
ძირს მუქთახორა, სასახლეში
რომ დაბინავდა.
ჩვენი სიმღერა ამბოხების
მუდამ ფრინავდა –
სად ქედს არ იხრის მეომარი
მშრომელი ხალხი,
ჩვენ ვუპასუხებთ ინტერვენტებს:
ძირს მუქთახორა!
ვინ მიაფინა დახვრეტილი
გმირების გორა?
ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა,
ძირს მუქთახორა!
ძმური სალამი ხალხისათვის
მეომარ რაზმებს,
რომლებიც არა ეკლესიებს
და აიაზმებს, –
გადამტეხ დროში უუმძაფრესს
ნიჭსა და უნარს,
ახმარს მომავალს ნათელ დროშით
წმინდა კომუნას!
ძმები ერთმანეთს ვინ მოსწყვიტა,
ვინ დააშორა?
ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა,
ძირს მუქთახორა!