გამორჩეული ადამიანებირელიგია

ჩარლზ ტეიზ რასელი

ჩარლზ ტეიზ რასელი (1852-1916) პენსილვანიის შტატ ქალაქ ალეგენში დაიბადა, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. მან შემდგომში წამოიწყო დიდი მოძრაობა და შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც დღეს “იეჰოვას მოწმეების” სახელით ვიცნობთ.

ჩარლზის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები პრესვიტერიანული ეკლესიისმიმდევრები გახდნენ. ბიჭუნას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა და 12 წლის ასაკში შეეძლო ბიზნეს-გეგმის დაწერა და კონტრაქტის გაფორმება. ამის გამო მალე მამამისის ბიზნეს-პარტნიორი გახდა ტანსაცმლის ბიზნესში.

13 წლისამ პრესბიტერიანიზმი მიატოვა და კონგრეგაციონალისტებს შეუერთდა. ყურადღებას ხშირად იპყრობდა იმით, რომ ქუჩაში ასფალტზე ცარცით წერდა ხოლმე ამონარიდებს ბიბლიიდან მეორედ მოსვლის შესახებ, თუ რა ბედი ელოდათ ურწმუნოებს.

16 წლის ასაკში რასელი დაინტერესდა აღმოსავლური რელიგიებით: კონფუციანიზმი, ბუდიზმი, ტაოიზმი, ინდუიზმი და ა.შ. თუმცა რასაც ეძებდა, იქ ვერ იპოვა.

1870 წელს, 18 წლის ასაკში დაესწრო ადვენტისტ ჯონას ვენდელის ლექციას, სადაც დასასრულს ის ამბობდა, რომ 1874 წელს მეორედ მოსვლა მოხდებოდა. რასელმა ეს დასკვნა ლოგიკურად და დასაბუთებულად მიიჩნია. ამასთანავე დარწმუნდა იმაში, რომ ქრისტიანობის ყველა მიმდევრობა განსხვავებულად ქადაგებდა სახარებას.

მალევე რასელმა თანამოაზრეები შეიკრიბა და ბიბლიის კვლევა დაიწყეს, რადგანაც მიიჩნევდნენ რომ მასში ბევრი რამე სხვანაირად იყო და არა ისე, როგორც ტრადიციული ქრისტიანობა ქადაგებდა. ის დაუკავშირდა ცნობილ ადვენტისტ მოქადაგეს, ნელსონ ბარბორს და შემდგომში მის ლექციებსაც დაესწრო.

ნელსონ ჰორაციო ბარბორი

ნელსონმა წარუდგინა რასელს მისი ნაშრომი იმის შესახებ რომ 1878 წლის აპრილში ყველა მკვდარი გაცოცხლდებოდა და მოხდებოდა განკითხვა. რასელმა ადვილად დაიჯერა ეს და რადგანაც იფიქრა რომ აპოკალიფსამდე სულ რამდენიმე წელი აშორებდა, მის მფლობელობაში მყოფი ტანსაცმლის 5 მაღაზია 300 000 დოლარად გაყიდა (2005 წლის კურსით ეს იყო 5,5 მლნ დოლარი).

1878 წელს რა თქმა უნდა ბარბორის ნაქადაგები მცდარი აღმოჩნდა და ამის შემდეგ დიდი უთანხმოება მოხდა მასსა და რასელს შორის. ბარბორი არ დაიბნა და თარიღი კიდევ ერთი წლით გადასწია, თუმცა ისევ შეცდა და ამჯერად საბოლოოდ აღმოჩნდა რასელის ოპოზიციაში.

1881 წელს რასელმა დაარსა “ზიონის საგუშაგო კოშკის სათვალთვალო საზოგადოება” (Zion’s Watch Tower Tract Society), სადაც ხდებოდა სტატიების ბეჭდვა და შემდეგ მოსახლეობაში გავრცელება. ორგანიზაციამ ოფიციალური სახე 1884 წელს მიიღო, ხოლო 1886 წელს სახელად დაერქვა “საგუშაგო კოშკის ბიბლია და სათვალთვალო საზოგადოება”. 1908 წელს რასელმა შტაბ-ბინა გადაიტანა ბრუკლინის ხიდთან, ნიუ-იორკში და დღესაც იქაა.

“საგუშაგო კოშკის” შენობა

რასელმა მალე შეიძინა ასობით მიმდევარი და ტიტულად “პასტორი რასელი” მიიღო. ის მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, ექადაგათ მთელს მსოფლიოში. მისი ქადაგებები ასევე იბეჭდებოდა გაზეთებში, რომლებიც მილიონობით ტირაჟით ვრცელდებოდა. მარტო აშშ-სა და კანადაში 15 მილიონი იყიდებოდა. პასტორი ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქარცეცხლში და მალე “ერეტიკოსის” წოდებაც მიაკრეს.

რასელისეული თეოლოგიით, ქრისტიანული სწავლებები უხეშ შეცდომებს შეიცავდა და ბიბლიიდან აცდენა იყო. განსაკუთრებით უპირისპირდებოდა კათოლიკეებს. კერძოდ, რამდენიმე საკითხში:

ჯოჯოხეთი. რასელის აზრით, ჯოჯოხეთი არ არსებობდა. ადამიანის სული სხეულის სიკვდილისას იძინებდა და მეორედ მოსვლისას გაიღვიძებდა. განკითხვის შემდგომ 144 000 ყველაზე მართალი ადამიანი ზეცას დაიმკვიდრებდა, დანარჩენი დედამიწაზე გააგრძელებდა ცხოვრებას, ხოლო ცოდვილნი სამუდამოდ გაქრებოდნენ.
სამება. რასელი არ უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, თუმცა მისი აზრით, ეს მამა ღმერთის საჩუქარი იყო ჯვარზე გაკვრის სანაცვლოდ. ანუ მამა ძეზე მეტი იყო. ხოლო სული წმინდა კი უბრალოდ ღმერთის ძალად, ენერგიად მიაჩნდა.
მეორედ მოსვლა. რასელი ამბობდა, რომ 1874 წელს ქრისტე უხილავად მოვიდა და მისი მმართველობა გაგრძელდა 1914 წლამდე. 1914 წელს კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რაც პასტორის აზრით, არმაგედონის დაწყებას მოასწავებდა.
პირამიდოლოგია. რასელი ამბობდა რომ გიზის დიდი პირამიდა ებრაელებმა ააგეს ღმერთის დახმარებით. პირამიდის კვლევისას ახალ თარიღებს ადგენდა მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. სწორედ აქედან მოდიოდა წლები 1874, 1914, და 1948.
კლიმატური ცვლილებები. რასელის აზრით, კლიმატური ცვლილებები პირდაპირ კავშირში იყო არმაგედონთან. მისი თქმით, გლობალური დათბობის მიზანი იყო აღედგინა დედამიწაზე ის პირობები, რაც ედემის ბაღში იყო, რათა მომხდარიყო ადამიანთა შემზადება ახალი ცხოვრებისთვის.

სიცოცხლის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რასელის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მოგზაურობისას ის დაავადდა შარდის ბუშტის ანთებით, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა. ამას დაემატა ძლიერი გაციება, რამაც ლოგინად ჩააგდო. გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, 1916 წლის 31 ოქტომბერს, ტეხასში, ბრუკლინისკენ მიმავალ მატარებელში. მისი მეგობრების განცხადებით, 64 წლის ჩარლზის გვამი გაცილებით სუსტი და გამოფიტული იყო, ვიდრე მამამისისა, რომელიც გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. დაკრძალეს პიტსბურგის სასაფლაოზე.

საფლავის ქვა

ჩარლზ რასელის საფლავის ქვას ამშვენებს წარწერა: ლაოდიკიის მაცნე. იეჰოვას მოწმეების აზრით, რასელი მეშვიდე მაცნე იყო, ხოლო წინა ექვსნი იყვნენ: წმინდა პავლე მოციქული, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, ლიბიელი მღვდელი არიოზი (ადამიანი, რომელიც მეოთხე საუკუნეში დაუპირისპირდა სამების დოგმატს და ბევრი სასულიერო პირი გადაიბირა. მის მოძღვრებას შემდგომში არიანიზმი ეწოდა), პეტრე ვალდო (პროტესტანტული მოძღვრებების ერთ-ერთი ადრეული მქადაგებელი, ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში), ჯონ უიკლიფი (პროტესტანტული რეფორმაციის წინამორბედი, ცხოვრობდა მე-14 საუკუნეში) და მარტინ ლუთერი (ლუთერანული და პროტესტანტული მიმდინარეობების ფუძემდებელი).

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button